ინტერვიუ
"სახელმწიფო თანამონაწილეა საწარმოებში მომხდარ ნეგატიურ და უარყოფით მოვლენებში" - ილია ლეჟავა
FaceBook
2016 წლის მონაცემებით, რაც სახალხო დამცველის ანგარიშშია ასახული, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი.
მსგავსი მონაცემები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველწლიურად მეორდება, ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უგულებელყოფაა კომპანიების მხრიდან. რამდენიმე ხნის წინ ტყიბულში მოხდა შემთხვევა, რაც პირდაპირ მიუთითებდა უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე. არის ბევრი კვლევა, რეკომენდაცია, მოთხოვნა, გაფიცვა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მაინც ზედაპირული აღიარებებით შემოიფარგლება და არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. მაინც რა არის, ან რა შეიძლება იყოს შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმის – შრომის ინსპექციის არშექმნის, ასეთი მიზეზი? 

ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისიპოსტს ესაუბრება რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა.

პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ წარმოდგენილი მონაცემები არაა ზუსტი და იგი რეალურად გაცილებით საგანგაშოა. სახელმწიფო, არა თუ ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხო გარემოს ზედამხედველობას, იგი სათანადოდ ვერც კი აღწერს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტ სტატისტიკას.

მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, რომ ჩავხედოთ პროფესიული დაავადებების სტატისტიკას, აღმოვაჩენთ რომ წლების განმავლობაში აქ გვხვდება ციფრი - 0! ანუ, სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე სამუშაო გარემოს პირობებში, თურმე ადამიანები არ ავადდებიან.
მარტო რკინიგზის მაგალითზე რომ ვნახოთ, წელიწადში მინიმუმ 3 მემანქანე საკუთარ სახლში ან საავადმყოფოში იღუპება. ადამიანები სხვადასხვა პროფესიული დაავადებების გამო, საპენსიო ასაკამდე ვერ აღწევენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია სტატისტიკა გაცილებით საგანგაშოა!

ვინ ეწინააღმდეგება ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას?

მოვისმინოთ ჯერ რა არგუმენტები გვესმის, რომ, თურმე შრომის ინსპექცია დააფრთხობს მსხვილ ინვესტორებს და ისინი ჩვენს ქვეყანაში არ შემოვლენ!

რეალობა სხვაგვარია, მაგალითად ჯერ კიდევ 2014 წელს, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა სამი მსოფლიო ბრენდის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი - Nike-მა, Puma-მამ და  adidas-მა ქვეყნის პრემიერ- მინისტრს სთხოვა ემსჯელათ მინიმალური ხელფასის დაწესებაზე ქვეყანაში და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაზე, რისი უზრუნველყოფის შემთხვევაში, ისინი მზად იყვნენ დიდი ინვესტიციებით შემოსულიყვნენ საქართველოში. ცივილიზებული სამყარო, სადაც რეალურადაა პოტენციური ინვესტორები თავმოყრილი, შრომის საერთაშორისო სტანდარტებით ვითარდებიან, რა თქმა უნდა, ისინი არ და ვერ შევლენ ქვეყანაში, სადაც ამ სტანდარტებს არ იცავს არავინ და შესაბამისად, არათანაბარ კონკურენციაში მოხვდებიან.

როდესაც ვითხოვთ ქმედით ინსპექციას, საკანონმდებლო ორგანოშიც და მთავრობაშიც გვეუბნებიან, რომ ამ ინიციატივას ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ეწინააღმდეგება!

შესაბამისად, ან საქმე გვაქვს არაპროფესიონალ, უგუნურ ეკონომიკურ გუნდთან მთავრობაში, ან კლანურ, დანაშაულებრივ და ხარბ ბიზნეს ასოციაციებთან საქართველოში და მათ მძლავრ ლობისტებთან, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი მოგების წაღება სურთ სახლში მუშების ხარჯზე და არ სურთ რეალური კონკურენტების შემოსვლა ქვეყანაში.

- ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და სწორი წარმოდგენა, რას აკეთებს და რა მოქმედების არეალი აქვს შრომის ინსპექციას. და რომ შრომის ინსპექცია არ არის "ჯადოსნური ჯოხი", რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს მოაგვარებს. ამ განცხადებებით ხდება თუ არა გარკვეული უგულებელყოფა ამ ინსტიტუტის სახელმწიფოს მხრიდან?

- 2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ, სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებული დრაფტი წარადგინა მთავრობის სხდომაზე, საუბარი მაქვს შრომის ინსპექციის დებულებაზე. დებულება ითვალისწინებდა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი სტრუქტურა. ზემოთხსენებულმა უჩინარმა ხელმა, ანუ ეგრეთწოდებულმა ეკონომიკურმა გუნდმა ეს ინიციატივა დაბლოკა! მოგეხსენებათ ასოცირების შეთანხმებით აღნიშნული ინსპექციის შექმნის ვალდებულება აღებული აქვს უკვე სახელმწიფოს, შესაბამისად, ინიციატივის მთლად უგულებელყოფა შეუძლებელიც იყო. გამოინახა კომპრომისი და მიიღეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს, თავადვე შეექმნა საკუთარ უწყებაში ფასადურად დეპარტამენტი, და დაერქმიათ მისთვის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი!

მოკლედ, დღეს არსებობს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, სამინისტროს ფარგლებში და იქ მუშაობს სულ ჯამში 30 ადამიანი. მათგან ზოგი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, ზოგი საქმის მწარმოებელი და ზოგიც ბუღალტერი!

ბუნებრივია, ასეთი დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დეპარტამენტს ვერ ექნება ვერანაირი უფლება შევიდეს, რომელიმე კერძო კომპანიაში და იქ რამე სანქცია გასცეს!

გამომდინარე აქედან, მას მიანიჭეს შესაბამისი ფუნქციებიც ანუ დეპარტამენტმა თხოვნით უნდა მიმართოს კონკრეტულ კომპანიას, რომ მისცეს უფლება შევიდეს ობიექტის დასათვალიერებლად, და თუ ამ ნებართვას მიიღებს, შესვლის რიცხვისა და საათის მითითებით, ამ შემთხვევაში ეძლევა უფლება მოახდინოს ეგრეთწოდებული ინსპექტირება.

დავუშვათ აღნიშნულმა დეპარტამენტმა, ასეთ მოკრძალებულ და ხელოვნურ გარემოშიც აღმოაჩინა რაიმე მაღალი რისკის შემცველი საფრთხე, მას აქვს მხოლოდ რეკომენდაციით მიმართვის უფლება დამსაქმებელთან, რომ ან გამოასწოროს მდგომარეობა, ან შეაჩეროს სამუშაოები. გასცემს რეკომენდაციას და მიდის სახლში!
რეკომენდაცია თავის მხრივ არაა სავალდებულო, შესაბამისად გამოდის, რომ სახელმწიფო უწყებამ შესაძლოა აღმოაჩინოს მოახლოებული კატასტროფა და არაფერი მოიმოქმედა იმისთვის, რომ არსებული საფრთხე დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას!

სახელმწიფომ შესაძლოა საწარმოში აღმოაჩინოს მოახლოებული კატასტროფა და არაფერი მოიმოქმედოს მის აღმოსაფხვრელად
როდესაც ვამბობთ, რომ ტყიბულში სახელმწიფომ მოკლა 4 მეშახტე, სწორედ ამას ვგულისხმობთ! აღნიშნული დეპარტამენტი იყო ერთი წლის წინ შესული ტყიბულში და ნახა ის კონკრეტული მოწყობილობა, რომელსაც შეეწირა დასაქმებულები. მისი სიძველის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინსპექციამ არსებული საფრთხე შეამჩნია და შესაბამისი, რეკომენდაციაც გასცა. ისმის კითხვა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რა მოიმოქმედა სახელმწიფომ? გარდა იმისა, რომ გასცა რეკომენდაცია...?

- წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების, თუნდაც სტატისტიკა დიდ მსხვერპლზე მიუთითებს რატომ არ მოქმედებს მსხვერპლი და რატომ არ იწვევს კიდევ უფრო მეტად აღშფოთებას, თანადგომის სურვილს, კათარზისს ხელისუფლებასა თუ საზოგადოებაში. ისევ მცირე ჯგუფები რატომ გამოდიან მოთხოვნით და გაფიცვა/სოლიდარობა რატომ არ იღებს კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს? 

- სოლიდარობის განცდა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაბალია. ამ რეალობას, თავის ახსნაც აქვს და თავის მხრივ, აქაც თავის უარყოფით როლს თამაშობს სახელმწიფო.

გავიხსენოთ რა მოხდა ცოტა ხნის წინ ,,ბიბლუსში." ოთხმა ახალგაზრდამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა და სოციალურ ქსელში განათავსა. ისინი კონსულტანტად მუშაობდნენ „ბიბლუსის“ მაღაზიაში და ყვებოდნენ იმ მძიმე სამუშაო გარემოზე და მინიმალურ ხელფასზე, რასაც დამსაქმებელი აღნიშნულ ქსელში დასაქმებულებს უხდიდა.

ამ 4 ახალგაზრდას გამბედაობას, რა თქმა უნდა, მალევე მოჰყვებოდა „ბიბლუსის“ ქსელში დასაქმებულთა ხმაც, და რეალურად დამსაქმებელი იძულებული გახდებოდა მდგომარეობა დაუყოვნებლივ გამოესწორებია!
როგორ მოიქცა დამსაქმებელი? მეორე დღესვე გაათავისუფლა ვიდეომიმართვაში მონაწილე ახალგაზრდები სამსახურიდან და ამით მკაფიო მესიჯი მიაწოდა სხვა მის კომპანიაში დასაქმებულებს...

რა ქნა ამ დროს არსებულმა შრომის ინსპექციამ? არაფერი! უფრო ვერც ვერაფერი!

ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, აღნიშნულ მიმართვას დაუყოვნებლივ მოყვებოდა შრომის ინსპექციის ამოქმედება და დაუყოვნებლივ შევიდოდა კომპანიაში აღნიშნული უწყება. შეამოწმებდა გაფორმებულ ხელშეკრულებებს, სამუშაო პირობებს და ვიდეო მიმართვაში გაჟღერებულ დარღვევებს. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, გასცემდა ვადიან რეკომენდაციებს და მოითხოვდა მდგომარეობის გამოსწორებას. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კვლავ განახორციელებდა გაუფრთხილებელ შემოწმებას და თუ არ იქნებოდა რეკომენდაციები შესრულებული კომპანიას დაუწესებდა მაღალ სანქციებს!

სულ ესაა ამ ყველაფრის მიზეზი!

ამ ყველაფრის მიზეზია სახელმწიფოს მიდგომა და სახელმწიფოს პოლიტიკა შრომით სფეროში!
ის ამ შემთხვევაში თანამონაწილეა სამწუხაროდ ყველა ამ ნეგატიურ და უარყოფით მოვლენაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.