ინტერვიუ
გიორგი მაისურაძე - ერთ მხარესაა ძალაუფლების მაცდუნებელი ხიბლი, მეორე მხარეს სოლიდარობა და ურთიერთთანადგომა
FaceBook

„საქმე გვაქვს არა ორად გაყოფილ სტუდენტობასთან, არამედ ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მენტალურ, მსოფლმხედველობრივ, ეთიკურ სამყაროებთან.“

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი მოვლენების ადგილად იქცა.
სტუდენტთა პროტესტი კანცლერის არჩევნებისა და ე.წ. ოდეერების წინააღმდეგ, სტუდენტურ მოძრაობაში გადაიზარდა. სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115" უნივერსიტეტის ავტონომიის, თვითმმართველობის ძირეული ცვლილების, აკადემიური საბჭოს დაშლის და სხვა საკითხებთან ერთად , განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამოდის. თუმცა მოძრაობას ყავს თავისი ოპონენტები. ისინი პროტესტის პირველივე დღეებში გამოჩნდნენ და კონტრაქციები გამართეს. სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები და დანარჩენი საზოგადოებაც ორი სხვადასხვა რამის გარშემო შეიკრიბა.

რა არჩევანის წინაშე აყენებს სტუდენტებს ეს მოვლენები უნივერსიტეტში და  რომელი ღირებულების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს იგი?

საგანმანათლებლო სივრცეში არადემოკრატიული და არათავისუფალი გარემოს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, საბჭოთა მანკიერი მემკვიდრეობიდან გათავისუფლების აუცილებლობასა და სხვა საკითხებზე, გვესაუბრება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.


-ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არა ორად გაყოფილ სტუდენტობასთან, არამედ ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მენტალურ, მსოფლმხედველობრივ, ეთიკურ სამყაროებთან: ერთ მხარესაა სტუდენტური ნომენკლატურა თვითმმართველობის სახით, რომელიც საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობისა და ძალაუფლების თუნდაც იმ მცირედი, მოჩვენებითი ბერკეტების შენარჩუნება-განმტკიცებისათვის იბრძვის, რაც მას სამომავლოდ უფრო მეტ და უფრო რეალურ ძალაუფლებას პირდება; მეორე მხარესაა სტუდენტური პროტესტი, მიმართული იერარქიებისა და პრივილეგიების, ძალაუფლების სტრუქტურების მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის, არადემოკრატიული და არათავისუფალი აკადემიური გარემოს წინააღმდეგ.

ერთ მხარესაა ძალაუფლების მაცდუნებელი ხიბლი, მეორე მხარეს სოლიდარობა და ურთიერთთანადგომა. თუ სტუდენტური პროტესტის მამოძრავებელი თავისუფლებისა და სოციალური თანასწორობისკენ სწრაფვაა, ნომენკლატურა სწორედ ამ თავისუფლების ჩახშობის და უთანასწორობის დაცვის სტრუქტურაა.
როგორც იმ თაობის სტუდენტობის წარმომადგენელს, რომელიც პირველად და ღიად დაუპირისპირდა სტუდენტურ ნომენკლატურას, რომელსაც მაშინ, საბჭოთა ხანაში კომკავშირი ერქვა, ჩემშიც ისეთივე პროტესტის გრძნობას აღძრავს ახალი, სახეცვლილი ნომენკლატურა, როგორიც სოლიდარობით გაერთიანებულ სტუდენტებში. კომკავშირი ახალგაზრდობის მართვის, მათზე კონტროლისა და ზედამხედველობის ბერკეტი იყო, რომელსაც ისინი მართვად, მანიპულირებად, კონფორმისტ და უპრინციპო საბჭოთა ადამიანებად უნდა გამოეყვანა. ეს იყო აგრეთვე კარიერისტობის, ახალგაზრდების ძალაუფლებით გარყვნის სკოლა, ტრამპლინი უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებისა და საზოგადოებრივ იერარქიებში უფრო მაღალი საფეხურის დაკავებისათვის ბრძოლაში.

სამწუხარო და ტრაგიკულიც კი არის ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც დამოუკიდებელი საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ბოლომდე უარი არ უთქვამს საბჭოთა მანკიერების ამ გადმონაშთზე. ყველაზე მეტად ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ეხება, ანუ იმ თაობას, რომელიც კომკავშირთან დაპირისპირებაში გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე და მან ეს მანკიერი სტრუქტურა ახალი ძალითა და შემართებით ააღორძინა: სტუდენტური თვითმმართველობები პარტიულ საკადრო სკოლებად აქცია, საიდანაც შესაძლებელი იყო მოკლე გზით სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალი თანამდებობების დაკავება. ამავე პერიოდში სტუდენტური თვითმმართველობები, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასრულებდნენ ერთგვარ სადამსჯელო ფუნქციასაც, რომელიც პოლიტიკურად აქტიური, მაგრამ განსხვავებული პოზიციის სტუდენტობის წინააღმდეგ.

არდასავიწყებელია 2011 წლის მოვლენები თსუ-ში, როდესაც თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად უსწორდებოდნენ სტუდენტებს. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ 2012 წელს სწორედ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ხელოვანებში გაჩნდა დევიზი "სისტემა უნდა დაინგრეს!", რომელიც არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ ძალმომრეობითი, იერარქიული, სოციალურად უსამართლო და თავისუფლების დამთრგუნველი სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ როგორც დღეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა, არც "ქართულ ოცნებას" უთქვამს უარი იმ მანკიერ პრაქტიკებზე, რომელსაც მისი წინამორბედი ხელისუფლება იყენებდა. სტუდენტურ პროტესტს დღესაც იმასთან უხდება ჭიდილი, რასთანაც 28 წლის წინ დაიწყო ბრძოლა.

- რისი ბედი(თუკი შეიძლება ამ სიტყვის გამოყენება) წყდება დღეს უნივერსიტეტში?

-თსუ და იქ განვითარებული მოვლენები არაა ლოკალური და მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა. თსუ დღეს მთელი საქართველოს მიკრომოდელია. აქ დაწყებული ბრძოლა მთელი საქართველოს გაჯანსაღებისთვის, მისი ბნელი წარსულისგან და ძალაუფლების აღვირახსნილობისგან გათავისუფლების ბრძოლაა. ამ ბრძოლის ავანგარდიც და ერთადერთი შეურყვნელი ძალა სწორედ სტუდენტობაა, თავისუფალი იმ სიყალბისგან და თვალთმაქცობისგან, კონფორმიზმისა და პოპულიზმისგან, რომლითაც დაავადებულია საქართველოში ამჟამად მოქმედი ყველა მეტ-ნაკლებად დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ძალა. მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება", რომელიც "სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგით მოვიდა, ისევ აგრძელებს სააკაშვილის მმართველობის უმახინჯეს პრაქტიკებს. ნეოლიბერალური საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მდიდართა გამდიდრებას და ღარიბთა გაღატაკებას ემსახურება, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებს მუშებს და მომსახურე პერსონალს. ისევ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების განუკითხაობას ემსახურება სახელმწიფო აპარატი, ისევ ერთი ადამიანის ახირებებს ეწირება ბუნებრივი გარემო და დედაქალაქისა თუ მთელი ქვეყნის იერსახე. საქართველოში ისევ მძვინვარებს სრულიად ანაქრონული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა თავისი დრაკონული კანონმდებლობით, რომელიც მოსახლეობაზე ზეწოლისა და გამომძალველობის ბერკეტია. პოლიტიკური პარტიები ისევ არარსებული და არაარსობრივი პრობლემებით არიან დაკავებული და ერთმანეთს ეჯიბრებიან პოპულიზმში, თითქოს ქვეყანას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონდეს, ვიდრე იმისი განსაზღვრება, თუ როგორ უნდა განიმარტებოდეს კონსტიტუციით ოჯახი და ქორწინება. ეს ყველაფერი გზას უხსნის ფაშისტოიდურ და ულტრარეაქციონერულ ძალებს, რომლებიც რეალური პრობლემების მოჩვენებითი თემებით გადაფარვას ცდილობენ და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეჭრისა და კონტროლისთვის იბრძვიან.

ასეთ ვითარებაში ჩემთვის სრულიად განსაცვიფრებელი იყო ის ბუნებრივი და გულწრფელი სოლიდარობა, რომელიც სტუდენტურმა მოძრაობამ აჩვენა. ეს ახალგაზრდები არა მხოლოდ საკუთარი პრობლემებისათვის იბრძვიან, როგორიცაა, მაგალითად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი განათლების პოლიტიკა, რომელიც დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ სტუდენტობა თანამედროვე საქართველოში სოციალური ცნობიერების მქონე ფაქტობრივად ერთადერთი ძალაა. მათ ეს ტყიბულში, კაზრეთში, ქსანზე, ზესტაფონში, ჭიათურასა თუ თბილისის მარკეტებში მუშების და მომსახურე პერსონალის მხარდამჭერ სრულიად უანგარო აქციებში აჩვენეს. ესაა დიდი მომავლის მქონე თაობა, რომელიც მანკიერებასა და უსამართლობასთან ბრძოლაში დღითიდღე იხვეწება და წარმატებულად თავს ართმევს იმ ცდუნებებს, რომლებსაც მათი წინამორბედი თაობები შეეწირა. მათ აქციებზე ვერც "-ჯოს" ძახილს და ვერც ყალბ ლოზუნგებს ვერ გავიგონებთ და საკუთარი პოზიციების ლეგიტიმაციისათვის არც რომელიმე ავტორიტარულ და მომხვეჭელობაზე ორიენტირებულ ზესახელმწიფოებრივ ინსტიტუციებთან არშიყი არ სჭირდებათ. ყალბი და მოჩვენებითი ღირებულებებისგან გათავისუფლება კი რეალური ცვლილებების აუცილებელი პირობაა.

მარტის სუსხიან დღეებში სტუდენტების გვერდზე დგომამ სოციალურ და პოლიტიკურ უსამართლობასთან აქტიური ბრძოლის აუცილებლობის და ამ ბრძოლით ქვეყნის გაჯანსაღების შესაძლებლობის რწმენა დამიბრუნა, რისთვისაც მე მათი მადლობელი ვარ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.