ინტერვიუ
„განსხვავებულისადმი მტრული განწყობით ფაშიზმი და კომუნიზმი ძალიან გავს ერთმანეთს“ - რუსუდან გოცირიძე
FaceBook
საქართველოში ადამიანების რელიგიური, სექსუალური, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების სიმრავლესთან ერთად, არაიშვიათ ფაქტებს წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური მონაცემების ე.წ. ნაკლის გამო დისკრიმინაცია.

ფაშიზმი მრავალი ფორმით შლის ფრთებს ნუცა გოგალაძის შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო გარეგნობაში არატიპიურობამ რამხელა ბარიერი შეიძლება გაუჩინოს ადამიანს საქართველოში.

ატიპიური ადამიანების ფობია პოსტ- საბჭოთა მემკვიდრეობაა ( საბჭოეთის დანატოვარი, სადაც ადამიანი არ ითვლებოდა უმაღლეს ფასეულობად), თუ კიდევ რაიმე სხვა ფაქტორიც განაპირობებს ადამიანის ფიზიკური "არასრულფასოვნების " გამო მიუღებლობას?
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ელესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

- ინდივიდისადმი დამოკიდებულებით, ერთგვაროვნების მხარდაჭერითა და განსხვავებულისადმი მტრული განწყობით ფაშიზმი და კომუნიზმი ძალიან გავს ერთმანეთს.

ჩემი მწირი ცოდნა სოციალური განვითარების დინამიკის შესახებ არ მაძლევენ იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას, რომ ზუსტად ვთქვა ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ფაშისტური განწყობების მთავარი და ერთადერთი მიზეზი საბჭოთა მემკვიდრეობაში უნდა ვეძიოთ, თუ სხვაც გვჭირს რამე. ადვილი შესაძლებელია XX საუკუნის დასაწყისისათვის ფაშისტური განწყობებით სხვა ევროპული სახელმწიფოების საერთო სურათისაგან დიდად არც კი განვსხვავდებოდით. უბრალოდ, საბჭოთა მარწუხებმა მოგვწყვიტეს საერთო განვითარების პროცესს, რომლის ნაწილად ყოფნის ბედნიერებაც სულ რაღაც სამიოდე წლით გვერგო წილად. ვიდრე ჩვენ კომუნიზმს ვაშენებდით, ევროპამ ამასობაში მოასწრო ფაშიზმის ყელაზე უფრო საშინელი ფორმის გამოვლენაც, მისი გადაფასებაც, სახელის დარქმევაც და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე შეთანხმებაც. სამაგიეროდ ჩვენ, საბჭოთა მემკვიდრეობის ხალხებმა ისე გადავაგორეთ კომუნისტური რეჟიმი, რომ არც შეფასებაზე ვიწუხებთ თავს და შესაბამისად, არც რამის შეცვლას ვაპირებთ.

განსხვავებული ადამიანები საერთო საბჭოთა ერთგვაროვნების "ჰარმონიას" არღვევდნენ და ამითი კომუნისტური სულისკვეთებისათვის საფრთხეს ქმნიდნენ. თუ ეს განსხვავებულობა ადამიანის პირადი არჩევანი იყო, მაშინ ადამიანი სასტიკად ისჯებოდა, მაგრამ, დაუსჯელად არც ისინი რჩებოდნენ, ვინც მისი არჩევანის გარეშე, თავისი ფიზიკური მდგომარეობით იყო განსხვავებული. პირდაპირი "დამნაშავის" არარსებობის გამო, ფიზიკური განსხვავების მქონე ადამიანები საზოგადოებისაგან იზოლირებით "ისჯებოდნენ". ყველას გვყავს თითო ნაცნობი და ახლობელი, რომელიც სახლის შიდა ოთახში მალავდა ოჯახის შშმ წევრს. მე მახსოვს ჩემი პირველი გამოცდილება, როცა საზღვარგარეთ ვიმოგზაურე. ყველაზე მეტად თვალში მომხვდა ეტლით მოსარგებლე ადამიანები ქუჩაში და ვიფიქრე, რომ რაღაც "ჭირდა" ამ ქვეყანას, რომ "ამდენი" ეტლიანია ქვეყანაში-თქო. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვიყავით, რომ საბჭოთა ქალაქებში მხოლოდ ლამაზი და ჯანმრთელი მოქალაქეები დააბიჯებდნენ.

- ნუცა გოგალაძე სამსახიობო ფაკულტეტზე არ მიიღეს ე.წ. ფიზიკური ნაკლის გამო. მახსენდება შემთხვევა, როდესაც სალომე ასათიანის ეთერში გამოჩენამ საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა (მასაც თვალები დაუწუნეს). ჟურალისტი, მსახიობი, ფიზიკურად სრულყოფილი უნდა იყოს. ეს სივრცე მხოლოდ "ჯანმრთელი" ადამიანებისაა. არადა ჯანმრთელობა ძალიან არასტაბილური რამ არის, ნებისმიერ შეიძლება აღმოჩნდეს "ფიზიკური ნაკლის" მდგომარეობაში. ამის მიუხედავად რატომ არსებობს საზოგადოების ნაკლები მგრძნობელობა და ფაშისტური მიდგომები ძალაში ?

-მახსოვს, როგორ ყვებოდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა საბავშვო ბაღის ძებნის ამბავს. ერთმა დიდი საბავშვო ბაღის დირექტორმა, დაიტრაბახა კიდეც, თურმე, რომ შშმ კი არა და სათვალიან ბავშვსაც არ იღებდა ბაღში, იმიტომ, რომ მისი სკოლა ემსახურებოდა მხოლოდ "ჯანსაღ" ადამიანებს.

ადამიანები თვლიან, რომ არსებობს კონკრეტული პროფესიები, რომლებიც ყველასთვის ვერ იქნება ხელმისაწვდომი და ამ სიტუაციაში ადამიანების გარეგნული ნიშნით შერჩევა სულაც არ არის ვინმეს დისკრიმინაცია. თუკი ისეთი საოცარი ხელოვნება, როგორიც თეატრი და კინემატოგრაფიაა, თუკი სცენა და დრამატურგია მხოლოდ განსაზღვრული ფიზიკური მონაცემების და განსაზღვრულ დროში ჩამოყალიბებული სილამაზის კრიტერიუმებით იზომება, რატომ უნდა შემეშინდეს ასეთი ხელოვნებას ფაშისტური ვუწოდო? თუკი სპორტმა გამონახა თავის წიაღში განსხვავებული ფიზიკური საჭიროებების მქონე სპორტსმენებისათვის ადგილი, რა გახდა კინო და თეატრი? მსოფლიო კინემატოგრაფიას ახსოვს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ "ფიზიკური ნაკლი", მაგრამ საოცარი არტისტები იყვნენ. ყველაზე პოპულარულ და თითქმის ყველასთვის ცნობილ გმირს "სატახტო თამაშებიდან", ტირიონის როლის შემსრულებელ პიტერ დინკლიჯს როგორ ძალიან გაუმართლა, რომ საქართველოში არ დაიბადა, თორემ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტელესერიალის მთავარი გმირის როლის შესრულება კი არა, სამშობიაროში თუ არ დატოვებდნენ და ბავშვთა სახლში თუ არ მოუწევდა ცხოვრება, მაშინ მისი მშობლების სახლის ყველაზე მიყრუებულ ოთახში გაიზრდებოდა, რომ სტუმრებს მისთვის თვალი არ მოეკრათ. ფრანგ კომედიანტ ჯამელ დებუზისაც გაუმართლა, რომ მისი სამსახიობო კარიერა ჩვენი თეატრალური სასწავლებლის მისაღები კომისიის გადასაწყვეტი არ იყო, რადგან მას ნამდვილად დისკვალიფიკაციას მისცემდნენ, რადგან 15 წლის ასაკში მარჯვენა ხელი დაკარგა. ამ მკაცრ ფილტრს ვერ გაივლიდა ვერც პიტერ ფოლკი, ცნობილი კომისარი კოლომბო, რომელმაც ერთი თვალი დაკარგა დაავადების გამო.

ისე, ნეტა რა ბედი ეწეოდა სტივენ ჰოუკინგს რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო?


- რამდენად პოულობთ პოზიტიურ და ნეგატიურ დისკრიმინაციას შორის განსხვავებას? თუ ეს ორი მაინც ერთია და მათ შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას?


პოზიტიური და ნეგატიური დისკრიმინაცია ორივე დისკრიმინაციაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ამ ორ მოვლენას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. შეიძლება გარიყული ადამიანების გაძლიერებისათვის მოფიქრებული ყველა ინსტრუმენტი პოზიტიურ დისკრიმინაციად ჩავთვალოთ.

პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლება დაუდევრად და ბრიყვულად გაკეთებული საქმე იყოს, რომელიც არანაკლებ მტკივნეულია ადამიანისათვის, ვიდრე ნეგატიური. თბილისის ერთ სკოლაში "ინკლუზიური სწავლების" მცდელობას ქონდა ადგილი. სკოლამ კარი გაუღო სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულ ბავშვებს. იმის გამო, რომ არც პედაგოგებმა და არც საერთოდ სკოლამ არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დამრიგებლებმა კლასებს ეს ბავშვები დიდი ზარ-ზეიმით წარუდგინეს, როგორც "ინკლუზიური" მოწაფეები და იმ წუთიდან ბულინგის სამიზნეებად აქციეს.

მაგრამ, შეიძლება პოზიტიური დისკრიმინაციის კატეგორიაში გავიდეს ძალიან ბევრი, ძალიან კარგი წამოწყება, რომელიც არათანაბარ სასტარტო პირობებში მყოფ ადამიანებს სთავაზობენ ხელოვნურ წამახალისებელ ინსტრუმენტებს. ძალიან მომწონს ერთი ილუსტრაცია, რომელიც ამ მოვლენას ხატოვნად ასახავს. ხშირად ადამიანები პოზიტიური დისკრიმინაციის კრიტიკის მიღმა მალავენ განსხვავებული ადამიანების მიმართ მიუღებლობას. როცა ეტლით მოსარგებლეს ჭირდება განსხვავებული ასასვლელი, უნდა გაისარჯო სახელმწიფო ხარ, თუ კერძო პირი და ყველაფერი გააკეთო, რომ იმანაც მარტივად აიაროს კიბე, ვისაც სიარულის პრობლემა აქვს და იმანაც, ვისაც ასკინკილა შეუძლია ასვლა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.