საზოგადოება
„კაიფში გაიპარა“ -ზედოზირებით გარდაცვლილთა სტიგმა და ნარკოპოლიტიკის მავნე ინერცია
FaceBook
ქუთაისში ბაგრატის ტაძრისა და ბალახვნის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე შარშან ხეები დარგეს, ხეების დარგვის აქცია ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნას მიეძღვნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ფორმით გამოხატეს პატივისცემა ზედოზირებით გარდაცვლილების მიმართ.
ის პატივისცემა გამოხატეს, რომელიც ნაკლებად ჩნდება საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ემპათია იკლებს, როდესაც გარდაცვალება ზედოზირებითაა გამოწვეული. ამიტომ ზედოზირებით, თითქმის ყოველ ასეთ გარდაცვალებას, არა ზედოზირება, არამედ სხვა დიაგნოზი ესმება. ჭირისუფალი "ცრუ" დიაგნოზით მიცვალებულს სტიგმისგან "იცავს".
"ნებისმიერი გამოვლინება სიკვდილის არაა სასიამოვნო, მაგრამ მგონი უნდა გავთავისუფლდეთ იმ აზრისაგან, რომ ნარკოტიკით გარდაცვალება საზოგადოებრივი სირცხვილია და მოვეშვათ ამ იდიოტურ რეაბილიტაციებს", - აღნიშნავს რეჟისორი, ლევან ბიბილეიშვილი.
ზედოზირებით გარდაცვლილების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად ნარკომანიასთან და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მიმართების კარგ ტესტად მიაჩნიათ საზოგადოების მეორე ნაწილს. მათი აზრით,  აქ ჩანს ზუსტად რა დამოკიდებულება არსებობს ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებთან.

"წესით უფრო უნდა განიცადო, უფრო მეტად უნდა შეგეცოდოს, მაგრამ ეს ნაკლებად ხდება, რადგან ისინი ჩვენ არ მიგვაჩნია იმ ადამიანებად, ვისაც თანაგრძნობა უნდა გაუწიო. "კაიფი" ფუფუნებად ითვლება. ესაა შენს მამაკაცურ თუ ქალურ ვალდებულებებზე უარის თქმა, მარგინალიზება საერთოდ საზოგადოებისგან და ა. შ. ამიტომ, საერთო ჯამში, ის ადამიანადაც არ ითვლება. ადამიანი ხომ ზუსტად ამ ვალდებულებების და ნიშნების ერთობლიობაა ", - აღნიშნავს მწერალი, ტარიელ დათიაშვილი.
საქართველოში ზედოზირებით გარდაცვალებას განსაკუთრებით "ვერ პატიობენ" ცნობილ ადამიანებს.
"საზოგადო მოღვაწეს "კაიფში გაპარვა" არ ეპატიება, რადგან "კაიფი" საზოგადოებრივ ნიშნებს შლის. აი, მსახიობს და მწერალს ეპატიება, მაგრამ ჩვენთან არა, რადგან ჩვენში მსახიობი და მწერალი ჯერ კიდევ საზოგადო მოღვაწეები არიან", - მიაჩნია ტარიელ დათიაშვილს.
ნარკომანიის პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ზედოზირების დიაგნოზი ნაკლებად ისმება სამედიცინო დაწესებულებებშიც. დამალვის მიზეზად მავნე ნარკოპოლიტიკა სახელდება.
"მაშინაც კი, როდესაც საავადმყოფოში გადაყავდათ ადამიანი და პოლიცია შეიტყობდა ყველაფერს და დგინებოდა, რომ ნამდვილად ზედოზირება იყო, ზედოზორების ფაქტი არ იწერებოდა. არ აწყობდათ ამ ფაქტის გახმაურება, ზედოზირებისა და ლეტალური შემთხვევების სიმრავლის დაფიქსირება. ძირითადად, იწერებოდა გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება და ა.შ, "- აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია "რუბიკონის" დამფუძნებელი, ზაზა ქარჩხაძე.
სწორედ ამ მიზეზით, საქართველოში არ არსებობს ზედოზირებით გარდაცვლილთა სტატისტიკა. არასამთავრობოების ინფორმაციით, საქართველოში ზედოზირებით ორ-სამ თვეში ერთი ადამიანი იღუპება.
არადა, ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ აქვს. ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა აღარ ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას.
"წესით, ამ ახალი რეგულაციით მომართვიანობა უნდა მომატებულიყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიმართ, მაგრამ მაინც ინერციით ძველი დამოკიდებულება გრძელდება. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით, რომ ნუღა შეეშინდებათ, მაგრამ მავნე ნარკოპოლიტიკის გამო, შიში მაინც არის, მაინც გონიათ რომ დააკავებენ. თუმცა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, მაინც უნდა დარეკონ,"- აღნიშნავს ზაზა ქარჩხაძე.
საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით: 30-35 წლის ასაკის მომხმარებელთა 26.7%-ს ჰქონია ზედოზირების შემთხვევა ბოლო 6 თვეში, ზედოზირების შემთხვევას გამოკითხულთა 42.1% შეესწრო. სასწრაფო კი, მხოლოდ 15.80%-მა გამოიძახა
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.