ინტერვიუ
დავით ფორჩხიძე - თამაში ბავშვის განვითარებისთვის არანაკლებ მნივნელოვანია, ვიდრე „დედაენა“ და არითმეტიკა
FaceBook
რამდენად მნიშვნელოვანია თამაში ბავშვის განვითარებისთვის? არის თუ არა თამაში სერიოზული საქმიანობა?

ამზადებს თუ არა იგი ბავშვს რეალური ცხოვრებისთვის? როგორ უნდა დააბალანსოს მშობელმა დრო თამაშსა და მეცადინეობას შორის?
თამაშის მნიშვნელობაზე ქუთაისიპოსტს ესაუბრება ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე:

- თამაში ბავშვისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატულების საშუალებაა. დანარჩენ პერიოდში ბავშვს რაღაცას ვაკეთებინებთ: ჭამე! დაიძინე! ეს გააკეთე! იქ მიდი! ეს აიღე! ის იმეცადინე! ბავშვი დავალებებს ასრულებს. ფაქტობრივად თვითრეალიზაციას ახდენს მხოლოდ მაშინ, როდესაც თამაშობს. თამაში ხელს უწყობს ბიო-ფსიქო-სოციალურ ჯანმრთელობას. ეხმარება ტვინის ფუქციების განვითარებას. თამაშის დროს ვითარდება უნარები. მაგალითდ, შემოქმედებითი, გონებრივი, კომუნიკაციის უნარები. იზრდება კრეატიულობა, ყალიბდება გარემოსთან ადაპტაციისათვის საჭირო ჩვევები.
თამაშის დროს ბავშვები თანხმდებიან გარკვეულ წესებზე, უხსნიან ერთმანეთს, რომ ასე კი არა ასე უნდა ითამაშონ. რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვები ცვლიან თამაშებს, ახალი წესები შემოაქვთ, ახალ როლებს ანაწილებენ. ეს ურთიერთობის უნარისა და ფანტაზიის განვითარებას უწყობს ხელს. ფორმირდება და იხვეწება თვითიდენტობა. ვინ ვარ მე? და რა როლი მიკავია სოციუმში? ზოგი ლიდერი ხდება. ვიღაც "რუხი კარდინალის" როლს ირგებს. ყველაფერი ეს ამზადებს ბავშვს რეალური ცხოვრებისთვის, ავარჯიშებს იმაში, რისი გაკეთებაც მას მომავალში, ზრდასრულ ასაკში მოუწევს.
თამაშის ტიპი ბავშვის ზრდასა და განვთარებასთან ერთად იცვლება და ვითარდება. სამ წლამდე ბავშვის თამაში წარმოადგენს ნივთებით, სათამაშოებით მანიპულირებას. სათამაშოები, ბავშვისთვის, რეალური ობიექტების ჩამანაცვლებელი მოდელებია.
ადრეული ბავშვობის ბოლოსკენ ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკური მსჯელობის საშუალებით საკუთარი ქცევა უფროსების ქცევას შეადაროს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სიუჟეტური თამაში, რომელიც დროსაც ბავშვი ჯერ უფროსების ქცევას აკოპირებს, შემდეგ კი მთლიან სიუჟტებს იღებს ცხოვრებიდან და თამაშში გადააქვს ისინი.
შემდგომი ეტაპი საშუალო სკოლამდელი ასაკისთვის დამახასიათებელი ე.წ. როლური თამაშია, რომელიც 6-7 წლის ასაკამდე გრძელდება. ამ ეტაპზე თამაშის აზრი როლების დანაწილებაშია. ვიღაც "გენარალია" და ვიღაც "ექიმი". იწყება ბავშვის სოციალიზაციის პროცესი. ბავშვი ორიენტირებას იწყებს სოციალურ და პიროვნულ ურთიერთობებში, ადამიანების ქცევის მიზნებსა და მოტივებში. ბავშვს უჩნდება სურვილი იყოს "დიდი" და რეალურად განახორციელოს ზრდასრული ადამიანის ფუნქციები.
როლური თამაში ამზადებს ბავშვს სკოლისთვის. მას უჩნდება მოტივაცია გახდეს მოსწავლე, იაროს სკოლაში და ამით სოციუმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია განახორციელოს.
თამაშის მნიშვნელობა ძალიან დიდია სასკოლო ასაკშიც, განსაკუთრებით 10-11 წლამდე. თანატოლებთან თამაში აძლევს საშუალებას ბავშვს გაერკვეს ისეთ ცნებებში, როგორიცაა: თანამშრომლობა და კონკურენცია, სამართლიანობა და უსამართლობა, თანასწორობა, ლიდერობა, ერთგულება, ღალატი.
- უფროსს რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში ?
-უფროსს რთული როლი აკისრია - არც ძალიან შებოჭოს და არც ძალიან მიუშვას. ძნელია ზომიერების დაცვა. საქმე იმაშია, რომ ბავშვების თამაშები ზოგჯერ სასტიკია. ბავშვმა არ იცის რა არის სიკეთე და რა ბოროტება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვი ხშირად ხედავს ფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებში ძალადობას, სისხლს. მან თავისუფლად შეუძლია ჩათვალოს, რომ ძალადობა ნორმაა და თამაშში გამოიყენოს ის. მე თვითონაც მშობელი ვარ. ვცდილობ თვალი მეჭიროს, რომ ბავშვების აქტივობა რაღაც ზღვარს არ გადაცდეს. და მაინც, მე ვთვლი, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მეტი უნდა ითამაშოს. სწვლას, მეცადინეობას რა თქმა უნდა საკმარისი დრო უნდა დაუთმოს, მაგრამ მე არ მესმის იმ მშობლების, ვინც შვილს საერთოდ არ უტოვებს თავისუფალ დროს და მოითხოვს კიდევ ერთხელ გადაიმეოროს გაკვეთილები, ან ათას წრესა და რეპეტიტორთან დაყავს. ბავშვის მთელი დრო "ვალდებულებების" შესრულებას ეთმობა. ჩათვალეთ, რომ ბავშვმა ამით ძალიან ბევრი დაკარგა. ასეთ პირობებში რობოტს ემსგავსება ბავშვი. იმიტომ, რომ თამაში შემოქმედებაა, თამაშის დროს ბავშვი ქმნის, დიდ გასაქანს აძლევს ფანტაზიას. თუ დავაკვირდებით, თამაშში მთავარი არ არის მიზანი. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რით დამთავრდება თამაში. მნიშვნელოვანია თვითონ პროცესი. ისევე როგორც შემოქმედებაში, სადაც სწორედ პროცესია სასიამოვნო.
- ანუ თამაშის საკმარისზე მეტად შეზღუდვა არც თუ უწყინარი დანაშაულია მშობლის მხრიდან...
- თამაშის აკრძალვით ვაფუჭებთ იმასაც, რომ ბავშვი მარტოსული რჩება. მას ურთიერთობა ექნება მხოლოდ უფროსებთან, რომელთაც ბატონობით უნდა მიმართოს. რატომ უჭირთ ხშირად დედისერთებს კომუნიკაცია სკოლასა და სამსახურში? აქაც მსგავსი მექანიზმი მუშაობს. ისინი მეტად არიან ჩაკეტილები თავიანთ ეგოში. ამასთან ერთად თამაშის დროს, სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას, ბავშვს უვითარდება ემპათიის უნარი. თანაგანცდა უყალიბდება სხვა ბავშვების მიმართ. სუბიექტურად განიცდის და ფიქრს იწყებს იმაზე, თუ რა სტკივა, რა აწუხებს ან რა უხარია სხვებს. ამის გარეშე ადამიანი ხომ ადამიანი არაა. თამაში არის მნიშვნელოვანი პროცესი - მომზადება და მეცადინეობა ზრდასრული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ არის იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე დედაენა და არითმეტიკა.
-როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, სად იპოვოს "ოქროს შუალედი"?
- ოქროს შუალედის გამონახვა რთულია, იშვიათად ვინმეს გამოუვიდეს, მაგრამ მშობელი მაინც უნდა ეცადოს ბავშვის შრომასა და თამაშს შორის ბალანსის დაცვას.
მშობელი ასევე უნდა შეეცადოს, რომ ობიექტური იყოს. არ გადატვირთოს ბავშვი იმ ტიპის აქტივობებით, რისი ნიჭიც ბავშვს მაინცადამაინც არა აქვს. უმჯობესია ხელი შეუწყოს იმ უნარების განვითარებას, რომლებშიც ბავშვი ნიჭსა და სწრაფვას ავლენს. მშობლის მხრიდან დავალებების სწორად განაწილება ბავშვს დროს დაუტოვებს იმისთვის, რომ თანატოლებთან ითამაშოს და საშუალებას მიცემს ფიზიკურად, ემოციურად და ინტელექტუალურად განვითარდეს. ამის გარეშე რეალურად გენიოსი უნდა იყოს ბავშვი, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოს ცხოვრებაში.
- ერთია ფიზიკური თამაშები, მეორეა კომპიუტერული, რომელიც შეიძლება უცხო და უცნობი იყოს მშობლისთვის...
- ბავშვი მიუჯდა კომპიუტერს და უფროსებმა არ იციან რას უყურებს ან თამაშობს ბავშვი. არადა ბავშვებს ხშირად გული "სისხლიანი"თამაშებისკენ მიუწევთ. ამ შემთხვევაში საჭიროა გარკვეული სახის თამაშების აკრძალვა გარკვეულ ასაკამდე. ბავშვებს მოწონთ კომპიუტერული თამაშების ვირტუალური რეალობა და ცდილობენ ვირტუალის კომპონენტები ჩვენს რეალობაში გადმოიტანონ. ისეთი ტერმინოლოგიით მიმართავენ ერთმანეთს, რომელიც პირდაპირ გადმოღებულია მაინ კრაფტ-იდან ან სხვა ჰიტი თამაშებიდან. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ბევრი ისეთი კომპიუტერული თამაში, რომელიც გონებას ანვითარებს. სტრატეგიული თამაშები მაგალითად. თუმცა, ყველა ეს თამაში მაინც ხაფანგია, თუკი დროს ვერ აკონტროლებს ადამიანი და დიდხანს ზის კომპიუტერთან. საშუალოდ ერთ საათზე მეტს თუ უთმობს ბავშვი ვირტუალურ სამყაროს, დიდი შანსია დამოკიდებული გახდეს მასზე უკვე ზრდასრულ ასაკშიც. ჯერჯერობით ეს პრობლემა საქართველში შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული და უფრო ხშირად დიდი ქვეყნების მეგაპოლისებში გვხვდება. ალბათ ფილმებშიც გვინახავს - ღიპიანი ტიპი ზის ეკრანთან, ეზარება დაბანა, წვერის გაპარსვა და ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში. ბავშვისთვის ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის ისეთი მკვეთრი ზღვარი არ არსებობს, როგორც ზრდასრული ადამიანისთვის და ეს ზღვარი კიდევ უფრო მკრთალდება, როცა მაღალი ხარისხის მონიტორზე ხედავს შესანიშნავად შესრულებულ ილუზიას.
- რამდენად ითვლება "თამაშად"სპორტი?
- სპორტული თამაშები ცოტა სხვაა. სპორტულ თამაშებში თავისი კონკრეტული წესებია, რომელშიც შენ ცვლილებას ვერ შეიტან და "შემოქმედებაც" გარკვეული ჩარჩოთია შეზღუდული. სპორტი რა თქმა უნდა შესანიშნავია, მაგრამ აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო. სპორტით დატვირთვა ძალიან ადრეული ასაკიდან არ არის მიზანშეწონილი. სპორტსაც აქვს თავისი ასაკი და დრო.
კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. სკოლის ასაკი თითქმის მთლიანად თამაშის ასაკია. არადა მაინცდამაინც ამ ასაკში გადაწყვიტა საზოგადოებამ, ცივილიზაციამ, ბავშვს ასწავლოს ყველაფერი და თამაშისთვის ცოტა დრო დაუტოვოს. აქ ცივილიზაციის დანაშაული მეტია, ვიდრე მშობლების, რა თქმა უნდა. ტექნოგენური და გლობალური ტიპის ცივილიზაციები გვაიძულებს სწრაფი ტემპით ვიცხოვროთ. პრობლემაა, როცა მოსწრებაზეა ყველაფერი. დროზე უნდა ისწავლო, დროზე დაასრულო, დროზე იშოვო სამსახური. მოკლედ "ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში... 

ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.