ინტერვიუ
ტორესა მოსი - მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიო წარმატებას, როცა შეგიძლია დაინახო რეალობა
FaceBook
„ქვეყანას ჭირდება კულტურული პოლიტიკა. ტელევიზია არის 98% ტყუილი“.


რამდენად მნიშვნელოვანია კონკურსები? რამდენად უწყობს ხელს კულტურული პროცესების გამოცოცხლებას? სატელევიზიო ტალანტშოუები შეიძლება თუ არა რაიმე სახით წაადგნენ ქართულ კულტურას? ვიღებთ თუ არა რაიმე სახის კულტურულ პროდუქტს ამ პროექტებით? რა მითებს ქმნიან ტელევიზიები?
ქუთაისიპოსტის კითხვებს პასუხობს მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული ტორესა მოსი.


- კონკურსები კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, ვინაიდან ვთვლი, რომ ხელოვნება არის სივრცე, სადაც არ არსებობს შეჯიბრებითობა. არსებობს პროცესი და ამ პროცესში შენი ადგილი. მაგალითად, მუსიკალურ კონკურსებში გამსვლელ ბევრ "ტალანტს" ბობ დილანზე უკეთესი ვოკალური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ძალიან შორსაა იმისგან, რასაც შეიძლება უწოდო ხელოვნება. თუკი ხელოვნებას წარმოვიდგენთ როგორც ენას, ფორმას, რომლითაც ავტორი გვთავაზობს სააზროვნო სივრცეს, იოლად მივხვდებით, რომ ტექნიკა, ტექნიკური მოცემულობები, ტექნიკის ცოდნა არტისტს საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლად, მარტივად, შექმნას ფორმა, რომელიც ადამიანს უბიძგებს აზროვნებისკენ, მასში აღძრავს ამ პროცესს, მაგრამ რა ხდება მაშინ როცა "ტალანტი" ცდილობს თავი მოგვაწონოს იმით, რომ აქვს ძლიერი და მჟღერი ხმა და მას არ აქვს არანაირი იმპულსი, მისი მიზანი არის მხოლოდ ის, რომ სხვასთან შედარებით უკეთ წარმოაჩინოს თავისი უნარები. მაშინ ჩვენ ვიღებთ არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯულ ადამიანს, რომელიც ცდილობს თავი მოგვაწონოს, რომ რაღაც ჩვენზე უკეთ გამოუვიდა და თუ ამ პროცესში წარმატებას მიაღწია, ეს კომპლექსი გადასდის გულისამრევ ნარცისიზმში, რომელსაც ძნელია თავი დააღწიოს და ფორმის მიღმა აზროვნება ისწავლოს. ეს რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, მაგრამ კონკურსისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად "ყოჩაღობაზეა" ორიენტირებული, პრემია გულისხმობს უფრო გრძელ პროცესს და პრემიას აქვს თავისი ლოგიკა, რომელმაც უნდა გამორიცხოს არტისტების დაყოფა "გამარჯვებულებად" და "დამარცხებულებად". თუ ვერ აიღე გრემი, პულიცერი ან ნობელი, არ ნიშნავს რომ შენ დამარცხდი. უამრავი დიდი არტისტია, რომელსაც ბევრი პრესტიჟულად მიჩნეული პრემია არ მიუღია, მაგრამ ისინი არ არიან დამარცხებულები. ამდენად, პრემიის არსებობა, განსაკუთრებით პრემიისა, რომელიც არ ენიჭება არტისტს ერთი კონკრეტული ნაწარმოებისთვის ან შესრულებისთვის და რომელიც აფასებს პროცესში მყოფ არტისტს მისი ზოგადი მოღვაწეობის და არა ერთი რომელიმე კონკრეტული კრიტერიუმის გამო, არის მნიშვნელოვანი და ხელს უწყობს პროცესს, განსხვავებით კონკურსებისგან, რომლებიც არტისტს ფორმაზე, ტექნიკაზე ორიენტირებენ და სამომავლოდ უფრო ხელს უშლიან, ვიდრე ეხმარებიან.
- ქართულ ტელევიზიებში ბევრი პროექტია, სადაც "ეძებენ ტალანტებს"თქვენი აზრით, აღნიშნული პროექტები რამდენად რეალურად იძლევიან იმის საშუალებას, რომ თავი გამოავლინოს ადამიანმა? თქვენ რამდენად ხშირად აღმოგიჩენიათ ტალანტი ამ ტელეპროექტების საშუალებით?
- ზოგადად რა არის ტალანტი? მე მთელი ჩემი ცხოვრება ვამტკიცებ, რომ ნიჭი აქვს ყველას. ნიჭი არ არის მხოლოდ ხელოვნება, ვიღაც ჩემზე ნიჭიერი ელექტრიკია ან სანტექნიკოსი. როდესაც უნიტაზი გაიჭედება შენ გჭირდება პროფესიონალი სანტექნიკოსი, რადგან რაც არ უნდა ნიჭიერი მომღერალი იყო, უნიტაზს სიმღერით ვერ გაწმენდ. ეს საკითხის ერთი მხარეა, რომელიც გვეუბნება, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საქმეები, ყველა საქმე საჭირო და მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანის შრომა, რომელიც თავის საქმეს პროფესიონალურად უდგება, თანაბრად საჭირო და დასაფასებელი. მეორეს მხრივ რა ხდება, როცა ადამიანი არის ნიჭიერი, მაგრამ არა პროფესიონალი? როდესაც ნიჭიერი ხარ 15 წლის ასაკში, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ შენ 30-ს მიაღწიე და არ ხარ პროფესიონალი, მაშინ მძიმე შემთხვევაა. მე არ მჭირდება დღეს ვამტკიცო, რომ ნიჭიერი ვარ, ეს ვიცი ძალიან დიდი ხანია, ამისთვის არ მჭირდება მივიდე სატელევიზიო შოუში და ისედაც გაჭირვებულ ხალხს ვთხოვო რომ ჩემი ნიჭიერების დასასაბუთებლად, საკუთარი ანგარიშიდან ლარიანი ესემესები მიგზავნოს. ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, ეხლა ჩემი ამოცანაა რომ ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოვკიდებ შევასრულო პროფესიონალურად და არა ნიჭიერი ბავშვის პოზიციიდან, პროფესიონალიზმი კი მრავალწიან შრომას მოითხოვს. ამიტომ ნებისმიერ ახალ წამოწყებას ვეკიდები ასე, ვიცი რომ ჭირდება მრავალწლიანი შრომა. შესაბამისად, მე ვთვლი რომ ობიექტურად საზოგადოებას ჭირდება არა ნიჭიერი, არამედ პროფესიონალი ადამიანები, რადგან ყველა ადამიანი ნიჭიერია და ეს ისედაც ცხადია.
- შეიძლება თუ არა, რომ ქართულ კულტურას რაიმე სახით წაადგეს ეს ტალანტშოუები? რაიმე კულტურულ პროდუქტს ვიღებთ ამ პროექტებით?
-არა, არა და კიდევ ერთხელ არა. ქვეყანას ჭირდება კულტურული პოლიტიკა. ტელევიზია არის 98% ტყუილი. მაგალითად, თუ მე რომელიმე შოუში მივალ და დავჯდები, გარანტიას გაძლევთ რომ იქ არ იქნება არანაირი სიმართლე გარდა იმისა, რომ მე ტორესა მოსი ვარ, თუმცა აქაც შემიძლია მოვიტყუო, ამის გამო ტელევიზიას ვერ დავძრახავთ, ეს ბიზნესია, ეს ბიზნესი კი ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ ადამიანებს სურთ იხილონ შელამაზებული რეალობა. ადამიანებს აქვთ ამის უფლება და ტელევიზია აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, გვაწვდის იმას, რასაც ვითხოვთ. წლები გადის ისე, რომ ტელევიზორს არ ვრთავ, რადგან მე არ მჭირდება რეალობის სიმულაცია. კულტურული პოლიტიკა გაცილებით მეტ დაგეგმვას, ანალიზს და სწორ ნაბიჯებს მოითხოვს. ეხლა გამოხტება ვინმე და დაადანაშაულებს ტელევიზიას. ტელევიზია არაფერ შუაშია. ქვეყანას უკვე მეოთხე მთავრობის პირობებში არ გააჩნია კულტურული პოლიტიკის ჩანასახიც კი, იქმნება ვაკუუმი და ამ ვაკუუმის შევსებას ცდილობს ტელევიზია, ხალხს კი ექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც მაინც ხდება. კულტურული პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, არ არის ტელევიზიის საქმე. შოუები იარსებებს ამ შემთხვევაშიც, რადგან ადამიანებს ჭირდებათ გართობა, სენტიმენტები, ილუზია, მაგრამ მთავარია რეალურად სწორად მიდიოდეს პროცესი.
-აღნიშნულმა პროექტებმა გამოკვეთა ტენდენცია, რომ პუბლიკა იწონებს "ცხოვრებისაგან დაჩაგრულ" კონკურსანტებს. თითქმის ყველა გამარჯვებულს გარკვეულ ტალანტთნ ერთად(ან ტალანტის არქონის მიუხედავად) რთული და დრამატული ბიოგრაფია გააჩნია. მძიმე ბიოგრაფიის ქონა (რომლისგანაც მერე მითს შექმნიან მელოდრამატულ ჟანრში) ეს გამარჯვების ფორმულაა ?
- ეს არის არა გამარჯვების ფორმულა, არამედ ქართული ფარისევლობის ფორმულა. ჩვენ არ ვართ ტოლერანტულები, არ ვართ შემწყნარებლები, ჩვენ საზოგადოებას აქვს თანაგანცდის, სხვისი ტკივილის მიღებისა და გაზიარების საშინელი დეფიციტი. ეს ძალიან სამწუხაროა. რაზე უნდა ილაპარაკო, როცა 21-ე საუკუნის საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების 98% კვდება არასწორი მკურნალობის გამო მაშინ, როცა ქვეყანა გრანტის სახით საკმაოდ დიდ თანხას იღებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ეს არ აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ საზოგადოებას არ აინტერესებს ვინმეს თუ მარიხუანის მოწევის გამო დაიჭერენ, სანამ თვითონ მას და მის ოჯახის წევრს არ შეეხება ეს უსამართლობა უშუალოდ. მანამდე ყველა ერთ ქვაბში უნდა მოხარშო და მოიცილო და გაანადგურო. მაგრამ საკმარისია იგივე მოძულებული ადამიანი ტელევიზორის ეკრანზე აჩვენო, მისი პრობლემა დაუდგა, გადაუღო, ხაზი გაუსვა ტრაგიზმს, რომ ეს ხალხი მოიმართება, მოიმარჯვებს ერთ ლარს მობილური ტელეფონის ბალანსზე და შეეცდება დაეხმაროს, გაამარჯვებინოს. იმასაც ვერ ხვდებიან რომ ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის. თუ მე ვმღერი არ შეიძლება იმის გამო დამაფასო, რომ ცხოვრებაში პრობლემები მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქართველოში არ არსებობს არტისტი, რომელიც თავისი არტისტობით უზრუნველად ცხოვრობს და ბევრი ის ადამიანი, რომელიც ტელევიზიის ეკრანიდან გიღიმით, გამხნევებთ და თავს ბედნიერ ადამიანად წარმოგიდგენთ, შეიძლება ამ დროს მშიერი იყოს, არ ჰქონდეს პურის ფული და ა.შ. ჩვენ გვაქვს ქვეყანა სადაც პოპულარობა, აღიარება, პროფესიონალიზმი სახელოვნებო სფეროში ჯერაც არ უდრის ნორმალურ და ადამიანურ ცხოვრებას. სიმართლე არის ეს და სიმულაციური რეალობა, რომელსაც უყურებთ არის სხვა. ერთლარიანი ესემესით თქვენ მის გაჭირვებას არ შველით, ამით ყიდულობთ სულიერ სიმშვიდეს, რომ თქვენ კარგი ადამიანი ხართ და ვალი მოიხადეთ. ამიტომ ასეთი "წარმატება" და "წარმატების ფორმულა" ვის რაში ჭირდება ნამდვილად არ ვიცი.
- ტელევიზიების მხრიდან კონკიას მითის მუდმივი გათამაშებები (მარგინალის გზა მაღალი საზოგადოებისკენ) რამდენად გვარწმუნებს იმაში, რომ მედია გვთავაზობს მითებს (და ნაკლებად ტალანტებს) და გაიმარჯვებს ის ვისგანაც უკეთესი "მითი შეიქმნება"?
- მგონი ამ კითხვას გარკვეულ წილად ზევით უკვე ვუპასუხე. ნუ ელოდებით იმას, რომ ტელევიზიის სახით მხსნელი არსებობს. ყველა ტელევიზიის ამოცანა არის ერთი და იგივე – უკეთ მოგატყუოთ. კიდევ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზია ცუდია, ეს უბრალოდ გასართობი საშუალებაა, არ შეიძლება ტელევიზორი 21-ე საუკუნეში აღიქვა სერიოზულ სინამდვილედ, პრობლემების გადაჭრის გზად და ა.შ. კონკიას მითი ყოველთვის იარსებებს და იმუშავებს, რადგან ადამიანების უმრავლესობას ჯერა რაღაც იღბლის, რომელიც შეიძლება მასაც ეწვიოს და ერთ წამში ფსკერიდან ზეცაში ააფრინოს. წარმატება მიიღწევა მხოლოდ შრომით, საკუთარი საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომით, წყურვილით აკეთო შენი საყვარელი საქმე და აკეთო ის, რაც შეიძლება უკეთ, მუდმივად განვითარდე, ცოდნით რომ სიცოცხლე მაშინაც კი ბედნიერებაა, როცა სამი დღეა არაფერი გიჭამია, როცა ბანკები გირეკავენ და გადაუხდელ კრედიტებს გახსენებენ, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიო წარმატებას, როცა შეგიძლია იცხოვრო ინტენსიურად, დაინახო რეალობა, თვალი გაუსწორო და გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და აკეთო ბოლომდე. მოკლედ ვისაც კონკიას მითი აღაგზნებს, შეუძლია ელოდოს თავის იღბალს, ეს მისი არჩევანია, ხოლო ვისაც მართლა სურს წარმატების მიღწევა, ის ამაზე ფიქრში დროს ნამდვილად არ დაკარგავს და დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში წარმატებასაც მიაღწევს.
ეკა კუხალაშვილი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.