პოლიტიკა
შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან
FaceBook

„ბიჭების მოწყვეტილი ხელ-ფეხი ჰაერში ცვიოდა,“ - ასე აღწერს 5 აპრილს გამთენიისას ექვსი  მეშახტის გარდაცვალების ამბავს მინდელის სახელობის შახტის მოხუცი მუშა.


მისივე თქმით, დაღუპულთა სხეულები ჰაერის ძლიერი ნაკადისგან იმდენად დაზიანდა, რომ დანაწევრებული გარდაცვლილები შახტიდან ტომრებით გამოიყვანეს.

ის ამბობს, რომ ტყიბულის "საქნახშირი" (შახტის მმართველი კომპანია) მთელს ქვეყანაში ერთადერთი დასაქმების ადგილია, სადაც „განტევების ვაცები“ გარდაცვლილები არიან.

„ეს არის სიკვდილი, რომელიც თავად მიცვალებულებს ბრალდებათ. იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს ვეღარ იტყვიან. მკვდირს ოჯახს კი აჩუმებენ,“ - ამბობს მეშახტე, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით "ქუთაისიპოსტი" არ ასაჯაროებს. 

სწორედ ანონიმურად მოსაუბრე მეშახტეები გვიყვებიან, რომ თუ დუმილს დაარღვევენ და კომპანიაში არსებულ მძიმე პირობებზე ღიად ისაუბრებენ, მეორე დღეს სამუშაოს გარეშე დარჩებიან.

"სამსახური არ გვიყვარს, მაგრამ ტყიბულში ეს ფულის შოვნის ერთადერთი გზაა. ახლა რომ ჩაგეწეროთ, ხვალ აუცილებლად გაგვათავისუფლებენ სამსახურიდან. მერე ვინ გადამიხდის ბანკის სესხებს? აქ ყველას ჩემსავით ბანკის ვალი აქვს, ამიტომაც ვწირავთ თავს," - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე. 

ერთ-ერთი ასე განწირული და ყველაზე ახალგაზრდა მეშახტე სამსახურში 4 აპრილს მივიდა, დილით კი ტომრით, დანაწევრებული გამოიყვანეს. 

25 წლის პავლე გამეზარდაშვილი დედ-მამასთან და 2 დედმამიშვილთან ერთად, მეშახტეთა ბინაში ცხოვრობდა. შენობა, ამორტიზებულია, რის გამოც, მეშახტეები სამსახურის გარდა, საფრთხის ქვეშ არიან სახლშიდაც. 

მეშახტეთა ბინას რეკონსტრუქცია 1958 წლის შემდეგ არ ჩატარებია



ობიექტში 30 მეშახტის ოჯახი ცხოვრობს



გარდაცვლილი ახალგაზრდა მეშახტის მეგობარი იხსენებს, რომ ის ძალიან პატიოსანი და შრომისმოყვარე იყო. ახსოვს მისი ბოლო ოცნებაც. 

"პოლონეთში უნდოდა წასვლა და შახტაში დასაქმება, იქ დიდი ხანია წავიდნენ ჩვენი ბიჭები.  გვწერენ, რომ კარგი სამუშაო პირობები და ხელფასები აქვთ და მუშების სიცოცხლესაც უფრთხილდებიან, მე და პავლეც ვოცნებობდით იქ წასვლაზე და ფულსაც ვაგროვებდით ამისთვის, " - ამბობს გარდაცვლილი მეშახტის მეგობარი.  



პავლეს მსგავსად, გიორგი ბოჭორიშვილიც უკეთესს პირობებსა და ქვეყანაში  გეგმავდა წასვლას, თუმცა მისი სიცოცხლეც შახტაში მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა.

27 წლის გიორგის სამი მცირეწლოვანი დაობლდა. გარდაცვლილის ნათესავი ამბობს, რომ მეშახტეს ერთი, სამი და ხუთი წლის პატარები დარჩა. შვილები ეძებენ მამას.

"გრძნობენ, რომ რაღაც ცუდი მოხდა და ცდილობენ მამა თვალებით იპოვონ, ვინ აუნაზღაურებს  ოჯახს ამ დანაკარგს, ეს შახტა კი არა სასაფლაოა, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ერთი ვაგონი ნახშირი ურჩევნიათ," - ამბობს ბოჭორიშვილების ნათესავი. 



გარდაცვლილის დედის თქმით, გიორგი ყვებოდა, რომ სამსახურში ხშირად იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოება და ოჯახს აგუებდა კიდეც შესაძლო რისკებზე.

„ასე ამბობდა დედა ბაწრებით ვარ დაბმული და რა დროს დავიღუპები არ ვიციო,“ - ამბობს გარდაცვლილი გიორგი ბოჭორიშვილის დედა.



როდის დაიღუპებიან, ეს არც იმ მეშახტეებმა იციან, ვინც ცოცხლები დარჩნენ. რადგან ამბობენ, რომ საქნახშირის ხელმძღვანელობას მათი სიცოცხლის უსაფრთხოება არ ადარდებთ.

"ეს ძაღლური, მონური სამსახურია, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ არის ფასეული, ხელმძღვანელობას სულ ცალფეხზე ვკიდივართ. გადმოგვიგდებენ 900 ლარს და ცხოველებივით გვეპყრობიან," - გვეუბნებიან მეშახტეები.

5 აპრილს, გამთენიისას მინდელის შახტაში მომხდარს, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა, ისინი სწორედ გაუფრთხილებლობასა და გულგრილობას უკავშირებენ.

"ცალცალკე უნდა გაეხსნათ  ლავი და არა ერთიანად, მაგრამ ისე რომ გაეკეთებიათ, როგორც წესი და რიგია, ძვირი დაუჯდებოდა ადმინისტრაციას, " - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე, რომელიც გვიხსნის, რომ სახიფათო სამსახურს სწორედ ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობის გამო არ ანებებს თავს. 

ისიც ახალგაზრდა და 25 წლისაა, შახტაში 8 წელია, რაც მუშაობს და სწორედ აქ მიღებული თანხით ინახავს 4 შვილს. 

"ჩვენც კარგად ვიცით, რა კატორღაშიც ვმუშაობთ, მაგრამ აქ ხელმძღვანელობის იმედით კი არ ვართ,  ერთმანეთის იმედი გვაქვს, რადგან არ ვიცით როდის რა მოხდება და ისევ დავუბრუნდებით თუ არა ოჯახებს," - ამბობენ მეშახტეები. 

ალბათ სწორედ ამ ერთიანობის განცდაა მიზეზი იმ ყოველდღიური ჩვეულების, რომლითაც მეშახტეები დღეს იწყებენ. ეს ჩვეულება კი ერთმანეთისთვის ნათქვამ სამ უბრალო სიტყვაში გამოიხატება -  "მშვიდობიან დღეს გისურვებ."




"საქნახშირის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შახტაში სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. "წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრამვული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა," - განაცხადეს "საქნახშირის" ადმინისტრაციაში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა



ამავე თემაზე:

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტრაობის კანდიდატად
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურად ამომრჩევლებს წყალტუბოში,
მისმა პირველმა მასწავლებელმა წარუდგინა.
20:38 / 22.10.2020
წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტრაობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურად ამომრჩევლებს წყალტუბოში, მისმა პირველმა მასწავლებელმა წარუდგინა.
ვინ არიან ქუთაისის მაჟორიტარობის
კანდიდატები და რას პირდებიან ისინი ამომრჩევლებს? - ეს არის
კითხვები, რომელზეც პასუხებს მოისმენთ გადაცემაში
12:29 / 22.10.2020
ვინ არიან ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები და რას პირდებიან ისინი ამომრჩევლებს? - ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხებს მოისმენთ გადაცემაში "არჩევნები 2020".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.