საზოგადოება
„ტრაბახობენ მხოლოდ ციფრებით, გაკეთებული არაფერი ჩანს“- ქუთაისის თვითმმართველობა ერთი წლის შემდეგ
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო ერთი წლის მუშაობას წარმატებულად აფასებენ. თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთ-ერთ მთავარ მიღწევად თვითმმართველობაში ჩატარებულ კონკურს ასახელებენ და ამბობენ, რომ მათი დამსახურებაა მმართველობის სისტემის დახვეწა და კვალიფიციური კადრების მიღება. თუმცა, ოპონენტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უუნარობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

***
ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლა, ელექტრონული აუქციონი, ქალაქში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ჩატარებული კონკურსი, სკვერებისა და ტროტუარების გაიჯარების შეწყეტა, თვითმმართველობის ბალანსზე ქონების გადმოცემა - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლითაც ქუთაისის თვითმმართველობაში უმრავლესობის წარმომადგენლები თავს იწონებენ.
"მიმდინარეობს ასევე საფიჩხის უბნის რეაბილიტაცია, რაც წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ეხება. ვფიქრობ, ეს ცოტა არ არის. თუმცა, ამით არ ვკმაყოფილდებით და კიდევ და კიდევ მეტს გავაკეთებთ", - ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია.
ადგილობრივი ხელისუფლების კმაყოფილ უმრავლესობას ერთწლიანი მუშაობის შედეგებს და ენთუზიაზმს უწუნებენ უმცირესობის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ 2014 წელს არჩეულმა მთავრობამ ქუთაისში ვერ გაამართლა.
"ესენი ტრაბახობენ მხოლოდ ციფრებით და კონკრეტული ამათი გაკეთებული არაფერი ჩანს. ვერ დაგვისახლებენ რაიმე ინფრატსრუქტურულ პროექტს, რომელიც მათ დაიწყეს. მხოლოდ ჩვენს მიერ წამოწყებულ პროექტებს აგრძელებენ", - განმარტავს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.
ანალოგიურად, კრიტიკულად აფასებს თვითმმართველობის საქმიანობას საკრებულოს შრომითი პარტიის წარმომადგენელი, "ლეიბორისტული მოძრაობის" წევრი, სამსონ გუგავა.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ ვერაფერი ვერ გააკეთა. მათ საამაყოდ აქვთ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია. ვერავინ იტყვის, რომ დააფუძნეს საწარმოები ან შექმნეს სამუშაო ადგილები", - ამბობს სამსონ გუგავა.
ოპონენტები აღნიშნულის გარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებსაც აკრიტიკებენ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაზე აისახა. მაგალითად კი, ცენტრალიზებულ ხაზინაზე მიუთითებენ.
"ამის გამო ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსებისას თანხების გადარიცხავა დაგვინდა", - აღნიშნავს საკრებულოს უმცირესობის დეპუტატი, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი, დავით წიტაიშვილი.
"ეს რომ პრობლემა იქნებოდა, ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით", - ამბობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
"ეს არის მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილმა უფრო მარტივად გააკონტროლის თითოეული თეთრი, რაც ქვეყნის მასშტაბით იხარჯება", - ამბობს "ლეიბორისტი" დეპუტატი.
ადგილობრივი თვითმმართველობის უმრავლესობის წევრების აზრი კი ცენტრალურ ხაზინაზე ორად იყოფა. უმრავლესობის ნაწილი ადასტურებს, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში გარკვეული ხარვეზები იყო, ხოლო ნაწილის აზრით, აღნიშნული ცვლილების გამო პრობლემა ერთი წუთითაც არ შექმნილა.
***
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები ბოლო ერთი წლის მანძილზე ერთ-ერთ მთავარ მიღწევად თვითმმართველობაში ჩატარებულ კონკურს ასახელებენ.
თვითმმართველობაში რეორგანიზაციის მიზნით კონკურსი (ატესესტაცია/ტესტირება), ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან ხუთ თვეში დაიწყო.
"დასრულდა ის ეპოქა, როცა მერიაში ნაცნობობით ხდებოდა მიღება," - ასე შეაფასა ქუთაისის მერმა თვითმმართველობაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესი, მისი დასრულების შემდეგ.
მერიაში კონკურსი პირველად გასული წლის 5 ნოემბერს გამოცხდა. მერიასა და საკრებულოში კონკურსი და ატესტაცია, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. მერიაში აცხადებენ, რომ აპლიკაციების რაოდენობამ 7000 გადააჭარბა, ხოლო სასამართლოში არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი და ატესტაცია 300-მდე ადამიანს შეეხო.
მართალია, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწუნებულ კონკურსანტებს სასამართლოში შედეგები არ გაუპროტესტებიათ, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ საპრეტენზიო კომისიას მიმართეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წევრების განმარტებით, ქუთაისი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც კონკურსი მიუკერძოებლად და შედეგების მაღალი მაჩვენებლით ჩატარდა. თუმცა, "მაღალი მაჩვენებლით" ჩატარებული კონკურსი ადგილობრივ თვითმმართველობაში სამჯერ ჩაიშალა, რადგან აპლიკანტებს ხშირ შემთხვევაში განაცხადი არასწორად ჰქონდათ შევსებული. ხოლო ატესტანტებს, რომლებიც ამა თუ იმ პოზიციაზე დროებით მოვალოების შემსრულებლები იყვენენ, იმავე პოსტზე დასარჩენად საკმარისი ქულების მისაღებად კონკურსის გავლა ორჯერ და სამჯერ მოუხდათ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსი არადამაკმაყოფილებად შეაფასეს ოპოზიციურმა პარტიებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
ქუთაისის საკრებულოში "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი დავით წიტაიშვილი არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობაში ჩატრებულ კონკურსზე კონკრეტულ ადამიანებს ლობისტები ჰყოლოდათ. თუმცა, ირწმუნება, რომ კონკრტეული ფაქტები არ აქვს.
"ჩემი პარტიიდან არავინ იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას და ვერ გეტყვით, რა და როგორ ხდებოდა" - ამბობს დავით წიტაიშვილი.
რაც შეეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონკურსის, კერძოდ, გასაუბრების ნაწილის შეფასებას ასეთია: "დასმული შეკითხვებიდან გარკვეული ნაწილი არარელევანტური იყო კონკურსანტის/ატესტანტის მომავალში შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკასა და შინაარსთან მიმართებით. იყო შემთხვევები, როდესაც შეკითხვები დაისვა პირადი ცხოვრების საკითხებზე, მაგალითად მეუღლის სამუშაო ადგილისა და საქმიანობის შესახებ. თითოეული პრეტენდენტის მიმართ დაახლოებით 10 - 12 შეკითხვა იქნა დასმული, მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა რეალურად ვერ უზრუნველყოფდა კანდიდატის შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას დასაკავებელ თანამდებობასთან," - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ფილიალში. ამავდროულად ორგანიზაციაში დადებითად აფასებენ იმას, რომ შეკითხვები არ შეეხებოდა პილიტიკურ კუთვნილებასა და შეხედულებებს.
ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 332-ს, აქედან, 310 შტატით, ხოლო 22 შტატგარეშეა. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით, დასაქმებულთაგან 61 ახალი კადრია, ხოლო 192 - ძველი თანამშრომელი.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, კონკურსის შედეგად საკრებულოში 18 ვაკანტურ ადგილზე ახალი კადრი მხოლოდ ერთ პოზიციაზე მიიღეს (დანარჩენზე დარჩნენ ძველი კადრები).
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ ამ დრომედ სულ 26 სხდომა ჩაატარა. საკრებულოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე 11 სხდომა ჩატარდა, ხოლო დანარჩენი გასულ წელს.
ადგილობრივ საკონონმდებლო ორგანოში სხდომებზე გამოტანილი მთავარი საკითხები ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, ასევე, ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელების დაწყება გახლდათ.

თეკლე მორგოშია

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.