ინტერვიუ
მეხანძრე - საქართველოში ადამიანები ეკონომიას უსაფრთხოების ხარჯზე ვაკეთებთ
FaceBook

ქობულეთის ტრაგედიამ ქართულ საზოგადოებას მნიშვნელოვანი და მივიწყებული ღირებულება - უსაფრთხოების წესების დაცვა შეახსენა.
რამდენად დაცულია უსაფრთხოების წესები საჯარო თუ კერძო ობიექტებში?
მიღებულია თუ არა უსაფრთხოების ზომები იქ სადაც ბავშვები იმყოფებიან? რამდენად გააზრებული აქვთ ადამიანებს უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა?
ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტი" მეხანძრეს, სახანძრო საზოგადოების კავშირისა და შპს "იმერეთის" დირექტორს მამუკა შავგულიძეს ესაუბრა:

- ქუთაისში უსაფრთხოების ზომები მეტნაკლებად დაცულია. არ არის მიტოვებული ქალაქი, თუმცა ეს არასაკმარისია. რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებსა და ობიექტებს, კერძო სტრუქტურასთან შედარებით, უსაფრთხოების წესები უფრო დაცულია. ბიზნესი რომ გათავისუფლდა ზეწოლისგან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახანძროს მოთხოვნები არ გაითვალისწინოს და არ მიიღოს უსაფრთხოების ზომები. სახანძროსაც არა აქვს კერძო სექტორში შესვლის უფლება. მიმდინარე წლიდან ახალ სისტემაზე გადავიდნენ, ასე ვთქვათ, გასამხედროვდნენ, დაექვემდებარნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე შეუძლიათ შემოწმება, შეიძლება ჯარიმებიც დააკისრონ ორგანიზაციებს, ოღონდ ეს მაინც მომავლის პერსპექტივაა.
- ანუ აქაც ჯარიმები ხდება საჭირო რომ დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება
- თუმცა არის სხვა მიდგომებიც. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ხდებოდა სწავლებები, საუბრები ქალაქის მოსახლეობასთან. იმის ვალდებულება არსებობდა, რომ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა უსაფრთხოების წესების შესახებ. დღესაც ორგანიზაციებს შეუძლიათ დაგვიკვეთონ თანამშრომლების სწავლება, თუ როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში. როგორ გამოიყენონ ის სახანძრო ინვენტარი, რომლებიც მეტნაკლებად აქვთ საჯარო დაწესებულებებს, თუმცა ეს მომსახურება უკვე ფასიანია და გარკვეული თანხაა ამაში გადასახდელი. უსაფრთხოების წესების სწავლაში თანხის გადახდა კი ნაკლებად უნდა ვინმეს.
- თუ არის რომელიმე ორგანიზაციიდან სწავლებაზე მოთხოვნა?
- თითქმის საერთოდ არ არსებობს, სფერო შეჩერებულია, არავის აინტერესებს არაფერი. ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა თანამრომლების სწავლება 2013 წელს, სხვა შემთხვევის გახსენება მიჭირს.
- რამდენად დაცულია სასწავლო დაწესებულებები?
- ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის სახანძრო ინვენტარით დაკომპლექტებაში. სკოლებში თითქოს არის სახანძრო ინვენტარი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, არ არის საკმარისი. არის საჯარო სკოლები, რომელთაც წლების განმავლობაში ქონდათ ორი ან სამი ცალი ცეცხლმაქრი. ჩვენ დაძალების უფლება არ გვაქვს, მაგრამ წერილობით მივმართეთ. რომ ჭირდებოდათ ცეცხლმაქრი და თუ შეიძენდნენ ჩვენ მზად ვიყავით მომსახურება გაგვეწია. რამდენიმემ შეიძინა 2 ცალი, არადა იმ მასშტაბის შენობებში უნდა ჰქონდეთ 16 ცალი ცეცხლმაქრი.
- ცეცხლმაქრის გარდა სხვა რა აუცილებელი ინვენტარი უნდა გააჩნდეთ ობიექტებს?
- სკოლებს ჭირდებათ საევაკუაციო გეგმა. გეგმა ყველა სართულზე უნდა იყოს, პედაგოგები გარკვეულები უნდა იყვნენ და იცნობდნენ მას. საევაკუაციო გეგმაზე მითითებულია პირველად რა გააკეთო, მეორედ როგორ მოიქცე. ასევე მითითებულია თუ სად დევს სახანძრო ინვენტარი, სახანძრო ონკანები, თუკი არსებობს ეს ონკანები. საევაკუაციო გეგმა ან ჩვენთან უნდა იყოს დამოწმებული ან სახანძრო დაცვაში. საევაკუაციო გეგმა თითქოს ყველას აქვს. ქსეროქსით ასლებს აკეთებენ, მერე ხაზებს შემოავლებენ და დაკიდებენ კედელზე. ეს რა თქმა უნდა არ არის რეალური გეგმა. ვთქვათ, მე როგორც რიგითი მოქალაქე და მეხანძრე ხანძარს რომ შევესწრო და დასახმარებლად შენობაში შევიდა, ის გეგმა უნდა მოვიძიო, სადაც ყველაფერი აღნიშნული უნდა იყოს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დამხვდება არაფრის მომცემი გეგმა. გეგმის შედგენაც თანხასთან არის დაკავშირებული (საშუალოდ 55 ლარი)და ცდილობენ საამისოდ ფული არ დახარჯონ. ეკონომიას ვაკეთებთ უსაფრთხოების ხარჯზე.
- ალბათ წყლის რეზერვუარებიც უნდა ჰქონდეთ, მითუმეტეს ქუთაისში, სადაც არ არის 24 საათიანი წყალმომარაგება?
-უნდა ჰქონდეს რა თქმა უნდა. ასევე ხის კონსტრუქციები უნდა გაიჟღინთოს ცეცხლგამძლე ხსნარით, რომელიც ნაწილობრივ იცავს ცეცხლიდან. მართალია ცოტა ძვირია, მაგრამ საიმედოა. თუკი ნორმალურად იქნება დამუშავებული ხის კონსტრუქცია, უცებ არ იწვის, ანუ დროს გაძლევს. ქობულეთში ის სასტუმრო ასე ასანთის კოლოფივით უცებ არ დაიწვებოდა ხის კონსტრუქციები ამ ხსნარით რომ ყოფილიყო დამუშავებული.
- საბავშვო ბაღებში რამდენად არის უსაფრთხოება დაცული?
- არის, მაგრამ არასაკმარისად. სახანძრო სტენდი უნდა იყოს ყველა ბაღში. იმისათვის, რომ სახანძრო როდესაც მოდის და ხედავს ჩაკეტილ კარს, სადაც ხანძარია, მას გასაღების ძებნა არ მოუწიოს, უნდა დახვდეს ის ინვენტარი, რომელიც თუნდაც კარის შემტვრევაში და ცეცხლმოდებულ ოთახში შესვლაში დაეხმარება. დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებაში ვარ ნამყოფი. თითქმის ყველგან მძიმე სიტუაციაა უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით. მაგალითად, გუმათში რომ სკოლა არის მას უფრო მეტი სახანძრო ინვენტარი უნდა ქონდეს, ვიდრე ვთქვათ ქალაქის სკოლებს, რომლებიც ახლოს არიან სახანძროსთან. ვთქვათ გუმათში რომ სახანძრო ჩავა, იმ შენობიდან უკვე აღარაფერი დახვდება გადასარჩენი. თანაც იმ დასახლებაში ისე არ ყვავის ბიზნესი, რომ ბევრი საწარმო, ორგანიზაცია, ან მაღაზია იყოს, სახანძრო ინვენტარი გააჩნდეს და საჭიროების შემთხვევაში მოახმაროს სკოლას. რეგიონების სკოლებში უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ საჩვენებლად აქვთ ერთი-ორი ცეცხლმაქრი. ვინმემ რაიმე რომ არ დაუწეროს. სკოლებს ყველას დასამატებელი აქვთ ცეცხლმაქრი. თუმცა არის რამოდენიმე სკოლა, სადაც მოწესრიგებულია ეს საკითხი . მაგალითად  ქუთაისშ, მე-17 სკოლას ნიკეას დასახლებაში. თუმცა იგივე მასშტაბის და ბიუჯეტის სკოლებს შეიძლება ორიც არ ქონდეს და ვერც ეტყვი რომ გამოასწოროს ეს საქმე. კარგი ვთქვათ სკოლებს, შეიძლება საკმარისი თანხა არ აქვთ, მაგრამ სასტუმროები, რომელთაც ასე თუ ისე აქვთ შემოსავალი, რატომ არ ფიქრობენ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე, არ მესმის.
- ქობულეთში სასტუმრო დაიწვა. თქვენი ინფორმაციით არის თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული ქუთაისის სასტუმროებში?
-ქუთაისში ბევრი სასტუმროა, მაგრამ სულ რამოდენიმე სასტუმროს თუ ექნება ცეცხლმაქრი. თანაც ცეცხლმაქრი ერთხელ რომ შეიძინე ეს საკმარისი არ არის, რადგან ცეცხლმაქრს ჭირდება გადატუმბვა, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ის ნივთიერება, რაც ცეცხლმაქრში არის, ძველდება და ქრება, ამიტომ უნდა შეივსოს თავიდან. შესაბამისად მას ყოველწლიურად ჭირდება გამოცვლა. ეს 25 ლარამდე ჯდება. ჰოდა, სწორედ ამ ფულის გადახდა არ სურთ როგორც ბიზნესმენებს, იგივე სკოლის დირექტორებს. წუწუნებენ, რომ "ამას ხომ ტყუილად ვაკეთებ" და "ეს ხომ ტყუილი ხარჯია". ცეცხლმაქრის გადამუხტვაში სკოლის დირექტორი ნაცნობს დაუწყებს ძებნას მერიაში ან სადმე სხვაგან, რომ ის თანხა არ გადაიხადოს ზოგიერთ სკოლას 50 ლარი აქვს გადასახდელი, ზოგს - 75, ზოგს - 100, გააჩნია რამდენი ცეცხლმარი აქვს. მაგრამ თვლის, რომ ეს წყალში გადაყრილი ხარჯია. ამ დონეზე სანამ ვიქნებით, არაფერი გამოსწორდება. თანაც როცა მოგმართავ რომ ცეცხლმაქრი გჭირდება, არ უნდა მიპასუხო უხეშად. ყველას აზროვნებაში უნდა იყოს იმის აუცილებლობის განცდა, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ადამიანის სიცოცხლე უფრო უნდა უღირდეს, ვიდრე შენობის მარმარილოთი გაწყობა.
- საჯარო შენობები, სადაც განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყრის თავს ალბათ განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს, მაგალითად, თეატრები
-თოჯინების თეატრს აქვს სამი ცეცხლმარი. რომელიც არასაკმარისია. კომუნისტების დროს ათი ცალი ქონდათ.. ოპერას ერთი ცალი ცეცხლმაქრი აქვს. სამაგიეროდ მესხიშვილის თეატრს აქვს 25 ცალი. ამ უკანასკნელს სიგნალიზაციაც აქვს, მარტო კედლების გაჟღენთვის საკითხი დარჩა. ოპერას სახანძრო ონკანებისთვის წერტილები აქვთ, მაგრამ შიგნით არაფერია. ონკანს ძრავა უნდა გააჩნდეს, რომელიც ელექტროენერგიას სხვა წყაროდან იღებს. ოპერაში შუქი რომ ჩაქრეს ძრავამ ავტონომიურად იმუშაოს. ჯერჯერობით იქ არაფერია მოწესრიგებული ამ კუთხით. დღეისთვის სახანძრო ინვენტარიდან არაფერი არ არის ქუთაისში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებშიც. ადრე საკვამალე სავენტილაციო მილების დაწმენდას ვახდენდით. მილების დაწმენდა ყველა საერთო ბინაში ხდებოდა. ვამოწმებდით ელექტროსადენებს და ათას სხვა საქმეს ვაკეთებდით. ახლა რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი ხდება.
-უსაფრთხოების ზომების კუთხით რამდენად მოწესრიგებულია ტრანსპორტი?
-ტრანსპორტს რაც შეეხება, ავტომანქანაში ერთკილოგრამია ცეცხლმაქრი უნდა იყოს. სამარშრუტო ტაქსებში უნდა იყოს მოზრდილი ორკილოგრამიანი. ავტობუსში კიდევ უფრო დიდი. მაგრამ არავის არა აქვს. ან ძალიან ცოტას აქვს. ავარია მოხდა ხონის გზაზე, გუბისწყალთან სამი მანქანა დაეტაკა ერთმანეთს. ერთი მანქანა გაზის საწვავზე მუშაობდა, სწორედ მას გაუჩნდა ცეცხლი, ვერავინ მიეკარა, მათ შორის ვერც პატრული. არც მათ და არც დანარჩენ 15 მანქანას არ აღმოაჩნდა ცეცხლმაქრი. ბოლოს ვიღაც მეოცეს აღმოაჩნდა, ჩააქრეს და გადარჩა მისი მანქანა. უსაფრთხოების საკითხებში როგორც ინვენტარის, ისე შეგნების კუთხით საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.