სამართალი
სახელმწიფო თავისუფლების წინააღმდეგ
FaceBook
ბოლო ოთხი წელია ქვეყნის მასშტაბით არ ჩატარებულა თითქმის არც ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, სადაც სხვადასხვა მიზეზით მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არ დააკავეს.
შესაბამისად, კანონშესაბამისი ფორმით, პროტესტის დროს, დაკავების თითოეული შემთხვევისას შეიზღუდა მათი გამოხატვის თავისუფლება.

მოქალაქეები ბოლოს 2024 წლის აპრილში, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტეტსო აქციაზე დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით მშვიდობიან აქციაზე 40-მდე ადამიანი იქნა დაკავებული, რასაც წინ უძღოდა მომიტინგეთა დარბევა და ფიზიკური შეურცხყოფა. მათ შორის იყვნენ როგორც აქტივისტები, ასევე, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ძალადობის კვალი იმდენად მძიმე იყო, რამდენიმე პირის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მომიტინგეთა პროტესტი გამჭვირვალობის სახელით შეფუთულმა „რუსულმა კანონმა“ გამოიწვია, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სამოქალაქო საქმიანობას და თავისუფალი მედიის მუშაობას, ასევე, კანონი, სათანადო დახმარების გარეშე ტოვებს შშმ პირებს, დევნილებს, უმცირესობათა წარმომადგენლებს, ხანდაზმულებს, ქალებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ და სხვა ადამიანებს, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.

ვიდრე ხელისუფლება „რუსული კანონის“ ხელმეორედ მიღებას ცდილობს, ფაქტებით მოგიყვებით, როგორ გვატყუებს ხელისუფლება და რა მეთოდებს მიმართავს თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად.


აპრილის აქციები

იმედა კლდიაშვილი ერთ-ერთია იმ 40-მდე ადამიანს შორის, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში, თბილისში გამართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. მას პროტესტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, იგივე „რუსული კანონმა“ გაუჩინა და ამ მიზეზით ქუჩაში გამოსულ ათასობით თავისუფლების მოყვარე ადამიანს შეურთდა.

„9 აპრილის ქუჩაზე ვიდექით, ჩვენ წინ იყვნენ პოლიციელები, მიწოლა იყო, მაგრამ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია, ხელებაწეული ვესაუბრებოდით პოლიციელებს, რა დროსაც თითით ანიშნეს: „ეს დააკავეთო“ და დამაკავეს. ჩემთან ერთად იყო ზურა ჯაფარიძეც. ერთად შეგვიყვანე ს პოლიციელებმა წრეში. ზურა დააბრუნეს უკან, ხოლო მე დამაკავეს“, - იხსენებს ჩვენთან საუბარში 15 აპრილის დაკავების შემთხვევას იმედა კლდიაშვილი.
იმედა ამბობს, რომ მისთვის არავის მიუცია ახსნა/განმარტება, თუ რის გამო აკავებდნენ და რა დააშავა. მას 48 საათი მოუწია წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნა.

იმედა კლდიაშვილის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შექმნილი სამართლებრივი დახმარების ქსელი იცავს. ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამების დირექტორი  შორენა ლოლაძე ამბობს, რომ აპრილის მშვიდობიან აქციებზე 40-მდე დაკავებულიდან 31 პირის უფლებებს სწორედ ისინი იცავენ.

ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია, თუმცა მათი დიდი ნაწილის საქმეები სასამართლოში ჯერ წარდგენილიც არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ სამართალდამცველებს მტკიცებულებები ჯერ არ მოუპოვებიათ.

ადვოკატის თქმით, კლდიაშვილის მსგავსად, აქციაზე მყოფი სხვა პირები ადმინისტრაციული სამართადარღვევის მუხლით (სსრკ 166-ე და 173-ე მხულით) დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმროჩილებლობას გულისხმობს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს პირის დაკავება 24 საათით ხდება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც სამართალდამცველი პირის წინააღმდეგ საქმეს სასამართლოსთვის წარსადგენად ამზადებს, დამატებით კიდევ 24 საათით ხდება წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულის დაყოვნება. ანუ  24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება, წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში დაკავების ვადა გაახანგრძლივონ არაუმეტეს 24 საათით.

„იმედა კლდიაშვილის შემთხვევაში დამატებითი 24 საათი სამართალდამცველებს არ გამოუყენებიათ, იმისათვის რომ რაიმე სახის მტკიცებულებები მოეგროვებინათ, რადგან ამ დრომდე არ არის სასამართლოში საქმე შესული. ეს კი, ხაზს უსვამს იმას, რომ სამართალდამცველებმა ის მეორე 24 საათი რეალურად სადამსჯელოდ გამოიყენეს“, - აღნიშნავს შორენა ლოლაძე. 
შესაბამისად, იმედა კლდიაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არც კი ჩანიშნულა.

იმედა კლდიაშვილისთვის ეს დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. იგი 2021 წელს ორჯერ დააკავეს. პირველად, 2021 წლის 1 ნოემბერს. იმ დროს კლდიაშვილი ცესკოს უბნის წევრის უფლებას "ოცნების" კოორდინატორებისაგან იცადა, რომელმაც თქვა, რომ მას  არჩევნების გაყალბებას სთხოვდნენ ( 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ხოლო იმედა კლდიაშვილი ოპოზიციის შეთანხმებული ვიცე-მერობის კანდიდატი გახლდათ) მეორედ - 12 ნოემბერს დააკავეს. ქუთაისში სუსის შენობის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა და მისი გადაყვანა პოლიციამ მხოლოდ ევაკუატორის საშულებით შეძლო. სასამართლომ მას პირველ ჯერზე  2 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა და მართვის მოწმობის 6 თვით ჩამორთვა,  ხოლო მეორედ დაკავების შემდეგ, ერთი კვირით თავისუფლების აღკევეთა შეეფარდა. 

კლდიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდება, როდესაც ამ მეთოდებით ცდილობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას.

„ამით, რეალურად ცდილობენ ვინც აქტიურია დააკავონ, მუხტი ჩააქრონ, მაგრამ უარესს აკეთებენ, ერთის მაგივრად ათი გამოვა“, - ამბობს ის.


მასობრივი დაკავებების სერია

აქციებზე დაკავებები მასიური ხასიათისაა მაშინაც კი, როცა საპროტესტო შეკრება სოციალური შინაარსისაა. ასე მოხდა მიმდინარე წლის 23 იანვარს, როცა აქტივისტები იპოთეკური სესხის შედეგად ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცველებმა მაშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების ბრალდებით 18 ადამიანი დააკავა, ხოლო ორი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სოციალური შინაარსის აქციაზე დააკავეს გიორგი ლოლაძეც. იგი 2022 წლის მარტში ქუთაისში, ბენზინზე ფასის მომატებას აპროტესტებდა. ლოლაძეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევით იქნა დაკავებული და 48 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა სასამართლოს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლოლაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევით პირის დაკავების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართალდამცავი მიმართავს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ დაკავებულის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. 

ლოლაძის მსგავსად, წლების განმავლობაში სხვადასხვა საპოტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი უკანონოდ იქნა დაკავებული.

2020 წლიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებში 39 675 საქმე შევიდა. აქედან, მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, სამართალწარმოება  2 944  პირის მიმართ შეწყდა, ხოლო  11 309 ადამიანს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.



ის, რომ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მასობრივი დაკავებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით არის გამოწვეული, ამას მოწმობს სახალხო დამცველის ანგარიშიც.

„უკვე წლებია, სხვადასხვა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საფუძვლით დაკავებები. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავებებს, ხშირ შემთხვევაში არსებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მთლიანი შეკრების მიმდინარეობაზეც. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა გასულ წელსაც გამოიყენებოდა. 452 დაკავების საფუძველი უმეტესად მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების გამონათქვამების შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება.

რიგ შემთხვევებში, დაკავების ერთადერთი მიზეზი პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა იყო“, - წერია სახალხო დამცველის „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 2023 წელს მომზადებულ ანგარიშში. 

მედია და შეზღუდული საქმიანობა

ონლაინ გამოცემების: „პუბლიკა“, „ტაბულა“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ 16 აპრილს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან აქციაზე. ასევე, დაფიქსირდა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიმართაც პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტი.

დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს. ორგანიზაციის იურისტი ილონა დიასამიძე გვიყვება, რომ დაზარალებული ოთხი ჟურნალისტიდან 3 ჟურნალისტს მიყენებული აქვთ ჯანმრთელობის დაზიანებები, რის გამოც ყველა მათგანს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რათა მოხდეს შეფასება მათ მიმართ მიყენებული დაზიანებების ხარისხის.

„რაც შეეხება, გამოძიებას, ამ საქმეებზე, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტების მუხლით. ველოდებით, რომ გამოძიებას დაემატება „ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის“ მუხლით, რადგან თითოეულ ჟურნალისტს სამართალდამცავები მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საქმიანობაში“, - ამბობს ილონა დიასამიძე.
მედიაომბუდსმენის იურისტი გვიყვება, რომ ანალოგიური ხელისშეშლის და ფიზიკური ძალადობის მასიური შემთხვევები იყო 2023 წლის მარტშიც, მაშინ როდესაც მთავრობამ პირველად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი იგივე „რუსული კანონი“.

„2023 წლის აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა არაერთ ჟურნალისტს, „მედია ომბუდსმენი“ იცავს 21 ჟურნალისტის უფლებებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
საპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება როგორც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი), ასევე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი)“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ეს არის ბოლო აქციებზე კრიტიკული მედიაორგანიზაციების ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, თუმცა სინამდვილეში, ხელისუფლებამ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიას ომი უფრო ადრე გამოუცხადა. წლების განმავლობაში ეს იყო ე.წ. რბილი ძალით გამოვლენილი, რაც საჯარო ინფორმაციების გაუცემლობით, პარლამენტში აკრედიტაციის შეზღუდვით და ადგილობრივ თვითმმართველობის დონზე ინტერვიუებზე უარის თქმით გამოიხატებოდა.

ხელისშეშლის ყველა ეს მეთოდი ასახულია მედია ომბუდსმენის მიერ წარმოებულ სტატისტიკაშიც.

“მედია ომბუდსმენი”, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა, უკვე აწაროებს 100-ზე მეტი ჟურნალისტის საქმეს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით.

“მათ შორისაა: უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეები, პარლამენტის წევრების მედიასთან კომუნიკაციის სტანდარტი; საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესის ნაწილობრივ გაუქმება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა , კომუნიკაციების კომისიის უწყვეტი მონიტორინგი , საზოგადოებრივი მაუწყებლების საქმიანობის მონიტორინგი და სხვა”, - განმარტავს „მედია ომბუდსმენის“ იურისტი.
ამჯერად, სიტყვის თავისუფლების აბსოლიტურ ჩახშობას ემსახურება რუსული კანონი, რომელიც პირველ რიგში, კრიტიკული ონლაინ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა, საბოლოოდ ყველა სფეროს და თოთოეულ ადმიანს შეეხება.

„ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.
რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.

ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”,  - ამბობს საქართველოში მოქმედი 500 -მდე მედია და არასამთვრობო ორგანიზაცია.



როგორ გვატყუებს ხელისუფლება

კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ "ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს მეორედ დააინიციირა, ხოლო პირველი მოსმენით 17 აპრილს 83 ხმით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

მთავრობამ აღნიშნული კანონის მიღება პირველად 2023 წლის მარტში სცადა. პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ფართომასშტაბიანი აქციის გამო დოკუმენტი უკან გაიწვიეს.
კანონპროექტის მიღების ერთადაერთ მიზეზად მთვარობაში გამჭვირვალობას ასახელებენ. თუმცა, ვერ ხსნიან ამ მიზნის მიღწევაში რატომ სჭირდებათ ორგანიზაციებს „აგენტის“ სტატუსის მიკერება, თანაც ისე რომ ეს სავალდებულოა.

სინამდვილეში, საქართველო, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტებს დაახალოებით 30 წელია იღებს, მისი გამჭვირვლობა რამდენიმე კანონით რეგულირდება. მათ შორისაა, საქართველოს კანონი „გრანატების შესახებ“, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს არის მიღებული.

„ნებისმიერი სახის და მოცულობის თანხის კონტროლი მკაცრად რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. გრანტის განმარტება და ვის შეუძლია მიიღოს გრანტი, რეგულირდება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით., გადასახადების გადახდა და შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. რეალურად ცხადია, რომ ამ კანონპროექტს აქვს სხვა დანიშნულება: ჩემი მოსაზრებით ესაა საზოგადოებაში ურთიერთდაპირსპირების გაღრმავება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სახით მტრის ხატის შექმნა, არასამთავრობო სექტორის "მორჯულება" და მხოლოდ მთავრობის მაქებარი არასამთავრობოების შენარჩუნება, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება და საამისოდ ყველა კრიტიკულად განწყობილი ხმის ჩახშობა“, - ამბობს იურისტი ვალერი თევდორაძე.

შესაბამისად, ცხადია, კანონპროექტის მიზანი ერთადერთია - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მოსპობა, ხალხში პროტესტის ხმის ჩახშობა და მათზე მარტივად ბატონობა.
სწორედ ამის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ასობით ათასი ადამიანი ახლა საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად იბრძვის. საპროტესტო აქციები იმართება თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მიმართულება სასამართლოს გზით საკუთარი უფლების დაცვაა.

„ძალიან მნიშვნელოვნია მოქალაქეებმა გამოიყენონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს,“ - ამბობს საიას მთავარი იურისტი. მისი თქმით, პირი, რომელიც იბრძვის საკუთარი უფლებებისათვის, ჩახედულია საქმეში, ჰყავს ადვოკატი, აღწევს მისთვის სასარგბელო შედეგსაც, ამით საქმე კეთდება არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვისთვისაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბრძოლა საკუთარი და სხვისი თავისუფლების დასაცავად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.