ინტერვიუ
"პრო–ქართველი" მეუფე რუსეთის მიერ ნაწამები მღვდელმთავრების ეპარქიაში (ინტერვიუ)
FaceBook

საქართველოში სიდიდით მეორე, ქუთაის–გაენათის ეპარქიის  ახლადდანიშნული წინამძღოლი მეუფე იოანე  გამრეკელი, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას არ მალავს.


რუსთავის ყოფილმა მიტროპოლიტმა   იმ ეპარქიას უნდა უწინამძღვროს, რომლის ორი მღვდელმთავარი დოსითეოსი და ეფვთიმე რუსეთის იმპერიამ  წამებით მოკლა.

იოანე გამრეკელი მცოცავი ოკუპაციის ფონზეც კი  საქართველოს მიმართ რუსეთის დამსახურებაზე საუბრობს.


რა არგუმენტებით ამართლებს მეუფე  რუსეთის იმპერიის მიერ ქართული ეკლესიების გადათეთრებას და აქვს თუ არა კაბინეტში რუსული დროშა.

ასევე, რას ფიქრობს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და რას უპირებს საპატრიარქო დეკანოზ  გიორგი მამალაძეს,  რა მოსწონს და რა არ მოსწონს დასავლეთში  და რატომ ადანაშაულებს ევროპას ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე მეუფე იოანე გამრეკელთან ქუთაისიპოსტმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:




ბოლო პერიოდში არაერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ალაპარაკდა საპატრიარქოსა და ეკლესიებში ე.წ. სოდომის ცოდვაზე, ანუ მამათმავლობის ფაქტებზე. თქვენ რას იტყვით ასეთი ფაქტების ნამდვილობის შესახებ?


სხვის სიტყვებზე პასუხს ვერ ვაგებ. მეუფე (ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა) რას ამბობს, ან რა იგულისხმა იმას უნდა ჰკითხოთ. ის ამბობდა, მაგრამ ფაქტი არ მოუყვანია და ფაქტის გარეშე სიტყვა არაფერს  ნიშნავს. თუ იყო ფაქტები, უნდა ეთქვა. მე სხვა რამეს გეტყვით. შეიძლება ადამიანი იყო ამ ცოდვაში და მოვიდა ეკლესიაში სინანულით და დაანება იმას თავი, აღარ უბრუნდება ცოდვას. ეს სხვა საკითხია. მე თეორიულად ვუშვებ, რომ ასეთი რამ შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ იმაზე ბრალდება, რომ შენ ასეთი იყავი, უსამართლობა და უწესობა  იქნება.


ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რა გავლენა იქონია საპატრიარქოზე და ქართულ ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუციაზე?  ვგულისხმობ ნდობას, ავტორიტეტს, რომელიც ყოველთვის მაღალი ჰქონდა  ქართულ ეკლესიას. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ საჭიროა ცვლილებები?


ცვლილებები უნდა დაიწყოს საზოგადოებაში. ავადმყოფები საზოგადოებიდან მოდიან საკურნებლად ეკლესიაში. აქ ვერავინ  ვერაფერს შეცვლის. რაც არის ღვთისაგან ჭეშმარიტი, ადამიანისთვის სასიკეთო, ის როგორ უნდა შეიცვალოს? ეკლესიაში არაფერი არ შეიცვლება, რაც ცოდვა სოფლისგან მოდის, ის უნდა განიკურნოს.


პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა,  არაერთხელ მოუწოდა საპატრიარქოს, მიემართა პრეზიდენტისთვის მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით, თუმცა, სინოდმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დეკანოზის ძმამ განაცხადა, რომ თუ საპატრიარქო ამას არ გააკეთებს, იგი გაასაჯაროებს დეკანოზის წერილს, რომელშიც, მისი თქმით, საუბარია კონკრეტული სასულიერო პირების მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადაცდომებზე. ამდენი ხანი რატომ არ ითხოვა  საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალება?


როდესაც მამა გიორგი დააკავეს,  პატრიარქმა თქვა,  მე არ მჯერა, რომ სასულიერო პირმა ასეთი ბოროტება განიზრახოსო, მაგრამ რადგან გამოძიება დაწყებულია, ჩვენ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას, არ ჩავერევით მის საქმეში, რომ  ვინმემ არ იფიქროს,  თითქოს ჩვენ რამე გვინდა დავმალოთ. გამოძიება ჩატარდა და მიუსაჯეს ცხრა წელი. სამართლიანად თუ არასამართლიანად, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ეჩივლათ იქ, არავინ  უშლიდათ. რაც შეეხება შეწყალებას, განაჩენის გამოტანის შემდეგ საპატრიარქომ დააპირა განცხადების გაკეთება და მივიღეთ უარი. მაშინ მამალაძე შანტაჟის ენით დაელაპარაკა ეკლესიას, დაემუქრა წერილით, თუ არ გამომიშვებთ მე გამოვაქვეყნებ წერილსო. ჩვენ ვიმსჯელეთ ამაზე და პატრიარქს მოვახსენეთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ რომ დღეს ვითხოვოთ შეწყალება, ეს ნიშნავს, რომ შეგვეშინდა მხილების. ანუ, მან თავად შეუშალა ხელი ჩვენს მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ ვთქვით: თუ აქვს ეს წერილი, გამოაქვეყნოს. ორ წელიწადზე მეტი გავიდა და  არ გამოუქვეყნებია. ესეიგი წერილი არ არსებობს, ეს არის სიცრუე და ტყუილი. მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ მისი ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია, დააწვინეს კლინიკაში. შეისწავლეს ექიმებმა და დაასკვნეს, რომ ეს იყო  სიმულაციები. როდესაც ადამიანს სუსტი გული აქვს, ნერვიულობის დროს მას შეიძლება არაადეკვატური მოძრაობები ჰქონდეს,  გაშეშება, ან წნევის ვარდნა, მაგრამ როცა მას სძინავს და არ ნერვიულობს, მისი კიდურები ჩვეულებრივ მოძრაობაშია. მაშინ გამოუშვეს საავადმყოფოდან იმიტომ, რომ არ იყო კატასტროფული მდგომარეობა. ახლა ისევ დადასტურდა, რომ სუსტად არის და შეიძლება გაურთულდეს ეს მდგომარეობა, ამიტომ  ჯანმრთელობიდან გამომდინარე ვითხოვთ მის გამოშვებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ის არის უდანაშაულო. ეკლესიას აქვს თავისი კანონმდებლობა და ამ კანონით ის განისჯება, სავარაუდოდ, განყენებულ იქნება მღვდელმსახურებიდან, შანტაჟის ენით რომ დაელაპარაკა ეკლესიას. შეიძლება სასულიერო პირმა რაღაც დააშავოს და იყოს პატიმრობაში, შენდობა, შეწყალება  ითხოვოს,  კი ბატონო, მაგრამ მისგან ჩვენ შენდობა არ მოგვისმენია. მღვდელმთავრები შესულან მასთან საზიარებლად, მაგრამ თუ სინანული არ გაქვს, თუ შენდობას არ ითხოვ, თუ ყველაფერში მართალი ხარ, როგორ გაზიარებენ?!


ვიდრე დაინიშნებოდით ქუთაის–გაენათის ეპარქიაში მმართველად, საუბრობდნენ იმაზე, რომ თქვენს გარდა ეპარქიის წინამძღოლობა სურდა მარგვეთა–უბისის მიტროპოლიტ მელქისედექსა და ვანი–ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონს. როგორ ფიქრობთ, რატომ შეგარჩიათ თქვენ პატრიარქმა ამ პოზიციაზე?


ჩემთვის იყო მოულოდნელი. როდესაც მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა, პატრიარქმა ჩემთან დაარეკინა და მითხრა. ითქვა,  რომ ეს იყო დროებით. მე ავიღე კურთხევა  რა ფუნქციები მექნებოდა, რა უნდა გამეკეთებია.  შემდეგ ჩამოვედი აქ. ამ მწუხარების ჟამს ეს იყო  დიდი ნდობა პატრიარქის მხრიდან და მე ვალდებული ვარ შევასრულო.


როგორც კი თქვენ დაინიშნეთ დროებით მმართველად, გააქტიურდა საუბარი  თქვენს პრორუსულ განწყობაზე. გამოცემაში „სამი საუნჯე“ თქვენ წერთ, რომ  რუსეთის იმპერიას ქართული ტაძრები კვალის წაშლის მიზნით არ  გადაუთეთრებია და რომ პირიქით, ხატებიც  კი დაკიდეს. რუსეთი არ ებრძოდა ქრისტიანობას საქართველოში?


სამი ტაძარი იყო გადათეთრებული. მეფე ნიკოლოზ პირველი როცა მოდიოდა ამ გზაზე, მას რომ საყვედური არ ეთქვა ადმინისტრაციისთვის, გადაათეთრეს და დაკიდეს ხატები. საეკლესიო კანონით, როდესაც ფერწერა დარღვეულია და არ იკითხება, ან უნდა გადაილესოს და ხელახლა მოიხატოს, ან აღდგეს ის ძველი სახე, რაც არის. ასეთ ტაძარში ლოცვა არ შეიძლება. მაგალითად, ანჩისხატში გადალესილია ძველი მხატვრობა და არის ახალი მოხატული. ესეც რუსეთის ბრალია? სხვა ტაძრები რატომ არ გადაათეთრეს თუ მხატვრობას ებრძოდნენ? უბისი იყო გადათეთრებული? არ იყო. უბისში საოცარი მხატვრობაა, მაგრამ სინესტისგან დაზიანებული იყო საუკუნის მანძილზე და ახლაც ზიანდება, არ მოხდა მისი ფიქსაცია.


თქვენ ახლა იმყოფებით იმ ეპარიქაში, რომლის ორი მღვდელმთავარი დოსითეოსი და ეფვთიმე რუსეთის იმპერიამ  მოკლა  წამებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ღიად ილაშქრებდნენ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.  ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი შეხედულებით რუსეთზე,   წინააღმდეგობაში მოდიხართ ჩვენი ეპარქიის წამებული მღვდელმთავრების იდოელოგიასთან?


რაც მათ (დოსითეოსმა და ეფვთიმემ) გააკეთეს, თურქეთი თავებს დააჭრიდნენ ეგრევე. არამარტო მათ, მთელ სამღვდელოებას ამ ეპარქიაში. როდესაც თურქეთში (ე.წ. პაპათასა და დუდიკვათის ტერიტორია) ქართველები გამოვიდნენ და ითხოვდნენ ქართულ ენაზე ლაპარაკის უფლებას და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლას, შეიპყრეს ისინი, 300–ზე მეტი ადამიანი, თავები დააჭრეს, სამღვდელოებასაც იმ რეგიონში, ყველა ბერი დაიჭირეს და თავები დააჭრეს, თუმცა, ისინი არ მონაწილეობდნენ ამ აჯანყებაში.


გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელიც აქ მოღვაწეობდა წმინდანად არის შერაცხული, აწამეს? გადაასახლეს? ალექსანდრე ოქროპირიძე წმინდანად არის შერაცხული, აწამეს? სულიერი მოძღვარი იყო ილია ჭავჭავაძის. ილია ჭავჭავაძე აწამეს? სოციალ–დემოკრატებმა მოკლეს ილია და დაკვეთა იყო ევროპიდან, იმიტომ, რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელ იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 000–ზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული  რევოლუციონერების მიერ.


ამბობენ, რომ თქვენ კაბინეტში გაქვთ რუსული დროშა, ასეა?


კაბინეტში მაქვს? მეუფე კალისტრატეს დროს რაც იყო, იგივე არის ახლაც, მე არაფერი  შემიცვლია. სად არის ეგ დროშა? ეს არის ცილისწამება, მაგრამ, ახლა მე გეტყვით ასე, გაეროს დროშა რომ დავკიდო კარგია, ამერიკის დროშა რომ დავკიდო კარგია. სხვათაშორის მე მაქვს სურათი, საფრანგეთში რომ ვიყავი, იქ დავინახე  ამერიკის დროშა, დავდექი, გადავიღე სურათი. ანუ  პროამერიკელი ვარ? არა, მე ვარ პროქართველი,  პროეკლესიური. მტერია ხომ? რაღაცაში მტერია, რაღაცაში შეიძლება დაგეხმაროს.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო  კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, აშშ–ს საელჩომ დამატებით  გამოყო 50 000 დოლარი.  თქვენი აზრით, ვინ უფრო იცავს და უფრთხილდება ქართულ სიწმინდეებს – რუსეთი თუ ამერიკა და ევროპა?


როდესაც  რუსეთის იმპერიამ შემოიერთა საქართველო, რა დღეში იყო ჩვენი ტაძრები? აღა მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ თბილისი რომ გადაიწვა და სიონი და სხვა ტაძრები რა დღეში იყო? ვინ აღადგინა? სიონის ტაძარში რომ შეხვალთ, კიდევ კარგი იმ ხატმწერმა დატოვა სარკმელი, სადაც ჩანს რა დღეში ჩაიბარეს ტაძარი, გადამწვარი იყო ყველაფერი, კანკელი დანგრეული, გააკეთეს რუსული კანკელი.  ეს დანაშაულია რასაკვირველია, მაგრამ  ქართული დანგრეული იყო.   ბეთანია რა დღეში იყო? ვინ აღადგინა ბეთანია?  ისევ რუსებმა აღადგინეს. თქვენ ორ–სამს მეუბნებით, რომ გადაათეთრეს, კი დანაშაულია, მაგრამ 30 და მეტი თუ აღადგინეს? არც ერთი იმპერია თავის დაპყრობილ ქვეყანას ხელის გულზე არ დაისვამს და არ ეფერება, მაგრამ რომელმა იმპერიამ დაგვიტოვა ჩვენ კულტურული მემკვიდრეობა? ღირებული/  ან ჩვენსას გაუფრთხილდა? ვერც ერთს ვერ დაასახელებთ და თუ ჩვენ დღეს თბილისში გვაქვს მე–19 საუკუნის სახლები, ქუჩები, აღა–მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ დანგრეული ქალაქი რომ აღადგინეს, ვისი სახსრებით მოხდა?  გაპარტახებული საქართველოს სახსრებით თუ ისევ იმ რუსეთის ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული? კოლხეთის დაბლობი, ეს ჭაობი ვინ დააშრო? საირიგაციო სისტემა ვინ გააკეთა? ვინ გაიყვანა? ვისი ფულით გაკეთდა ეს? ნიკო ნიკოლაძემ ფოთის რეკონსტრუქცია  რომ მოინდომა,   ვინმემ შეუშალა ხელი? თუ პირიქით, მოიწონეს მისი პროექტი და აშენდა? ამიტომ, უნდა ვიყოთ ობიექტურები. არის დადებითი  ფაქტები და არის უარყოფითი. მარტო უარყოფითი და მარტო დადებითი არ არსებობს.

თქვენ დაინახეთ, რომ ამერიკამ გათხრები დააფინანსა? კი ბატონო დააფინანსა, ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, მაგრამ მარტო ამერიკა აფინანსებს? გუმბათების გადახურვა ჭიქურით, ესეც იმათი თანხებით მოხდა, საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. მაგრამ ბაგრატი ვინ დააზინა? რუსეთმა?  რატომ ამოიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან? ჩვენც ვაშავებთ და სხვაც აშავებს.


რას იტყვით მცოცავ ოკუპაციაზე, რომლის შედეგადაც სულ უფრო მეტი ქართული მიწა ექცევა რუსული ჩექმის ქვეშ?


ყველა მხრიდან ხდება ჩვენი ოკუპაცია. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან. თქვენ რა გგონიათ აჭარაში ყველაფერი კარგად არის? იქ დღესაც თურქეთში რუკებზე ბათუმი და აჭარა არ არის თურქეთის ტერიტორიაზე? ჩვენ პარტნიორი არავინ არ გვყავს.  შეიძლება პარტნიორი იყო  დროებით, მაგრამ ყველას უნდა ეს წალკოტი, რომელიც უფალმა ჩვენ მოგვანდო საპატრონოდ და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ეს. რითი უნდა დავიცვათ? უცხოეთში გავიქცეთ თუ აქ დავამუშაოთ ჩვენი მიწა–წყალი? უცხოელმა რატომ უნდა დაამუშაოს ჩვენი მიწა–წყალი, ჩვენი გლეხი  რატომ არ აკეთებს ამას? იცით რატომ? იმიტომ,  რომ წინა ხელისუფლებამ დაანგრია სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა მოსპო, ხუთჯერ გაზარდა მიწის გადასახადი, სოფლის ტექნიკა ჯართში გაყიდა. რა ექნა გლეხს? შემოიტანა თურქული იაფფასიანი პროდუქტი. სოფელი დაიცალა, საყრდენი სახელმწიფოსა და მისი დამოუკიდებლობისა განადგურდა წინა ხელისუფლების დროს. დღეს იწყება მისი აღდგენა. მე ვხედავ პოზიტიურ ცვილებებს სოფლის მეურნეობაში.


ევროპაში,  მაგალითად, სკოლაში სავალდებულოა რელიგიის სწავლება. 25 წელია ამას ვეუბნებით განათლების სამინისტროს, მაგრამ  არ იღებენ კანონს. ეკონომიკის მინისტრი რომ იყო ზურაბ ნოღაიდელი, მას ვუთხარი ერთხელ, რომ  გერმანიაში  თუ მოქალაქე არის კათოლიკე, მისი შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი ირიცხება კათოლიკური ეკლესიის ანგარიშზე, თუ ლუთერანია, ლუთერანული ეკლესიის ანგარიშზე.  20 მილიონზე მეტია კათოლიკე, 20 მილიონზე მეტი ლუთერანი, თითოეული მათგანის ანგარიშზე წელიწადში შედის სამ  მილიარდ ევრომდე. მე ვუთხარი ნოღაიდელს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებელთა შემოსავლებით პროცენტი შედიოდეს ეკლესიის ანგარიშზე?  აქ ეს არ შეიძლება. 25 მილიონით ფინანსდება სამი უნივერსიტეტი, 5 სემინარია, 37 სკოლა, საავადმყოფო, ტელევიზია, საქველმოქმედო ორგანიზაცია. ჩვენი  ტელევიზია წელიწადში 700 000 ლარით ფინანსდება. რა უნდა გააკეთოს ამ თანხით? ენთუზიაზმზე მუშაობენ მარტო.  რწმენის გამო მუშაობენ.

ევროპა კარგ რამეში არ უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი? რატომ მანდამაინც მარგინალური უნდა მივიღოთ? მე ამას ვამბობ,  რომ რაც კარგია ევროპაში,  უნდა მივიღოთ და განვვითარდეთ. ცუდს რომ ვაკრიტიკებ, მერე მაბრალებენ შენ პრორუსული ხარო.  მე პროქართული ვარ.



იოანე გამრეკელი ქუთაის–გაენათის ეპარქიის მმართველად მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე აირჩიეს. მანამდე იგი სამი თვის განმავლობაში ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა.

იოანე გამრეკელი 1946  წელს თბილისში დაიბადა.  1988 წელს იგი მღვდლად ეკურთხა. 2008 წელს ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი ეპისკოპოსად აკურთხეს.  2011  წელს მიტროპლიტის წოდება მიენიჭა.  2013 წლიდან კი რუსთავის ეპარქიას წინამძღოლობდა.



FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო
ტაბატაძემ მუნიციპალიტეტებში მოქმედი მშენებლების მუშაობა არ
მოიწონა და თანამდებობის პირები გააფრთხილა, რომ 2019 წელს ის
იქნებოდა მკაცრი.
10:11 / 15.03.2019
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მუნიციპალიტეტებში მოქმედი მშენებლების მუშაობა არ მოიწონა და თანამდებობის პირები გააფრთხილა, რომ 2019 წელს ის იქნებოდა მკაცრი.






ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ
თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო
რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით,
კორექტივების შეტანა მოუნდება.
22:00 / 18.10.2018
ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით, კორექტივების შეტანა მოუნდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა.