ინტერვიუ
„ჩემს რომანში აღწერილი უცნაური ამბები იმაზე რეალისტურია, ვიდრე შესაძლოა ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ“ - ირაკლი მაჩიტაძე
FaceBook
"კარგი საყვარელი ისაა ვინც საკუთარ თავზე მეტად პარტნიორის სიამოვნებაზე ფიქრობს. რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი ყოველთვის მაყურებლის სიამოვნებაზე ფიქრობს. ამიტომ იგი საუკეთესო საყვარელია", - ამბობდა ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო ალფრედ ჰიჩკოკზე.


მწერალი ირაკლი მაჩიტაძეც,  პირველ რიგში,  მკითხველზე ფიქრობს. მისი ყველაზე მთავარი საზრუნავი მკითხველისთვის სიამოვნების მინიჭებაა. ამაზე თავადაც მიუთითებს „ჩემი „უცნაურობა“ ალბათ ისაა, რომ არასდროს ვწერ როგორც მწერალი. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი შრომის შედეგი მკითხველის პოზიციიდან შევაფასო“. ესეც უჩენს მის ახალ ტექსტს „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ განსაკუთრებულ მიმზიდველობას. 

ირაკლი მაჩიტაძე რადიო „ძველი ქალაქის“ დირექტორია. ანუ მედიას წარმოადგენს. მედიის წარმომადგენლების გზა საქართველოში ხშირად პოლიტიკაში მიდის. მან სხვა გზა აირჩია. ისევე, როგორც განსხვავებული ჟანრი - საი-ფაი, იგივე სამეცნიერო ფანტასტიკა.

ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო რომანი სამეცნიერო ფანტასტიკის  ჟანრშია შექმნილი, თუმცა იერთებს დეტექტივის ელემენტებს და მკითხველს, მთავარ გმირთან, ერთად დიდი თავგადასავლის თანამგზავრად აქცევს.

რა გამოარჩევს სამეცნიერო ფანტასტიკას სხვა ლიტერატურული ჟანრებიდან?

რა ჭირდება ამ ჟანრში მომუშავე ავტორებს? 

ამ და სხვა საკითხებზე მწერალი ირაკლი მაჩიტაძე გვესაუბრება.

- სამეცნიერო ფანტასტიკა ვრცელი ჟანრია, ბევრი ქვეჟანრით, თუმცა ქართული მწერლობა არ გამოირჩევა სამეცნიერო ფანტასტიკური ტიპის ნაწარმოებთა სიუხვით. მე სულ რამდენიმე ნაწარმოები მახსენდება ამ ჟანრში. მაინც რით არის განპირობებული ნაკლები ინტერესი?

- მიზეზი როგორც მგონია სევდიანია.

გავიხსენოთ რომელ ქვეყნებშია სამეცნიერო ფანტასტიკა განსაკუთრებით პოპულარული?

ესენია აშშ, იაპონია, ევროპის წამყვანი ქვეყნები, ამ ბოლო ხანს კი ჩინეთი და სამხრეთ კორეა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების ავანგარში იმყოფებიან. შესაბამისად, ბუნებრივია ინტერესი - რა სოციალურ ცვლილებებს გამოიწვევს ესა თუ ის ტექნოლოგიური რევოლუცია.

საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ ამ მიღწევების მხოლოდ მომხმარებელია.

მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ქართველი მკითხველის მხრიდან სამეცნიერო ფანტასტიკაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ქართველი მწერლები აკმაყოფილებენ. ამასაც მიზეზი აქვს. ქართველი მწერლების უდიდესი უმრავლესობა ჰუმანიტარები არიან. ტექნიკური განათლება თითქმის არავის აქვს. ჟანრის სპეციფიკა კი მწერლისგან, გარდა წმინდა ლიტერატურული უნარ-ჩვევებისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მხრივ განსწავლულობას მოითხოვს.

- სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა ... საი-ფაის ჟანრში მომუშავე ავტორს, გარდა მწერლური გაქანებისა, კიდევ რა უნარები სჭირდება?

- დიახ, ამ შეკითხვაზე ნაწილობრივ უკვე გავეცი პასუხი. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები ახალი, ჯერ არარსებული სამყაროების შემოქმედები არიან. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. სხვათაშორის, რაღაც გაგებით იგივეს აკეთებენ ფენტეზის ჟანრის მწერლებიც. თუმცა, ფენტეზის ჟანრში არ ხარ შეზღუდული, მაგალითად ფიზიკის კანონებით. ფენტეზის ჟანრში არავის გაუკვირდება, თუ აღწერ, როგორ დაფრინავს მრავალტონიანი დრაკონი და როგორ აფრქვევს ცეცხლს პირიდან. აი საი-ფაის მკითხველი კი აუცილებლად დასვამს კრიტიკულ შეკითხვებს გრავიტაციის, თერმოდინამიკის აეროდინამიკის შესახებ.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი სამყარო რასაკვირველია ასევე ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს ფანტაზია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც თანამედროვე მეცნიერებისთვისაა ცნობილი და რომელთა მიმართ ეჭვები არ არსებობს.

- რამ განაპირობა საი-ფაის ჟანრზე თქვენი არჩევანი? რომელმა მწერლებმა, რეჟისორებმა, მეცნიერებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა?

- იყო პერიოდი, როცა ფიქრობდნენ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანა უკვე დასრულებულია. ასეთად მეოცე საუკუნის 50-იან - 80-იან წლებს მიიჩნევენ. მოგეხსენებათ ეს იყო დიდი აღმოჩენების, კოსმოსის ათვისების, ადამიანის მიერ მთვარეზე გადადგმული პირველი ნაბიჯების ეპოქა.

შემდეგ თითქოს ყველაფერი მინელდა. თუმცა ბოლო, დაახლოებით 10-15 წელია, ჟანრი ხელახლა აღორძინდა, რადგან გაიზარდა ადამიანთა ფართო მასების ინტერესი ახალი (მოსალოდნელი) სამეცნიერო გარღვევების მიმართ. როგორც ხშირად ხდება, ამაში დამსახურება კონკრეტულ მოვლენებს და კონკრეტულ პიროვნებებს მიუძღვით. დიდი ადრონული კოლაიდერი, ჰიგსის ბოზონის, თუ გრავიტაციული ტალღების ექსპერიმენტული დადასტურება, ილონ მასკის კოსმოსური პროგრამა... ეს ის თემებია, რომლებმაც სუფთა აკადემიური სფეროდან პოპ კულტურაში გადმოინაცვლეს და მილიონობით ადამიანის სულს აღელვებენ.

თუმცა, რასაკვირველია კლასიკა არ უნდა დავივიწყოთ. ჰერბერტ უელსი, არტურ კლარკი, სტანისლავ ლემი, აიზეკ აზიმოვი, ურსულა ლე გუინი, ფილიპ დიკი და ასე შემდეგ. ესენი აღიარებული ოსტატები არიან, რომელთა ნაწარმოებები ათეულობით წლების შემდეგაც აღფრთოვანებს იწვევს.

რაც შეეხება კინოს. სამეცნიერო ფანტასტიკა კინოსთვის მართალია რთული, ძვირადღირებული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მომგებიანი სფეროა. ამ ჟანრში საკუთარი, განუმეორებელი წვლილი აქვთ შეტანილი ისეთ ოსტატებს, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი, რიდლი სკოტი, ჯეიმს ქემერონი, დენი ვილნევი ვაჩოვსკები და ასე შემდეგ. თანამედროვე გლობალური კულტურა წარმოუდგენელია ისეთი საკულტო ფილმების გარეშე, როგორებიც „ვარსკვლავური ომები“ „ტერმინატორი“, ან „მატრიცაა“.

- რამდენად იცნობთ თანამედროვე მკითხველს? (თქვენი ტექსტი შთაბეჭდიელებას ტოვებს რომ იცნობთ თუნდაც იმით რომ „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ მოწყენის და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს). მაგრამ მაინც, რა ჭირდება დღეს მწერალს თანამედროვე მკითხველის ყურადღება რომ მიიპყროს?

- ჩემი „უცნაურობა“ ალბათ ისაა, რომ არასდროს ვწერ როგორც მწერალი. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი შრომის შედეგი მკითხველის პოზიციიდან შევაფასო.

შეიძლება ეს განცხადება ვინმეს ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ პროფესიონალ მწერლებს ხშირად ემართებათ მსგავსი რამ - საკუთარ ნაწარმოებს ლიტერატურის კრიტიკოსის, ან კოლეგების თვალით აფასებენ. მათთვის წერენ, მათ ეპრანჭებიან და მკითხველი ავიწყდებათ ხოლმე. მე ვცდილობ არასდროს დავწერო ისეთი ნაწარმოები, რომელიც მე თვითონ - როგორც მკითხველს ძილს მომგვრიდა, ან თავს არასაკმარისად ესთეტად, მწერლის ლიტერატურული უნარების და „სიტყვაკაზმულობის“ ვერდამფასებლად მაგრძნობინებდა. ასეთ დროს მკითხველი ყველაზე მარტივ, მწერლისთვის კი ყველაზე ტრაგიკულ ხერხს მიმართავს ხოლმე - უბრალოდ წიგნის კითხვას წყვეტს.



- რა გამოწვევებს აჩენდა წერის პროცესი? წმინდა ინტუიტიურად ხდება ეს თუ გაქვთ რაიმე სქემა, წერის პრინციპი რაღაც მეთოდოლოგია, რომელსაც ეყრდნობით?

- რაც კი ცნობილი მწერლების ბიოგრაფიებიდან მახსოვს, ძირითადად ორ ბანაკად იყოფიან. ერთნი ამბობენ, რომ მუზას ელოდებიან, სპონტანურ აფეთქებას და ერთი ხელის მოსმით ქმნიან შედევრებს. მეორე ბანაკი ამტკიცებს, რომ კარგი ლიტერატურა ყოველდღიური, მძიმე შრომის შედეგია.

მინდა დავიჯერო, რომ ჭეშმარიტება სადღაც შუაშია, მით უმეტეს, მე თვითონ სწორედ შუაშისტებს განვეკუთვნები.

- ფანტასტი ავტორები წინასწარმეტყველებებით გამოირჩევით. შეგიძლიათ მომავლის განჭვრეტა. თუმცა, თქვენს ტექსტში მოქმედება შორეულ მომავალში არ ხდება. „სიკვდილის ლურჯ ეკრანში“ მოთხრობილი ისტორია ძალიან დამაჯერებლი ჩანს და ბუნებრივად ეწერება ჩვენს რეალობაში. რაიმე სამეცნიერო კვლევა ხომ არ უდევს საფუძვლად იესეს ექსპერიმენტს? თეორიულად რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამ. ვიმეორებ თქვენი ტექსტით სრულიად დავიჯერე რომ შესაძლებელია. მაგრამ მეცნიერება რას ფიქრობს ამაზე?

- ბოლო წლები თამამად შეგვიძლია გენურ ინჟინერიაში რევოლუციის წლებად მივიჩნიოთ.

მაგალითად, 2020 წელს, გენურ ინჟინერიაში გარღვევისთვის ნობელის პრემია მიენიჭა ორ ქალს - ემანუელ შერპანტიეს და ჯენიფერ დუდნას. ის რაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ ფანტასტიკად მიაჩნდათ დღეს განჭვრეტად მომავლად აღიქმება. ასე რომ, ჩემს რომანში აღწერილი უცნაური ამბები იმაზე რეალისტურია, ვიდრე შესაძლოა ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.

- თქვენ როგორ ხედავთ შესაძლო მომავალს, 50 ან 100 წლის შემდეგ. წმინდა ტექნოლოგიური თვალსაზრისით. სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროცესი სად მიგვიყვანს?

- ფანტასტიკას აქვს ქვეჟანრი, რომელსაც პოსტ-პანკი ეწოდება. მასში ძირითადად ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეულ საშინელ მომავალს წინასწარმეტყველებენ ხოლმე. მე პირადად არ ვარ პესიმისტი. ადამიანის კეთილგონიერების იმაზე მეტად მჯერა, ვიდრე პოსტ-პანკის აპოლეგეტებს. თან სერიოზული არგუმენტებიც მაქვს.

გავიხსენოთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, ორ ზესახელმწიფოს მიერ გაჩაღებული ცივი ომი.

იმ გარემოებაზე, რომ 2023 წელს კაცობრიობა ბირთვული კატაკლიზმის გარეშე შეხვდებოდა (თუ კი საერთოდ იარსებებდა კაცობრიობა - როგორც ასეთი) ფსონის დადებას ალბათ ვერც-ერთი რისკიანი მოთამაშე ვერ გაბედავდა. საბედნიეროდ ბირთვული აპოკალიპსი არ შედგა. იმედი მაქვს მომავალშიც გვეყოფა ცოდნა, მონდომება და კეთილი ნება, რომ საკუთარ თავს და შთამომავლობას ჯოჯოხეთი არ დავატეხოთ.

მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარება თავისი არსით სიკეთეა და მჯერა, რომ ადამიანებს ყოფას მომავალშიც მხოლოდ გააუმჯობესებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ხელისუფლების მიერ
12:52 / 13.07.2024
საქართველოს ხელისუფლების მიერ "რუსული კანონისა" და სხვა დისკრიმინაციული კანონების მიღებამ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები "დაბალ ნიშნულზე დაიყვანა", რამაც გამოიწვია ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერდა.
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.