საზოგადოება
ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსში, სადაც ფართების უმრავლესობა გაყიდულია, მშენებელს, შესაძლოა, ორი სართულის დემონტაჟი მოუწიოს.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, "სახლი N1"-მა თამარ მეფის ქუჩა N 10-ში დაგეგმილი მშენებლობის პროექტი თვითნებურად შეცვალა და ხუთის ნაცვლად შვიდ სართულიანი კორპუსი ააშენა.

ქუთაისის მერია სამშენებლო კომპანიისგან ბოლო ორი სართულის დანგრევას ითხოვს, კომპანიაში კი ამბობენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და ქალაქის ხელისუფლება პროექტის კორექტირების შესახებ ინფორმირებული იყო.


ქალაქის ცენტრში სამშენებლო ნორმების დარღვევა ზედამხედველობის სამსახურმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა, როცა კომპანიას კანონდარღვევით უკვე ორი სართული ჰქონდა აშენებული. შეცდომის აღმოჩენა ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლას დაემთხვა. მერიამ ფაქტიც თავად გაასაჯაროა და კანონის დაცვისკენ სხვა სამშენებლო კომპანიებსაც მოუწოდა.

"ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პერიოდი, როცა მენაშენეები თუ სამშენებლო კომპანიები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და პატივს არ სცემენ წესებით შედგენილი პროექტის ნორმებს. ჩვენ არ დავუშვებთ ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის დამახინჯებას, არც ერთი კომპანიის ინტერესებისთვის,"-განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, რომელსაც ბოლო სამი კვირაა ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად ჯავახია ხელმძღვანელობს, ამბობენ, რომ კომპანიას პროექტის კორექტირება არ უთხოვია და ნებართვა მხოლოდ  ხუთი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული. შესაბამისად, მას უკანონოდ აშენებული სართულების დემონტაჟი მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას აღსრულების შესაბამისი სამსახური გააკეთებს.


შენობის უკანა მხარე, სადაც სართულების რაოდენობა ჰორიზონტალურად იზრდება

განსხვავებული ინფორმაცია აქვს ამავე სამსახურის ყოფილ უფროსს, ბაქარ ჭეიშვილს, რომელიც ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიამ რამდენჯერმე ითხოვა პროექტის კორექტირება. შეცვლილი ვერსია პარალელურად გაეგზავნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რადგან მშენებლობა მის მიერ დაცულ ზონაში მიმდინარეობს. თუმცა, საბოლოოდ "სახლი N1"-ს სართულების დამატებაზე უარი ეთქვა. ირკვევა, რომ სააგენტოს არათუ კორექტირებული ვერსია, არამედ, უკვე შეთანხმებული პროექტიც არ მოსწონდა.

"კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ თავისი პოზიცია გამოხატა ჯერ კიდევ ა.წ. 17 ივლისის N 12 /395 წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეთანხმებული პროექტის გაბარიტებიც კი აჭარბებს დასაშვებ ზღვარს. გაზრდილია ლოკალური ტერიტორიის სივრცითი პარამეტრები,  იტვირთება განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული მონაკვეთი და კვლავ შენობის გაბარიტების ნებისმიერი სახით ცვლილება არამიზანშეწონილია",-ნათქვამია საგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში. 



რაც შეეხება იმას, უფრო ადრე რატომ ვერ შენიშნა ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის ცენტრში სამშენებლო ნორმების დარღვევა, ბაქარ ჭეიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ სადავო სართულები  მას შემდეგ ააშენა, რაც მან სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა.

"ეს რომ ბოლო ორ-სამ კვირაშია ამოყვანილი თუ იცით? დაახლოებით ოქტომბრის თვეში შევამოწმეთ ჩვენ ეს ობიექტი და ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სამუშაოები. მაშინ პროექტის მიხედვით შენდებოდა და მოგეხსენებათ, მშენებლობებზე ყოველდღიური მონიტორინგი არ ხდება",-ამბობს ბაქარ ჭიშვილი.

"სახლი N1"-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მიხედვით კი, სადაც კომპანია მშენებლობის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, ირკვევა, რომ კომპანიამ პროექტით გათვალისწინებულ 5 სართულზე დამატებითი სართულის დაშენება,  ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო.


ფოტოზე,  ჩანს, რომ შენობის მარცხენა მხარეს მეექვსე სართულის მშენებლობა დაწყებულია

მერიიდან გაგზავნილმა წერილმა და ახალი მერის მოწოდებამ "სახლი N1"-ის წარმომადგენლები გააღიზიანა. კომპანიაში უკანონოდ აშენებულ სართულებზე საუბარი არ სურთ.

"ზაალი ვარ ცხვედიანი. ჭიღვარიას გადაეცით, შენი მეზობელია ჭრებალოშითქვა. შვიდიანი კი იმიტომ ავაშენე, რომ ხუთიანში წაგებაში მივდიოდი", - განაცხადა ზაალ ცხვედიანმა, რომელმაც თავი კომპანიის წარმომადგენლად გაგვაცნო.

მოგვიანებით  განმარტებები კომპანიის იურისტმა გააკეთა. ერმილე ჭეიშვილის თქმით, შენობა არა შვიდი, არამედ, ექვს სართულიანია.  თუმცა, იყო თუ არა პროექტის ცვლილება ქუთაისის მერიისგან ნებადართული, არ იცის.

"ვიცი, რომ ბევრჯერ გაიგზავნა მერიაში შეცვლილი ვერსია და ბოლოს ეს რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ ოფიციალური ნებართვა არსებობს თუ არა ვერ გეტყვით. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 7 სართულიანია, სინამდვილეში 6 სართულია და ბოლო სართული არის შეწეული", - ამბობს ერმილე ჭეიშვილი. მისივე თქმით, წერილში, რომელიც მერიამ კომპანიას გაუგზავნა, კონკრეტული  განმარტება თუ რა დარღვევაზეა საუბარი, არ არის მითითებული. კომპანიაში ჯერ არც ის იციან, ვინ დაანგრევს უკანონოდ აშენებულ ორ სართულს - თავად კომპანია თუ აღსრულების სამსახური ქუთაისის მერიის დავალებით.

ქუთაისის მერია ანალოგიური ფაქტის წინაშე წელიწადნახევრის წინაც აღმოჩნდა, როცა საღარაძის ქუჩა N4-ში შპს "დრიმ ჰაუსმა" 5 სართულიანი (მანსარდით) კორპუსი კანონდარღვევით ააშენა. მაშინ, კომპანია, რომელსაც ისტორიულ ზონაში მოქმედი კოეფიციენტით ამ ზომის შენობის მშენებლობის უფლება არ ჰქონდა, ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ უკანონო სართულის დემონტაჟისგან იხსნა. შოთა მურღულიამ მაშინ განაცხადა, რომ სართულის დანგრევას ჯობდა უკვე დასრულებული შენობისთვის კოეფიციენტი გაეზარდათ და კომპანიას ბიუჯეტში მოსაკრებელი გადაეხადა. კანონდარღვევის ფაქტი მაშინ მხოლოდ იმიტომ გამჟღავნდა, რომ კოეფიციენტის გაზრდას საკრებულოს თანხმობა სჭირდებოდა.

ამჯერად, ახალი ხელისუფლება ძველი კადრებით, ქალაქში უკანონო მშენებლობას შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.