საზოგადოება
ოღასკურა - "ქრონიკული ავადმყოფი" საყოფაცხოვრებო ნაირფეროვნებით
FaceBook
ქუთაისში მდინარე ოღასკურა, რომელიც მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, კალაპოტიდან გადმოვიდა და ქუჩები დატბორა, მოსახლეობის მიერ ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული.

გარემოს დამცველები მდინარის გაწმენდის აუცილებლობაზე მიანიშნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტიქიის განმეორებას და უფრო სავალალო შედეგების გამოვლენას პროგნოზირებენ. მოსახლეობა მდინარის დასუფთავებისთვის პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მდინარის გაწმენდა ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდება.

ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე მცხოვრები ლიკა კრივენცოვა გვიხსნის, რომ მდინარეს პერიოდულად დედასთან ერთად თავად ასუფთავებს, თუმცა ძალიან მცირე მონაკვეთს, მეზობლები კი მსგავსი აქტივობით არ გამოირჩევიან.

"ყველა რომ გამოვიდეს და თავისი სახლის წინ დაასუფთავოს, უფრო კარგი შედეგი გვექნება, მაგრამ ეს არავის უნდა, სუფთა გარემოში ცხოვრება - ყველას," - ამბობს ლიკა კრივენცოვა.

ამ დრომდე არ გამოუჩენია მდინარის დასუფთავების ინიციატივა ბუხაიძის ქუჩაზე, #35 საჯარო სკოლის მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას. ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მობინადრე, 67 წლის ლუიზა კავილაძე განმარტავს, რომ მიუხედავად ასაკისა, თუკი ახალგაზრდობა იაქტიურებს, მათ მხარს აუბამს.

"არ მახსოვს მდინარე ასე მოდიდებულიყო, არც ასეთი დაბინძურებული მინახავს ოდესმე. ახლა რაც ხდება, ესაა ეკოლოგიური კატასტროფა. მეტი უარესი რა უნდა მოხდეს. აქვე სკოლა და საბავშვო ბაღია. გამორიცხული არაა აქ ეპიდემიამ იჩინოს თავი," - აცხადებს ლუიზა კავილაძე.



16 ოქტომბრის სტიქიის დროს ბუხაიძის ქუჩის დატბორვის მიზეზებზე საუბრობს იქვე მცხოვრები, მარინა ჩაკვეტაძე. მისი თქმით, მდინარის გამტარუნარიანობას, წლების განმავლობაში ხიდის ქვეშ გაუწმენდავი ადგილი აფერხებს.

"ამოვსებულია დაგროვილი შლამით და ათასი ნაგვით. კარგ ამინდში მოდით და ნახეთ. მიკვირს წყალი აქ როგორ გადის. ამის გარდა, ხიდის ქვეშ გადის ცენტრალური გათბობის დიდი მილები, რომლითაც საბჭოთა კავშირის მერე არავის უსარგებლია. მოხსნან ის მილები და გაწმინდონ, თორემ ხვალ უარესი გველოდება," - აცხადებს მარინა ჩაკვეტაძე.



მდინარის მოდიდების საფრთხე რომ ისევ არსებობს, ამას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიანიშნებენ. "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელი, თემურ კეპულაძე მოსალოდნელ საშიშროებას მეცნიერულად გვიხსნის.

"რატომ არის აშენებული მდინარის ნაპირზე შენობები? კანონში წერია, რომ 10 მეტრიანი ზოლი უნდა იყოს დაცული, თუმცა ასე არაა. ჯებირს რომ აკეთებენ, კალაპოტი მცირდება, სიჩქარე კი იზრდება, რაც დატრყმის ძალის გაზრდას იწვევს. ოღასკურა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა წყალი გადმოვა. როგორც ქრონიკული ავადმყოფი გვყავს სახლში, ისე გვაქვს ოღასკურა ქუთაისში," - ამბობს "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელი, თემურ კეპულაძე.

მისივე თქმით, სტიქიაში მოსახლეობასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის, რადგან დაბინძურება, სწორედ, მათი მხრიდან ხდება.

"ოღასკურა სათავეს იღებს სათაფლიიდან. ეს არის ჩვენი, ქუთაისელების მდინარე. ვერავინ შეგვეცილება და ასე, რომ სხვას ნუ დავაბრალებთ მის დანაგვიანებას," - აცხადებს თემურ კეპულაძე.

მდინარეების დასუფთავება როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. თუმცა, სამინისტროში განგვიმარტეს, რომ დაბინძურებას უწყება წყლის ლაბორატორიული შემოწმებით ადგენს.

"ადგილობრივ გამგეობებთან ერთად, ჩვენი წარმომადგენლებიც ახორციელებენ დასუფთავებას," - განგვიმარტეს გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეცილურ სერვისებში" კი ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის სტიქიის შემდეგ კი, მხოლოდ ის ადგილები გაიწმინდა, სადაც ტექნიკის მისვლაა შესაძლებელი.

"წესდების მიხედვით, ჩვენ მხოლოდ არსებული სანიაღვრე სისტემების ექსპოლოტაცია-გაწმენდა გვევალება. მდინარის გაწმენდას რაც შეეხება, ეს ბევრ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ბუხაიძის ქუჩაზე ხეობაშია ჩადგმული მოსახლეობის ფარეხები და ფარდულები. იმ დაგილებში, სადაც ტექნიკა ვერ იმუშავებს და ხელით უნდა გაიწმინდოს, დამატებითი ძალები და ფინანსებია საჭირო, რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს," - ამბობს ააიპ "სპეცილურ სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა.

მდინარე ოღასკურას გარკვეულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოების ტექნიკურ სირთულეზე მიუთითებენ ქუთაისის მერიაშიც, სადაც მოსახლეობას მოუწოდებენ ნარჩენებით არ დააბინძურონ მდინარე.

"გრძელვადიან პერსპექტივაში, ამაზე ვაპირებთ ზრუნვას და მე პირადად პირველ ადგილზე მყავს. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მანდატებს მივიღებთ და საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება, აქტიურად ვიზრუნებ იმაზე, რომ კალაპოტი მოწესრიგდეს," -  ამბობს ჩვენთან საუბარში საკრებულოს ახლადარჩეული მდეპუტატი ირაკლი შენგელია.

ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა გვიხსნის, რომ ოღასკურის მასშტაბური დასუფთავება 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში მოხდა. მისივე ინფორმაციით, იმ დროისთვის მდინარიდან 200 000 კბ.მ შლამი და ნაგავი ამოიღეს.

სტიქიის შემდეგ როგორ გამოიყურება მდინარე ოღასკურა ნახეთ ფოტორეპორტაჟი:
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ღია ტიპის კაფეების შემდეგ,
მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც.
8 ივნისიდან
მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს
რეკომენდაციების დაცვით.
10:10 / 02.06.2020
ღია ტიპის კაფეების შემდეგ, მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან რესტორნების მფლობელებიც. 8 ივნისიდან მუშაობის უფლება მათაც მიეცემათ, თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.
ქუთაისში უძველესი
სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს.
თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან
გვიან გავიგოთ.
11:03 / 30.05.2020

ქუთაისში უძველესი სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს. თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან გვიან გავიგოთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.