პოლიტიკა
"უნდა ჩამეწერა?" „არ მახსოვდა“ - თანამდებობის პირები არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სამტრედიაში, ვანსა და ტყიბულში, თერთმეტი თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, სამი კი თანამდებობასთან შეუფერებელ საქმიანობას ეწევა.
კვლევის მიხედვით, ტყიბულში დეკლარაცია არასრულად შეავსო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, სამი სამსახურის ხელმძღვანელმა და საკრებულოს ორი კომისიის თავმჯდომარემ.

ტყიბულის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თემურ ქელბაქიანი, რომელმაც დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ 20%-ს ფლობს შპს "უკრაინა-საქართველოს ინვესტში", ხოლო შპს "მთის ნობათში" 24.5%-ს, ამბობს, რომ არც ერთი კომპანია მოქმედი არ არის.

"საერთოდ არ მახსოვდა, რომ "უკრაინა-საქართველოს ინვესტი" არსებობდა. კვლევა რომ ვნახე, მაშინ გამახსენდა. წლებია ეს კომპანია აღარ არსებობს. არც "მთის ნობათი" არ მუშაობს და არც ვიცოდი მაგის ჩაწერა თუ იყო საჭირო",-ამბობს თემურ ქელბაქიანი.

საკუთარი კომპანიის არსებობა დაავიწყდა იოსებ რობაქიძესაც. საკრებულოს კულტურის და განათლების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომპანია 13 წელია აღარ ფუნქციონირებს.

"სულ არ მახსოვდა.13 წელია აღარ არსებობს. არც ბრუნვა აქვს. დაარსდა და გაჩერდა", - ირწმუნება იოსებ რობაქიძე.

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო ფანჩულიძე, რომელსაც თანამდებობის დაკავების მიუხედავად, მისი წილი შპს "სავაჭრო ცენტრში" მართვის უფლებით არავისთვის გადაუცია, ამბობს, რომ შემოსავალი იმდენად მიზერულია, რომ საწარმოში სამართავიც არაფერია.

"შემოსავალი არ იყო არაფერი და ვისთვის გადაგვეცა მართვაში? 7 ადამიანია მეწილე და გამოთვალეთ რამდენი პროცენტი გვერგება თითოს", - ამბობს ალეკო ფანჩულიძე.

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, შპს "ცხრაჯვარი 2009"-ში 20%-იანი წილი არც ვახტანგ გვენეტაძეს გადაუცია ვინმესთვის. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, ინფორმაცია არასწორია და იგი წილს არ მართავს.

"არ ვიღებ მონაწილეობას მართვაში. 2000 ლარია ჩემი წლიური შემოსავალი და მაქვს ამის უფლება. წაიკითხონ კარგად კანონი", - ამბობს ვახტანგ გვენეტაძე.

კვლევაში მოხვდა ტყიბულის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, ოლეგ ქარქაშაძეც, რომლის ბიზნესსაქმიანობაც თანამდებობის დაკავების შემდეგ მისმა მეუღლემ გააგრძელა და ტყიბულის მუნიციპალიტეტთან 4 გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა.

"მე რომ აქ ვმუშაობ ამას რა საერთო აქვს ჩემი მეუღლის მიერ მოგებულ ტენდერებთან? არასდროს ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია და არც გამოვიყენებ. თან საუბარია ძალიან მიზერულ, 5 და 10 ლარიან ხელშეკრულებებზე",-ამბობს ოლეგ ქარქაშაძე.

საკუთარი შემოსავლები დეკლარაციებში სრულად არც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიუთითეს.

კვლევის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა დეკლარაციაში არ დაწერა, რომ შპს "ზანდოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
კობა ძიძიგური ამბობს, რომ კომპანიის დეკლარაციაში მითითება გამორჩა.

"გამომრჩა. იმდენი ხანია რაც აღარ არსებობს, რომ არც მახსოვდა. 10 წელზე მეტია გაუქმებულია",-ამბობს კობა ძიძიგური.

"უნდა ჩამეწერა? გავასწორებ ახლავე. არ ვიცოდი თუ უნდა მიმეთითებია",-ამბობს სამტრედიის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ტარიელ დვალიშვილი, რომელმაც კვლევის მიხედვით დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე სამტრედიაში საცხოვრებელ სახლსა და ორ მიწის ნაკვეთს ფლობს.

კომპანია, რომელშიც 23%-ს ფლობს, გაუქმებული ეგონა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარეს, ლიზა კრავეიშვილს.

"გაუქმებული არ არის ეს ორგანიზაცია? რამდენი წელია აღარ არსებობს. სულ სხვა რამ ფუნქციონირებს ახლა იქ. იმ კომპანიის თანამშრომლებიდან სამი გარდაცვლილია და დიიდ ხანია გაუქმებულია,-ამბობს ლიზა კრავეიშვილი.

საკუთარი კომპანია გაუქმებული ეგონა ეკონომიკის სამსახურის უფროსს, ნოე ივანიაძესაც.

"პურის საცხობია ახლა მაგ ადგილზე. ადრე აფთიაქი იყო და გაუქმდა 10 წელზე მეტია. ნამდვილად აღარ არსებობს ეს კომპანია",-ამბობს ნოე ივანიაძე.

ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ივანიაძემ კი, რომლემაც დეკლარაციაში მეუღლის ქონება არ მიუთითა, ამბობს, რომ ისიც არ იცოდა მის მეუღლეს მშობლიურ სახლში წილი თუ ეკუთვნოდა.

"ვანიდანაა ჩემი მეუღლე და ალბათ, საიდანაც გამოთხოვდა იმ სახლზეა საუბარი. არც კი ვიცოდი. უნდა ვკითხო ახლა",- განაცხადა გიორგი ივანიაძემ.

იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციების არასრულად შევსებისა და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა მიმდინარე წლის 18 აპრილს გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რომ შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტები, წარმოადგენს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.

ამავე თემაზე:

თანამდებობის პირების მიერ "დამალული" შემოსავლები იმერეთის მუნიციპალიტეტებში

ხარვეზი თუ ქონების დამალვის მცდელობა - საჯარო მოხელეების არასრული დეკლარაციები (გადაცემა)

საჯარო მოხელეები, რომლებსაც დეკლარაციებში ქონების შეტანა "დაავიწყდათ" , შესაძლოა, დაჯარიმდნენ

ზესტაფონში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1 000 ლარით დააჯარიმეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ვიცე-პრემირმა, თეა წულიკიანმა
პარლამენტის დეპუტატ
16:15 / 07.08.2020
ვიცე-პრემირმა, თეა წულიკიანმა პარლამენტის დეპუტატ "ქართული ოცნებიდან" რატი იონათამიშვილთან ერთად, შშმ პირთა უფლების შესახებ 28 ივლისს დამტკიცებული კანონის პრეზენტაცია გამართა.
ქუთაისში, თირკმლის ქრონიკული
დაავადების მქონე ადამიანებმა ონკოლოგიური საავადმყოფოს წინ აქცია
გამართეს.
13:21 / 07.08.2020
ქუთაისში, თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა ონკოლოგიური საავადმყოფოს წინ აქცია გამართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.