საზოგადოება
ტურიზმი ქუთაისში - ქალაქი, რომელიც საკუთარ პოპულარიზებაზე „თავად „მუშაობს“
FaceBook
ქუთაისი ტურიზმის კუთხით საინტერესო ქალაქია.

თუმცა, გარდა იმისა, რომ ქალაქი თავად "მუშაობს" საკუთარ თავზე და თავისთავად ახდენს მნახველზე შთაბეჭდილებას, მას, ასევე, უნდა დაეხმაროს სხვადასხვა მექანიზმი.

აღმოჩნდა, რომ უცხო თვალის წინაშე თავის წარმოჩენის და გაცნობის ამ მექანიზმებით ქალაქი ღარიბია.

ქუთაისს საიმიჯო კლიპი არ გააჩნია. მოკლე ფილმი, რომელიც ქალაქის ყველა მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას აჩვენებდა, მის გამორჩეულ მხარეებს ასახავდა და ტურიზმის გააქტიურებისა და ქალაქის პოპულარიზების საკითხში თავის წვლილს შეიტანდა. განსხვავებით ქუთაისისგან, თბილისსა და ბათუმს რამდენიმე საიმიჯო ვიდეორგოლი აქვს.

ქუთაისისთვის კლიპის დამზადების რამდენიმე მცდელობა იყო, წლების წინ ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა ჩავარდა. ტენდერი ამჟამადაც მიმდინარეობს. იგი ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა გამოაცხადა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქალაქს დაუმზადებენ საიმიჯო ვიდეოს, 50 ათასი ლარის ფარგლებში.

კლიპის ავტორებს, მასზე მუშაობის დროს, შესაძლებელია გაუჭირდეთ აქცენტის სწორად დასმა, რადგან სერიოზული კვლევის დონეზე არც ის გარკვეულა, თუ რა კუთხით არის ქუთაისი დღევანდელი მსოფლიოსთვის საინტერესო - მისი უძველესი ანტიკური ისტორიით, მითოსით, ადრეული შუასაუკუნეების ტაძრებით თუ გასტრონომიით?! როგორი ფილმი იქნება ქალაქისთვის ყველაზე ზუსტი და "მომგებიანი", პროფესიონალებმა უნდა გაარკვიონ.
სხვანაირად რომ ვთქვათ, აუცილებელია მოხდეს ბრენდირება.

ქალაქების ბრენდირებას სპეციალისტების ჯგუფი ახდენს, რომელთაც ტურიზმის ცენტრი იწვევს. თუმცა, ქუთაისის ტურიზმის ცენტრს ჯერჯერობით საამისო თანხა არ გააჩნია (კერძო კომპანიების მხრიდან ბრენდირების განხორციელება დაახლოებით 100 ათასი ლარი ღირს). ცენტრში ამ მიმართულებით მუშაობენ და მომავლისთვის იმედოვნებენ ქუთასის რებრენდინგს.

ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, რომ მანამდე საკუთარი ძალებით, გამოკითხვებით და სტატისტიკის წარმოებით ცდილობენ დაადგინონ, რით არის ქუთაისი უცხოელებისთვის საინტერესო.

ქუთაისის მიმართ ინტერესი რეალურად არსებობს. ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის მიუხედავად, ქუთაისში ტურისტების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს.

"შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. შარშან, მთლიანი წელი რომ შევაჯამეთ, 38% ზრდა იყო, წლევანდელი ექვსი თვის შეჯამებამ, შარშანდელთან შედარებით, 76%-იანი ზრდა აჩვენა. მაგალითად, ორიოდ დღის წინ, ერთ დღეში, 196 ტურისტი გვესტუმრა. ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომელთაც ჩვენი ცენტრის მომსახურებით ისარგელბეს, თორემ ქალაქში უფრო მეტი ჩამოდის", - აღნიშნავს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისით დაინტერესებულთა ტოპ-ხუთეულის წელს ახალი ლიდერი ჰყავს. 

"წელს პირველად ლიდერობს გერმანია, აქამდე იყო პოლონეთი, მესამე და მეოთხე ადგილებს უკრაინა და რუსეთი იყოფენ", - ამბობს ტატო ლილუაშვილი.

გერმანელებისა და პოლონელების მხრიდან ქუთაისით დაინტერესებას და ხშირ ვიზიტებს, ტურიზმის ცენტრში ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისების არსებობას უკავშირებენ. ასევე, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ქუთაისის მონაწილეობას.

"უკვე ექვსი წელია ვმონაწილეობთ ბერლინში გამართულ გამოფენებზე, სადაც წარმოვაჩენთ ქუთაისს, მის ტურისტულ პოტენციალს, ამანაც გაზარდა ცნობადობა", - მიაჩნიათ ტურიზმის ცენტრში.

თუმცა, ქუთაისზე ცნობადობაგაზრდილ ტურისტებს ქალაქამდე და ქალაქში გზის გაგნება ყოველთვის ადვილად არ გამოსდით.



ქალაქში თუ ქალაქგარეთ, ინფრასტრუქტურა ტურისტებზე ნაკლებადაა მორგებული. ტრანსპორტის არარსებობა და მანიშნებლების სიმცირე ტურისტს საქმეს ურთულებს. ამ სირთულის "გაქარვებას" ცდილობენ ქუთაისის ტურიზმის ცენტრში. ქალაქში ტურიზმის ცენტრის ადგილმდებარეობის მიმანიშნებელი ექვსი ლაითბოქსია
განთავსებული. მათთან მოხვედრილ ტურისტს აძლევენ რუკებს, უგეგმავენ ტურებს, სთავაზობენ მოსასვენებელ ადგილს, კომპიუტერს ბილეთების ამოსაბეჭდად, ინტერნეტს, წყალს და ეს ყველაფერი უფასოდ მიეწოდებათ.

მიუხედავად ნაკლები დამხმარე მექანიზმებისა, ქალაქი საკუთარ თავს „პატრონობს“ და ახერხებს შთაბეჭდილების მოხდენას. ქუთაისში ბევრი ისეთი ტურისტია, რომლებიც მეორედ, მესამედ და მეოთხედ სტუმრობენ ქალაქს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.