ეკონომიკა
„თუ მთავრობა არ გადახედავს თავის მიდგომებს, ეს მდგომარეობა გაგრძელდება“, – ეკონომიკის ექსპერტი ფასების ზრდაზე
FaceBook

"საქსტატის" ოქტომბრის თვის მონაცემებით,  სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა მიმართულებით ფასები საგრძნობლად გაიზარდა.


ფასების ცვლილება შეეხო სურსათს, ბოსტნეულს, ხორცპროუქტებს, ხილს, თამბაქოს, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომისტი, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ იმ მონეტარული პოლიტიკის ფონზე, რასაც სახელმწიფო ატარებს,  ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.


„ასეთ განვითარება იყო მოსალოდნელი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის გამო.  ერთი ეს არის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იყო ფულის მიწოდების გაზრდაზე, მეორე  ე.წ.  იაფი სესხების პროექტების განხორციელება, როგორიც არის მაგალითად,  „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამები. ასეთი პროექტებით სახელმწიფო  საბაზროზე უფრო  დაბალ ფასად ცდილობდა ფულის მიწოდებას მსესხებლისთვის, საბიუჯეტო  დაფინანსების ხარჯზე. ყველა  ეს  ფაქტორი გავლენას ახდენდა ფასების ზრდაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი ხარვეზების, რომლებიც საბოლოო ჯამში აისახება სამომხმარებლო კალათაზე“, -  ამბობს პაატა შეშელიძე.



ეკონომიკის ექსპერტის თქმით, მერყევი ფინანსური გარემო ასევე განპირობებულია სახელმწიფოს მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებით, რამაც საფინანსო ორგანიზაციებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა აუკრძალა. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვებმა  საბოლოო ჯამში უარყოფითი შედეგები მოიტანა და დაზარალებული  ისევ მოსახლეობა აღმოჩნდა, რადგან, ბანკებმა უკვე ლარში გაცემულ სესხებზეც გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი.


„სახელმწიფომ აიძულა ბანკები  სესხები  ლარში გაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ლარში იღებენ სესხს, ასევე პირდაპირ იყენებენ მას. ხშირ შემთხვევაში, როცა შემოაქვთ იმპორტირებული საქონელი, სწორედ უცხოური ვალუტის გადახდა უწევთ. მაგალითად, როცა ყიდულობენ მანქანას, შენობას, საწარმოს დანადგარებს და სხვას, ლარში აღებული სესხით ისევ დოლარს ყიდულობენ, რაც დამატებით ტვირთად აწვებათ. მითუმეტეს, რომ ბოლო ორი თვეა  ბანკებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი, რაც წინასწარ იცოდა საბანკო სექტორმა და კონტრაქტშიც ედოთ ეს პირობა. შედეგად,  გვაქვს გაძვირებული სესხები, საბანკო ინფრასტრუქტურა ვეღარ ვითარდება და მივიღეთ სავალალო სიტუაცია".



პაატა შეშელიძის აზრით, თუ სახელმწიფომ არ შეცვალა მონეტარული პოლიტიკა და არ შეამცირა კერძო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციები, ვითარება კიდევ უფრო გართულდება.



„მონეტარული პოლიტიკა არის შესაცვლელი. მეორე მხრივ,   მთავრობამ უნდა გადახედოს თავის მიდგომებს კერძო სექტორთან. გააფართოვოს პრივატიზება, შეამციროს რეგულაციები და კერძო სექტორს მისცეს მეტი ასპარეზი. თუ ეს დამოკიდებულებები არ შეიცვლება,  ეს მდგომარეობა გაგრძელდება“,-მიაჩნია ეკონომისტს.


სამომხმარებლო ბაზარზე ფასების რადიკალური ზრდის  ფონზე, ცნობილი ხდება, რომ საქსტატმა შესაძლოა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალოს, ან საერთოდ გააუქმოს.


"საქსტატის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან. 2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 189.90 ლარს  შეადგენს.

პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ეს აქამდეც ასე უნდა მომხდარიყო, რადგან ამ პრაქტიკით მიღებული ინფორმაცია რეალური   დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა და მთავრობა ამაში მხოლოდ ფულს ხარჯავდა, რაც გამართლებული არ არის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.