საზოგადოება
ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას
FaceBook
ქუთაისი 2018 წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდება.
ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა საახალწლო მორთულობა, რომელთა ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. წელს,  ქუთაისს არც ახალი მთავარი ნაძვის ხე ექნება. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში უკვე ააწყვეს 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე. ქალაქის ცენტრში კი მთავარი საახალწლო ატრიბუტი ჯერ არ დაუდგამთ.

პარალელურად, ქუთაისის მერია 156 ცალ ახალ მანათობელ ფიგურას ელოდება, რომელთა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეძენაზე თანხმობა უკვე მიიღო.

საახალწლოდ ნაწილობრივ მორთული ქალაქი ადგილობრივებმა უკვე დაიწუნეს და მათი ახალი აქსესუარებით ჩანაცვლება მოითხოვეს.

პროტესტის საპასუხოდ, ქუთაისის ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მორთულობის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდნილი დახვდათ, ახალი შესყიდვის განსახორციელებლად კი დრო სჭირდებოდათ. ამასთანავე, გაჩნდა მოსაზრება, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ახალ ადმინისტრაციას მიზანმიმართულად გაუფუჭა საქმე, რადგან,  სატენდერო თანხად არარეალურად დაბალი ფასი გამოიტანა, რითაც, წინასწარ განსაზღვრა ტენდერის ბედი.

ადგილობრივთა კრიტიკასა და ბრალდებებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ქუთაისის ყოფილი მერი. შოთა მურღულიამ განმარტა, რომ ტენდერის ჩავარდნა დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია, რის გამოც კომპანიები შეთავაზებულ თანხას  არ დათანხმდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობა კი იმთავითვე ცდილობდა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიეღო.

ირკვევა, რომ ყოფილი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც 6 ნოემბერს გამოცხადებული 171 000 ლარიანი ტენდერი ჩავარდა, საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შეძენას სამ კომპანიას: "მეოხს", "სარფელგარსერვისს" და "გლობალსერვისს" ნამდვილად  სთავაზობდა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მალხაზ ბასილაძე, 2017 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ წერილებში, კომპანიებს საახალწლო განათებების გამარტივებული წესით შეძენას სთხოვდა, თუმცა, ამჯერად მერია მზად იყო სატენდერო თანხაზე 66 000 ლარით მეტი, 238 000 ლარი გადაეხადა.

"საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის ტენდერი არ შედგა და განმეორებითი ელ.ტენდერის ჩატარება ვერ მოესწრება. როგორც გადაუდებელი აუცილებლობა, საჭიროა მათი შესყიდვა-მონტაჟი განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის გზით. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება აღნიშნული სამუშაოს განფასების შესახებ",-ნათქვამია წერილში.

მერიის შეთავაზება ორმა კომპანიამ მიიღო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფორსმაჟორულ ვითარებაში, ერთმა მათგანმა სამუშაოებში გაორმაგებული თანხა მოითხოვა.

შპს "სარფელგარსერვისმა" 5 სახეობის 85 ცალი აქსესუარის ჩინეთში შეძენის ღირებულებად 238 000 ლარი დაიანგარიშა, შპს "მეოხმა" კი იგივე რაოდენობის საახალწლო მორთულობების თურქეთში შეძენისთვის თითქმის გაორმაგებული თანხა - 427 755 ლარი მოითხოვა. ხოლო, შპს "გლობალსერვისმა" მერიას ფორსმაჟორულ ვითარებაში საახალწლო დეკორაციების შეძენაზე საერთოდ უარი უთხრა. კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჯიშკარიანმა უარის მიზეზად განმარტა, რომ გასანათებელ მოწყობილობებს საქართველოში ვერ შეიძენდა.

"ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ქუთაისში ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობის ფასთა გამოკითხვაში, ვინაიდან, აღნიშნული სანათები საქართველოს ფარგლებს გარედან არის შემოსატანი",-წერს "გლობალსერვისი" მერიას.

ქუთაისის მერიას სამივე კომპანიამ დათქმულ ვადაში, ორ დღეში უპასუხა, რის შემდეგაც, მერია, განათებების შეძენაზე თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ელოდა, თუმცა, ტენდერიდან გამარტივებულ შესყიდვამდე საახალწლო მორთულობის შეძენა-მონტაჟისთვის გაზრდილი თანხა,  სააგენტოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

სააგენტომ განიხილა ქუთაისის მერიის განმარტება, თუ რატომ გაიზარდა შესაძენი მოწყობილობებისთვის საჭირო თანხა შესყიდვის ფორმის ცვლილებასთან ერთად. წერილში მერია განმარტავს, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ იმპორტირებულ საქონელზე ფასები გაზარდა, კომპანიებს კი საახალწლო აქსესუარები სწორედ სხვა ქვეყნებში უნდა შეეძინათ. ეს განმარტება სააგენტოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და 28 ნოემბერს ქუთაისის მერიის მიმართვა განუხილველად დატოვა.

უარიდან ერთ დღეში, მუშაობას ახალი მერი, გიორგი ჭიღვარია შეუდგა. 8 დეკემბერს კი ვიცე-მერი, გიორგი იობაშვილი სააგენტოს იგივე თანხის სანაცვლოდ, საახალწლო დეკორაციების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეძენაზე თანხმობის მისაღებად მიმართავს. ამჯერად, სრულად შეიცვალა შესაძენი ფიგურები და მათი რაოდენობა 156-მდე გაიზარდა.

ახალ მოთხოვნაზე ქუთაისის მერიამ თანხმობა უკვე მიიღო.

საახალწლო დეკორაციების შეძენაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ 238 229 ლარიანი ხელშეკრულება ორი დღის ვადაში უნდა გააფორმოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.