ინტერვიუ
თენგიზ ჯავახაძე - პატარა როლებიც მითამაშია, დიდიც და ასე მოვედი...
FaceBook
"ადრე როდესაც მესმოდა სამოცი წლის კაციაო - ბევრი მეგონა ეს ასაკი. დღეს სამოცი წლის ვარ და იმედით შევყურებ მომავალს", - აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის მსახიობი, თენგიზ ჯავახაძე.

მესხიშვილის თეატრში თენგიზ ჯავახაძის სამოცი წლის იუბილე აღინიშნა. საღამოზე, მილოცვებთან ერთად, ერთგვარი საშუალება შეიქმნა მსახიობის სამოცზე მეტი როლის, სამოცი განსხვავებული სიცოცხლის შეჯამება მომხდარიყო. ეს მემკვიდრეობა თენგიზ ჯავახაძემ 40 წლიანი კარიერის მანძილზე შექმნა.

იუბილე ერთგვარი სიმაღლეა, აღნიშნავს მსახიობი, გარკვეული გადასახედი, საიდანაც ჯამდება წარსული და იკვეთება მომავალი.

როგორ აფასებს თენგიზ ჯავახაძე საკუთარ წარსულს და მომავალს? რაში მდგომარეობს მსახიობის პროფესიის სირთულე და რაშია მისი უპირატესობა?

ამ საკითხებზე ქუთაისიპოსტს მსახიობი თენგიზ ჯავახაძე ესაუბრება.


-თეატრთან ურთიერთობა 1973 წელს დავიწყე, როდესაც მესხიშვილის თეატრში სცენის მუშად მოვეწყვე, ალბათ მაშინ "მოვიწამლე" თეატრით. 1979 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, იქვე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე - მარიკა სამანიშვილი, ოთხწლიანი ეპოპეის შემდეგ დავქორწინდით...
მოვისაკლისებ განვლილ წლებს ადამიანების სახით, მოვისაკლისებ მეგობრებს - დიდებული შემოქმედები იყვნენ, მამას მოვისაკლისებ. ყველა ეს ადამიანი ძალიან მაკლია.

ადრე, როდესაც მესმოდა სამოცი წლის კაციაო, ეს ასაკი ბევრი მეგონა. დღეს სამოცი წლის ვარ და იმედით შევყურებ მომავალს. არ მინდოდა ეს ხმაური, იუბილეს აღნიშვნას ვგულისხმობ, თუმცა ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც იუბილეს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. საიუბილეო საღამოსთვის მომზადებული კოლაჟი როცა ვნახე ჩავთვალე, რომ რაღაც გამიკეთებია, თუნდაც რაოდენობრივად.

-რამდენი როლია თქვენს ანგარიშზე?

-სამოცამდე, თუმცა კინოს თუ მივამატებთ უფრო მეტი გამოვა.

-პირველი როლები მესხიშვილის თეატრს უკავშირდება?

-ზაზა ნაკაშიძე ვითამაშე "საბრალდებო დასკვნაში". თეატრალურში დოდო ალექსიძე იყო პედაგოგი, ასევე ანზორ ქუთათელაძე. თუმცა, მსახიობი ყალიბდება თეატრში სცენაზე. რა თქმა უნდა, სკოლა უნდა გაიარო, მაგრამ აქტიორად ჩამოყალიბებისთვის სცენა გჭირდება. ბევრ საინტერესო რეჟისორთან მიმუშავია. განსაკუთრებით, ბოლო როლები დამამახსოვრდა, შეიძლება იმიტომ, რომ ასაკში რომ შედიხარ ადამიანი შემოქმედებით რეზიუმეს აკეთებ. ბაზა გექმნება, იქიდან კრებ და თავს უყრი შენთვის საჭიროსა და საინტერესოს ამა თუ იმ როლის განსახიერებისას. ამ კუთხით ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო გოგა თავაძის "მარწყვის ცივი ტორტი", ასევე სპექტაკლი Perpetuum Mobile.

სამოცი წელი იმას ნიშნავს, რომ სიმწიფეში ხარ და ჩემს თავს ვუსურვებდი კიდევ გამეგრძელებინოს და გამეხარებინოს მაყურებლის გული. მსახიობი ხომ მაყურებელზეა დამოკიდებული. რაღაცები შეიცვალა, რაღაცაზე გული მწყდება (ეს ცალკე სალაპარაკო თემაა), მაგრამ ენერგია კიდევ შემრჩა. კიდევ ბევრი რამე მინდა გავაკეთო, თუკი რეჟისორები ინებებენ ჩემს დაკავებას როლებში.

-სტანისლავსკი ირწმუნებოდა რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლები...

-მართალია სტანისლავსკი, დიდი და პატარა როლები არ არსებობს. ერთი ჰამლეტს თამაშობს და მეორე მოახლეს, მაგრამ მსახიობმა მოახლე შეიძლება ისე ითამაშოს, რომ თავი დაამახსოვროს მაყურებელს... პატარა როლებიც მითამაშია, დიდიც და ასე მოვედი. როლებს არ ვასხვავებ სიდიდის კატეგორიებით, სერიოზულად და პროფესიონალურად ვუდგები. თუმცა, მიკვირს რაღაცები რომ ერთჯერადი გახდა, რეპეტიციაზე მსახიობებს შეუძლიათ ძალიან დაიგვიანონ, არ მოვიდნენ. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. თუკი რეპეტიციაზე შუბლი არ დაგეცვარა მსახიობს, თუ არ დაიხარჯე, შედეგს ვერ მიიღებ. ასე ვმუშაობ, ასე მასწავლეს. თუკი ვინმე შეაფასებს ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებას დიდი მადლობელი ვიქნები, რადგან არც ერთი როლი "სულერთიას" პრინციპით არ შემისრულებია.

-ცვლილებები ახსენეთ და რა გამოწვევის წინაშე აყენებს ახალი დროება მსახიობს?

-რაღაცნაირად გაიოლდა რაღაცები ჩვენს პროფესიაშიც. თითქოს ტექსტის სწავლა საკმარისი იყოს მსახიობისთვის. ზოგადი ტენდენციაა ასეთი. იქამდე, მთელ მსოფლიოში.

ჩემი შვილი, რომელიც ასევე მსახიობია, ნიუ იორკში იყო ცოტა ხნის წინ. იქ ნახა სპეტაკლი, სადაც მთავარ როლს თამაშობდა ვიღაც ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი და ძალიან გაკვირვებული დარჩა მსახიობის ამ ზედაპირული თამაშით. ეს ზედაპირულობა ტენდენციად იქცა თითქოს. მაგრამ სტანისლავსკის სკოლა, რომელზეც გავიზარდე, სხვა რამეს გულისხმობს - მოითოვს ბოლომდე ყოფნას როლში. თუ არ ჩადე გული, სული, ოფლი სისხლი და ხორცი არ გამოვა არაფერი. დღეს, რატომღაც, ერთჯერადად, კონვეიერული სისტემით ხდება თამაში, რაც დამღუპველია ხელოვნებისთვის.

-მსახიობის პროფესიის სირთულეზე მინდოდა მეკითხა...


-დამტკიცებულია, რომ მსახიობი როლის თამაშის დროს არის შეურაცხადი, იგი არ არის თავის ჭკუაზე. გულის წნევა სხვა აქვს, არტერიული წნევა იმატებს. თუმცა, ზოგს შეუძლია არც დაიხარჯოს და ვიღაცას მისი თამაში მოეწონოს, მაგრამ მე ვერ მომატყუებს. რატომ იყვნენ რამაზი და ეროსი დიდი მსახიობები? მთელი არსებით როლში შედიოდნენ, იკლებდნენ ცხოვრებისეულ სიკეთეებს, რაღაცებზე უარს ამბობდნენ და იმიტომ. მიძღვნილი ქონდათ თავი თეატრისთვის, ამიტომაც იყვნენ დიდები. მიშა თუმანიშვილი ამბობდა: ოჯახი თეატრში არ არსებობს. მე და მარიკაც ასე მოვდივართ სანამ შეგვიძლია, სანამ შეგვრჩება ენერგია ვემსახურებით ქართულ თეატრს,

-კარგ პარტნიორს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსახიობისთვის?

-დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ვადარებ ჩვენს პროფესიას ფეხბურთს და რატომ? პასს რომ გადააწოდებ პარტნიორს თუ არ მიიღო და დაგიბრუნა ლამაზად, თუ არ შეგიქმნა საგოლე მომენტი, დამთავრებული აქ ლაპარაკი. მსახიობს რომ ველაპარაკები, შეიძლება ტექსტი სულ არა აქვს, მაგრამ თვალით, მიმიკით ისეთი რაღაც გაგიკეთოს, საოცრი ტანდემი გამოვიდეს. ჩემზე ამბობენ, მოსმენა იცის კარგიო. საერთოდ, მოსმენა ჭირს, ავადაა მთელი მსოფლიო. მოსმენის კულტურა დავკარგეთ. ყველა გაჰყვირის და არ უსმენს მოწინააღმდეგე მხარეს. მოუსმინე, იქნებ, საინტერესოს ამბობს, მაგრამ - არა. რასაც მე ვამბობ, ეს არის მხოლოდ სიმართლე. არადა, ასეთი დამოკიდებულებაა სწორედ პათოლოგია.

-ხშირად გვესმის ხელოვანები აპოლიტიკურობით იმართლებენ თავს და ამართლებენ სხვადასხვა საქციელს... თეატრი რამდენად უნდა პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს?


-თეატრი ყოველთვის იყო, არის და უნდა იყოს ტრიბუნა, სადაც უნდა ითქვას სიმართლე. ლოკალურ თუ გლობალურ პრობლემებზე, გაჭირვებაზე, სოციალურ პრობლემებზე, პოლიტიკაზე. ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით, თუნდაც წარსულზე ლაპარაკობდნენ, ან მომავალზე. აჭრილია მთელი მსოფლიო. ოდესმე გონზე უნდა მოვიდეთ. ერთმანეთს მოვუსმინოთ. რადგან ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო და ვერ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას.

ჩემი ასაკისა და გამოცდილების გადასახედიდან რაღაცებს რომ გადავავლე თვალი, ვთვლი რომ ტყუილად არ მიცხოვრია, ტყუილად არ მიწვალია. ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს პროფესიას. სხვებსაც ამას ვურჩევ - პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ პროფესიას. ზერელედ რაც კეთდება არის ერთჯერადი და სანაგვეზე იყრება. გაუფრთხილდნენ ტრადიციებს, ოღონდ, რაც ნორმალური ტრადიციებია და იყვნენ მოქალაქეები. ახსოვდეთ, რომ სახელმწიფო თითოეული ჩვენთაგანიდან იწყება, ამიტომ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.