ინტერვიუ
მირიან გამრეკელაშვილი - ეკლესიის მთლიანი ეკონომოკური საქმიანობა კორუფციული მანერისაა
FaceBook
მკვლელობის მომზადება და კორუფცია - საპატრიარქო ყურადღების ცენტრში ბოლო ხანებში სწორედ ამ საკითხებით მოექცა.

დაკავებულია დეკანოზი, რომელსაც მაღალი რანგის რელიგიური იერარქის მკვლელობის მომზადება ბრალდება. მკვლელობის იარაღად ნივთიერება ციანიდი სახელდება. ციანიდის საქმე ბიძგი ხდება სხვა განცხადებების გაკეთების, რომელიც უკვე კორუფციას ეხება. კორუფციის ფაქტებზე მაღალი რანგის სასულიერო პირები საუბრობენ. გახშირდა საპატრიარქოში საერო ხელისუფალთა სტუმრობა, თუმცა მიმსვლელებთან ერთად წამსვლელებიც ჩნდებიან - თანამდებობას ტოვებს საპატრიარქოს მდივანი. ყველა ეს მოვლენა ფასდება, როგორც "ბრძოლა საპატრიარქო ტახტისთვის". ამ დაპირისპირებაში რამდენიმე ძალა იკვეთება.
მაინც რასთან გვაქვს საქმე და რისი მომტანი შეიძლება გახდეს ეს პროცესები?

"ქუთაისიპოსტის" სტუმარია თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.



-"ციანიდის საქმეს" ახალ-ახალი დეტალები ემატება , თუმცა ეს არ ქმნის სიცხადეს, ბევრი რამ ბუნდოვანი რჩება და შეიძლება არც არასდროს გაირკვეს. დაპირისპირებულ ძალებს შორის (მაგალითად, საუბარია სულ ცოტა ორ დაჯგუფებაზე - მეუფე დიმიტრის ფრთა და მეუფე იაკობი, რომლის უკან ხელისუფლება მოიაზრება) რამდენად არსებობს პრინციპული განსხვავება? რომელიმე მხარის საპატრიარქოს ტახტის დაკავების შემთხვევაში რამდენად უნდა ველოდოთ ცვლილებებს, სასიკეთო რეფორმებს? რა მოლოდინები არსებობს?

- საპატრიარქო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ან უფრო სწორად, რომ ვთქვათ ეკლესიის დაპატრონებისათვის (ანუ ნომინალურად ვინ იქნება პატრიარქი, ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც არ ჰქონდეს) სასიკეთო ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდეთ. თუ თვალს მივადევნებთ დისკუსიებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ძირითადი თემატიკა უფრო მეტად პიროვნულ შეუთავსებლობასა და დაპირისპირებაზე გადის. მხოლოდ მეუფე პეტრესგან გაისმა ზერელედ, რომ საჭიროა ერთგვარი განწმენდის პროცესის დაწყება და ისიც მზადაა თავად მისგან დაიწყონ ეს ყველაფერი. არის თუ არა ეს მისი მხრიდან გულწრფელი განცხადება ძნელი სათქმელია. სამწუხაროდ, უნივერსალისტური ხაზი, რომელსაც სისტემურ და თვისობრივ ცვლილებებზე ექნებოდა სწორება ჯერჯერობით არ იკვეთება. ამგვარი ტიპის ცვლილებებს არც ახალი პატრიარქის შემთხვევაში უნდა ველოდოთ, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება იგი. მეორეს მხრივ, ციანიდის საქმე იყო ერთგვარი დეტონატორი უდაძაბულესი ფეთქებადსაშიში სიტუაციისთვის დახურული ფორმა მიიღოს, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება ერთი მხარის გამარჯვებით და მეორე მხარის სრული განადგურებით. თუმცა, თავად პატრიარქი და მთავრობა სავარაუდოდ კომპრომისის მიღწევაზე მუშაობენ.

სასიკეთო მოლოდინი, რომელიც ვითომცდა უფრო პროგრესულად მოაზროვნე სამღვდელოებას უკავშირდებოდა დღითიდღე იშრიტება, რადგან ერთის მხრივ ეს მიმართულება აბსოლუტურად გაუვნებელყოფილია და მეორეს მხრივ თვისობრივად თავიანთი კოლეგებისაგან არაფრით განსხვავდებიან.


-ციანიდის საქმის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეკლესიაში არსებული კორუციული ფაქტების გახმაურება. ეკლესია და კორუფცია საკმაო ხანია ერთად მოიხსენიებენ, ამაზე საუბრობენ ცალკეული პირები, მათ შორი სასულიერო, ამაზე მიუთითებენ სხვადასხვა კვლევები და ა.შ. თუმცა ამ ხნის მანძილზე ნაკლებად ხდება ხელისუფლების მხრიდან დაინტერესება თუ რეალურად რა ხდება ეკლესიაში? რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს "თვალის არიდების" პოლიტიკა?

- პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეკლესიის მთლიანი ეკონომოკური საქმიანობა კორუფციული მანერისაა. ანუ ეკლესია საკუთარი შემოსავლების მენეჯმენტსა და განკარგვას ახორციელებს სრულიად არაოფიციალურად, გაუმჭირვალედ. სამწუხაროდ, მთელი ამ წლების განმავალობაში ვერ მოხერხდა რაიმე სისტემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა ეკლესიისთვის გადაცემული საბიუჯეტო თუ სხვა ტიპის სახელმწიფო ქონების გონივრულად, ამავე დროს არადანაშაულებრივად გახარჯვას, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფდა ამ დოვლათის თანაბრად გადანაწილებას, რაც ეკლესიასვე წაადგებოდა.

კორუფციულია თავად სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის თანხების გადაცემის სქემაც: ის ამ ინსტიტუციას უხდის ბიუჯეტიდან მოჭრილ თანხას, ერთგვარი გამოსასყიდის სახით, რათა თავიდან აიცილოს რეკეტი. მეორეს მხრივ, არ ავალდებულებს ეკლესიას ეს თანხები განკარგონ ღიად და თანაბრად. შედეგად გვაქვს შემდეგი სურათი: ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ძირითადად მოიხმარს თავად საპატრიარქო, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, მეუფე სპირიდონ აბულაძე, მეუფე სტეფანე კალაირჯაშვილი და ორგანიზაცია "დავითიანი". საქართველოში არსებული სხვა ეპარქიები და სასულიერო პირები კი ამ ფონზე ცდილობენ, თავადაც წაღლიტონ სახელმწიფო სტრუქტურებს რაიმე, ოღონდ უკვე პირადი აქტივობის ხარჯზე. ძალიან უხერხულია, ასე საეკლესიო რიტუალების საფასურის გადახდის კულტურა, რომელიც ასევე სრულიად კორუფციული თვისებისაა. სახელმწიფოს ერთის მხრივ არ აინტერსებს ეკლესიის კორუმპირებულობა, რადგან თავად არის ჩაბმული სწორედ არაპირდაპირი კორუფციული ტიპის კულტურის შექმნაში და მეორეს მხრივ ამგვარი ეკლესია, ყოველთვის ადვილი დასაშანტაჟებელია. ეს ვითარება ალბათ დიდხანს მშვიდად ვერ შენარჩუნდება, რადგან საპატრიარქოში მიმდინარე აქტუალური კონფლიქტის ერთ-ერთი ასპექტი სწორედაც რომ ქონების გადანაწილების ხაზიც არის.

-იგივე "თვალის არიდების"პოლიტიკას მისდევს საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში ქუთაისში საზოგადოების ნაწილში მსგავსი განწყობაა. ქუთაისში შევეცადეთ ქუჩის გამოკითხვის ჩატარება საკითხზე, თუ რამდენად ეთანხმება ხალხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიაქოსთვის მილიონების გადარიცხვას. თუმცა,  გამოკითხვა ვერ ჩავწერეთ იმიტომ, რომ მოქალაქეებიდან არავინ ისურვა ამ თემაზე საუბარი, ადგილი ჰქონდა აგრესიულ მიმართვებსა და შეურაცხყოფასაც ჟურნალისტების მისამართით. საპატრიარქო ხელშეუხებელი რჩება. საზოგადოების ნაწილს საპატრიარქოს მისამართით დასმული ყველაზე ლეგიტიმური კითხვებიც აღიზიანებს. რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ეს შემთხვევა?

- რომელ საზოგადოებაზე საუბრობთ უკაცრავად? საქართველოს მოსახლეობა იმდენად არის შეჭირვებული ყოფითი ცხოვრების სირთულეებით, რომ არათუ ეკლესიის შესახებ, არამედ ქვეყანაში მიმდინარე, უფრო მნიშვნელოვანი პროცესების გაანალიზება და აზრის გამოტანა უჭირს. მათი წარმოდგენა შემდეგია: იციან, რომ ეკლესია რაღაც ზებუნებრივთან არის კავშირში, თუ არასწორად რაიმეს იტყვიან ეს ძალა მათ დასჯით. მეორეს მხრივ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაურკვევლი მიზნობრიობის კონცერტებსა და ტაშ-ფანდურებს აფინანსებს რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც ასევე უაზროდ ფლანგავენ რეგიონების ბიუჯეტებს, ჩინოვნიკები ფუფუნების საგნებსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ, ამგვარ სიტუაციაში, მოსახლეობას არ აქვს სურვილი მაინცადამაინც ეკლესია შიმშილობდეს. თუმცა ეკლესიას, რომ ჰყოფნიდეს სიბრძნე თავად უნდა მოინდომოს საკუთარი ეკონომიკური განზომილების გადაქცევა ლეგალურ და გამჭირვალე საქმიანობად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.