ინტერვიუ
„თუკი არჩევნებში გაიმარჯვებს „ოცნება“, დიდია შანსი კანდიდატის სტატუსი გაყინული დარჩეს“ - კახა გოგოლაშვილი
FaceBook
საქართველოს ხელისუფლების მიერ "რუსული კანონისა" და სხვა დისკრიმინაციული კანონების მიღებამ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები "დაბალ ნიშნულზე დაიყვანა", რამაც გამოიწვია ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერდა.


ამის შესახებ  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰაჩინსკიმ განაცხადა.

ეს გადაწყვეტილება  ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.

საქართველოსგან განსხვავებით ევროკავშირმა გაწევრებაზე მოლაპარაკებები გახსნა მოლდოვასა და უკრაინასთან.

საქართველო, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონში პირველი იყო, მკვეთრად ჩამორჩა.

საქართველოსთვის ბოლო შანსი, რამაც შეიძლება მდგომარეობა შეცვალოს რჩება არჩევნები.

ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველოს შანსებსა თუ უშანსობაზე, არჩევნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე გვესაუბრება  "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.


-იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბრის არჩევნებზე პროდასავლური ძალები გაიმარჯვებენ, რამდენად სწრაფად შეიძლება აღდგეს ურთიერთობები ევროკავშირთან, დახმარებების თუ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის კუთხით, რამდენად სწრაფად მოხდება რესტავრაცია? 

და პირიქით, თუკი ხელისუფლება იგივე დარჩება, ოლიგარქიის და  "ოცნების" ხელისუფლების მიერ  მიღებული დისკრიმინაციული კანონების პირობებში საერთოდ თუ დარჩება ოდნავი შანსი, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს?


-ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თუ ვთქვათ, დემოკრატიული კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, მას დასჭირდება თავისი პოზიციების კარგად წარმოჩენა, რაც მყისიერად ვერ მოხდება, რა თქმა უნდა. შეიძლება დასჭირდეს გარკვეული ხანი იმისთვის, რომ   ამ ახალმა ხელისუფლებამ ევროკავშირის ნდობა  მოიპოვოს. ახალმა ხელისუფლებამ ჯერ უნდა შეავსოს კომიტეტები პარლამენტში, შექმნას მთავრობა, მთავრობამ თავისი პოლიტიკა გამოაცხადოს, შეხედულებები ჩამოაყალიბოს,  დიპლომატებთან კონსულტაციები გამართოს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი იმედია კარგად ჩაივლის. შეიძლება  დასჭირდეს რამდენიმე თვე იმას, რომ ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები აღდგეს იმ დონეზე, რომელზეც  გვქონდა.

მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი არჩევნებში გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ეს ჩვენი კანდიდატის სტატუსი გაყინული დარჩება, შესაძლოა  მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში

- ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების  მიმართ ზეწოლის კიდევ რა ბერკეტები გააჩნია?

-ამ მომენტში ევროკავშირმა პრაქტიკულად მინიმუმამდე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები  მთავრობასთან -  აღარ აქვთ სამუშაო ურთიერთობაც კი. აი, მაგალითად, მოიწვიეს ელჩები,  რაღაც შეხვედრაზე, საგარეო  საქმეთა სამინისტროში და არავინ მივიდა  უნგრეთის ელჩის გარდა. პრაქტიკულად, დემარში მოახდინეს. არ მივიდნენ იმ გამონათქვამებისა და პოლიტიკის გამო რასაც საქართველოს ხელისუფლება არ თაკილობს. ეს არის მათი (ევროკავშირის) ზემოქმედების ბერკეტი.  ასევე ბერკეტია დახმარების შემცირება, რომელსაც უწევს ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, ასობით მილიონებს ახარჯავს ყოველწლიურად. მარტო ბოლო სამ წელიწადში 550 მილიონი დახარჯა სამთავრობო და საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების მხარდასაჭერად. განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა. პირდაპირი მხარდაჭერა პრემიერის ადმინისტრაციის, მხარდაჭერა პარლამენტის ადმინისტრაციისთვის, ამაში, ყველაფერში საკმაოდ მნიშვნელოვანს ხარჯავდა და ეს ყველაფერი შემცირდება.

-რადგან არჩევნები ვახსენეთ აქვე მინდა გკითხოთ ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ რა სურათი გვაქვს ,რა გვაჩვენა ამ არჩევნებმა?

-ევროპარლამენტში არჩევნებმა აჩვენა, რომ ცოტათი მოიმატა რადიკალური ძალების რაოდენობამ, მაგრამ ისინი, ერთად აღებულიც არ სცდებიან 20%-ს. ასე რომ ყველა ექსტრემალური ძალა მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე ერთად რომ აიღო არ გამოდის 20-25%- ზე მეტი, ასე რომ რადიკალური ძალები ამინდის შექმნას ევროპარლამენტში ვერ მოახერხებენ.

"ევროპის სახალხო პარტია" ისევ გამარჯვებულია და 9 მანდატით მეტი აქვს, ვიდრე  წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდა. მართალია  "სოციალისტებს" და "მწვანეებს" შეუმცირდათ მანდატები, მაგრამ  "განახლებულ ევროპას", რომელიც ასევე ცენტრისტული ძალაა,  გაეზარდა პირიქით. საბოლოო ჯამში, ცენტრისტული ძალები, ცენტრისტული მემარჯვენე და ცენტრისტული მემარცხენე ძალები  წარმოადგენენ მაინც იმ რაოდენობას, რომელთაც  შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება.

ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მისაღებად  უმეტეს შემთხვევაში საჭიროა უბრალო უმრავლესობა, რომელიც უდრის 361 მანდატს. ისინი კი 400-ზე მეტს აგროვებენ, კვალიფიციურ უმრავლესობას უახლოვდებიან  რაოდენობით.

ასე, რომ შეფერხება იმ პოლიტიკას, რომელსაც  ევროპარლამენტი უმეტესად უჭერდა მხარს, ამ ეტაპზე, ამ ხუთი წლის განმავლობაში არ ექმნება.

- თუ შეიძლება, რომ ახსნათ მაინც რით არის განპირობებული ულტრამემარჯვენეების ასეთი წარმატება ევროპის რიგ ქვეყნებში?  

-ულტრამემარჯვენეების ზრდა აიხსნება ეკონომიკური კრიზისით რომელიც ევროპაში დიდი ხანია არსებობს. ამ კრიზისიდან  მნიშვნელოვან წილად გამოვიდა ევროპა, მაგრამ დატოვა კვალი.

არის ასევე მიგრაციის პრობლემა, ომები ევროპის გარშემო.

განსაკუთრებით აწუხებთ გარედან მიგრაციის ზრდის პროცესი. ომების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთიდან დიდი რაოდენობა მოსახლეობა გამორბის ევროპაში.

ევროკავშირი, ღირებულებებიდან გამომდინარე, თავისი პოლიტიკით ბევრად ტოლერანტულია დევნილებისა და ლტოლვილების მიმართ ამიტომ მათ დიდ რაოდენობას იღებს. ეს აწუხებს ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კონსერვატიული და ჩაკეტილია. ამ  შემთხვევაში მათი სენტიმენტები იხრება ნაციონალიზმისკენ, რომელიც გულისხმობს  - პირველ რიგში ჩემი მოქალაქე და მერე ემიგრანტი.

ეს არის ძირითადი მიზეზი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ კიდევ ერთ მიზეზს - ძალიან ძლიერი პროპაგანდა არსებობს მსოფლიოში, გაძლიერდა ჩინური და  რუსული პროპაგანდა. მათი ძირგამომთხრელი მუშაობა თავის გავლენას ახდენს.

-  ეს დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ალბათ. რაღაც უფრო მძლავრი და ქმედითი მექანიზმებია მოსაძებნი პროპაგანდის  წინააღმდეგ.

-  დიახ, გეთანხმებით

- ახლა, ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტაზე, მაგრამ, თუკი ეს მოხდება რა მოჰყვება მაშინ  ამას საქართველოში, ეს პროცესი  მძიმე დისტოპიურ სურათად მესახება ...


- ევროკავშირი ურთიერთობას  სრულად არ გაწყვეტს ალბათ. უბრალოდ ეს შეიძლება მოხდეს ვთქვათ, იმ შემთხვევაში  ევროპის საბჭოდან თუ გაგვრიცხეს, პოლიტიკური მოტივით ხალხის დაჭერა თუ დაიწყეს,...ბელარუსიზაციის გზას თუ დავადექით. სხვაგვარად უბრალოდ გაყინავენ ურთიერთობებს, არ იქნება არანაირი ევროკავშირის მოლაპარაკებები, შეამცირებენ მინიმუმამდე დახმარებას...

ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ და ბოლომდე დავუჭერთო. ამით მიანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ასე იქცევა, ჩვენ ვაგრძელებთ  ამ საკითხის მხარდაჭერასო.  ევროკავშირი ამდენი წელია მუშაობს იმაზე, რომ არავინ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ამ ორი აქტორის დამსახურებაა, რომ პრაქტიკულად არავის ??უცვნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა,

ევროკავშირი  მიუხედავად ყველაფრისა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. მთავრობები წარმავალია, მაგრამ ქვეყანა რჩება საბოლოო ჯამში. საქართველო უნდა  დარჩეს, როგორც იყო და არის ცნობილი გაეროს  მიერ აღიარებულ საზღვრებში.


- მიმდინარე წლის აპრილამდე  სამოქალაქო საზოგადოება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ როგორმე გვეიძულებინა ხელისუფლება პირნათლად შეესრულებინა ევროკომისიის მიერ დაკისრებული        9 პუნქტიანი შეთანხმება.  "რუსული კანონის " პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება უფრო დიდ პრობლემაზე გადაერთო და ხელისუფლებამ საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან ამ დაკისრებული ცვლილებების შესრულების ვალდებულება

- ოქტომბრის დასაწყისში  ევროკავშირი წარადგენს გაფართოების ანგარიშს იქ ილაპარაკებენ  ამ 9 პუნქტზე რაიმე გაკეთდა თუ არ გაკეთდა.

ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. გააუარესა ბევრი პუნქტი. ეს ყველაფერი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში იქნება ნათქვამი და აღწერილი. წარმოდგენილი იქნება ის, რომ საქართველო ახლა არის რთულ ეტაპსა და  მდგომარეობაში. მოლდოვა და უკრაინა მიდიან წინ, საქართველო - არა. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მოვასწარით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება  ეს გვაძლევს შანსს  მომავალში. როცა მთავრობა  შეიცვლება და  მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც დაინტერესებული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციით, იგი ნულიდან არ დაიწყებს,  დაიწყებს კანდიდატის სტატუსიდან.

-კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ რატომ არის ჩვენთვის ევროპულ ოჯახში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?


-საქართველო გადარჩენისთვის იბრძვის, ამდენად, ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება უსაფრთხოებაა და ჩვენ თუ ამას მივაღწევთ, შეგვიძლია წინ წავიდეთ.
ტერიტორიები დავკარგეთ,  ბევრი რამ გადავიტანეთ,  ქვეყანას სჭირდება ერთხელ და სამუდამოდ მოხვდეს ისეთ გარემოსა და მეგობრებში, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას არავის რომ დაგიპყროს, ტერიტორიები წაგართვას, დაგაშინოს ხომ გვინდა, რომ საბოლოოდ ისეთ მმართველობის ფორმაში ცხოვრება, სადაც ადამიანი დაჩაგრულად არ იგრძნობს თავს, სადაც ექნება თავისი უფლებები, შესაძლებლობები, სახელწიფო ბიუჯეტი იქნება ყველასთვის და არა მარტო ვიღაცებისთვის?!

სწორედ ამისთვის არის ევროკავშირი შექმნილი - მშვიდობისთვის, თანასწორობისა და თანამშრომლობისთვის.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში ყოველწამიერად სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ძალიან დიდი და
სწრაფი ტემპებით ვექცევით საერთაშორისო იზოლაციაში.
15:23 / 02.01.2025
ქვეყანაში ყოველწამიერად სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ძალიან დიდი და სწრაფი ტემპებით ვექცევით საერთაშორისო იზოლაციაში.

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.