საზოგადოება
ქუთაისის მერიის მითვისებული ქველმოქმედება
FaceBook

ქუთაისის მერიაში, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ოჯახის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით, მიმდინარე წლის განმავლობაში პიარს იკეთებენ.
მერიის მხრიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გადაცემის დროს, ტვირთის გამომგზავნის ვინაობა არ გაჟღერებულა. ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლები თვეში რამდენჯერმე ე.წ. საქველმოქმედო აქციას აწყობენ და კამერების წინ თავს ჰოლანდიიდან გამოგზავნილი ტვირთის დარიგებით იწონებენ. "ცერემონიალში" ქუთაისის მერთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებიც მონაწილეობენ.

***

მამუკა თოდრია 22 წელია ჰოლანდიაში, როტერდამთან ახლოს პატარა ქალაქში ცხოვრობს. ბოლო 10 წელია ის, მეუღლესთან ერთად, საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. თორდიების ოჯახი სისტემატიურად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს უსასყიდლოდ, საქველმოქმედო ორგანიზაცია "გული საქართველოსთვის" სახელით აგზავნის.
ქუთაისის #35 საჯარო სკოლა და #13 საბავშვო ბაღი, #13 საბავშვო ბაღი სამტრედიაში, ჩოხატაურის საავადმყოფო, ჰუმანიტარული დახმარება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილებისთვის - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც თოდრიების ოჯახმა 10 წლის მანძილზე ქველმოქმედებით შეძლეს.
გასულ წელს მათ ანალოგიური ჰუმანიტარული დახმარება კერძოდ, ელექტრონული საწოლები და ავეჯი, ქუთაისისთვისაც გამოაგზავნეს. მამუკა თოდრია ამბობს, რომ მერიამ აღნიშნული ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ტვირთმა ფოთის საბაჟო ტერმინალზე დიდი ხანი დაჰყო და ამ მიზეზით ტვირთის საბაჟო გადასახადს ჯარიმებიც დაემატა.
ჯარიმის თანხის გადახდა, 5000 ევროს ოდენობით, ქველმოქმედმა ოჯახმა იკისრა. მამუკა თოდრიას თქმით კი, ქუთაისის მერიას მხოლოდ ტვირთის ფოთიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირების თანხა უნდა გადაეხადა, რომელიც 1700 ევროს შეადგენდა. თუმცა, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ამბობს, რომ მერიამ მხოლოდ 1400 ევრო გადაიხადა. (თანხის დარჩენილი ნაწილი ჯიხეთის დედათა მონასტერმა დაფარა, რადგან ტვირთის ნაწილი მათთვის იყო განკუთვნილი).
"მუდმივად მიდის პროპაგანდა იმისა, რომ თითქოს ამას მთავრობა საკუთარი ნებით აკეთებს. რეკლამა უკეთდება მერს, უბნის მაჟორიტარებს და არც ერთი სიტყვა იმაზე, ვინც ეს დახმარება გამოაგზავნა. წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ ტვირთზე და ჩვენს ნაწვალებზე სახელს იხვეჭენ. უმადურობა ცუდი განცდაა. ხომ შეეძლოთ ერთხელ დაერეკათ და მადლობა ეთქვათ. ამდენი წელია უცხოეთში ჩემი ქვეყნისთვის ვცოცხლობ და ჩემი ქვეყნისგან უმადურობის განცდა მაქვს. არც ერთი მთავრობისგან მადლობა არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენ მაინც სიკეთის კეთებას ვაგრძელებთ. თუ ადამიანი სიკეთეს აკეთებს, უმადური ნუ ვიქნებით. იქნებ, მე მაგალითი ვიყო და სიკეთის კეთება სხვას ვასწავლო," - აცხადებს მამუკა თოდრია.
როგორც გაირკვა, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის თანხები ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან გაიცა. ფონდიდან გახარჯული თანხების ჩამონათვალში მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 23 იანვარს 5231 ლარი ჰოლანდიიდან ფოთში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოიყო.
"ქუთაისიპოსტმა" წერილობით მიმართა მერიას, თუ ვის მიერ იყო გამოგზავნილი ტვირთი. თუმცა, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ქველმოქმედი ოჯახის შესახებ არც მერიისგან მიღებულ პასუხშია მოხსენიებული.
წერილობითი პასუხში მითითებულია ქუთაისის მერიის მიერ 22 დასახელების (მათ შორის 29 ცალი მოტორიზებული საწოლი, საოფისე მაგიდები და ავეჯი) ტვირთის მიღება და აღნიშნულია, რომ ტვირთის საერთაშორისო გადაზისვისთვის როტერდამიდან ქუთაისამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 343 ლარი დაიხარჯა, 888 ლარი კი სატერმინალო მომსახურებაზე.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამახურის უფროსი ადასტურებს, რომ ელექტრონული საწოლები საქველმოქმედო საზოგადოების "გული საქართველოსთვის" მიერაა გამოგზავნილი.
"ორგანიზაციამ შესაბამისი წერილით მოგვმართა. გვერდით დავუდექით ასეთ საქმეს და ჩვენს მიერ გადახდილი იქნა ტრანსპორტირების ხარჯი ქუთაისამდე ყველა საბაჟო პროცედურების გავლით. ტერმინალში დგომის ჯარიმა გადაიხადა ორგანიზაციამ, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯები გადაიხადა ქუთაისის მერიამ. ეს ტვირთი არის გადმოგზავნილი ქუთაისის მერიისთვის და შესაბამისად, შეჭირვებულ ადამიანებს გადასცემს მათ მერია და კონკრეტულ შემთხვევებზე, ოფიციალურად იქნა გასაჯაროვებული ჩვენს ვებ-გვერდზე და სოციალური ქსელითაც," – აცხადებს ზვიად ჯავახია.
ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც მერიამ ელექტრონული საწოლი დახმარების სახით გადასცა. ოჯახი ამბობს, რომ საწოლი მერიისგან მიიღო და ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველების შესახებ არაფერი სმენიათ.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.