საზოგადოება
ოთხი გარდაცვლილი ერთ მშენებლობაზე – სტატისტიკად ქცეული სიკვდილი
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე  კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს,  წელიწადნახევრის განმავლობაში ოთხი მუშა გარდაიცვალა.
27 დეკემბერს
მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამავე ობიექტზე მუშის გარდაცვალების მესამე ფაქტია.

ბოლო ორ შემთხვევაში მშენებლობაზე დასაქმებულთა გარდაცვალების მიზეზი ამწე გახდა, რომლითაც მხოლოდ სამშენებლო მასალის გადატანაა ნებადართული.

როგორც ადგილზე დასაქმებულები იხსენებენ, მიმდინარე წლის ზაფხულში ერთ-ერთი მუშა ამწეთი სარგებლობდა, რა დროსაც ბაგირი გაიჭედა. მუშამ ჩათვალა, რომ ბაგირი წყდებოდა და თავის გადარჩენის მიზნით კორპუსის ერთ-ერთ სართულზე გადასვლა გადაწყვიტა, რა დროსაც მაღალი სართულიდან გადმოვარდა.

"ეგონა წყდება ბაგირიო და უცებ, უფიქრია შენობაზე გადავალო, მაგრამ კორპუსსა და ამწეს შორის არსებული მანძილი ეტყობა დიდი იყო და ვერ მოახერხა გადახტომა. ამის შემდეგ ვაფრთხილებდით ერთმანეთს, რომ არ შეიძლებოდა ამწეთი სარგებლობა" , -  ამბობენ ობიექტზე დასაქმებულები.

მათივე თქმით, სატვირთო ამწეთი მუშები ძირითადად იმის გამო სარგებლობენ, რომ მაღალ სართულზე ყოველდღიურად კიბეებით უწევთ სიარული, თუმცა, ამბობენ, რომ მშენებლობაზე დროებითი ლიფტის ან სხვა ალტერნატიული საშუალების დამონტაჟება პრაქტიკაში არ ხდება.

უცნობია რა გახდა 2016 წლის სექტემბერში ამავე კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს კიდევ ერთი მუშის გარდაცვალების მიზეზი. არსებული ინფორმაციით, იგი სიმაღლიდან გადმოვარდა, თუმცა, რა ვითარებაში, უცნობია.

მიმდინარე წლის ზაფხულში მუშის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს ობიექტის მშენებარე კომპანია "იბერიის ვარსკვლავის" ხელმძღვანელი, ელენე ანდრიაძე, თუმცა, რაც შეეხება გასულ წელს მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას, ამბობს, რომ იგი იმ დროს კომპანიას არ ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, ინფორმაცია არ აქვს.

"რაც მე აქ ვარ, ეს მეორე შემთხვევაა. ზაფხულში მომხდარ ფაქტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე", - ამბობს ელენე ანდრიაძე.

ამავე მიზეზით კომპანიაში განმარტებებს არც ბოლო შემთხვევაზე აკეთებენ. ელენე ანდრიაძის თქმით, შეკითხვებს თუ რამ გამოიწვია ორი მამაკაცის გარდაცვალება, პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

კომპანიაში არც იმაზე საუბრობენ, იყო თუ არა დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები. განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ ამწე, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მხოლოდ სამშენებლო მასალებისთვის იყო განკუთვნილი.

იგივეს ადასტურებენ ადგილზე დასაქმებულები. მათი თქმით, ისინი ამის შესახებ ინფორმირებული და მრავალჯერ გაფრთხილებულები იყვნენ.

"10 ცალი ბლოკი აჰქონდათ და ორივე იდგა ამწეზე. დაახლოებით მერვე სართულზე რომ ავიდნენ, ბაგირი მოწყდა. სულ ვამბობდით, რომ არ შეიძლებოდა სამშენებლო მასალის ატანა-ჩამოტანის გარდა, სხვა მიზნით მისი გამოყენება. გამაფრთხილებელი წარწერაც არის გამოკრული და ჩვენც ხელი გვაქვს მოწერილი ამ ნორმებზე",-ამბობენ ობიექტზე დასაქმებულები.

უსაფრთხოების ნორმების შესახებ მუშების ინფორმირებას არ უარყოფს არც ერთ-ერთი გარდაცვლილი მუშის ძმაც, თუმცა, გოგა ფხაკაძე ამბობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. კერძოდ, ბაგირი სუსტი იყო და ის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომწყდარიყო და სამშენებლო მასალა მუშებს დაცემოდათ.

"მესმის, რომ არ უნდა ასულიყო ჩემი ძმა იმ ამწეთი, მაგრამ ბაგირი იყო იმდენად  სუსტი,ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სამშენებლო მასალისთვისაც ვერ გაეძლო და გამწყდარიყო, რაც მუშებს დააზიანებდა. ჩემი ძმა ხშირად ამბობდა, რომ უსაფრთხოების არანაირი ნორმები იქ დაცული არ იყო",–ამბობს გოგა ფხაკაძე.  

ჯერჯერობით უცნობია, გადაუხდის თუ არა კომპენსაციას კომპანია 27 დეკემბერს დაღუპული მუშების ოჯახებს. "იბერიის ვარსკვლავში" ამ საკითხე  კომენტარს არ აკეთებენ. 

აღმაშენებლის ქუჩაზე ათსართულიანი კორუსის მშენებლობაზე ოთხივე მუშის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 27 დეკემბერს ობიექტზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 240–ე მუხლითაა დაწყებული. "იბერიის ვარსკვლავის" დირექტორის ინფორმაციით, ამ დრომდე არ დასრულებულა მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ხოლო 2016 წელს ამავე ობიექტზე კიდევ ერთი მუშის გარდაცვალების საქმის დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მხოლოდ საჯარო წესით გამოთხოვის შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი.

აღმაშენებლის გამზირზე ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ეკონომიკური კრიზისის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო და მათი განახლება 2016 წელს მოხდა.


ამავე თემაზე:


„ფულს აგროვებდა, ხუთი წლის უნახავი ცოლშვილი უნდა ენახა“ - მშენებლობაზე დაღუპულის დედა

"დაველოდოთ გამოძიებას" - კომპანია მრავალსართულიან კორპუსში დაღუპულ მუშებზე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა
წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება.
14:15 / 07.09.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება.
პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბაგრატის ტაძრის
ეზოში გამართულ პარტიულ შეხვედრას საზოგადოების მხრიდან
არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.
14:41 / 04.09.2020

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ პარტიულ შეხვედრას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.