ინტერვიუ
ვაკო ხურციძე - ბევრი ადამიანი ანარქისტია, მაგრამ არ იცის ამის შესახებ
FaceBook
რა არის ანარქიზმი? ვინ არიან ანარქისტები? რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ერქვას ანარქისტი? შეიძლება თუ არა, რომ იყო ანარქისტი და ამის შესახებ არ იცოდე?

აღნიშნული საკითხების გარშემო ქუთაისში "პრაქსისის" სახელოსნოში დისკუსია გაიმართა, სადაც მომხსენებელმა ქუთაისის 41-ე სკოლის მე-11 კლასელმა ვაკო ხურციძემ ანარქიზმისა და კომუნიზმის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.
ვაკო ხურციძეს კითხვებით მიმართა "ქუთაისიპოსტმაც".

- არის თუ არა ანარქიზმი პოლიტიკური იდეოლოგია?
- ანარქიზმი არ არის პოლიტიკური იდეოლოგია. ანარქიზმის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, თუნდაც მარქსიზმისგან, არის ის რომ ის არ წარმოშვებულა რომელიმე თეორეტიკოსის ან ფილოსოფოსის კაბინეტში. ანარქიზმი არის წამოსული ხალხიდან, ანარქისტული მისწრაფებები არის ხალხში და ანარქიზმი დარჩება ქმედითუნარიანი მანამ, სანამ ის იქნება ხალხის ნაწილი, სანამ ის იქნება მიმართული ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან ქვემოთ. ამას ამბობდა ყველა ანარქისტი: პრუდონი, ბაკუნინი, კროპოტკინი. კროპოტკინი წავიდა ყველაზე შორს და შეეცადა, რომ ანარქისტული ტენდენციები, მისწრაფებები დაენახა არა მარტო ადამიანთა საზოგადოებაში, არამედ ბუნებაში, ცხოველებში, თვით მცენარეებში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირად ანარქისტები არიან ის ადამიანები, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა არის ანარქიზმი. მაგალითად, ძალიან ხშირად გვესმის: ტელევიზორში რასაც ამბობენ, არ უნდა დაუჯერო, მთავრობა ხალხისთვის არ არის და ა.შ. ეს არის წმინდა ანარქისტული გამონათქვამები. ადამიანები ხშირად არიან ანარქისტები,  ისე რომ არც კი იციან ამის შესახებ. ყველა ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უფლება აქვს გადაწყვეტილებები მიიღოს თვითონ, დამოუკიდებლად - სტიქიური ანარქისტია. ასევე, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან რა არის ანარქიზმი, უწოდებენ თავს ანარქისტებს, მაგრამ რეალურად ძალიან შორს არიან იმისგან, რასაც ანარქიზმში მოვიაზრებთ.
- და კონკრეტულდ რა ეშლება ამ ადამიანებს, რა შემთხვევაში ვერ უწოდებ ადამიანს ანარქისტს?
- არ შეძლება თავს უწოდებდე ანარქისტს და იყო პატრიარქალური მიდგომების მქონე, ეს იგივეა რომ არ გიყვარდეს რასისტები და ფერადკანიანები ერთდროულად. ანარქიზმი ფართო ცნებაა, ბევრ მიმდინარეობას მოიცავს, ანარქო-კომუნიზმს, ანარქო-კოლექტივიზმს, ანარქო-ინდივიდუალიზმს, ეკო-ანარქიზმს, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რადიკალური პოზიციები აქვთ, რადიკალურად განსხვავებულად წარმოუდგენიათ რევოლუციაც, საზოგადოების მოწყობაც და ა.შ.
აქვს თუ არა ანარქიზმს რაღაც საზღვრები და ჩარჩოები?
- ანარქიზმს მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები არა აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება მოვიაზროთ რაღაც კონტურები. როდის შეიძლება იყოს ანარქისტი ადამიანი, როდის ეწოდება ანარქისტი და როდის არა.
- ანარქიზმში ჩარჩოებზე უფრო მეტი ალბათ მითებია. რომელია ყველაზე გავრცელებული მითი?
- პირველი გავრცელებული მითი ანარქიაზე არის ის, რომ ანარქია არის ქაოსი. ადამიანები ამ სიტყვებს სინონიმადაც იყენებენ, ქვეყანაში განუკითხაობა და ანარქიააო ამბობენ, ანარქია უკანონობააო. ანარქია ნამდვილად არის უკანონობა, მაგრამ უკანონობა არ ნიშნავს ქაოსს. ამ მითის მიხედვით ანარქიას უტოლებენ ყველა უბედურებას, რაც საზოგადოებას შეიძლება შეემთხვას. რეალურად რა ხდება? მთელი მისი ისტორიის განმავლობაში ანარქისტები და ანარქიზმი მიისწრაფის არა ქაოსისკენ, არამედ წესრიგისკენ. ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი ადამიანი რომელმაც თავს ანარქისტი უწოდა პიერ ჟოზეფ პრუდონი იყო. მან შექმნა ასე ვთქვათ მონახაზები ანარქისტული თეორიებისა და დაწერა წიგნი " რა არის საკუთრება", სადაც ცალსახად უპასუხა კიდეც ამ კითხვას, რომ საკუთრება არის ძარცვა. პრუდონი - ანარქიზმის მამა - ამბობდა, რომ "ანარქია არის წესრიგის დედა". ცნობილი გამონათქვამია და პრინციპში ასეც არის: თუკი ჩვენ შეიძლება რაიმეს ვუწოდოთ წესრიგი, მხოლოდ იქ სადაც არის თავისუფალი ორგანიზება. მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა როგორ შეიძლება უწოდოს მოწესრიგებული ისეთ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ყავს დიქტატორი ან ფიურერი და სადაც მათი ერთი სიტყვაც, რაც უნდა უაზრო იყოს ეს სიტყვა, არის კანონი. ამას არ ქვია წესრიგი. შეიძლება იქ არის ფასადური წესრიგი, იქ არ კამათობენ არ არის წიანააღმდეგობები, მაგრამ ეს არ არის წესრიგი. პირიქით წესრიგი ის არის, როდესაც კამათობენ, როდესაც თავისუფალ აზრს აქვს არსებობის უფლება, როდესაც ყველაფერი ხდება თვითორგანიზებით და ურთიერთშეთანხმებით. ამ გაგებით რა თქმა უნდა ანარქია არის არა ქაოსი, არამედ წესრიგი - წესრიგის დედა.
- ანარქიზმს მაინც ყავს თავისი თეორეტიკოსები...
- ანარქიზმზე გავრცელებული მითების ერთი ნაწილი სწორედ მათ უკავშირდება. არის ხალხი, რომელთაც იციან რა არის ანარქიზმი. იციან, რომ ვიღაც კროპოტკინს, ბაკუნინს ქონდათ იდეები, კარგი იდეებიც, თუმცა უტოპისტური. თავისი სიტყვა თქვეს და იქ დარჩა დამთავრდა ყველაფერი. ხშირად მათ "ვიღაც ლოთებს" უწოდებენ, რომელთაც ქონდათ იდეები. კროპოტკინი ეს "ვიღაც ლოთი" არ არის, საკმაოდ დიდი მეცნიერი იყო, ყველა მეცნიერულ წრეში პატივისცემას იმსახურებდა. იყო ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი, ფიზიკოსი, გეოლოგი. როდესაც ამას ეუბნები ანარქიზმის კრიტიკოსს მერე უკან იხევენ. როდესაც ეტყვი, რომ ლევ ტოლსტოი იყო ანარქისტი, ან ოსკარ უაილდი ან ჯორჯ ორუელი ამ შემთხვევაში ისინი, თუკი ობიექტურად მიუდგებიან საკითხს, ხვდებიან, რომ ანარქისტები არ არიან ლოთები, ქუჩაში მორბენალი უსაქმური ხალხი. ანარქიზმი არ დარჩენილა წარსულში და ანარქიზმის იდეა არის ყოვლისმომცველი. ანარქიზმი იბრძვის მთავარი ღირებულებისთვის, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის. არ შეიძლება რომ "იდეოლოგიამ", რომელიც ასეთ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, ოდესმე აქტუალობა დაკარგოს.
- ანუ ანარქიზმი იყო, არის და იქნება
- ანარქიზმი არის ის, რაც არსებობს, არსებობდა და იარსებებს. ანარქისტულ იდეებს ჩვენ ვაკვირდებით იმ პერიოდის საზოგადოებებშიც კი, როდესაც სიტყვა ანარქიზმი საერთოდ არ არსებობდა. იქამდე, ანარქიზმი არსებობდა სახელმწიფომდე და ოჯახამდე. ადამიანები ცხოვრობდნენ ძალაუფლების გარეშე, ჯგუფებად, თვითორგანიზების გზით ახდენდნენ ფუნქციონირებას. ამიტომ ასეთმა იდეამ არ შეიძლება აზრი დაკარგოს. ბაკუნინი ამბობდა, ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა ბუნტის, აჯანყების გრძნობა. ადამიანი გრძნობს წინააღმდეგობას, გრძნობს რომ რაღაც ისე არ არის და იგი გააზრებულად ან გაუაზრებლად უპირისპირდება მას.
- ორი მითი განვიხილეთ, კიდევ არის ალბათ მითები?
- მესამე მითის განვითრებას ხელს უწყობს ანარქიზმის ბრენდად, პროდუქტად ქცევა. ქუთაისშიც გვაქვს მაგალითები რევოლუციონერი ანარქისტების და კომუნისტების მარკეტინგულ საშუალებად გადაქცევისა. ქუთაისის ცენტრში არის "ჩე გევარას" ბარი, მოსკოვშიც არის "ჩე გევარას" სახელობის კაზინო. შეიძლება ჩე გევარას, როგორც ასეთის მიმართ, არ იყო სიმპატიით განწყობილი, რომელიც იარაღით ხელში იბრძოდა კაპიტალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ შენობაში, რომელსაც მისი სახელი აწერია, სწორედ ეს ბურჟუები შედიან ვისაც ჩე ებრძოდა და ფულზე თამაშობენ. ინტერნეტ სივრცეში იყიდება ანარქიზმის სიმბოლოებით გაფორმებული მაისურები და ა.შ. ანარქიზმს აქვს მისი სიმბოლოები, ნიშნები, კარგია თუ გვეცოდინება, მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თინეიჯერი რომელსაც აქვს ტატუ A წრეში - ანარქისტია. ეს არ ნიშნავს ანარქიზმს. ანარქიზმი არ არის მარტო ფასადური.
- მგონი ამდენი მითი არც ერთი იდეოლოგიის გარშემო არ შექმნილა. ამით დასრულდა მითების ჩამონათვალი თუ კიდევ გრძელდება?
- კიდევ არის ერთი მითი... ანარქიზმი ჩვენში ასოციაციას იწვევს რაღაც იდეოლოგიასთან, რომელსაც აქვს მკაცრად განსაზღვრული სამოქმედო გეგმა. ანარქიზმი არ არის ასეთი. ანარქიზმი არ არის წესების კრებული, რომელსაც აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ თორემ პარტიიდან გაგვრიცხავენ. არ შეიძლება ანარქიზმის პარტიული გაგება. ანარქიზმი გამოიხატება იმაში, რომ ორი ადამიანი ერთმანეთში ისე აგვარებს ურთიერთობას ,რომ რაიმე მოგებას არ ელის. არ უნდა მისგან ძალაუფლება ან ანაზღაურება. ანარქიზმი არის ის, რომ ადამიანს აქვს შინაგანი უარყოფის გრნობა, როდესაც ხედავს მეორე ადამიანის ტანჯვას და შეურაცხყოფას, უსამართლობის გამოვლინებას. ანარქიზმი არის ღია დისკუსიისთვის. მას აქვს ხედვა, როგორი უნდა იყოს ადამიანების საზოგადოება. თუმცა ის არ ცდილობს ადამიანის შეცვლას. კომუნიზმიც, ნაციზმიც და ბევრი მსგავსი იდეოლოგიები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ადამიანი უნდა გახდეს სხვანაირი, გახდეს სრულყოფილი ფიზიკურად, უნდა შეეცვალოს ღირებულებები. ანარქიზმი იღებს ადამიანს ისეთს როგორიც არის და არ ცდილობს ადამიანი წარმოაჩინოს ბოროტად ან კეთილად, როგორც სხვა იდეოლოგიები გვთავაზობენ.

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.