ინტერვიუ
ტარიელ დათიაშვილი - სიბრიყვე - ცენზურის განსაკუთრებული ნაირსახეობა
FaceBook
რა სარგებლობა მოაქვს ცენზურას?
შეუძლია თუ არა სიბრიყვეს პოზიტიური როლის თამაში კულტურაში?

ამ და სხვა პარადოქსებზე კულტურაში "ქუთაისიპოსტს" მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი ესაუბრება.


-ჩვენი არსებობა პარადოქსებით არის სავსე. ერთერთი პარადოქსი კი ის არის, რომ კულტურას სწორედ ცენზურა (ფასდება) აცოცხლებს. ცენზურაში არ ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტრუმენტს, რომელიც არის "მოკარნახე" იმისა, თუ რა უნდა დაიწეროს. კრიტიკაც ერთგვარი ცენზურაა, რომლის გარეშეც კულტურა კვდება, ამიტომ შემოქმედებით სივრცეში, სადაც კრიტიკის კულტურა არ არსებობს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ როლის შესრულებას, ადრე თუ გვიან, პოლიცია შეუდგება, შეფასების მაგივრად კარნახს დაიწყებს. სულ არარაობას, მაინც ეს სჯობს.
რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ლექსი თუ არ მოგვეწონა, ავტორი საკონცენტრაციო ბანაკში არ უნდა გავგზავნოთ, მაგრამ რაღაც ბარიერის აღმართვა აუცილებელია. შემოსაზღვრა იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ კულტურული პროცესი ჩარჩოებს არ გასცდეს, პირიქით, სწორედ იმიტომ აღვმართავთ ბარიერს, რომ ის გადაილახოს, სწორედ ეს ე. წ. საზღვრის გადალახვა გვიქმნის საკუთარი დანიშნულების მყარ ილუზიას და "დიდი საქმეებისკენ" მიგმართავს. გავიხსენოთ ჰერაკლეს გმირობები.
მაგრამ არის კრიტიკისა და ცენზურის განსაკუთრებული ნაირსახეობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ - "სიბრიყვე". მინდა ვთქვა, რომ სიბრიყვეც კულტურული მოვლენაა, რომელმაც, შესაძლოა, ერთობ პოზიტიური როლიც ითამაშოს ზოგადად კულტურის განვითარების პროცესში. მაგალითისთვის გავიხსენოთ მე- 18 საუკუნის საფრანგეთი, იეზუიტები რომ წიგნებს ასამართლებდნენ და სახალხოდ წვავდნენ.რა თქმა უნდა, იეზუიტები დევნიდნენ ავტორებს, რომელთა წიგნებში გადმოცემული აზრებისათვის გავრცელების საშუალების მოსპობას ცდილობდნენ, მაგრამ ავიწყდებოდათ, რომ ისინი წარმოადგენდნენ რელიგიას (შესაბამისად, სახელმწიფოს), რომლის საყვარელი გმირიც სწორედ ტანჯული, ჩაგრული და დევნილია (მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დევნის მას, თანაგრძნობა ყოველთვის დევნილის მხარეზეა).
ამიტომ ამ აქციამ უკუ შედეგი გამოიღო.დროთა განმავლობაში, ლიტერატურის დასჯის ეს მეთოდი, წიგნის ღირებულების განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა, წიგნის დაწვა კი მისი პოპულარიზების აუცილებელ პირობად. ცნობილია, ერთი სასაცილო ისტორია, რომელიც შემდგომში დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ წევრს კლოტსს გადახდა. მან ბევრი იწვალა, რომ თავისი წიგნი, ისლამის შესახებ, დასაწვავთა სიაში მოხვედრილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ეს პატივი მის მაგივრად მაშინ აბატ რეინალს ერგო, რომელიც მან საფრანგეთის პროკურორს ძვირფასი სადილის ფასად გამოსტყუა.
ამიტომ "ცენზორების"ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილებებიც კი, რომლებიც გონიერების ყოველგვარ საზღვარს ცდებიან, ხშირად,რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პოზიტიურ როლს თამაშობენ კულტურისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივების საქმეში.

-დიდი ირონიაა...


-რა თქმა უნდა, რასაც ახლა ვამბობ,ერთგვარი ირონიაა, მაგრამ, დამეთანხმებით,კიდევ მეტად ირონიულია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება წიგნისადმი. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, კულტურა,დღეს საქართველოში, ეს არის ადამიანის მოღვაწეობის ცალსახად არამომგებიანი სფერო, რომელსაც სრულიად ფორმალური სახე აქვს. უბრალოდ, კულტურა აუცილებელია (საიდანღაც ეს ვიცით); კულტურის გარეშე, ალბათ, სხვა ხალხებთან ურთიერთობასაც ვერ შევძლებდით, თორემ ჩვენ, პირადად, ის არაფერში გვჭირდება (მით უმეტეს, კულტურა არ სჭირდება არაფერში ეკლესიას, რომლისთვისაც არც სხვა ხალხებთან ურთიერთობაა, მაინცდამაინც, აუცილებელი).
ადამიანები აღარ ენდობიან წიგნს, რომელსაც შერჩენილი აქვს მხოლოდ სიამოვნების მინიჭების ფუნქცია; აღარ არსებობს კულტურისაგან "რაღაც უფრო მეტის" მიღების მოთხოვნილება (ამიტომაც არის სექსუალური ურთიერთობები მისი უმთავრესი თემა) და ა. შ.
მოკლედ, აღარ გავაგრძელებ, ამგვარ სრულიად ინერტულ გარემოში ისეთი არაორდინალურის, ისეთი სიგიჟის მოფიქრება, როგორიც, მაგალითად, ჩვენს პოლიციას დაემართა, აუცილებელიცაა. როგორც ვთქვით, ყოფილა ისტორიაში მომენტები, როცა ბრიყვული გადაწყვეტილებები, ძლიერი კულტურული მუხტის წარმომქმნელიც გამხდარა. იგივე იეზუიტურმა სიბრიყვემაც ხომ არც თუ უმნიშვნელო როლი ითამაშა განმანათლებლობის ხასიათის ჩამოყალიბებისა და საბოლოოდ, საფრანგეთის რევოლუციის გამოწვევის საქმეში.

-რამდენად სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ შსს-ს გადაწყვეტილება კონკრეტული მხატვრული ნაწარმობისთვის "პორნოგრაფიის" სტატუსის მინიჭება და რაღაც ფორმით აკრძალვის მცდელობა?


-რა თქმა უნდა, მე სერიოზულად ვერც განვიხილავ იმ საკითხს, თუ რამდენად აქვს ქართულ პოლიციას კომპეტენცია დაადგინოს ჭეშმარიტად მხატვრული ღირებულებები კინოში, განსაზღვროს რამდენად შეიძლება დაამახინჯოს ამა თუ იმ პორნოგრაფიულმა კადრმა საზოგადოებრივი ცნობიერება, მაგრამ ასევე რთულია თქმა იმისა, თუ რამდენად უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა სიბრიყვემ ზოგადად კულტურაზე.ასე რომ, მე პირადად ცენზურა არ მაშინებს, პირიქით, მახალისებს, ისევე როგორც ილიას წმინდანად შერაცხვა და მასთან ერთად, აკაკის წამებულად ქცევის მცდელობა.
მინდა ვაღიარო, მე მხურვალედ ვლოცულობდი, რომ ჩვენს დედა ეკლესიას აკაკი შეერაცხა წმინდანად. ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა მართლაც უკიდურესი სიბრიყვე, რაც მისცემდა ქართველ ინტელექტუალებს და ეპატაჟის მოყვარულებსაც, ჩვენს მორალისტურ საზოგადოებაში თავი ეგრძნოთ ისე კომფორტულად, როგორც თევზს წყალში. ანუ, იმდენი სიბრიყვე აღარ ეყო ჩვენს ეკლესიას, რომ მართლაც პროგრესული გადაწყვეტილება მიეღო და ეკლესია დაეახლოვებინა ისეთ სახალხო ემოციებთან, აკაკისთვის რომ სასიცოცხლოდ მნიშველოვანია(აქ წმინდა ადამიანური სისუსტეებისადმი პატივისცემას ვგულისხმობ, რაც, სხვათა შორის, მართლმადიდებლობისთვის სულაც არ არის უცხო).

-მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ რა სარგებლობა მოაქვს აკრძალვას?


- კულტურას იმისათვის სჭირდება აკრძალვა, ამ ქაოსში საკუთარი ადგილი რომ გამოკვეთოს. ჩვენ ახლა ისეთ ლაბირინთში ვიმყოფებით, სადაც რაიმე განსაზღვრული მოქმედება შეუძლებელია. რაღაც აზრით, ჩვენ ე. წ. პრედასავლურ კულტურაში აღმოვჩნდით, როცა ადამიანები ლაბირინთში შედიან ძაფის გარეშე, ანუ უკან დაბრუნებისა და რაიმე განსაზღვრული "გმირობის" ჩადენის პერსპექტივის გარეშე. აღარ არსებობენ თემები, გარდა ცინიკური დამოკიდებულებებისა ნებისმიერ საკითხთან. მაგალითად, თვითონ თავისუფლების თემაც კი, წინა პლანზე ძალადობრივი ფორმების წამოწევით, უკვე გაცვეთილი და მოყირჭებულია, რადგან თვითონ ძალადობრივი ფორმებია ილუზორული და ყურით მოთრეული, ყველაფერში ძალადობის ძიება იმისათვის, რომ თავისუფლების თემის აქტუალურობა იქნას შენარჩუნებული, სასაცილოა.
ამგვარ კრიზისშია ყველა ღირებულება, მათ უჭირთ საკუთარი თავის ჩვენება თამაშის, მოჩვენებითი განცდების, მასკარადისა და საკუთარი თავის დაცინვის გარეშე. ამიტომაც გვჭირდება მეტ-ნაკლებად ღირებული იდეოლოგიური სისტემა, ამკრძალავი მანქანა, რომელთან დაპირისპირებითაც გადავლახავთ არსებობის უკიდურეს უსაზრისობას და ჩვენს ცინიზმსაც გარკვეულ საზოგადოებრივ დატვირთვასაც მივანიჭებთ, როგორც, მაგალითად, ვოლტერის შემოქმედებას, იგივე განმანათლებლურ ეპოქაში.

-ანუ ცენზურა „მადლია“...

- ზოგადად, როდესაც ჩვენს სააზროვნო სივრცეში რადიკალურად დაპირისპირებული მსოფლმხედველობა შემოგვყავს, ეს მთავარი, ყველაზე ფუნდამენტური დაპირისპირების მოხსნას ნიშნავს, ეს ნიშნავს ცალმხრივობის, იდეოლოგიზმის გადალახვას, რადგან ყველაზე "არაკულტურული" დაპირისპირება ის არის, როცა დაპირისპირება არ არსებობს.
ეს ქმედება კულტურას გზიდან ვერ ააცდენს, ვერც ველურ ინსტინქტებს ჩაკლავს ჩვენში და ვერც გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. საერთოდ, აქ ყველაზე დიდი სიბრიყვე სწორედ ისეთი დირექტივების გამოცემაა, რომლის ასრულების არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნია. სწორედ ასეთი აკრძალვები წარმოშობს ეპატაჟურობას, რომლის მახვილიც უპირველესად სწორედ "მამის" როლით აღჭურვილი ინსტიტუტებისკენ არის მიმართული, ამ გარემოების თვალსაჩინო ნიმუშია ერეკლე დეისაძის მუსიკალური ტექსტი "როგორც მამას უნდა".
ასე რომ, ისევე როგორც ეპატაჟს უდგას სული მორალიზმით, მასთან დაპირისპირებით, ასევე მორალიზმი იმყარებს ძალაუფლებას იმ ბოროტების არსებობაზე მითითებით, რომლისგანაც ის მტრის ხატს ქმნის ხოლმე. ეპატაჟს სჭირდება ხმაური, მართლმადიდებლობას კი სიტუაციათა მმართველის როლის თამაში.
მესმის, რომ ბანალურად ჟღერს, ბრიყვულ თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ კულტურა, ღვთის შეწევნით, ყოველთვის სულაც არ არის სიღრმის მაჩვენებელი, თავისი არსებობის ძირითად დროს ის ინსტინქტების საზოგადოებაში ატარებს. თვითონ ყველაზე ღრმა ტექსტებსაც კი ჩვენ სწორედ ზედაპირულად აღვიქვამთ, როგორც აღვიქვამთ, მაგალითად, "ვეფხისტყაოსანს" მხოლოდ აფორიზმებით და ძირითადი სიუჟეტით, ნაწარმოების სიღრმეში რა ხდება არ ვიცით. ასევე, ხალხს ჰგონია, რომ ყველაფერი, რაც აღფრთოვანებას იწვევს, ჭკვიანების შექმნილია, მინდა იმედი გაგიცრუოთ, ღირებულებების დიდი წილი სწორედ ბრიყვების მიერ არის შექმნილი.
ანუ, ბრიყვი არის ადამიანი, რომელიც ვერ ფიქრობს ან არ სურს იფიქროს ადექვატურად, "რეალობის" შესაბამისად, მაგრამ რამდენადაც რეალობა მუდმივად ცვალებადი ობიქტურობაა, ყოვლად შესაძლებელია, დღევანდელი ბრიყვი ხვალ ჭკვიანის თანამდებობაზე დაწინაურდეს, ჭკვიანმა კი ეს (ახალი რეალობა) არ აღიაროს და გახდეს ნამდვილი ბრიყვი.კულტურა კი სწორედ ის არის, რაც ყველა სააზროვნო სივრცეს, შესაძლებლობას და მხარეს მოიცავს, ანუ, კულტურა, ყველაზე პოეტური მეტაფორა რომ ვიხმაროთ, არ არის მთვარის მხოლოდ ხილული მხარე, ის მის ბნელ მხარესაც მოიცავს.
სამყარო პარადოქსებითაა სავსე. გაუმარჯოს სიბრიყვეს!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.