ინტერვიუ
გიორგი კეკელიძე - ქვეყნის განათლების დონეს განსაზღვრავს თანამედროვეობა და თანმიმდევრულობა დროისა
FaceBook
"ქართული ენა ყოველთვის იყო გლობალიზაციის და გლობალური აზროვნების ნაწილი და ეს არის მისი შესანიშნავი და დიდი უპირატესობა."

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ბევრი აქცია და საღამო ჩატარდა. ყველა ამ საღამოს ორგანიზატორი მიუთითებდა წიგნიერებისა და განათლების მნიშვნელობაზე. ადამიანები საუბრობდნენ მათ საყვარელ წიგნებზე და მაგალითებად მოჰყავდათ, ძირითადად კლასიკოსი ავტორები. მათ შორის, ახალგაზრდებსაც. მკითხველების ფავორიტ ავტორთა შორის ნაკლებად ჩანდნენ თანამედროვე მწერლები, პოეტები, ფილოსოფოსები.
რა განაპირობებს მხოლოდ კლასიკაში "დარჩენას"? რამდენად საკმარისია კლასიკის ცოდნა, რომ წიგნიერმა საზოგადოებამ თავი განათლებულად ჩათვალოს? რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში გარკვევა და თანამედროვე ავტორების ტექსტების გაცნობა?
ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

- ზოგადი ტენდენციით საქართველოში განათლებულად თავს თვლის ადამიანი, ვისაც კლასიკური ლიტერატურა წაუკითხავს. თუმცა, შეიძლება ნაკლებად იცნობდეს ან სულ არ იცნობდეს თანამედროვე ავტორებს. აქაც რაღაცნაირად წარსულში ყოფნას ვამჯობინებთ...

-კლასიკის ცოდნა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალურად ქვეყნის განათლების დონეს, ბუნებრივია განსაზღვრავს თანამედროვეობა და თანმიმდევრულობა დროისა. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, თუკი დღევანდელი მკითხველები ნაკლებად არიან ჩახედული მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში. ხაზგასმით ვამბობ სიტყვა "ჩახედულს" ანუ ვგულისხმობ ინფორმაციას პირველ რიგში და არა მაინცადამაინც იმას, რომ ვიღაცას ვიღაც ავტორი აუცილებლად უნდა უყვარდეს, თუკი ის თანამედროვეა. ბუნებრივია, ეს არის გემოვნების საკითხი. ინფორმაცია კი ნამდვილად უნდა გვქონდეს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე. იგივე შეიძლება ითქვას მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესზეც. მხატვრული ლიტერატურა არის განათლების ნაწილი, ზოგადი განათლების ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა მივმართოთ თანამედროვე ლიტერატურის აგრესიულ პიარს. მგონია, რომ ამ საკითხში აქტიურად ვარ ჩართული.

- ახალგაზრდების მხრიდან კლასიკოსების განსაკუთრებული სიყვარული ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში დიდწილად კლასიკოსები არის შესული. თითქოს, აქაც აქცენტირდება, რომ განათლება მხოლოდ კლასიკის კითხვას უკავშირდება.

- სკოლის სახელმძღვანელოებში თანამედროვე ავტორებიც არიან წარმოდგენილნი. თუმცა, განათლების სისტემამ ამ საკითხს უნდა მიხედოს, ვთქვათ ე.წ. კლასგარეშე საკითხავების აქტიურად დავალებით. ჩვენს დროში, ბუნებრივია იწერება სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა და მასწავლებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული რომელი ავტორის წაკითხვას დაავალებს მოსწავლეს. რთულია, ჯერჯერობით ჩამოყალიბდე იმასთან დაკავშირებით, რომელი ავტორი შეიტანო სასკოლო სახელმძღვანელოში და რომელი არა. იმის გამო, რომ ყველაფერს მაინც დაკვირვება ჭირდება, მაგრამ მათ კლასგარეშე საკითხავად მიცემას წესით არაფერი უნდა დაუდგეს წინ.

-თანამედროვეობის "შიში" გამოიხატება ენის მიმართაც. ის, რომ გლობალიზაცია ქართულ ენას ემუქრება, რაღაცებს დამართებს და ა.შ. რამდენად "საშიშია" გლობალიზაცია?

-ქართული ენა ყოველთვის იყო გლობალიზაციის და გლობალური აზროვნების ნაწილი და ეს არის მისი შესანიშნავი და დიდი უპირატესობა. მან გაიარა უამრავი საფრთხე ენობრივი თვალსაზრისით მათ შორის, მაგრამ მოახერხა, განსაკუთრებით მის ზმნაზე დაყრდნობით (რადგან ქართული ენის მთავარი იარაღი ბუნებრივია არის ზმნა), წარმატებით დაეძლია ყველა ეს საფრთხე, ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი ენა. დღესაც, ჩემი აზრით, საფრთხე არ ემუქრება. ბუნებრივია ნეოლოგიზმებთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ფრთხილად, რიგ შემთხვევაში შეიძლება ამ ნეოლოგიზმების მაგივრად საკუთრივ ქართული სიტყვების გამოყენება. იმ სიტყვების, რომლებიც დღეს არის მიჩნეული ქართული სიტყვების ორგანულ ნაწილად. თუმცა, მეორე მხრივ, ხანდახან ამაო ხდება ნეოლოგიზმებთან ბრძოლა იმიტომ, რომ შეიძლება სასაცილო გამოვიდეს ქართული ახალშედგენილი სიტვით მისი ჩანაცვლება. აქ გვჭირდება ფრთხილი დაკვირვება და შემდეგ უკვე, გადაწყვეტა ამ საკითხის.

-თანამედროვეობამ ისიც მოიტანა, რომ ბევრი ტექსტი იწერება და ქვეყნდება. მათ შორის, ძალიან ბევრი შესანიშნავი ტექსტი. ლიტერატურის ასეთი ნაკადი რა გამოწვევებს უყენებს ავტორებს და ამასთან რამდენად რთულია გამოარჩიო და "იცნო" შედევრი (თუკი ამ სიტყვას დღეს ისევ იყენებენ )?

- ძალიან რთულია. შედევრის დეფინიციაც რთულია, რადგან გულისხმობს კონკრეტული ადამიანების შეფასებას და კაციშვილმა არ იცის ამ ადამიანის შეფასება სხვა ადამიანისთვის გასაზიარებელია თუ არაა გასაზიარებელი.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.