ინტერვიუ
"1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღვიქვამთ როგორც დაზეპირებულ თარიღს" - დავით ხვადაგიანი
FaceBook
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამ ფაქტის მნიშვნელოვანების მიუხედავად ისტორიკოსები დამოუკიდებლობის გამოცხადების სხვადასხვა მოტივებსა და ვერსიებზე მიუთითებენ. ნაწილი თვლის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასე ვთქვათ, შემთხვევითობის წყალობით მოხდა, თუმცა მათ კატეგორიულად არ ეთანხმებიან სხვა მკვლევარები.

რამდენად იყო 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზად ქართული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება? რამდენად "გვებოძა"თავისუფლება ბრძოლისა და ძალისხმევის გარეშე?


ამ კითხვით მივმართეთ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელს, ისტორიკოს დავით ხვადაგიანს.


- რა თქმა უნდა, ეს აზრი ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღვიქვამთ როგორც კონკრეტულად დაზეპირებულ თარიღს და არა იმ პროცესის დასკვნით ნაწილს, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო და ამ პროცესის სათავეებთან ყოველთვის იდგნენ ის ადამიანები, კარგად ორგანიზებული, ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი და მისი ლიდერები ვინც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა, რომლითაც საქართველო დამოუკიდებელ და დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

მითი, იმის შესახებ რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდათ სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1906 წლის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ე.წ "დუმის" პერიპეტიებიდან, როდესაც თითქოსდა საქართველოდან არჩეულმა სოციალ-დემოკრატების ლიდერებმა ნოე ჟორდანიამ და ისიდორე რამიშვილმა,მხარი არ დაუჭირეს სახელმწიფო საბჭოს წევრ ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც სურდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის საკითხი დაეყენებინა. ეს ფაქტი რომ სიმართლეს შეესაბამება ამას თვითონ ისიდორე რამიშვილიც ადასტურებს თავის მოგონებებში ("შეხვედრაზე, რომელიც დავით სარაჯიშვილის ორგანიზებული იყო ჩვენ დავპირდით ილია ჭავჭავაძეს რომ ხელს არ შევუშლიდით ამ საქმეში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ვერც მხარს დავუჭერდით"). მაგრამ თუ ჩვენ გვინდა კონკრეტული ისტორიული ფაქტი გავაანალიზოთ და სწორად აღვიქვათ საჭიროა მთლიანი სურათის აღდგენა და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტების ტირაჟირება.

- და როგორი იყო მთლიანი სურათი და პოლიტიკური კონტექსტი?

- ჯერ კიდევ 1864 წელს, როცა მეფის რუსეთმა ე.წ ყირიმის ომის თანამდევი შექმნილი კრიზისიდან გამოსვლა და რეფორმების გატარება სცადა რის შედეგადაც გააუქმა ბატონ-ყმობა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ერობების შექმნა დაუშვა სხვა ღონისძიებებთან ერთად, ამ პირობებშიც კი კატეგორიულად გამოირიცხა რომ დაპყრობილ ერებს და განაპირა პროვინციებს მინიჭებოდათ თუნდაც ადგილობრივი, წმინდად სამეურნეო და არა პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი ინსტიტუციის შემოღების უფლება. ეს გაგრძელდა 1892 წელსაც მეორე საერობო რეფორმის დროსაც, როცა რუსეთის შიდა პროვინციის ერობებსაც კი უფლებები შეუმცირდათ და ხალხი მას "კუდმოკვეცილ ერობას" ეძახდა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველა ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა და ქართველი სოციალ-დემოკრატების მიზანი იყო როგორმე მიეღწიათ იმისთვის, რომ მეფის ხელისუფლებას, თუნდაც უფლებაშეკვეცილი ადგილობრივი თვითმმართველობა დაეშვა საქართველოში.

მაგრამ ეს მიზანი ოცნებად დარჩა 1917წ. იმპერიის დაშლამდე, ასეთი პირობები უძღოდა წინ ზემოთხსენებული მითის შექმნას და ილია ჭავჭავაძის მოტივაცია როგორც საზოგადო მოღვაწის, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ წარმოადგენდა გასაგებია, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური ძალა ამ წინასწარგანწირული საკითხისთვის, რასაც პოლიტიკური ავტონომია ერქვა, ვერ იბრძოლებდა, მათ ქონდათ მკვეთრად გამოხატული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით: ჯერ მეფის ხელისუფლება უნდა დამხობილიყო, რომელიც არანაირ რეალურ კომპრომისზე წამსვლელი არ იყო იმპერიის ბუნებიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფო სათათბიროშიც კარგად გამოჩნდა და შემდეგ ემსჯელათ დემოკრატიულ პირობებში რა უფრო მისაღები იყო პოლიტიკური ავტონომია თუ დამოუკიდებლობა, ამას ემატებოდა ის მწვავე საკითხიც რაც ეხებოდა საზღვრების არარსებობას მეზობელ ერებთან და სასაზღვრო რაიონებში (დღევანდელი გაგებით) ეთნიკურ სიჭრელეს, რომელიც აუცილებლად დაპირისპირებას და სისხლისღვრას გამოიწვევდა, ამას ემატებოდა ის ფაქტიც რომ მაშინდელი საერთაშორისო სამართალი არ უზრუნველყოფდა პატარა ერების თვითგამორკვევას და ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის დაპყრობა ლეგიტიმურ აქტად ითვლებოდა. სიტუაცია მკვეთრად შეცვალა პირველი მსოფლიო ომის (როგორც მაშინ ეძახდნენ საერთაშორისო ომის) შედეგებმა, მან მკვეთრად შეცვალა ევროპის და განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილის რუკა, რუსეთის იმპერიამ რომელმაც 1905 წლის რევოლუციის და შიდა მღელვარების ჩახშობა შეძლო ომით თავსდატეხილ კრიზისს ვეღარ გაუძლო და დაიშალა, ქართველი სოციალ-დემოკრატები მზად აღმოჩნდნენ ხელისუფლების ხელში ასაღებად, ამ ფაქტს ადასტურებს თუნდაც ის რომ მათ შეძლეს თავიდან აეცილებინათ გაუგონარი ანარქია რაც რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე სუფევდა და წარმატებით შეძლეს დაშლილი ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან , მათი ნაწილის განიარაღებაც კი, რაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა სახალხო გვარდიამ, 1917 წლის ოქტომბერში რუსეთის დემოკრატიული ე.წ. დროებითი მთავრობის და დამფუძნებელი კრების გარეკვამ და ბოლშევიკურმა გადატრიალებამ იძულებული გახადა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლება ბოლშევიკებისადმი დაუმორჩილებლობის გზას დასდგომოდა.

ამას ერთვოდა თან დასავლური ქვეყნების დაინტერესება ამიერკავკასიით და ბაქო-ბათუმის რკინიგზით და ადგილობრივი ხელისუფლება ამიტომაც ცდილობდა ამიერკავკასიის ფედერაციის შენარჩუნებას, მაგრამ სხვა მიზეზებთან ერთად, სომხეთის და აზერბაიჯანის მუდმივმა დაპირისპირებამ და კონფლიქტმა ეს შეუძლებელი გახადა.

- მაშინდელი ხელისუფლების სასახელოდ მეტყველებს ბევრი გაკეთებული საქმე რაც მათ, დამოუკიდებლობის იმ არასრულ სამ წელიწადში, მოახერხეს.

- საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ძალიან წარმატებული რეფორმების გატარება, ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის და დამფუძნებელი კრების თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, დამფუძნებელ კრებაში არჩეული იქნა ასევე, ხუთი ქალი დეპუტატი რაც იმ დროისთვის დიდი დემოკრატიული და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, გატარდა მიწის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა რამაც გლეხობას პირველად გაუჩინა კერძო საკუთრება მიწაზე, გატარდა სასამართლო და განათლების რეფორმა, შეიქმნა შეიარაღებული ძალები და კიდევ ერთი მითი რაც გავრცელებულია, რომ მთავრობა ჯარს არ სწყალობდა, დოკუმენტურად მტკიცდება რომ ჯარის შენახვაზე იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის 30 პროცენტი (რაც წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებელია), ეს რათქმა უნდა მაინც არ იყო საკმარისი პირველი მსოფლიო ომის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან და გაჭივრებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ და შსს-მ შეძლო რამდენიმე ბოლშევიკური აჯანყების ლიკვიდაცია და ბოლშევიკური რუსეთის აგენტურის განეიტრალება 1921 წლისთვის ქართულ ციხეებში 500-მდე ბოლშევიკი და საბჭოთა რუსეთის აგენტი იჯდა.

- საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არანაირი იურიდიული საბუთი არ დაუტოვებია იმისა, რომ მან ძალაუფლება გადასცა რომელიმე სხვა ძალას. ანუ საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრა დაფიქსირდა როგორც ოკუპაცია, ამან რამდენად გააადვილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა?

-ქართული დიპლომატიის სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს რომ, 1920 წლის საბჭოთა რუსეთის უშედეგო ინტერვენციის მცდელობის შემდეგ, მოსკოვმა გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, დღეს ეს ფაქტი ასევე ხშირ კრიტიკას იწვევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ფაქტი რის შედეგადაც რუსეთმა თავისი ყოფილი კოლონიის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ამ ფაქტმა გაუხსნა ხელები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს საქართველო ეღიარებინათ დე-იურე, ხელშეკრულების ძალით განთავისუფლებული ბოლშევიკების უმრავლესობაც ცოტა ხანში ან ისევ ციხეში აღმოჩნდა, ან გაძევებული იქნა საქართველოს საზღვრებიდან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო.
ასეთმა პოლიტიკამ და საბჭოთა რუსეთის მხრიდან იმის გააზრებამ, რომ შიდა გადატრიალების მცდელობით საქართველოს გასაბჭოებას ვერ მოახერხებდა, გამოიწვია ის, რომ მათ გადაწყვიტეს საქართველოს უხეში ძალით ოკუპაცია რასაც მიაღწიეს ჯერ 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის აღებით და შემდეგ 17 მარტს ბათუმის დაკავებით, რასაც სამწუხაროდ, საერთაშორისო კონტექსტიც ხელს უწყობდა, საოკუპაციო ძალის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა და მათი საქართველოში დარჩენის უზრუნველყოფა ეს თავისთავად ადვილი წარმოსადგენია რასაც გამოიწვევდა, ზეწოლის შედეგად იძულებას ხელისუფლება საბჭოებისთვის გადაეცათ, მაგრამ ბათუმში გამართულმა საქართველოს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობა ემიგრაციაში წასულიყო და იქედან ებრძოლა დამოუკიდებლობის აღსადგენად, სამწუხაროდ დღესაც ამ კარგად გააზრებულ ნაბიჯს "გაქცევას" უწოდებენ, ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს ,რომ შემდეგ წლებში მთავრობის და დამფუძნებელი კრების 51 წევრი შეეწირა ანტისაბჭოთა აჯანყებებს და საბჭოთა რეპრესიებს... საქართველოს მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე, არ უღიარებია საოკუპაციო ხელისუფლება და მრავალი ათწლეულის მანძილზე იბრძოდა ემიგრაციაში ოკუპაციის არაღიარებისთვის და საბჭოთა პროპაგანდის წინააღმდეგ, რასაც უამრავი დოკუმენტი და ევროპული ქვეყნების მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს, ზუსტად ამ თანმიმდევრული მუშაობის შედეგად 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის და ოკუპაციის არაღიარების საფუძველზე აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

- ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის სწორად წაკითხვა, ფაქტების არდამალვა, რეალური ფაქტების ნაცვლად მითების არშემოპარება, მომავლის დანახვის საკითხებში?

- გერმანელი ისტორიკოსი იორშ მიოლერი წერს: " საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერება ვერ ჩამოყალიბდება ისტორიის შესწავლის და გააზრების გარეშე". ამდენად ადვილი წარმოსადგენია რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ისტორიის სწორად შესწავლას, მითუმეტეს 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მიზანმიმართული დამახინჯების და ფაქტების გაყალბების შედეგად მითებით და საბჭოთა ნარატივით გაჯერებული ისტორიის ჩანაცვლებას რეალური ისტორიით. რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას და მომავალ თაობებს სწორად განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფუნქცია საერთაშორისო კონტექსტში და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი სტაბილური, დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარება, რასაც ალტერნატივა არა აქვს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.