საზოგადოება
თამბაქოს მოწევაზე კონტროლი მკაცრდება - ვინ დააჯარიმებს კანონდამრღვევს
FaceBook
2018 წლის 1 მაისიდან ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობაში მოწევა აიკრძალება.
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში განსაზღვრულ ამ რეგულაციას მომავალი თვიდან ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელები გააკონტროლებენ. პირი, რომელიც ისეთ ობიექტში მოწევს, სადაც აკრძალულია 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ობიექტისთვის 500 ლარიანი სანქციაა განსაზღვრული.  

ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნები უკვე ემზადებიან ახალი რეგულაციის შესასრულებლად. მათ უკვე სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს, როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლების ინფორმირება და კანონის დაცვა ისე, რომ საზოგადოების გაღიზიანება არ გამოიწვიონ.

როგორ ემზადებიან  თამბაქოს მოწევის აკრძალვისთვის ქუთაისში

ბარ-რესტორან „ალმანოში“ უკვე მეორე წელია პირველი სართულის სივრცე არამწეველებისთვისაა გამოყოფილი. თუმცა, 1 მაისიდან შინაგანაწესების შეცვლა მოუწევთ, რადგან შენობაში სიგარეტის მოწევის შემთხვევაში მათ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. "ალმანოს" მენეჯერის თქმით, სიახლესთან შეგუება,  შესაძლოა, ადგილობრივ მომხარებელს უფრო გაუჭირდეთ.

„ძირითადად ქართველი მომხარებელი ეწევა, ამიტომ მათ გაუჭირდებათ სიახლესთან შეგუება. რაც შეეხება, უცხოელებს, ისინი პირიქით მოითხოვენ ხოლმე, რომ მათ ირგვლივ არ ეწეოდნენ. შესაძლოა, თავიდან მომხარებელთა რიცხვმაც იკლოს, მაგრამ სხვა გზა არ ექნებათ რადგან ეს კანონია, რომლის დამორჩილებაც ყველას მოუწევს“,  - ამბობს ბარ-რესტორან ალმანოს მენეჯერი გიორგი კვაშილავა.

მისი თქმით, 1 მაისისთვის შენობის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშანი გამოიკვრება, სადაც მითითებული იქნება, რომ მოწევა აკრძალულია, ასევე მომხმარებლებს საფერფელეებს აღარ მიაწვდიან. გარდა ამისა, შენობაში მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ისინი თავიდან სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, ხოლო შემდეგ შესამაბისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას განახორციელებენ.

„იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურმა პირმა ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძო მოწევა მას 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო თუ ჩვენ არ მოვახდენთ პირის გაფრთხილებას და არ აღვკვეთავთ მოწევის ფაქტს, მაშინ ჩვენ დავჯარიმდებით 500 ლარით, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ მოხდეს წესების დაცვა“,  - ამბობს გიორგი კვატაშიძე.

მისი თქმით, "ალმანოს" მომხმარებლებს სიგარეტის მოწევა, მხოლოდ პირველი სართულის ტერასაზე შეეძლებათ, რადგან შენობის ყველა სხვა სივრცე 1 მაისიდან არამწეველთათვის იქნება განკუთვნილი.

წესები იცვლება მწეველთათვის ბარ-რესტორან „პაოლოში“, სადაც მაისისთვის მწეველთათვის ახალი სივრცის მოწყობას გეგმავენ, რადგან შენობაში არსებული ორი სივრციდან მოწევას ვერცერთში ვეღარ შეძლებთ.

"პაოლოს" მენეჯერის თქმით, მოწევის აკრძალვა მომავალში, როგორც ბარ-რესტორნების ასევე, ქვეყნის იმიჯსაც გაზრდის. რადგან ტურისტების მხრიდან თამბაქოსგან თავისუფალი სივრცის მოთხოვნა მუდმივად ხდება.

"იშვიათად, რომ ქართველმა გვთხოვოს სივრცე, სადაც მოწევა არ შეიძლება, ამ მხრივ ტურისტები აქტიურობენ. რადგან ეს კანონი მთელს ქვეყანაში ვრცელდება, არ მგონია, რომ მომხმარებელთა რიცხვმა იკლოს. მითუმეტეს ვგეგმევთ შენობის წინ ტერასა კომფორტულად მოვაწყოთ, შემოვღობოთ, გადავხუროთ, რომ წვიმაში და სიცივეშიც ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს მოწიოს კონფორტულად",  - ამბობს ჩვენთან საუბარში ბარ-რესტორან „პაოლოს“ მენეჯერი, თაკო ჭუბმურიძე.


როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც აკრძალულ ადგილას ეწევიან? ვინ და რამდენით დააჯარიმებს
კანონმდამრღვევს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით, პირველი მაისიდან მოწევის კონტროლზე პასუხიმგებლობა ძირითადად შენობების თუ სატრანსპორტო კომპანიების ადმინისტრაციებს ეკისრებათ.

იმ შეთხვევაში თუ პირი საქალაქო ან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობს, მძღოლი ვალდებულია მგზავრებითვისთვის თამბაქოსგან იზოლირებული სივრცე შექმნას. იმ შეთხვევაში თუ ტრანსპორტში მგზავრი ეწევა, მძღოლი ვალდებულია ის გააფრთხილოს, თუ გაფრთხილებას არ დაემორჩილება ამ შემთხვევაში უნდა გაჩერდეს სატრანსპორტო საშუალება და მძღოლმა უნდა გამოუძახოს საპარტულო პოლიციას. საპატრულო პოლიცია კი კანონდამრღვევ მგზავრს წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის გამო 100 ლარით დააჯარიმებს.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ეწევა სიგარეტს, მაშინ მგზავრმა უნდა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია, რის შედეგადაც ჯარიმდება ის სატარანსპორტო კომპანია ან მუნიციპალიტეტი ვის დაქვემდებარებაშიც არის აღნიშნული ტრანსპორტი. ჯარიმის ოდენობა ამ შემთხვევაში 500 ლარია.

ბარ-რესტორნების შემთხვევაში თუ შენობაში ფიზიკური პირი სიგარეტს ეწევა, ბარის ადმინისტრაცია ვალდებულია ის გააფრთხილოს, თუ გაფრთხილების მიუხედავად ის არ დამორჩილდა კანონს ამ შემთხვევაში ადმინისტრაციამ აქაც საპატრულო პოლიცია უნდა გამოიძახოს, რის შედეგადაც ფიზიკური პირი ჯარიმდება თავიდან 50 ხოლო განმეორებით 100 ლარით. იმ შეთხვევაში თუ ადმინისტრაციამ პირის გაფრთხილება და ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა, მაშინ ნებისმიერ პირს შეუძლია დაურეკოს საპარტულო პოლიციას, რის შედეგადაც შენობის ადმინისტრაცია დაჯარიმდება 500 ლარით.

გარდა ამისა, დაავადება კონტროლისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩამოყალიბდება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შენობა-ნაგებობების მონიტორინგს განახორციელებს.

კანონპროექტის ავტორის და "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" დირექტორის გიორგი ბახტურიძის თქმით, იმის გამო, რომ საპატრულო პოლიცია, შენობების თუ დაწესებულებების მუდმივ კონტროლს ვერ განახორციელებს სწორედ, ამიტომ სპეცილურად შერჩეული პირები მონიტორინგს განახორციელებენ.

„მათ ექნებათ აპლიკაცია, მოხდება ფოტოს გადაღებაც, რომელიც რეაგირებისთვის გადაეგზავნება, როგორც ჯანდაცვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მონიტორინგი ისე განხორციელდება, რომ ვერავინ მიხვდება ეს ადამინი თუ რაიმე შემოწმებას ახდენს“ - ამბობს ჩვენთან საუბარში, გიორგი ბახტურიძე.

რაც შეეხებათ, სამედიცინო დაწესებულებებს, აქ თამბაქოს მოწევის კონტროლს სამედიცინო საქმიანობის ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს, რომელიც სამედიცინო დაწესებულელების კონტროლს სისტემატურად განახორციელებენ, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციას 500, ხოლო ფიზიკურ პირს თავიდან 50 ხოლო შემდეგ 100 ლარით დააჯარიმებენ. დაჯარიმებულ პირს თანხის გადახდა ერთი თვის ვადაში შეეძლება.

###

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა), საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე იკრძალება.

მოწევა იკრძალება ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.