ინტერვიუ
დათო ტურაშვილი - ყველა წვრილმანის კეთილსინდისიერად კეთებაშია გამარჯვების გასაღები
FaceBook
„ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება გვაქვს კითხვის კულტურისადმი. ისევე როგორც ბევრი კულტურისადმი“.
რა ჭირდება მწერალს? ვართ თუ არა წიგნის კითხვის მოყვარული ერი? რატომ გვიჭირს გამარჯვებები? რა გვიშლის ხელს ქართულ კლასიკურ ლიტერატურასთან ურთიერთობაში?
აღნიშნულ საკითხებზე მწერალმა დავით ტურაშვილმა ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც სტუდენტურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ნეოფილთა კლუბმა" ქუთაისში გამართა.

- როდესაც ადამიანს წერის ნიჭი აქვს ეს არის ერთგვარი საჩუქარი, რომელიც გაქვს და მთელი ცხოვრება ავითარებ. მოგეხსენებათ ეს არ არის პროფესია, რომელსაც შეგიძლია დაეუფლო, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარო უნივერსიტეტში და გადაწყვიტო გახდე მწერალი. ასეთი უნივერსიტეტი არ არსებობს ბუნებაში. მწერლები ხდებიან რამდენიმე მოცემულობის შედეგად: ეს არის ნიჭი პირველ რიგში და მერე ძალიან დიდი შრომა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კარგი წიგნის დაწერას ჭირდება ძალიან დიდი შრომა - ტიტანური და გაუსაძლისი. ერთი კარგი წიგნი რომ დაწერო, ბევრი ძალიან კარგი წიგნი უნდა წაიკითხო.
- საქართველოში რამდენად უყვართ კითხვა, განსაკუთრებით ახალ თაობას უყენებენ ბრალდებას რომ წიგნებთან მწყრალად არიან...
- ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება გვაქვს კითხვის კულტურისადმი. ისევე როგორც ბევრი კულტურისადმი, რაზეც არ გვიყვარს ზოგადად საუბარი. ჩვენ არა ვართ ისეთი მკითხველი ერი, როგორიც, მაგალითად, გერმანელები. იაპონელებზე არაფერს ვამბობ, რადგან პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში. ამიტომ, თქვენ როდესაც ჩახვალთ გერმანიაში აღმოაჩენთ ხალხს, რომლებიც განუწყვეტლივ კითხულობენ. მე სულ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც საქართველოში აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც ქუჩაში კითხულობდა. ბათუმში მივდიოდით და ქობულეთში გაჩერებაზე დავინახე ახალგაზრდა კაცი წიგნით ხელში. ასეთი რამ მანამდე არ მენახა ისე გამიხარდა, რომ გავუჩერეთ მანქანა და ჩავისვით. ცოტა ხნის შემდეგ მაინც ვკითხე წიგნის სახელწოდება, აღმოჩნდა, რომ უკრაინაში საზღვაო სასწავლებელში აპირებდა ჩაბარებას და ეს წიგნი იყო უკრაინულ--ქართული სასაუბრო. ლექციების შედეგ ქალაქში გასეირნებისას რომ გამოდგება. ფილმი "ფეოლა" ხომ გახსოვთ? რუსის ექთანი რომ ნემსს უკეთებს და იპოლიტე ხვიჩიას გმირი ეკითხება: ამ საღამოს რას აკეთებო, ამ ტიპის ფრაზების დაზეპირებას ცდილობდა. თუმცა მაინც გამიხარდა, რომ ადამიანი ვნახე ქუჩაში წიგნით ხელში. სხვა შემთხვევა მე არ მქონია. ხშირად ფეხით დავდივარ თბილისშიც და ყველგან, ძალიან ძნელია თბილისში ფეხით სიარული. გადაგივლიან ჯიპები, ამიტომ სულ საშიშროებაა, მაგრამ მე მაინც ფეხით დავდივარ, წიგნი დამაქვს და სულ ვკითხულობ. ძალიან ხშირად აღმომიჩენია გაოგნებული ადამიანების რეაქცია, ჩაუთვლიათ, რომ მთლად კარგად არ იყო ჩემი საქმე. იმიტომ რომ ჯერ ერთი ფეხით დადიხარ და მერე სიარულის დროს კითხულობ, მაგრამ მივეჩვიე სიარულის დროსაც კითხვას. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ წიგნის დაწერას ბევრი კითხვა ჭირდება. თუკი ვინმეს გადაწყვეტილი აქვს მწერლობა, ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ ეს სასიამოვნო საქმიანობაა, რადგან თვითონ პროცესი ისეთი საიდუმლო, ინტიმური და გამოუცნობია ამის აღწერა შეუძლებელია. მაგრამ წერამ თუ აგიტანა მას თავს ვერ დაანებებ. მეც ასე ვარ.
- ფილმზე გვინდოდა გვეკითხა, დავით აღმაშენებლის დადგმა იგეგმებოდა და თქვენ იყავით სცენარის ერთ-ერთი ავტორი.
-აკა მორჩილაძე და მე ვმუშაობდით სცენარზე, რეჟისორი უნდა ყოფილიყო ლევან კორინთელი, ფილმს 30 მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონოდა რამდენადაც მახსოვს. უამრავი მასალის გაცნობა მოგვიწია. ძირითადად უცხოური წყაროებიდან. თუმცა პროექტი არ შედგა იმიტომ, რომ რეჟისორი გარდაიცვალა. ფილმს ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, უკეთესად გაგვეცნო მეფე, რომლითაც ასე ვამაყობთ. დავით აღმაშენებელი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ალბათ მაინც თქვენთვის ქუთაისელებისთვის არის. როცა ამხელა მეფე ქუთაისელი იყო გასაგებია, რომ ინტერესიც მეტია. ინტერესი დიდია კინოს ან სერიალების მიმართაც. ამიტომ ეს პროექტი რომ გამოსულიყო კარგი იქნებოდა. მახსენდება თურქეთში ვიყავი რაღაც ჯგუფთან ერთად და იქ მოვხვდით თურქებისთვის დიდი სულთნის სულეიმან I კანუნის საფლავზე და ქართველი ქალები ვერ ავაგლიჯეთ მის საფლავს. მიზეზი სერიალი ყოფილა, რომლის შესახებაც მაშინ არ ვიცოდი - "დიდებული საუკუნე". თურქები ძალიან გაოცდნენ, ვერაფრით მიხვდნენ თუ რატომ უნდა მოწონებოდათ ასე სულეიმანი ქართველებს. ამის მიზეზი სერიალი იყო.
- დავით IV-ს ჩვენ აღმაშენებლს ვუწოდებთ, თუმცა მას სხვა სახელითაც მოიხსენიებდნენ "ტყეების მეფეს" ეძახდნენ...

- თურქი სარდალი ილღაზი ერთ-ერთ წერილში სწორედ ასე იხსენიებს დავით აღამაშენებელს და "ტყეების მეფეს" უწოდებს. რადგან საქართველოში მართლაც ტყეები მეტი იყო, ვიდრე დასახლებული ადგილები, იმდენად გაპარტახებული ქვეყანა ჩაიბარა დავით მეფემ. ალბათ ტონობით ღვინო დალეულა და მილიონობით სადღეგრძელო თქმულა დავით აღმაშენებელზე, თუმცა რეალურად ჩვენს დიდ მეფეს არ ვიცნობთ. თანაც ლიტერატურაში დამკვიდრდა, რომ ისტორიული პერსონაჟები არქაული, გამოგონილი ენით მეტყველებენ, რაც კიდევ უფრო ზრდის მათთან დისტანციას. სწორედ ამ დისტანციის შემცირება მინდოდა, ამიტომ ჩემს წიგნში პერსონაჟები თანამედროვე ქართულით საუბრობენ.
- დისტანცირების თემა პრობლემაა ზოგადად ავტორიტეტებთან დამოკიდებულებაში
- თუნდაც "ვეფხისტყაოსნის" მაგალითი რომ ავიღოთ. სკოლამ და მასწავლებლებმა საბოლოოდ შეგვაძულეს "ვეფხისტყაოსანი". შეიძლება იმიტომ, რომ თავადაც არ იცნობენ ამ ტექსტს. საზეპიროების ზუთხვის და თემების წერის შემდეგ მისი დანახვა არ გვინდა. სკოლის დამთავრების მერე თითქმის არავინ ცდილობს "ვეფხისტყაოსნის" თავიდან წაკითხვას, არადა "ვეფხისტყაოსანი" ძალიან თანამედროვე წიგნია. განძია, რომელიც გამოუყენებელია და რომელსაც ვერ ვეკარებით. მე გადავლახე ეს "გაუცხოება" და დღეს ჩემი უსაყვარლესი წიგნია, სულ ვკითხულობ დ ა სულ თან დამაქვს.
- საქართველოში გაყიდვების კუთხით ყველაზე ნაკლებად პოეზია იყიდება. თითქოს პოეტების ქვეყანაა საქართველო და ამ დროს ინტერესი დაბალია. რატომ?
- პოეზიაზე მსოფლიოშიც ყველაზე დაბალი მოთხოვნილებაა და ნაკლები მკითხველი ყავს. მე თავად ყველაფერი "ვიკადრე" ლიტერატურაში პოეზიის გარდა. თუმცა ლექსებს ბევრი წერს და კრებულებსაც გამოსცემენ. მეც ხშირად მიკავშირდებიან რომ გამაცნონ თავიანთი წიგნები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ დედები აქტიურობენ. საქართველოში ხომ დედებისთვის შვილები ყოველთვის ბავშვებად რჩებიან. ეს დედები მირეკავენ და უნდათ რომ მათი შვილების შემოქმედებას გავეცნო და სხვებსაც გავაცნო. ერთხელაც ვკითხე ერთ-ერთ დედას, რა ხნის იყო მისი "ბავშვი", აღმოჩნდა რომ 32 წლის. დედები აქტიურობდნენ, მაგალითად, ფილმის დავით აღმაშენებლის როლის შემსრულებელის კასტინგის დროს, სადაც ათასობით ფოტო მივიღეთ. დედები აგზავნიდნენ მათი შვილების ფოტოებს და გვარწმუნებდნენ, რომ სწორედ ისინი გავდნენ დავით აღმაშენებელს.
- გარეგნულად შეიძლება ბევრი გავს, მაგრამ სხვა დანარჩენით ალბათ მსგავსება ნაკლებია. აღმაშენებელმა წარმოუდგენელი შეძლო, დიდ გამარჯვებას მიაღწია. ჩვენ გვიჭირს გამარჯვებები...
- დავით აღმაშენებელმა რამხელა ომი მოიგო. დიდგორის ბრძოლა ქრესთომატიული ომია. მაგრამ ამისი შემდეგ რამდენი დრო გავიდა და გვიჭირს გამარჯვება. რატომ? იმიტომ, რომ გვგონია მხოლოდ დიდ საქმეში გამარჯვებაა გამარჯვება და სწორედ ეს გვაშორებს ევროპას. არადა ყველა დეტალი არის მნიშვნელოვანი. ამ დეტალებს მივყავართ გამარჯვებებთან. ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ჩვენი უპასუხისმგებლობა და გულგრილობაა, გვგონია, რომ კარგი სახელმწიფო მაშინ გვექნება, როდესაც გლობალური მნიშვნელობის საკითხს გადავჭრით. სინამდვილეში ყველა წვრილმანის კეთილსინდისიერად კეთებაშია გამარჯვების გასაღები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.