ინტერვიუ
თამარ მედულაშვილი - ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა
FaceBook
"საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ინტეგრაციის პროცესში პროგრესისა და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად."

2016 წლის ივლისში ვარშავაში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვარშავის სამიტზე, ალიანსთან და მის პარტნიორ ქვეყნებთან პრიორიტეტული, ქვეყნისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის MAP-ის მინიჭება იქნება.

მანამდე კი, გასული წლის ბრიუსელის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მიღებულ იქნა კომუნიკე „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ოთხივე ასპირანტ ქვეყანას (ბოსნია ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო და საქართველო) ეხება. თუმცა, კომუნიკეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს, სადაც პირველად მოხდა საჯაროდ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად, რითაც აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპებზე გადავიდა.

ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებასა და კრიტერიუმებზე, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ელემენტებსა და ვარშავის სამიტის მოლოდინებზე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ მედულაშვილი გვესაუბრება.


- რას გულისხმობს „ღია კარის“ კომუნიკეში არსებული ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად. კონკრეტულად, რა ინსტრუმენტებზეა საუბარი?


- ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა, რასაც 2015 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის დაარსება ადასტურებს.
2014 წლის უელსის სამიტის მთავარ შედეგს საქართველოსთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადება.
ბუქარესტის სამიტიდან დღემდე მნიშვნელოვნად განვითარდა NATO-საქართველოს ურთიერთობები _ დაფუძნდა NATO-საქართველოს კომისია, რომელიც მნიშვნელოვანი საკონსულტაციო ფორუმია მხარეებს შორის; საქართველომ დაიწყო ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება, რომელიც შინაარსით გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პრაქტიკული ნაწილია.

ამ ეტაპზე საქართველო წარმატებით ახორციელებს წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის (ANP) მერვე ციკლს, საქართველოს მიენიჭა NATO-ს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი.
NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი მიზნად ისახავს მხარდაჭერას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 13 სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. პაკეტი ითვალისწინებს რეკომენდაციებს, სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და სასწავლო აქტივობებს, მრავალეროვნულ წვრთნასა და თავსებადობის გაზრდილი შესაძლებლობების მიღწევას.

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მთავარ ელემენტს წარმოადგენს NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის მიზანია გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოების სექტორი, კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქართველოსა და მოკავშირე ძალების თავსებადობა, რაც პარტნიორებს ერთობლივად ეფექტიანი მუშაობის საშუალებას მისცემს.

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დანიშნულება ტაქტიკური წვრთნები და მათი შეფასება, ასევე შეიარაღებული ძალების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაა. NATO-სა და რეგიონული პარტნიორებისთვის უნიკალური საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებით, ცენტრი მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ნიშანდობლივია, რომ NATO-ს უელსის სამიტზე საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და საქართველო, როგორც NATO-ს ოპერაციების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორთა“ ჯგუფში მიიწვიეს. აღნიშნული ფორმატი საქართველოს აძლევს დამატებითი პოლიტიკური კონსულტაციებისა და ურთიერთთავსებადობის საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობას.
შესაბამისად, საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ინტეგრაციის პროცესში პროგრესისა და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

- ახსენეთ, რომ საქართველოს უკვე აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP)-ის ორი ელემენტი. გვაძლევს თუ არა ეს იმის საშუალებას, რომ 2016 წელს ვარშავის სამიტზე საქართველომ მოითხოვოს არა MAP-ის მიღება, არამედ პირდაპირ ალიანსის წევრობა? რამდენად რეალური იქნება ეს მოთხოვნა მით უმეტეს, 2 დეკემბრის კომუნიკეში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ნატო მზადაა ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, შეისწავლოს ახალი პრაქტიკული გზები, მაღალი დონის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისთვის?

- ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი დადებითად ფასდება ნატოს წარმომადგენლების მიერ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების „ღია კარის“ პოლიტიკის განცხადებაში. ნატო მზად არის არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება გააგრძელოს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მონტენეგროს მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში კვლავ დაადასტურეს ერთგულება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა პირველად დააფიქსირეს, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია.

2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს. 2015 წლის დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების „ღია კარის“ პოლიტიკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის არის საჭირო და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად.

- კომუნიკეში მოხსენიებულია, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა სამხედრო, დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით. ასევე, აღინიშნა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, სწრაფი რეაგირების ძალებსა და ავღანეთში აისაფის ოპერაციებში, საერთო უსაფრთხოებაში ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისა და წვლილის შესახებ. კონკრეტულად, ნატო-ს მხრიდან რაში გამოიხატა საქართველოს კონტრიბუციის შეფასება და რა უპირატესობა მოაქვს ამას ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის კუთხით?

- საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, აქტიურად მონაწილეობს გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა და დაამტკიცა საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანის უნარი.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ნებაყოფლობით, ნატოს დროშის ქვეშ, მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით ამაყად დგანან, პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და იღებენ საბრძოლო გამოცდილებას. ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

დღეისათვის, 12000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ შესაბამისი წვრთნები გაიარა და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ოპერაცია ავღანეთში (ISAF) მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი ნატოსთან თავსებადობის მაღალი დონით სარგებლობს, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.

გარდა ამისა, საქართველო ნატოს არაწევრ ოთხ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს (NRF), რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან მაღალ თავსებადობაზე მიუთითებს.

საქართველო, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით ნათლად ამტკიცებს, რომ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, ამავდროულად იცავს საქართველოს უსაფრთხოებას.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.