ინტერვიუ
ოთო კობახიძე - სისტემას ხელს აძლევს კონტროლქვეშ ჰყავდეს უნივერსიტეტი
FaceBook
"ხარისხიანი განათლების გარეშე მომავალი არ გვაქვს და კიდევ მრავალ ათწლეულს მოგვიწევს ღარიბ, არასტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება".

‪ავტონომია უნივერსიტეტს!,‬ ვითხოვთ განათლების რეფორმას!, ‬არა პრივილეგიებს‬!,
‪არა პოლიციურ რეჟიმს‬!, პრიორიტეტი მეცნიერებას‬!, - წარმოადგენენ იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115" უყენებს სახელმწიფოს. მათ მოთხოვნებს შეუერთდნენ სტუდენტები სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან, ასევე ლექტორ-მასწავლებლების ნაწილი და საზოგადოების სხვა წევრები.

რამდენად ქმედითია სოლიდარობა? რატომ ვერ განხორციელდა ამ ხნის მანძილზე განათლების რეფორმა? რატომ ვერ იქცა მეცნიერება პრიორიტეტად უნივერსიტეტში?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თსუ-ის ფსიქოლოგიური ანთროპოლოგის პროგრამის სტუდენტი, ოთო კობახიძე.

-არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საბჭოთა კავშირი ყველაზე ცხადად და მყარად განათლების სისტემას,სკოლებსა და უნივერსიტეტებს შემორჩაო. რატომ ვერ თმობს სისტემა/სისტემები განათლების სფეროს?


-უნივერსიტეტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ადგილს, სადაც ერთის მხრივ უნდა მიმდინარეობდეს სწავლა, სწავლება და ახალი ცოდნის შექმნა, მეორეს მხრივ, იგი არის საჯარო სივრცე, სადაც ყოველთვის უნდა იმართებოდეს დებატები და დისკუსია ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. იდეალურ შემთხვევაში, უნივერსიტეტებში უნდა იკვლევდნენ და ქმნიდნენ ცოდნას, რომელიც ქვეყანას რეფორმებსა და წინსვლაში ეხმარება. უნივერსიტეტი და აკადემიური სფერო ახლოს უნდა იდგეს საზოგადოებასთან. დღეს კი, საუნივერსიტეტო სივრცე საზოგადოებისგან მოწყვეტილია და მისგან დამოუკიდებლად ვითარდება. თუკი საერთოდ განვითარება შეგვიძლია ვუწუდოთ იმ სტაგნაციას, რაც ამ სფეროში გვაქვს.

ბუნებრივია, ხელისუფლებას თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ასეთი მნიშვნელოვანი სფერო არ ეთმობათ. გქონდეს გავლენა უნივერსიტეტზე, აკადემიურ პროცესზე, ნიშნავს გავლენა გქონდეს მთელ საზოგადოებაზე, საზოგადოებრივ აზრზე. სისტემას, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, ხელს აძლევს კონტროლქვეშ ჰყავდეს უნივერსიტეტი, რითაც იგი ხელს შეუშლის ჩემს მიერ ნახსენებ კვლევას, ახალი ცოდნის წარმოქმნას, სხვადასხვა საკითხის კრიტიკული გადააზრების პროცესს. რატომ? იმიტომ რომ, ამ კრიტიკული გააზრების პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ სტუდენტები. მოგეხსენებათ, სტუდენტები გარკვეული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ და ენერგიულ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ. ერთის მხრივ აკადემიური პროცესის, მეორეს მხრივ კი სტუდენტების კონტროლით, სისტემა ცდილობს შეინარჩუნოს წესრიგი უნივერსიტეტსა თუ მთლიანად საზოგადოებაში.

-რეფორმების აუცილებლობაზე განათლების სისტემაში, უნივერსიტეტებსა და სკოლებში, თითქოს სულ იყო ლაპარაკი. თუმცა, ფერხდებოდა, რაღაც სხვაში გადაიზრდებოდა და საქმე ბოლომდე არ მიდიოდა. თქვენი აზრით რატომ?

-ერთის მხრივ, ბევრია გასაკეთებელი, რომ ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტ ადამიანს ესმოდეს განათლების რეფორმის აუცილებლობის მნიშვნელობა, რომ ცვლილებების სურვილი და მოთხოვნა ქვემოდან წამოვიდეს. "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქციები განათლების სისტემის რეფორმირებისათვის, ქვემოდან წამოსული ინიციატივის მნიშვნელოვანი მაგალითია. მეორეს მხრივ, მათ ვისაც ხელეწიფებათ ამ რეფორმის გატარება, არ იციან ეს რეფორმა როგორ გაატარონ, როგორ უნდა გამოაცოცხლონ სამეცნიერო პროცესი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ახალი ცოდნა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, როგორ გაჯანსაღდეს და დემოკრატიული, ეფექტური და მოქნილი გახდეს საუნივერსიტეტო ბიუროკრატია და ა.შ. ან კიდევ, გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მთავრობები შეგნებულად არ ახორციელებენ რეფორმას. ამის მაგალითი იყო 2013 წელს გია დვალის კონცეფციაზე შეწყვეტილი დისკუსია და არგანხორციელებული რეფორმაც. სამწუხაროდ, არსებული სტატუს ქვოთი ძალიან ბევრი ის კლანი თუ ჯგუფია კმაყოფილი, რომელიც ამ ფსევდოსაგანმანათლებლო სისტემის ჭაობში მშვენივრად გრძნობს თავს.

-სტუდენტების ერთ-ერთ მოთხოვნას "პრიორიტეტი მეცნიერებას" წარმოადგენს. ანუ უნივერსიტეტში საჭირო ხდება მოთხოვნად აქციო მეცნიერებისთვის მეტი დროის დათმობა და რესურსის დახარჯვა, რაც უკვე ძალიან რთულ ვითარებაზე მიუთითებს. რატომ გახდა საჭირო ამ მოთხოვნის წამოყენება? რა ვითარებაა უნივერსიტეტში?

-უნივერსიტეტში და ზოგადად ქვეყანაში შეფერხებით ან თითქმის არ მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა. ერთეული პროფესორების მცდელობები ამ მხრივ ამინდს დიდად არ ცვლის. მძიმე მდგომარეობაშია როგორც სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ასევე ფუნდამენტური მეცნიერებებიც.

კვლევასა და განვითარებაზე (ღესეარცჰ & Dეველოპმენტ) საქართველოში იხარჯება GDP-ის 0,16%. იგივე მონაცემი გერმანიაში არის 2,8%, ავსტრიაში 3%, თურქეთში - 1%, ესტონეთში - 1,4%.სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიულ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა კატასტროფულად დაბალ დონეზეა.

ჩვენ გვჭირდება მეტი ფინანსები განათლებისა და მეცნიერებისათვის. საქართველო არაა ნავთობით მდიდარი, ან სხვა ბუნებრივი რესურსებით გამორჩეული ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული წინსვლის ერთადერთი გზა განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევა და განათლებული საზოგადოებაა. განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ყველა მოქალაქეს, ახალგაზრდას უნდა შეეძლოს, სურვილის შემთხვევაში, ხარისხიანი განათლების მიღება. სხვაგვარად, უბრალოდ მომავალი არ გვაქვს და კიდევ მრავალ ათწლეულს მოგვიწევს ღარიბ არასტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება.

-სტუდენტური მოძრაობის მომავალს როგორ უყურებთ, თქვენი შემდგომი ნაბიჯები რა იქნება?

-დრო გვიჩვენებს, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად მზად იქნება პოლიტიკური კლასი ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნები საკანონმდებლო დონეზე ასახოს და მივიღოთ რეალური რეფორმა და არა ფსევდო-რეფორმა, როგორც აქამდე ხდებოდა.

-სოლიდარობა კონკრეტულ ქმედებებს გულისხმობს. შესაბამისად, რა ფორმით ელოდებით საზოგადოების მხრიდან სოლიდარობას და რამდენად იღებთ ამ სოლიდარობას?

-ჩვენ უკვე გავხდით არნახული სოლიდარობის მომსწრე ჯერ კიდევ მარტში, როდესაც სტუდენტური მოძრაობა თავის პირველ დღეებს ითვლიდა. ლექტორმა ღამენათევი სტუდენტებისათვის მოიტანა სენდვიჩები და ყავა. სხვა მეგობარმა მთელი დღით პოლიციის მიერ უნივერსიტეტის შენობაში არშეშვებული გაყინული სტუდენტებისათვის შუაღამეს თერმოსით გამოგვიგზავნა ცხელი წყალი და ჩაი. სოლიდარობისთვის თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ ბათუმელი სტუდენტები. იყო სოლიდარობის აქცია ქუთაისში, გორში. სამინისტროსათვის გასაგზავნი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისთვის დახმარებას გვიწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები. სხვადასხვა მუსიკოსებმა და არტისტებმა უნივერსიტეტში უფასოდ ჩაატარეს სტუდენტებისთვის სოლიდარობის კონცერტი. ფეისბუკზე გავრცელებულ თხოვნას, ვინმეს ჩვენთვის მოეტანა ჩაიდანი, მალევე გამოეხმაურნენ და ორ საათში, ახალი ჩაიდანი გვიყიდეს, რითაც შევძელით დაღლილ და ღამენათევ სტუდენტებს ჩაი დაგველია. რამდენიმე დღით ჩვენთან იყო მეშახტე, რომელიც ჩვენთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ტყიბულიდან თბილისში ჩამოვიდა. სტუდენტებზე პოლიციის მიერ ზეწოლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და დიპლომატიურ კორპუსთან ამბის მიტანაში გვეხმარებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ა.შ.
არასდროს, ასეთ პატარა პერიოდში, არ მინახავს სოლიდარობის ამდენი გამოვლინება, როგორც ეს იყო ბოლო თვენახევარში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.