ახალი ამბები
კულტურაზე შეტევა ყველაზე გამბედავებმა გააპროტესტეს, ძირითადი მასა მორჩილია - ირაკლი ჩოგოვაძე
FaceBook
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.
წიგნის ცენტრი დახურეს, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს, "ლიტერას"  კონტროლი სცადეს, ურჩობის" გამო დახურეს ლიტერატურული ჟურნლები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები და "ოცნების" პროპაგანდისტები დანიშნეს კინოცენტრის ხელმძღვანელებად და ა.შ. და ა.შ.


რატომ გახდა კულტურა სამიზნე? რამდენად შეძლო ხელისუფლებამ ხელოვანების მოთვინიერება? რამდენად არის "აპოლიტიკურობა" მორალური თავშესაფარი?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.


- 2005 წელი იყო. ვმუშაობ ესპანეთში. დამიძახა ჩემმა პერუელმა მეგობარმა და ჟურნალი Nატიონალ Gეოგრაპჰიც მაჩვენა, სადაც დაბეჭდილი იყო უზარმაზარი ინტერვიუ მეცნიერ დავით ლორთქიფანიძესთან ზეზვასა და მზიაზე. ამ დიდ აღმოჩენას, ეძღვნებოდა ჟურნლის რამდენიმე გვერდი. იყო სხვა სტატიებიც ბოლნისის აღმოჩენაზე. კარგად მახსოვს ის დღე.

ფილმი "მიმინოს" არ იყოს გული სიამაყით ამევსო, ვფიქრობდი, რა მაგარი კაცია დავით ლორთქიფანიძე. მეამაყებოდა მისი თანამემამულე რომ ვიყავი. მაგრამ მერე მოხდა საყდრისის ამბები, მერე ხელისუფლების მხრიდან პირველი შეტევა ხელოვნების მუზეუმზე, შენობის ხელში ჩაგდება რომ უნდოდათ. უნდა დავანგრიოთო, ამბობდნენ, ერთ-ერთ ყველაზე ძველ სამოქალაქო არქიტექტურის ნიმუშზე თბილისში. მერე ხალხის გათავისუფლება დაიწყეს მუზეუმიდან, მთელი ხელოვნების მუზეუმი დახსნეს.

მერე მოყვა იულონ გაგოშიძის ამბები, მეცნიერი ჯერ კაბინეტში და მერე საერთოდ მუზეუმში არ შეუშვეს. ამ დროს დავით ლორთქიფანიძე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერია და ერთ- ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენის ავტორი ( მისი ძალისხმევით მიდიოდა მთელი ის გათხრები და სამუშაოები ბოლნისში), ასეთი კაცი ხმას არ იღებს. საერთოდ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მერე ვუყურებდი და გელათის ამბებზეც გასუსული იყო. პირიქით, ღარიბაშვილი შეაქო. ამის მერე კულტუირის მინისტრ წულუკიანზე რა უნდა ვთქვა, როდესაც დავით ლორთქიფანიძე ასე იქცევა.

რად მინდა მისი მეცნიერება, როცა საკუთარი თანამშრომლის დაცვა არ შეუძლია. ასეთი რთული სიტუაციაა. არა მარტო ლორთქიოფანიძე, სხვების შემთხვევაშიც ასეა.

ჩამოიქცა გელათი და კულტურის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ხმას არ იღებს. მათ შორის ქუთაისში. ხელოვნებათმცოდნე რომ ხარ და სიტყვა გეთქმის, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი გინადგურდება და ამაზე არაფერს ამბობ, ერთ სიტყვას არ დაწერ და ერთ პოსტს არ მიუძღვნი სოციალურ ქსელში როგორ ხარ ამის შემდეგ ხელოვნებათმცოდნე?!

- რატომ ვერ ამბობენ?


- რატომ ვერ ამბობენ და ყველა სახელმწიფოზეა ჩამოკიდებული. ყველა კაპიკი სახელმწიფოდან მოდის. კინოს მარტო ვერ გადაიღებ ჰოლივუდის ინდუსტრია ხომ არ გვაქვს?! ყველაფერი სახელმწიფოზეა მიბმული და სახელმწიფოც სარგებლობს ამით. მანამდეც მასე იყო და ახლაც ასეა. მაგრამ ახლა რუსული მთავრობა რომ გვყავს ამიტომ არის ორჯერ უფრო მტკივნეული. მხატვრობაში შედარებით თავისუფლებაა. შეგიძლია ნახატი გაყიდო, არ ხარ ხელისუფლებებზე დამოკიდებული. კინო და თეატრი კი სტრუქტურულად ისეა აწყობილი მთლიანად სახელმწიფოზეა ჩამოკიდებული. ჩვენს დროში როგორ შეიძლება თეატრი სახელმწიფოზე ასე იყოს მიბმული?! კულტურის სამინისტრომ "მარშრუტკა" რომ აჩუქა თეატრებს სადღეგრძელოები მიუძღვნეს კულტურის მინისტრს. სახელმწიფო თეატრებს, სახელმწიფო ანსამბლებს ყველას უყვარს თეა. სხვანაირად არ შეიძლება. თეას სიყვარული ბიძინას სიყვარულია...

რეჟისორი რობერტ სტურუა რომ დგამდა საბჭოთა პერიოდში სპექტაკლებს გაოცებული ვიყავი, როგორ დადგა, როგორ გაბედა თქო, თავისუფლებაზე მომღერალი კაცი მეგონა. მაგრამ თურმე ესეც სხვებივით მონა ყოფილა. თურმე მონებსაც შეუძლიათ ზოგჯერ თავისუფლებას უმღერონ.

- თუმცა არის ხალხი, ვინც დაუმორჩილებელია.

- კულტურაზე შეტევები ყველაზე გამბედავებმა გააპროტესტეს, ყველას ვერ მოერევიან, მაგრამ ძირითადი მასა არის მორჩილი. რომელიმე საპროტესტო აქციაზე თუ გინახავს ქუთაისელი ხელოვანები? რამდენი მსახიობი არის მესხიშვილის თეატრში, სხვა თეატრებში. რომელიმე საპროტესტო აქციაზე თუ გინახავთ? შეიძლება ერთი- ორი გამოვიდეს, მეტი არა.

- ისინი აცხადებენ რომ "აპოლიტიკურები" არიან და სძულთ პოლიტიკა. "აპოლიტიკურობა" რიგი ადამიანისთვის იქცა მორალურ თავშესაფრად და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საშუალებად. მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის. რამდენად არის შესაძლებელი მოაზროვნე ადამიანი აპოლიტიკური იყოს? იყო "პოლიტიკური" რატომ აშინებთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს?

- სანამ ყველა მოქალაქე არ იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული, არ მივა არჩევნებზე, არ გააპროტესტებს რაც არ მოეწონება და კრიტიკის ქარცეცხლში არ გაატარებს მთავრობას, სხვანაირად არ იქნება უკეთესობა. აბსურდია. როგორ შეიძლება მთავრობის სიყვარული?! წარმოუდგენელია. არავის ევალება მთავრობის სიყვარული. მთავრობა მენეჯერია, რომელსაც ქირაობ და რომელმაც კარგად უნდა მართოს. ეს ევალება და უნდა მოთხოვო, რაც ევალება იმის კარგად შესრულება. ევროპაში არავის უყვარს მთავრობა. ეს ჩვენ "გვიყვარს" მთავრობა ავტორიტარულ რეჟიმებგამოვლილ ხალხს.

აპოლიტიკურობის სენი დაემართა რუსეთის მოსახლეობას, წლების წინ რუსეთში, ქუჩის გამოკითხვები რომ მომისმენია, რესპონდენტები უმეტესად აცხადებდნენ, რომ აპოლიტიკურები იყნენ. არ მაინტერესებს, არ ვერევი ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებშიო, აცხადებდნენ. ამიტომ მივიდა რუსეთი იქამდე სადამდეც მივიდა. აგენტებად აცხადებენ, აპატიმრებენ, წამლავენ ადამიანებს. ჩვენთანაც იგივე პრობლემა დგას დღეს.

პოლიტოლოგიაც და პოლიტიკოსობაც კარგი პროფესიაა სინამდვილეში. სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვასთან არის დაკავშირებული. რაც დღევანდელობასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და გამოწვევებთან არის კავშირში და როგორ შეიძლება ამის შემდეგ მოქალაქე აცხადებდეს რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა/! პოლიტიკა იწყება ადგილობრივი თვითმმართველობიდან. ჩვენთან ეს უზარმაზარი სეგმენტი გამოტოვებულია. ვერ ირჩევ შენი უბნის, რაიონის, ქალაქის თავკაცს, საკრებულოს წევრებს, იცი რომ ყალბდება. სიყალბის დიდი მანქანის ნაწილია ესეც. არადა პოლიტიკოსი წესიერ ქვეყნებში ჯერ იწყებს მისი უბნიდან, ქალაქიდან, გუბერნიიდან და მერე მოდის დიდ პოლიტიკაში. ჩვენთან ასე არ ხდება. საიდანღაც გამოგვეცხადებიან პრემიერ-მინისტრები. არავინ იყო ღარიბაშვილი, ვიცოდით ვერტმფრენები უყიდა ივანიშვილს. უცებ ვნახეთ შსს მინისტრად დაინიშნა, მერე პრემიერ-მინისტრად.

ჩვენნაირი ქვეყნისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთხწელიწადში ერთხელ ხელისუფლებების ცვლა. ჩვენთან არ ხდება ხელისუფლების ცვლა ათწლეულის განმავლობაში.

- მახოვს კახა ბენდუქიძის შეფასება 2012 წელს "ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ფეხი ნეხვში ჩავდგითო, დაახლოებით ასე თქვა...

-2012 წელს როდესაც შეიცვალა მთავრობა კარგი მოვლენა იყო.წინგადადგმული ნაბიჯი. მაგრამ მოვიდა "ოცნება" და ისევ ჩაკეტა, ისევ არ იცვლება არჩევნების გზით ხელისუფლება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.