ინტერვიუ
„შიშის და გაუბედაობის წახალისება იყო მუდმივად რუსული მართვის წარმატების საიდუმლო“ - დავით ხვადაგიანი
FaceBook
ბოლშევიკური, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა.

ოკუპაციამ წაიღო მომავალი და მოკლა  "სხვა საქართველოს“  შენების დიდი შესაძლებლობები.

ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ მოგვეცა შანსი დაგვებრუნებინა ქართული სახელმწიფო, ვქცეულიყავით დასავლური სამყაროს სრულფასოვან წევრად, თუმცა დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე იმის რეალური საფრთხე გაჩნდა, რომ ისევ დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფო და რუსეთის ორღობედ ვიქცეთ. 

რამდენად შესაძლებელია ისტორიის განმეორება, ერთ მდინარეში ორჯერ შეცურვა, საბედისწერო შეცდომების და დანაშაულების კვლავწარმოება და საერთოდ არაფრის სწავლა ისტორიიდან?

„ქუთაისიპოსტის“ სტუმარია ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი დავით ხვადაგიანი.

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თითქმის ორნახევარი საუკუნე კაცობრიობის ისტორიის უმნიშვლელოვანესი მოვლენების ფონზე ვითარდებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისი, როდესაც გაფართოების პროცესში მყოფმა რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები თანმიმდევრულად დაიპყრო და მიიერთა, დიდი იმპერიების განვითარების პიკს დაემთხვა, როდესაც იმპერიას, მაშინდელი საერთაშორისო სამართლის და პოლიტიკური წესრიგის თანახმად სრულიად ლეგიტიმური უფლება და საშუალება ჰქონდა პატარა ერების დაპყრობის, სუვერენული, სახელმწიფოებრივი ნიშნების გაუქმების და მიერთებისთვის. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული სამეფო ოჯახის და ელიტების არაერთმა მცდელობამ თუ შეიარაღებულმა აჯანყებამ რუსეთის გავლენისგან თავი დაეღწიათ შედეგი არ გამოიღო და ძლიერი იმპერიის პირისპირ დარჩენილი მებრძოლი ძალების წინააღმდეგ რეპრესიებით და მათი განადგურებით დასრულდა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ განიმტკიცა მდგომარეობა კავკასიაში, საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის და თვითმმართველობისთვის ბრძოლამ ქართველი განმანათლებლების და სოციალური მოძრაობების აქტიურობაში ჰპოვა განვითარება, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ქართული აქტიური საზოგადოების და მე-19 საუკუნის დასასრულს წარმოქმნილი პოლიტიკური პარტიების ბრძოლამ, თუნდაც შეზღუდული ადგილობრივი თვითმმართველობის-ერობისთვის და პოლიტიკური ავტონომიისთვის არათუ შედეგი გამოიღო, პირიქით რუსული იმპერიული ხელისუფლებისგან მას ყრუ კედელი დახვდა აღმართული, რამაც 1905-1906 წლებში რევოლუციურ პროცესებს, მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით საქართველოში თითქმის ყველაზე აქტიურ განვითარებასაც კი შეუწყო ხელი, თუმცა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების რეაქცია მკაცრი და დაუნდობელი იყო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა.

ერთი შეხედვით თითქმის უიმედო და გამოუვალი სიტუაცია, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და დრამატულმა მოვლენამ შეცვალა; 1914 წელს დაწყებულმა დიდმა ომმა, რომელსაც მაშინ  “საერთაშორისო ომის”   “ინდუსტრიული ომის” თუ სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ და დღეს პირველი მსოფლიო ომის სახელითაა ცნობილი, მთლიანად შეცვალა, ევროპის, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილის პოლიტიკური რუკა და ასევე მსოფლიოს ისტორიის განვითარების ხაზი. ომმა, რომელმაც მთელ ევროპას მანამდე წარმოუდგენელი ადამიანური მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის და მეურნეობის ნგრევა მოუტანა, ამასთანავე წერტილი დაუსვა დიდი იმპერიების ეპოქასაც და პატარა, დაპყრობილ ერებს, მათ შორის, საქართველოს თავისუფლების ისტორიული ფანჯარა და შესაძლებლობა გაუხსნა. ზუსტად ამ ისტორიულმა ფანჯარამ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და სამწლიანი სახელმწიფოებრივი მშენებლობა.

საბჭოთა რუსეთი და მისი ბელადი ვლადიმერ ლენინი, რომელიც დეკლარირებულად მაინც ცნობდა ახალი სამყაროს მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგს, რაც პირველ რიგში ერთა თვითგამორკვევის პრინციპს ეყრდნობოდა, ახალი სახით რუსეთის იმპერიის აღდგენას ფრთხილად უყურებდა. მისი პოლიტიკა და მოქმედება თავიდანვე არ ითვალისწინებდა პირდაპირ ინტერვენციას და ოკუპაციას. ის სამიზნე ქვეყნების ხელში ჩაგდებას შიდა გადატრიალებისა და აჯანყების ორგანიზებით ანიჭებდა უპირატესობას. 1917 წლიდან მოყოლებული, 1920 წლის ჩათვლით, საბჭოთა რუსეთის ყველა მცდელობა, აჯანყებითა და დიდი ფინანსური რესურსების დახარჯვით - დაემხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, წარუმატებელი გამოდგა.

1921 წლის დასაწყისში მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე-იურე აღიარება და საფრანგეთის ხელისუფლებაში საქართველოსადმი კეთილგანწყობილი არისტიდ ბრიანის მოსვლა დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა, საბჭოთა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი ინტერვენცია დაეწყო, რაშიც ვლადიმერ ლენინს დაჟინებით არწმუნებდნენ საბჭოთა რუსეთის ეროვნებათა სახალხო კომისარი, იოსებ სტალინი და კავბიუროს ხელმძღვანელი, სერგო ორჯონიკიძე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პროპაგანდა ათწლეულების მანძილზე ამყარებდა მითს, რომ საქართველოში 1921 წლის თებერვალში აჯანყება და “მენშევიკური მთავრობის” დამხობა მოხდა, ფაქტია, რომ ეს პირდაპირი ინტერვენცია და ოკუპაცია იყო.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 1920-იან წლებში, როდესაც საბჭოთა რუსული ოკუპაცია ახალი მომხდარია და ანტისაბჭოთა განწყობები და აჯანყებები დუღილის პროცესშია, საბჭოთა რუსული პროპაგანდა დაჟინებით ამტკიცებდა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ტრიბუნებიდან, რომ საქართველოში არა სამხედრო ინტერვენცია და რუსული ოკუპაცია მოხდა, არამედ უბრალოდ მთავრობა შეიცვალა და ეს გადატრიალება იყო. საქართველოში ამ პროპაგანდას, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხელისუფლების მიმართ დიდი წინააღმდეგობის მუხტი იყო, მაინც ჰქონდა გასაქანი, რადგან რიგითი ობივატელისთვის ძნელი გასაგები იყო, თუ ეს რუსული ოკუპაცია იყო, რატომ იყო საქართველო დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც „ნებაყოფილობით“ იყო გაერთიანებული საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების კავშირში საიდანაც „ნებისმიერ დროს ჰქონდა გასვლის უფლება“ და არა რუსეთის ორი გუბერნია, როგორც რამდენიმე წლის წინ, რაც მას საკუთარი მეხსიერებითაც კი კარგად ახსოვდა. ამ პოლიტიკის წარმატება ზუსტად იმან მოიტანა, რომ რუსეთის განახლებულმა იმპერიამ, საბჭოთა კავშირმა თავისი საოკუპაციო მოქმედება, მაშინდელ თანამედროვე სამყაროში მიღებული პრინციპებით შეფუთა, ფეხი აუწყო და როგორც სხვა ოკუპირებული რესპუბლიკების, ისევე საქართველოს „უფლება“ საბჭოთა კავშირის დატოვების და თავისი სუვერენული უფლებების განხორციელების, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და ფიქცია იყო.

მსგავსი მეთოდით მოქმედებდა რუსეთი 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და მალევე რუსეთიდან მხარდაჭერილმა და ორგანიზებულმა ძალებმა ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხეს და საქართველო კვლავ რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არც საბჭოთა კავშირის აღდგენა დასჭირვებიათ და არც საქართველოს სუვერენული ნიშნების გაუქმება. რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ და გამოცდილებამ აქაც თანამედროვე სამყაროს პრინციპებით შეფუთა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების დამხობა და რიგით ქართველს თავის სანუგეშოთ ისღა რჩებოდა, რომ ოფიციალურად არ დააბრუნეს საბჭოთა კავშირში და საქართველო ქაღალდზე მაინც რჩებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მაგალითისთვის მსოფლიო სპორტულ ტურნირებზე თუ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები საქართველოს სახელით მაინც გამოდიოდნენ და არა CCCP - ის.

1990-იანი წლების მანძილზე საქართველო შეუმდგარი და წარუმატებელი ქვეყანა იყო, რომელსაც საკუთარი სუვერენული უფლებების განხორციელება არ შეეძლო და ავტომატურად რუსეთის გავლენის ქვეშ რჩებოდა, მიუხედავად 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დასავლეთისკენ და ცივილიზებული სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯებისა.

სიტუაცია მკვეთრად შეცვალა 2003 წელს მომხდარმა მშვიდობიანმა “ვარდების რევოლუციამ” რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოსულმა რეფორმისტულმა გუნდმა რეალური გახადა საქართველოს სუვერენული უფლებები, რეფორმებთან ერთად მკვეთრი ნაბიჯებით დაიწყო რუსული გავლენისგან თავის დაღწევა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რეალისტური გახადა, რასაც საპასუხოდ 2008 წლის რუსული აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა, რასაც მალე დასავლეთიდან რეაქცია, ომის შეჩერება მოჰყვა და რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, საქართველოს დედაქალაქის აღებას, პოლიტიკური ხელისუფლების განადგურებას და მარიონეტული მთავრობის დასმას, რამდენიმე წლის შემდეგ რუსული ჰიბრიდული ომის მანქანამ, ფინანსურმა უზრუნველყოფამ, საქართველოს გარშემო დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების კონცენტრაციამ და ზეწოლამ, სხვა გარემო ფაქტორების და პირობების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებაში, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი მოიყვანა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესაფერხებლად და ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით საქართველო კვლავ მჭიდროდ დაუკავშირა რუსულ გავლენებს.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ისტორიის გამეორება“ არ არის ილუზია და შემთხვევითობა, ისტორია პირველ რიგში გამოცდილება და ამ გამოცდილების გააზრებაა. რუსული საოკუპაციო რეჟიმები ყოველთვის ცდილობდნენ და სამწუხაროდ ხშირად ახერხებდნენ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ისტორიის წაშლას, გაყალბებას და თაობების მეხსიერებიდან ამოკვეთას, რაც საზოგადოების მუდმივ დეზორიენტაციას იწვევს და ეს პროცესი უზრუნველყოფს შემდეგ ერთიდაიგივე მახეში გაბმას, რასაც პოპულარულ ენაზე „ისტორიის გამეორებას“ ვეძახით. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ თუ ადრე საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი მეხსიერების წაშლას და ინფორმაციის მიუწვდომლობას, აგრესიულ პროპაგანდასთან ერთად, მარტივად, მისი საარქივო თუ საბიბლიოთეკო საცავებში გამოკეტვით ახერხებდა, დღეს მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საინფორმაციო ერაში მარტივია ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, რუსული პროპაგანდა მას დეზინფორმაციის და ყალბი ინფორმაციის ოკეანით ფარავს, რაც საბოლოო ჯამში იგივე შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.

სამწუხაროა თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფო უკვე დიდი ხანია დავკარგეთ... საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, პირველ რიგში მისი სუვერენული უფლებების განხორციელებისას საგარეო პოლიტიკურ კურსში გამოიხატება, საქართველოს ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მოსვლის და მისი არაფორმალური მმართველობის შემდეგ კი ეს უფლებები მეთოდურად და თანმიმდევრულად იქნა განეიტრალებული, რაც ყველაზე მკაფიოდ რუსეთ-უკრაინის ცივილიზაციურ ომში გამოჩნდა, სადაც საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ მყოფმა ხელისუფლებამ, საქართველო რუსეთის ე.წ უკანა ეზოდ გადააქცია. ამიტომ საფრთხის შეგრძება, რომ სახელმწიფოს დავკარგავთ არასწორია - პირიქით, მიტაცებული სახელმწიფო გვაქვს დასაბრუნებელი და იმ რელსებზე დასაყენებელი, რომელიც ცივილიზებულ სამყარომდე მიგვიყვანს.

- თუკი შესაძლებელია შედარება რომ გავაკეთოთ, როგორი საქართველო იყო მაშინ და როგორია ახლა? როგორი საზოგადოება იყო მაშინ და როგორია ახლა? როგორი საერთაშორისო მხარდაჭერა იყო და როგორია ახლა? როგორი მთავრობა ყავდა პირველ რესპუბლიკას და როგორია ახლა? როგორი იყო მტერი რუსეთი და როგორია ახლა?

- ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე კითხვა თუ როგორი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკა, მისი მთავრობა და როგორია დღეს, სამწუხაროდ არარელევანტურია. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა იმ პოლიტიკურ და ფაქტობრივ განზომილებას უფრო შეეფარდება, რაც 1920-იან და 1930-იანი წლების საქართველოში ხდებოდა, ამის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს არცთუ შორეული ამბები; სადაც ხელისუფლება, კულტურის სფეროს, თავისუფალი სიტყვის, ჟურნალისტების და დამოუკიდებელი მედიების აქტიური მდევნელის როლში გამოდის და სხვა მრავალ მაგალითთან ერთად სულ ბოლოს „ხალხის მტრების“ და „იმპერიალიზმის აგენტების“ საბჭოური დევნის კარიკატურულ სტილში, საბჭოეთის პირველი რიგის მემკვიდრის, აგრესიული რუსული იმპერიის კანონების კოპირება დაიწყო ე.წ უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ.

რაც შეეხება როგორი იყო ადრე და როგორი არის ახლა რუსეთი - ის არ იცვლება, ის ისეთივე აგრესორია, როგორც მე-19 და მე-20 საუკუნეებში, რამაც დღეს უკვე მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დააპირისპირა და იმედი გააჩინა, რომ ტრადიციულად გამოცდილ, დიდ ომებში დამარცხება, როგორც ეს პირველ მსოფლიო ომში და შემდეგ ავღანეთის ომში იყო, ახლაც რუსული იმპერიის კოლაფსს გამოიწვევს და სამუდამოდ დაასრულებს მის იმპერიულ ამბიციებს და მთელ სამყაროსაც დაასვენებს რუსული საფრთხისგან.

ჯერჯერობით საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთს ჰყოფნის დიდი იმპერიული გამოცდილება და ისტორიის უწყვეტი ცოდნა, თუ როგორ მოახერხოს დამორჩილებული ქვეყნის შენარჩუნება საკუთარი გავლენის ქვეშ; როგორც ქართველი მღვდელი, დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე წერდა თავის მოგონებებში 1930-იან წლებში; „რუსეთმა ჯერ პრავასლავიით გაგვაცურა ყინულზე, ახლა სოციალიზმით გვატყუებს და როცა დასჭირდება ისევ პრავასლავიას დაუბრუნდებაო“ დღეს რუსული პროპაგანდა ძირითადად ისევ „ერთმორწმუნეობის“ მითზე და ხაფანგზეა დამყარებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს როგორც ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს, ისე ქართული ეკლესიის მომავალს.

- ჩვენ რა ვქნათ? რაიმე გამოსავალს თუ ხედავთ?

- პირველ რიგში,  გამოსავალი არის არ შევეგუოთ იმ მოცემულობას, რასაც „ბოროტების იმპერიის“  ნარჩენი რუსეთი და მისი აგრესიული პროპაგანდა გვთავაზობს, ხან შეფარვით და ხანაც პირდაპირ. გამოსავალია - უწყვეტი ბრძოლა და მოძრაობა მიზნისკენ, რასაც საქართველოს მრავალი თაობის ნატვრა - ევროპული მომავალი და ცივილიზებული სამყაროს წევრობა ჰქვია.

რაც მთავარია, კარგად გავიაზროთ ჩვენი უახლესი წარსული, როგორც მიზნისკენ მიმავალი მთავარი სამოქმედო გეგმა და არ დავემორჩილოთ იმ შიშის პოლიტიკას, რასაც დიდი მონდომებით გვახვევს თავს „რუსული სამყარო,“ რადგან შიშის და გაუბედაობის წახალისება იყო მუდმივად რუსული მართვის წარმატების საიდუმლო. რაც მთავარია, ჩვენ როგორც თავისუფალმა ადამიანებმა და მოქალაქეებმა ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის და უკრაინაში მებრძოლი ქართველების დასახმარებლად და მხარდასაჭერად, რადგან მათი გამარჯვება საწინდარი იქნება საქართველოს დეოკუპაციის და რუსული გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.