ფოტო
პატიმართა სხეულის დაზიანების რაოდენობა ქუთაისის #2 საპყრობილეში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმართა სხეულის დაზიანების 876 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ მონაცემებს საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიშში აქვეყნებს.

#2 საპყრობილეში პატიმართა სხეულის დაზიანების რაოდენობას ომბუდსმენი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ავრცელებს.

სახალხო დამცველი ანგარიშში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა კვლავ პრობლემად რჩება და მსგავსი ფაქტების ეფექტური გამოვლენა არ ხდება.

"საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ პატიმართა სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება. ხშირ შემთხვევებში მითითებული არ არის დაზიანებების წარმომავლობა. ასევე, გვხვდება გაურკვეველი წარმომავლობის, საეჭვო ხასიათის და ლოკალიზაციის ტრავმები," –მოხსენიებულია ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში.

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაზიანებათა აღრიცხვის ახალი ფორმის შემუშავებისკენ მოუწოდებს, სადაც საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეტანა შესაძლებელი გახდება.

გარდა ამისა, ომბუდსმენი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს "პატიმრობის კოდექსში" ცვლილება შევიდეს და პენიტენციური დაწესებულებებში მომუშავე ექიმთა ვალდებულებები განისაზღვროს იმ შემთხვევაში, თუ ის პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ დაასკვნის.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ინფოგრაფიკას #2 საპყრობილეში პატიმართა სხეულის დაზიანების რაოდენობათა შესახებ: 

Print