საზოგადოება
"იმ ადგილზე ვაბუნებთ, საიდანაც ავიყვანეთ " - ვინ იზრუნებს აგვისტოდან ქუჩის ძაღლებზე ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, უმეთვალყურეო ძალღების მოვლა-პატრობაზე პასუხიმგებელ ორგანიზაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა 19 აგვისტოს ეწურება.

ადგილობრივი თვითმმართველობა შპს "უნივერს ჯგუფის" მუშაობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. თუმცა, მოსახლეობა ქუჩებში მომრავლებული ძაღლების გამო უკამყოფილებას გამოთქვამს.
"როგორ შეიძლება ამდენი ძაღლი დადიოდეს ქალაქის ქუჩებში. რა მნიშვნელობა აქვს ეს ძაღლები ბირკიანი იქნება თუ უბირკო. ბირკიან ძაღლებსაც ავადმყოფური შეხედულება აქვს. გამორიცხული არაა რაიმე დაავადება ჰქონდეთ. ესეც რომ არ იყოს, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი ყოველი ქუჩის კუთხეში ძაღლების დგომა",- ამბობს ქუთაისში მცხოვრები, მარიკა კაპანაძე.
ადგილობრივების თქმით, მერიამ ამ დრომდე ვერ შეძლო ე.წ. მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება.
"ძაღლები უნდა დაამწყვდიონ სადმე დიდ მინდორში და იქ უნდა ჰყავდეთ. განვითარებულ ქვეყნებში ასე ხდება. რომელ ქვეყანაში დადის ამდენი ბირკიანი ძაღლი ქუჩაში", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ნუგზარ მანაგაძე.
ქუთაისში, ძაღლების დროებითი თავშესაფარი ავტომეშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. თავშესაფარში არსებულ ვოლიერებში ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ათავსებენ, ვიდრე მათ შესაბამისი ვეტერინალური გამოკვლევა ჩაუტარდება.
კასტრაცია-სტერილიზაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება, კვება - ამ ვეტერინარული მომსახურებით შემოიფარგლებიან ძაღლების დროებით თავშესაფარში 10 დღის განმავლობაში. შემდეგ კი, როგორც ძაღლების დროებითი თავშესაფრის წარმომადგენელი, პაატა ბოკუჩავა ამბობს, ისევ მათ ქუჩაში აბრუნებენ.
"ისევ იმ ადგილზე ვაბუნებთ, საიდანაც ავიყვანეთ. ჩვენს მიერ ქუჩაში გაშვებულ ძაღლებს ბირკები აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლი არის უსაფრთხო და მას არ აქვს ცოფი. შეიძლება, მერე აიკიდოს კანის დაავადება. ჩვენ ასეთ ძაღლებს ქუჩაში არ ვუშვებთ", - ირწმუნება ბოკუჩავა.
###
ქუთაისის მერიამ უმეთვალეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. 64 782 ლარად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა ორგანიზაციამ, შპს "მეგობარმა", ინდმეწარმე "პაატა ბოკუჩავამ" და შპს "უნივერს ჯგუფმა" მიიღო.
პრეტენდენტებმა ვაჭრობის შედეგად, სამუშაოების შესასრულებლად უფრო ნაკლები თანხა მოითხოვეს, ვიდრე გათვალისწინებული იყო. შპს "მეგობარმა" უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის – 52, 000 ლარი მოითხოვა, ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავამ – 51, 999, ხოლო შპს "უნივერს ჯგუფმა" სხვა პრეტენდეტებთან შედარებით ყველაზე ნაკლები – 48, 680 ლარი, რაც ტენდერით განსაზღვრულ თანხაზე 16 102 ლარით ნაკლებია. დაბალი თანხის გამო, სწორედ, ამ უკანასკნელს დაეკისრა მიმდინარე წლის თებერვლიდან 19 აგვისტომდე ქუთაისში ძაღლების მეთვალყურეობა.
შპს "უნივერს ჯგუფი" მიმდინარე წლის 9 იანვარს არის დარეგისტრირებული. მისი დამფუძნებელია ნანა დევდარიანი, ხოლო ორგანიზაციის დირექტორი პაატა ბოკუჩავა გახლავთ. "უნივერს ჯგუფმა" ტენდერის გზით დაკისრებული ვალდებულება თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორს, "ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავას" დააკისრა. ბოკუჩავა კი უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გახლდათ. სწორედ მის სახელს უკავშირდება მიმდინარე წლის იანვრიდან (ტენდერის ვადის ამოწურვიდან) თებერვლამდე 180 ძაღლის ქალაქის ქუჩებში გაშვება.
ხოლო 2013 წელს ქუთაისში უმეთვალყურეო ცხოველებზე პასუხისმგებლობას ინდმეწარმე სერგო ვერულაშვილი იღებდა. ვერულაშვილს მერიის ბიუჯეტიდან მიღებული 50 000 ლარის სანაცვლოდ, ე.წ. მაწანწალა ძალები უნდა აეყვანა და 10 დღიანი დაკვირვების შემდეგ, უნდა გეშვა ან გაეშვილებინა. ვერულაშვილის სახელთან არის დაკავშირებული 2013 წელს ძღლებისთვის არასათანადო პირობების შექმნა.
"ქუთაისიპოტის" ინფორმაციით, ქუთაისში უმეთვალყურეო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე გასულ და მიმდინარე წლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების წარმომადგენლები (პაატა ბოკუჩავა და "უნივერს ჯგუფის" დამფუძნებელი ნანა დევდარიანი) ნათესავები არიან. თუმცა, ამას არ ადასტურებს თავად ბოკუჩავა.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობაში მოკვლევა ჩაატარეს.
"კვლევამ აჩვენა, რომ ნინო დევდარიანი არის ი.მ პაატა ბოკუჩავას სიდედრი და მანვე მიანდო საწარმოს მართვა და ხელმძღვანელობა პაატა ბოკუჩავას. 2014 წლის თებერვლის თვეში ი/მ პაატა ბკუჩავასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებულმა მომსახურებამ აჩვენა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხით ვერ მოხდა სათანადოდ ხარისხიანი მომსახურების შესყიდვა. ამდენად, ჩვენთვის უცნობი და საინტერესოა, რატომ მოხდა აღნიშნული მომსახურების შესყიდვა კვლავ იმ პიროვნებისგან, ოღონდ ამჯერად სხვა მიმწოდებლის სახელით, რომელმაც ერთხელ უკვე არადამაკმაყოფილებლად და არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცა "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისში.
მერიაში კი განმარტავენ, რომ ტენდერში გაიმარჯვა შპს "უნივერსჯგუფმა" და ის, თუ ვისთან გააფორმა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულება, ეს მათ ინეტერსებში არ შედის.
"ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია ამ ორგანიზაციის მუშაობა. რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ის ვალდებულება სრულდება", - განმარტავენ მერიაში.
###
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლების შეფასებით, იმისათვის, რომ მოხდეს უსახლკარო ცხოველთა კონტროლი, აუცილებელია პროგრამების სწორად შემუშავება. გარდა ამისა, ორგანიზაცია თვლის, რომ ძაღლებზე პასუხიმგებლობა უშუალოდ მერიამ უნდა აიღოს.
"სასურველია, მუნიციპალიტეტმა პირველ რიგში უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა და ამის შემდეგ მოახდინოს მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ქუთაისის ოფისის იურისტი, ანი სალდაძე.
რაც შეეხება, მიმდინარე წელს ძაღლების მოვლა-პატრონობის საკითხს, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წელს მდომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია.
გახდება თუ არა ე.წ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების დროებითი თავშესაფარი მუნიციპალური, მას შემდე რაც "უნივერს ჯგუფს" ხელშეკრულებით დაკისრებული ვადა აემოწურება, მერიის დასუთავების სამსახურში, ამაზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.

თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.