მულტიმედია
ვაქცინა - ჭირი იქა, ლხინი აქა
FaceBook

აცრა ვერ მოასწრო. საქმის გამო მისი ორი დღით გადადება მოუწია. კოვიდი კი გადავადებებს არავის პატიობს. აცრას კოვიდმა დაასწრო და ექიმი მადონა ჯუღელი ვირუსთან ერთთვიან ბრძოლაში, რთულ, დამქანცველ და ვირუსთან ყოველწუთიერ ბრძოლაში გაიწვია.


მართალია, კოვიდი დაამარცხა მაგრამ ექიმს გააზრებული აქვს, რომ ეს გამარჯვება დროებითია.  კოვიდთან ომია მოსაგები. ომს კი მხოლოდ ვაქცინა იგებს.


„ჯოშუა ლინდგრენმა თქვა, რომ 21-ე საუკუნე არის ვირუსების ერა. ადამიანების ისტორია გრძელდება,  კაცობრიობა მრავლდება და ვირუსებიც მრავლდება ფეხდაფეხ. მანამდე  ბაქტერია  იყო გამოწვევა, ახლა ვირუსია. ვირუსთან ბრძოლა ვისწავლეთ ვაქცინაციით და ეს რევოლუციური აღმოჩენა იყო“, - ამბობს მადონა ჯუღელი.


პანდემიები დიდი ომებია. მათ რთული და მაღალი ლეტალობის მქონე დაავადებების პერიოდებში იმაზე მეტი სიცოცხლე წაუღიათ, ვიდრე ყველა ომს ერთად აღებულს. ასეთი უამრავი ომი გამოიარა კაცობრიობამ.


კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მერამდენე "მსოფლიო ომია" არავის შეუკრიბავს. არც ყველა მსხვერპლი დაუთვლია ვინმეს.  სამაგიეროდ, არის კორონავირუსის მსხვერპლის სტატისტიკა. საქართევლოს შემთხვევაში ის გვაუწყებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილყველა ომში 11 ათასი ადამიანი დაიღუპა.


კორონამ კი მხოლოდ ორ წელიწადში, 8 000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა და ეს ციფრი აქ არ სრულდება. კორონავირუსი მას ყოველწუთიერად ზრდის. ამ ტრაგედიის აღრიცხვასა და სტატისტიკის ჯაჭვს დღეს მხოლოდ ვაქცინა წყვეტს.




ერნესტ ბორდის ნახატი 1912 წელი „ვაქცინაცია“

მაგალითისთვის, თუკი პოლიტიკური ომების გმირები იგებენ კონკრეტულ ბრძოლებს, იბრუნებენ კონკრეტულ ტერიტორიებს, ვაქცინა, მთლიანად ასრულებს ომს. მას ადამიანებისთვის  პლანეტა დედამიწის დაბრუნებაც შეუძლია.


,,ამისთვის
წესით ძეგლიც ეკუთვნის ყველა ქალაქში. ასევე, სახელების დარქმევაც პანდემიის შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე. მათი მშობლების გადარჩენისთვის მადლობის ნიშნად. მაგალითად, ფაიზერ მხარგრძელი, ან სინოფარმ ამაშუკელი, ასტრაზენეკა თარხან-მოურავი, მოდერნა ასლამაზიშვილი. ცუდად ჟღერს? დიახ, ცოტა სასაცილოა, მაგრამ განა სიცილი არ სჯობს ცრემლებს?“, - ამბობს ქუთაისელი ვანო ჩიტაიშვილი. მან კოვიდი რთულად გადაიტანა, ამიტომ პირველი შესაძლებლობისთანავე აიცრა.


ცუდად მხოლოდ კოვიდ-სტატისტიკა ჟღერს და მის უკან ათიათასობით ადამიანის ისტორია. ვაქცინას ამ ისტორიების ბედნიერი დასრულება შეუძლია. ,,ჰეპი ენდი", "ჭირი იქა, ლხინი აქა", - პირდაპირი მნიშვნელობით.


,,ჭირი იქა“ იმ წინანდელი საუკუნეების პანდემიიდანაა, როდესაც მთელ მსოფლიოში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა.


,,იმდენად
მძიმედ და ხანგრძლივად გაგრძელდა მისი ყოფნა, რომ ქართულ ენაშიც მყარად მოიკიდა ფეხი. სიტყვა ჭირი“ ბევრი ცნების აღმნიშვნელი გახდა: შენი ჭირი მე, ჭირნახული, საჭირბოროტო, ჭირისუფალი, გაჭირვებული, ჭირ-ვარამი.  ჩვენი ჭირი იქა, ლხინი აქაც …“, - ამბბობს ფილოლოგი, მაკა ტორაძე.


"ჭირი იქას" თქმა მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როცა მე-18 საუკუნის ბოლოს ვაქცინის შექმნის პრინციპს მიაგნეს.


"მასწავლებელი" "ყვავილის" დაავადება გახდა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვერაფერს უხერხებდნენ. არსებობდა მცირე შეღავათი - "ძროხის ყვავილი", რომელიც ნატურალური ,,ყვავილიდან" განსხვავებით,  ამ დაავადების მარტივი ფორმა იყო. ვირუსი ცხოველიდან გადაეცემოდა ადამიანს და არ იწვევდა ისეთ გართულებებს, როგორც ნატურალური შავი ,,ყვავილი“ (ადამიანიდან, ჰაერწვეთოვანი გზით გადადებული).

მე-18 საუკუნეში, ინგლისის არმიაში მაშინ აღმოაჩინეს, როცა ყვავილით დაინფიცირებულთაგან დაავადება ცხენოსანმა არმიამ უფრო მარტივად გადაიტანა, ვიდრე ქვეითმა ჯარმა. ამ ფაქტმა მკვლევარები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ცხოველიდან გადაცემული დაავადება იმუშავებს იმუნიტეტს ყვავილის უფრო რთული ფორმების მიმართ.


ეს კიდევ უფრო ადრე, ინდოეთსა და ჩინეთში აღმოაჩინეს. მიაგნეს აცრის გარკვეულ მეთოდსაც - წყლულიდან, (რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით დაავადებულს უჩნდებოდა), იღებდნენ სითხეს, ან ანათალს და შეჰყავდათ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. ამ გზით ადამიანს ხელოვნურად აავადებდნენ მსუბუქი ფორმით და მის ორგანიზმს მდგრადობას ანიჭებდნენ მომაკვდინებელი დაავადების მიმართ. ეს მეთოდი ევროპაში, კერძოდ, ინგლისში ლედი მონტეგიუმ შემოიტანა. წინააღმდეგობა ბევრია და თუ კორონა ომია, მაშინ, ყველა ომს ჰყავს გმირი.


დღეს ამ "გმირის" ზოგადი სახელია ვაქცინა, რომელიც კეთილ დასარულს გვიქადის, - "ჭირი იქა, ლხინი აქა".


ყვავილის მკურნალობის შედარებით სრულფასოვანი მეთოდი კი, არც მეტი, არც ნაკლები, კავკასიაში იპოვეს.


შვედეთის სამეფოს ქვეშევრდომმა, არბი დე ლა მოტრემ კავკასიაში მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ ადიღეელებიდან ყვავილით არავინ იყო დამახინჯებული. მიზეზი მოიძია და გაარკვია, რომ ადიღეელებიც იგივე მეთოდს იყენებდნენ, რასაც ჩინელები, ოღონდ, ნემსის ჩხვლეტით და ანათალის სისხლში შერევით. მოტრემ ამაზე კვლევა დაწერა, თუმცა ეს მეთოდი არც მაშინ მიიღო მალე საზოგადოებამ. სკეპტიკოსების დარწმუნებას  დიდი დრო დასჭირდა.


მე-18 საუკუნის შუა წლებისთვის, უკვე მთელი ინგლისი და ამერიკა აცრებს სწორედ მორტეს მეთოდით იტარებდა. მერე გამოჩნდა ედუარდ ენტონი ჯენერი, რომელმაც 1796 წელს ვაქცინა გამოიგონა და ამით დაასრულა ყვავილის ძლევამოსილება.


მაშინვე არც ჯენერის ვაქცინა უღიარებიათ. მის მიმართ ნდობის მოპოვებას, 50 წელი და ყვავილით 500 ათასი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა დასჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საყოველთაო ვაქცინაცია.



დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა 1891 წელი


ვაქცინაცია 1956 წელი


ამ პროცესს, ყველა დანარჩენი ვაქცინის შექმნა მოჰყვა. მე-19 საუკუნე ვაქცინების გამოგონებას დაეთმო, ისევ და ისევ სკეპტიკოსი ანტივაქსერების ეჭვიანი ყიჟინის ფონზე.


ასეთი სკეპტიკოსები მე 20-საუკუნის მეორე ნახევარშიც ახსოვს 70 წლის ექიმს, ტარიელ სვანაძეს. იმ დროს, ჩვენთვის უკვე ნაცნობი დაავადებების, დიფტერიას, წითელას და ა.შ. აცრები იწყებოდა.


"...
ამიტომ, პირველ რიგში ავიცერი. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვარ? აუცრელობა უმეცრების ბრალია", - ამბობს ეპიდემიოლოგი.


ტარიელ სვანაძეს ანტივაქსერებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ექიმს არც ახალგაზრდებში არსებული ანტივაქსერული განწყობა ეუცხოება.


,,
როგორც ვახუშტი კოტეტიშვილი ამბობდა, სიკვდილის ახალგაზრდებს ეშინიათ, ხანდაზმულ ასაკში რაა საშიში? მეზობელთან ჭიქის მიკაკუნებას გავსო. შეიძლება ამიტომ არ ეშინიათ ასაკოვნებს აცრების. თუმცა ფაქტია, რომ არავის არაფერი დამართნია. კორონას აცრები იმაზე უსაფრთხოა, ვიდრე ზოგი სხვა, ძველი და გამოცდილი ვაქცინა. ზოგიერთ მათგანს უფრო მეტი უკუჩვენება აქვს, ვიდრე კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას. ამიტომ დრო არ დაკარგოთ, უშიშრად აიცერით", - ამბობს ტარიელ სვანაძე.


დრო ფულია მშვიდობიანობის ჟამს, მაგრამ პანდემიის დროს, დრო სიცოცხლეა.


გმირებს ძნელად აღიარებენ მისი თანამედროვენი. გმირის აღიარებას დრო სჭირდება, მაგრამ პანდემიისას დრო ყველაზე ნაკლები გვაქვს. წამზომი ჩართულია და დაგვიანებებს ათეულობით სიცოცხლით ვზღავთ. რეალური ადამიანების სიცოცხლით, რომლებსაც ვიცნობთ და გვიყვარს.


,,ალბათ, ისიცაა, რომ სიყვარულს ზოგჯერ ეჭვიანობა გვირჩევნია და იმ თეორიების წარმოდგენა, თუ როგორ დაჯდა და შეითქვა ,,რამდენიმე ფულიანი" კაცობრიობის გასანახევრებლად", - ამბობს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.


საამისოდ, ჯერ ვირუსი ,,გამოიგონეს" და მერე საკონტროლო დარტყმა - ვაქცინა, რომელშიც ყველა მავნებლობა ჩადეს (ან როგორ ჩაეტია?!). ნუ, რასაც გაწვდა ბოროტი ტროლების, თუ გულუბრყვილო ანტივაქსერების ფანტაზია.

მათი წარმოდგენით, პანდემიას "იწვევენ" იმისთვის, რომ მერე ვაქცინით ადამიანებს "ავნონ". მაგრამ, თუკი სკეპტიკოს ან ანტივაქსერს ეჭვიანობის უფლება აქვს, ჩვენ კითხვების დასმის უფლება გვრჩება.

თუკი ,,რამდენიმე ფულიანს“ სჭირდებათ, რომ ავნონ ადამიანებს, რატომ გაავრცელებენ ისეთ უკონტროლო ვირუსს, რომელმაც, შესაძლოა, მისი შემქმნელი და მისივე შთამომავლები შეიწიროს?

 

და თუ მაინც გვგონია, რომ კორონა კონტროლდება, ანუ,  ,,გავლენიანებს“ არ ემართებათ, მაშინ რას დავაბრალოთ  მსოფლიოში ათობით პრემიერმინისტრის, ქვეყნის პირველი პირების, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა თუ მილიარდელების  covid-19 –ით ინფიცირება?

 

თუკი მართლა ვინმეს ხელეწიფება და სურს მთელი კაცობრიობა ,,გააზომბოს“, რატომ გააკეთებს ამას ვაქცინით და მაგალითად, არა პურით, რომელსაც ყველა მირთმევს ( მათ შორის, ანტივაქსერები)?

 

და ბოლოს, კაცობრიობის განახევრების თეორიის ნაწილია ვაქცინისთვის უშვილობის გამოწვევის დაბრალებაც.

 

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ აცრა უშვილობას ისეთივე ალბათობით იწვევს, როგორც ლევიტაციის, ფრენის უნარს ადამიანებში. ანუ, თუკი უახლოეს დღეებში, თქვენ გარშემო მფრინავი ადამიანები არ გამოვლენილან, ვაქცინით გამოწვეული უშვილობისაც არ შეგეშინდეთ.

 

ბოლოსდაბოლოს, შვილები რომ გააჩინოს ადამიანმა, ცოცხალი უნდა გადარჩეს. ესაა მთავარი პირობა. ცოცხლად გადარჩენის შანსი კი ვაქცინაციის გარეშე მცირდება.

 

იმ ,,შეთქმულებს“ კი თუ ვაქცინით უძვირესი და ჯერ თვალითარნახული ჩიპები შეჰყავთ ადამიანების სამართავად, ვიღას მართავენ, თუკი კაცობრიობის გაჟლეტას ისახავენ მიზნად?

 

წინააღმდეგობა ბევრია და თუ კორონა ომია, მაშინ, ყველა ომს ჰყავს გმირი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კოვიდპანდემიას საქართველოში, ორი წელია, არაერთი ინსტიტუცია,
ორგანიზაცია, თუ ცალკეული პირი ებრძვის.
13:18 / 18.09.2021
კოვიდპანდემიას საქართველოში, ორი წელია, არაერთი ინსტიტუცია, ორგანიზაცია, თუ ცალკეული პირი ებრძვის.
კოვიდპანდემიამ
ხელოვნების ყველა
დარგს შეუცვალა
ადგილი.
11:32 / 18.09.2021

ოვიდპანდემიამ ხელოვნების ყველა დარგს შეუცვალა ადგილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.