ინტერვიუ
„ისტორია წარსულის დამახსოვრებაა, მაგრამ, ამავე დროს, იგი დასავიწყებლის შერჩევაცაა“ - ნანა ციხისთავი
FaceBook
"ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ არაფერს გვასწავლის".

მაგრამ მაინც, რას გვასწავლის ისტორია?
ეს რომ გაარკვიო ერთ-ერთი გზა იმის მოძიებაა რას გვასწავლიან სკოლებში ისტორიის სახელმძღვანელოებით.
რა სარგებლობა მოაქვს წარსულის ცოდნას? რას გულისხმობს ისტორიის სწავლების ახალი პარადიგმა?
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ნანა ციხისთავი, ისტორიის დოქტორი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი.


- ჩვენი ორგანიზაცია - ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია დიდი ხანია ჩართულია სახელმძღვანელოების შექმნის მიმართულებაში. ასე რომ, ალბათ, ისტორიის სახელმძღვანელოების ცნობილ ავტორებთან ერთად ჩვენი ასოციაციის წევრებიც არიან (ვინც სახელმძღვანელოებზე მუშაობს) პასუხისმგებელნი იმ შედეგებზე, რაც დღესდღეობით გვაქვს. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო, განსაკუთრებით კი სასკოლო, უცილობლად უნდა იყოს უტყუარ და გადამოწმებულ ინფორმაციაზე აგებული. დაუშვებელია, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც ორი ან მეტი ალტერნატიული სახელმძღვანელოა განთლების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული, რომ მათში სხვადასხვა სახის ინფორმაცია და განსხვავებული თარიღები ერთსა და იმავე მოვლენასა თუ ფაქტზე დომინირებდეს. ეს იწვევს, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის დაბნეულობას სწავლის პროცესში და ასევე სასკოლო და ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას. ეს არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია საგნის წინაშე და იწვევს არა მხოლოდ გაუგებრობას მომავალ თაობაში, არამედ ისტორიის საგნის მიმართ სიძულვილს აყალიბებს. და შეკითხვა გიჩნდება, ბუნებრივია, ვის აწყობს ისტორიის საგნის ასეთი არაპოპულარობა? როგორ შეიძლება, რომ მოზარდი თაობა არ გაიზარდოს გააზრებულ და პასუხისმგებლიან ისტორიაზე?

- რა უნდა იყოს სწავლების მიზანი?

- უპირველესად უნდა გავაცნობიეროთ ისტორიის საგნის სწავლების მნიშვნელობა:
თუ ჩვენი მიზანი იქნება, ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდს განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი, ეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდება და წარსულის ცოდნა მომავლის საუკეთესო იდეებს აღმოაჩენინებს. თანამედროვე სკოლის უპირველესი ამოცანაც მოსწავლის მომზადებაა კონკურენტული გარემოსთვის, სკოლამ წარმატებული ადამიანები უნდა მოუმზადოს საზოგადოებას, რაც სხვა თვისებებთან ერთად ( შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა, პატიოსნება და ა.შ) დამოკიდებულია ცოდნის უნარ–ჩვევებზე, რასაც მოსწავლეები განათლების გზით იღებენ.
მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს.

ასეთი პროცესის ხელშესაწყობად ლიბერალური განათლების ტრადიციის თანახმად, საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლემ შეძლოს ადამიანის განვითარების ეტაპების გაანალიზება და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოაზროვნეების იდეების გაგება. იმ ადამიანების იდეებისა, ვინც ყველაზე ღრმა კვალი დაამჩნია მომდევნო თაობების აზროვნებას.


სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნის გაურკვევლობასთან დაკავშირებით, საინტერესო მაგალითად მიგვაჩნია, საქართველოში განათლების რეფორმის შემდეგ გაჩენილი დისკუსიები ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების შესახებ, როდესაც მასწავლებელთა უმეტესობა სკეპტიკურად განეწყო იმ თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების მიმართ, რასაც სახელმძღვანელოების თემატიკა და შინაარსი ეფუძნებოდა. დღეს კი, ჩვენი დაკვირვებით მოსწავლეთა შორის მოტივაციის მაღალი ხარისხი, სწორედ ისტორიული კვლევის მეთოდებს, დისკუსიებს, პროექტებზე მუშაობასა და დამოუკიდებელ სავარჯიშოებს უკავშირდება.
თანამედროვე მოზარდებს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება გააჩნიათ, რასაც აქტიურად იყენებენ კიდეც.


გარკვეულ ეტაპზე მათ უყალიბდებათ ინფორმაციის მოპოვების უნარ–ჩვევა, ჩვენი მოსწავლეებისთვის ადვილია მოიპოვონ რუსეთ – თურქეთის ომის თარიღი, მაგრამ მათ გაუჭირდებათ დამოუკიდებლად გამოარკვიონ მიზეზები და გაანალიზონ შედეგები. ამიტომ აუცილებელია, თანამედროვე მასწავლებელმა გაითვალისწინოს განათლების სფეროში მომხდარი ცვლილებები, საკუთარ პრაქტიკაში დანერგოს მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რამაც დიდი გავლენა იქონია სწავლის, სწავლებისა და სასწავლო სტრუქტურების ყველა ასპექტზე. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცალ-ცალკე საქართველოსა და მსოფლიო ისტორიების სწავლება ახლანდელი სტანდარტის მიხედვით, შეცდომაა.

ეს ხელს უწყობს მოსწავლის დაბნეულობას, რადგან მას უჭირს კავშირის დამყარება მსოფლიოში და ჩვენში განვითარებულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რაც აფერხებს სინთეზისა და ანალიზის უნარს მოსწავლეებში, ასევე მიზეზ-შედეგობრიობას, სივრცესა და დროში ორიენტირებას და სხვა. აუცილებლია და მხარს ვუჭერთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს მიერ ინიცირებულ ისტორიის ახალ სტანდარტს მე-7- მე-9 კლასებისათვის, სადაც აღნიშნულ კლასებში შეისწავლება გაბმული სახით საქართველოს ისტორია და მასში შეჭრილი მსოფლიო ისტორიის საკითხები. ეს კეთდება იმისთვის, რათა მოსწავლემ საქართველოს ისტორია გაისიგრძეგანოს მსოფლიო ისტორიის განვითარების კონტექსტში.

- ქვეყანაში არსებობს მითოლოგიზების, გაზღაპრების ტენდენციები, რაც უფრო სახელოვანია მეფე და მისი მმართველობა მნიშვნელოვანი, მით მეტი მითი იქმნება მის გარშემო. არის მეორე ტენდენციაც : საქართველოს ისტორიაში "უსიამოვნო" ფაქტების დამალვა, გვერდის ავლა და შელამაზება (შელამაზებები ხდება თვით მითოსშიც, სადაც, მაგალითად , ქართული ვერსიით მედეა არ არის შვილების მკვლელი დედა). რატომ ხდება ასე?

- საინტერესოა, რომ ადამიანებს და საზოგადოებას მთლიანად ოდითგანვე უყვარს მითები და მათი გამეორება. რა თქმა უნდა, მითებს თავისი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ იგი ადამიანის მიერაა შექმნილი და უკავშირდება მოვლენისა თუ ფაქტის შელამაზებას და ასეთი სახით შენახვას მეხსიერებასა თუ ხელნაწერში. ამის ახსნაც შესაძლებელია და თუნდაც სახელმძღვანელოში გამოყენებაც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წამყვანი თემა სახელმძღვანელოში, ანუ, მთლიანად მითოლოგიზირება დაუშვებელია, მაშინ ჩვენ ავცდებით ჭეშმარიტების ძიებას და ობიექტური სურათის დანახვას.
ისტორიას გააჩნია საგანმანათლებლო და ცხოვრების მასწავლებლის ფუნქცია. ისტორია არის პროცესი და მუდმივი პოლემიკა, რამეთუ მსჯელობაში და მსჯელობის შედეგად დასკვნების გამოტანაშია ჭეშმარიტება. ისტორია, როგორც დარგი, მეცნიერება მუდმივ განვითარებაშია და შესაბამისად არც დასკვნებია მარადიული. აქედან გამომდინარე, დღეს სხვანაირად ვუყურებთ ისტორიის მეცნიერებას, უნდა შევქმნათ პასუხისმგებლიანი ისტორია, რომელიც აქცენტს გაამახვილებს უპირველესად 21- საუკუნის ისტორიის პარადიგმაზე, რაც მდგომარეობს ადამიანის ადგილისა და როლოს წამოწევაში ისტორიაში.შესაბამისად, უნდა ვიკვლიოთ, განსაკუთრებით, წინა, მე-20 საუკუნის წიაღში მეხსიერებისა და ისტორიული ხსოვნის მიმართულება, რომელიც დაფუძნებული იქნება ისტორიულ სამართლიანობაზე და სიმართლეზე.


• Historia magister vitae est (ისტორია ცხოვრების მასწავლებელია), ამბობდა ციცერონი.
• სხვები კი აცხადებდნენ, რომ ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ არაფერს გვასწავლის.
• ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა ვასილი კლიუჩევსკიმ ეს გამონათქვამი შემდეგნაირად დააზუსტა: ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ არაფერს გვასწავლის, მაგრამ გვსჯის იმისათვის, რომ არაფერს ვსწავლობთ მისგან.
• ერთ-ერთი თანამედროვე ისტორიკოსის, მარგარეტ მაკმილანის სიტყვით, წარსულიდან გაკვეთილების სწავლა ძალიან ძნელია - იქ ძალიან ბევრი გაკვეთილია, რომელთაც ყველა საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლიათ. წარსული შეიძლება გამოყენებული იყოს ყველაფრისათვის, რის გაკეთებაც აწმყოში გვსურს.
• "ისტორიკოსი და მისი შემოქმედება ერთ-ერთი მთავარი მედიუმია წარსულსა და აწმყოს შორის... ტრადიციული შეხედულებით, ისტორიკოსის ფუნქციაა იყოს "დამმახსოვრებელი", მეხსიერების დარაჯი. სწორედ ისტორიკოსები არიან ერთ-ერთი მთავარი მსაჯულები იმისა, თუ რა ჩაითვალოს დამახსოვრების ღირსად და რა - არა" (პიტერ ბერკი).



ისტორიკოსის დამოკიდებულება წარსულისადმი განსაზღვრულია იმ საზოგადოებით, რომლის წევრიც ის არის. წარსულის აღქმა ყოველთვის განპირობებულია აწმყოთი, რაც ნიშნავს, რომ ის მუდმივ ცვლილებას განიცდის.
ფართო აზრით, ისტორია არის ის, რასაც ჩვენ ყველა ვაკეთებთ (თუმცა ამას ყოველთვის არ ვაცნობიერებთ), რათა აზრი მივანიჭოთ ჩვენს არსებობას. ჩვენ ვიყენებთ ისტორიას საკუთარი თავისა და სხვების გაგებისათვის.
ყოველ თაობას თავისი საზრუნავი და დამოკიდებულებანი აქვს, ამიტომ იგი განსხვავებულ კითხვებს უსვამს წარსულს და ახალ რამეს ეძებს მასში. სწორედ ამ ახალი კითხვების კვლევა და მათზე წერა განსაზღვრავს ისტორიის, როგორც მეცნიერების ცვლილებას და განვითარებას.

-რა როლი ენიჭება ისტორიას ჩვენი იდენტობის საკითხში?


- ჩვენი იდენტობა ჩამოყალიბებულია ჩვენი ისტორიით და მჭიდროდაა დაკავშირებული მასთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი დამოკიდებულება წარსულისადმი, მისი სასურველი ვერსიის შერჩევა, აგრეთვე იმის განსაზღვრა, თუ რა გვინდა გვახსოვდეს და რა დავივიწყოთ, მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება თანამედროვე რეალობას. ჩვენ მივმართავთ ისტორიას იმიტომ, რომ მას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს აწმყოში. ჩვენ ვიყენებთ მას სხვადასხვა სახით: საკუთარი თავის მობილიზებისათვის ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად, ჩვენი მოთხოვნების ლეგიტიმაციისათვის. წარსულის შესწავლამ შეიძლება ერთგვარი თერაპიის როლი შეასრულოს - როცა ჩვენ ვიგებთ რაღაცას ჩვენი საზოგადოების წარსულის შესახებ, რაც დაფარული ან იგნორირებული იყო.

მათთვის, ვინც არ ფლობს ძალაუფლებას, ისტორია შეიძლება იყოს პროტესტის ფორმა, რომელიღაც ტენდენციის - მაგალითად, გლობალიზაციის - საწინააღმდეგო არგუმენტი. ყველა ჩვენგანისათვის - როგორც სუსტების, ასევე ძლიერებისათვის - ისტორია საკუთარი მნიშვნელობის უზრუნველყოფის საშუალებაა.
ისტორია წარსულის დამახსოვრებაა, მაგრამ, ამავე დროს, იგი დასავიწყებლის შერჩევაცაა. როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ იმაზე, რომ საჭიროა "ნამდვილი ისტორიის" დადგენა, რეალურად ეს გულისხმობს იმ ისტორიას, რომელიც მათ სურთ და მოსწონთ. სასკოლო სახელმძღვანელოები, ფილმები, წიგნები, მემორიალები, გამოფენები და მუზეუმები უფრო მეტს გვეუბნებიან თანამედროვეობისა და მისი ინტერესების, ვიდრე ისტორიის შესახებ.


1953 წელს მე-20 საუკუნის ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა ლესლი პოლ ჰარტლიმ (Leslie Pole Hartley) განაცხადა, რომ "წარსული უცხო ქვეყანაა: იქ ადამიანები სხვანაირად ცხოვრობენ და იქცევიან".
ამის გასარკვევად და საკვლევად წინა პლანზეა წამოსაწევი ისტორიის მეთვალყურეების ისტორიები- ანუ სუბიექტური, პიროვნული შეხედულებები ისტორიაზე. ასევე თემები, რომელიც არც ნაკვლევი და არც შეტანილი არაა ისტორიაში- ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, სადაც თაობათა დიალოგს ექნება ადგილი, ნაცვლად სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკური ისტორიისა. ეს უნდა იყოს კონკრეტულიდან ზოგადისკენ მიმართული ისტორიის ლოგიკა, ასევე დემოკრატიისა და დემოკრატიული ფასეულობების აღიარება.

გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, ისტორიის სწავლებამ აქცენტი უნდა გაამახვილოს მეხსიერების თემის წამოწევაზე, თუ როგორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ისტორიის მეთვალყურეები, ანუ მოწმენი თანადროულ ვითარებას, თავიანთ განწყობა-დამოკიდებულებებს, სუბიექტურ აზრს, ხედვას ,, მე""-დან გამომდინარე: მე და ისტორიული ფაქტი ან მოვლენა, მე და პოლიტიკა, მე და იდეოლოგია, მე და კულტურა, მე და სოციალური გარემო; გამოწვევები, რომლების მოქმედებენ არა მხოლოდ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე, ადამიანთა რომელიმე ჯგუფზე, არამედ ერთ კონკრეტულ ადამიანზეც; ადამიანის ბედი სახელმწიფოს განვითარების ტრანზიტულ პერიოდში და ა.შ.

-მაინც რა "იფარება" ისტორიაში?

- განსაკუთებით აღსანიშნავია "დაფარული" ისტორიის გამომზეურება, ის, რაც არ ჩანს, ერთი შეხედვით, საზოგადოების ისტორიის შესწავლისას. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია- ადამიანი ისტორიაში, სოციალური კლასები და სოციალური ურთიერთობები, სადაც უნდა წამოიწიოს კვლევისას ყოველდღიურობის ისტორია. კვლევის ძირითადი მეთოდი უნდა იყოს მულტიპერსპექტიულობა, ისტორიის კრიტიკული გააზრება და ინტერპრეტაციები. ისტორიის შესწავლამ და კვლევამ უნდა შეძლოს, პასუხი გასცეს ეპოქალურ გამოწვევებს: დროს, თაობას, გარემოს, ინსტიტუციებს, პოლიტიკას, კულტურას- ყოველივე მათგანის დინამიკაში წარმოჩენას.

ისტორიის სწავლება არაფორმალურ გარემოში, როგორიცაა კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობები, რომელსაც ეკუთვნის ისტორიის შესწავლისა და კვლევის ისეთი აქტივობა, როგორიცაა ოლიმპიადა(შეჯიბრი), ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.