მულტიმედია
იუმორი წამლად
FaceBook
„ - კორონავირუსი ეპიდემიაა თუ პოლიტიკა?
- რელიგიაა. მისი შეიძლება გჯეროდეს ან არ გჯეროდეს, მაგრამ რიტუალების დაცვა აუცილებელია."

ეს პანდემიური პერიოდის იუმორია, რომელიც კორონავირუსთან ერთად დაიბადა.

ბუნდოვანი, საშიში, გაურკვეველი ვირუსის გაჩენასთან ერთად, უამრავი სასაცილო მიმი, ხუმრობა, ანეკდოტი დაიბადა კორონასა და მასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენაზე.

სიცილი ხშირად ნერვიული, ისტერიკული და შეუკავებელია. მაგრამ ადამიანი ინტუიციურად, თუ სხვადასხვა ცოდნის წყალობით ხვდება, თუ უნდა რომ შიშს მოერიოს, მას უნდა დასცინოს.

სიცილი თითქოს განდევნის რიტუალია, რომელიც სპილოს ზომის სტრესებს ბუზად აქცევს და ადამიანს საღი გონების მოკრების საშუალებას აძლევს.

"სიცილი წამალი და იარაღია. ის გეხმარება გადარჩე და გადაარჩინო სხვებიც. ის გეხმარება ამხილო მტერი. განაიარაღო და გაანადგურო იგი. რადგან სიცილი ამხელს ცრუ წარმოდგენებს ძალაუფლებასა და მნიშვნელობაზე, ანუ აჩვენებს არარაობის რეალურ სახეს", - მიაჩნია კულტუროლოგ ელენე ვოლკოვას.

იუმორი ადამიანს აბრუნებს რეალობასთან, რომელსაც შიშის გამო ძალიან დაშორდა. აქრობს სირთულის დაუძლეველობის განცდას მაშინაც კი, როდესაც საფრთხე რეალურია.

"სიცილი დაცვითი რეაქციის ერთ-ერთი ვარიანტია. შიში ყველაზე ძლიერი გრძნობაა და თითქმის ნებისმიერი ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

შიში ბადებს იუმორს, რომელსაც მოაქვს ნუგეში. მისი წყალობით ისე არ წვიმს, როგორც ქუხს და ყველაზე მრისხანე მონსტრსაც მოეძებნება სუსტი მხარეები, რითიც მისი დამარცხება შეიძლება.

პანდემიურ იუმორს თავისებურებებიც ახასიათებს.

იუმორის ერთ-ერთი განმარტების თანახმად, როცა რაიმე პრობლემაზე ხუმრობ, მისგან დისტანცირებული უნდა იყო, თავად არ უნდა გემუქრებოდეს საფრთხე და მხოლოდ მაშინ გაქვს სიცილის ძალა.

კორონას შემთხვევაში ასე არ არის. კორონა ყველას გვერდით ჰყავს, მაგრამ მასზე მაინც ხუმრობს და "პირში" დასცინის.

პანდემიური იუმორი ხშირად შავია, თუმცა სრული უფლება გააჩნია გააცინოს და გაამხიარულოს.

"ჯვარი აქაურობაი და ქიზიყში ქელეხები გავაუქმეთ... ახლა იმაი ვამუღამებთ, სასახლე ორმა კაცმა როგორ ვატაროთ. მეოთხე არ შეიძლება და მესამე შიგა წევს".

გვხვდება სხვა ტიპის იუმორი. სოციალური ქსელები კი მისი გავრცელების საუკეთესო პლატფორმად იქცა.

ხუმრობა პანდემიის მიზეზით დადგენილ რეგულაციებზე: ცვლილება შევიდა საკრალურ ტრიადაშიც. ილია ჭავჭავაძისეული "სამი მცნება" ჩაანაცვლა გამყრელიძისეულმა ტრიადამ.


ფოტო სოციალური ქსელიდან

ხუმრობა იზოლაციის პირობებზე.

როცა პანდემიის გამო იზოლაციაში ხარ, რჩევები მხოლოდ ყველაზე ავტორიტეტული პირისგან უნდა მიიღო.


ფოტო სოციალური ქსელიდან

ხუმრობა პანდემიურ ატრიბუტებზე:

რით "მარიაჟობდა" ხალხი კორონავირუსამდე, ვირუსმა ცხადყო, რა არის ჭეშმარიტად "სამარიაჟო".


ფოტო სოციალური ქსელიდან

დაცინვა წონაზე ასახულ კარანტინის შედეგებზე:
"მონა ლიზას" დრომ ვერაფერი დააკლო, მაგრამ რა ყოფილა ეს კარანტინი?!


ფოტო სოციალური ქსელიდან

პანდემიურმა იუმორმა შეაღწია კლასიკოსების სივრცეებში. მათი ნამუშევრებიც კორონა ეპოქის იუმორის პერსონაჟებად აქცია და პანდემიური ცხოვრების წესებს დაუმორჩილა. მაგალითად, ჩართო "ზუმში".


ფოტო სოციალუირი ქსელიდან

პანდემიურმა იუმორმა შეცვალა დედამიწა და დიდი ხნის გადაშენებული არსებებიც დააბრუნა.


ფოტო სოციალური ქსელიდან

იუმორმა "დაასპოილერა" პანდემიის რამდენიმესეზონიანი სერიალის ბოლო სერიაც.

"ბოლო სერიაში ორი დინოზავრი ფრთხილად იყურება სათაფლიის გამოქვაბულიდან. "გევიდეთ ბიჯო, გადაშენდნენ მგონია" 

კორონამ კიდევ უფრო გაააქტიურა ადამიანებში იუმორის "რეცეპტორები".

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე "ფეისბუკის" საკუთარ კედელზე, ვიდეოებით თუ გადაცემებში მონაწილეობით, კორონას იუმორით უპირისპირდება. იუმორი მისი ფარია, რომელიც სხვებსაც იცავს ყურადღების პოზიტივზე გადატანით.



თუმცა, რაზეც ახლა ხუმრობენ და აგებენ იუმორს, შესაძლებელია, მომავალში პოსტ-პანდემიური საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდეს, ამაზე აღარ გაეცინოთ. უბრალოდ ვერ გაიგონ, რა არის სასაცილო კარანტინში, თმის შეჭრასა და ტუალეტის ქაღალდზე ხუმრობაში. იუმორის გაგების გასაღები ხშირად კონტექსტია. დღეს ის მხოლოდ პანდემიურ კონტექსტში მუშაობს.

"ვცვლი ორ პარკ წიწიბურას და ერთ შეკვრა ტუალეტის ქაღალდს ვინმე იატაკქვეშა სტილისტის მისამართზე".

"თუკი სკოლები და ბაღები კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება, მშობლები ვაქცინას მეცნიერებზე ადრე იპოვიან".


ყველა ამ ხუმრობის უკან დრამატული ისტორიები, ავადმყოფობები, ეკონომიკური კრიზისები, ფსიქიკური ტრავმებია, რაც აჩენს კითხვას: არის თემა, რაზეც ვერ იხუმრებ?

"არის მცდელობა იუმორის პოლიტკორექტულ ჩარჩოებში მოქცევის, მაგრამ იუმორს მაინც ვერ შეაჩერებენ და ადამიანები მაინც ყველაფერზე იხუმრებენ. იმიტომ, რომ ტრაგედიის გარეშე სიცილი არ არის. ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ერთმანეთის თანმდევნი არიან. პლოტინი ამბობს, საბოლოო ჯამში, სერიოზული ამბები, ტრაგედიები და ომები, ძალიან სასაცილო ხდება. სინამდვილეში ძალიან სასაცილოა კორონაც. ისიც მიიწებებს იუმორს და გახდება ანეკდოტის და ანეკდოტური სიტუაციის ნაწილი", - ამბობს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.

"პანდემიურ იუმორს" შეუძლია დიდი ლიტერატურის ნაწილიც გახდეს.

მე-14 საუკუნეში, შავი ჭირის დიდი შემოტევის დროს დაიბადა ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონი". მისი გმირები სწორედ ავადმყოფობას გაერიდნენ, ერთ ვილაზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს სასაცილო ისტორიების მოყოლით ამხნევებდნენ.

თუმცა ხუმრობა ყოველთვის არაა უხიფათო. ვერც "დეკამერონი" გადარჩა და დევნის ობიექტი გახდა.

ცენზურა დევნიდა ანეკდოტებსაც.

ამ მხრივ კაცობრიობას პანდემიაზე უფრო რთული პერიოდებიც ახსოვს. მაგალითად, ტოტალიტარული რეჟიმები, რომლის დროსაც ბელადებზე ხუმრობის გამო აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ, ხვრეტდნენ ადამიანებს.

მიუხედავად ამისა, არასდროს შექმნილა იმდენი ანეკდოტი, რამდენიც საბჭოთა პერიოდისას.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანს იუმორი ყველაზე აქტიურად რთულ პერიოდებში "ეძალება". იგი თავდაცვის ინსტინქტივით ერთვება, რომ გადარჩეს.
ამიტომ, როდის ხუმრობენ ყველაზე აქტიურად?

,,მაშინ, როდესაც მოვლენას ვერაფერს უშვები, ვერაფერს ცვლი, ეს შენს ძალ-ღონეს აღემატება. ისღა დაგრჩენია, იხუმრო მასზე. თუმცა როდესაც პრობლემის გადაჭრა შენს შესაძლებლობებშია, მაშინ რომ დაჯდე და აღადაო, არ არის სწორი საქციელი. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე მეტი ანეკდოტი დაიბადა. ადამიანს ჰქონდა განცდა, რომ თავად ვერ გადაწყვეტდა, ვერ შეცვლიდა, ერთადერთი ეს ჰქონდა დარჩენილი - ბრძოლის ნაცვლად ეხუმრა და დაეცინა მისთვის. პანდემიაც მსგავსია. სანამ ვერ ვერევით, ვხუმრობთ. გზა რომ გამოჩნდა, შევამცირეთ იუმორი და ბრძოლა დავიწყეთ", - ამბობს ფიზიკოსი ირაკლი მაჩიტაძე.

ვირუსს თუკი დავცინებთ, ის ძალას და ზეგავლენას დაკარგავს - და ეს მხოლოდ ფიგურალური გამოთქმა არ არის. ვირუსი ხომ უმეტესად სწორედ მათ უტევს, ვისაც ადვილად ერევა შიში და სტრესი. დასტრესილი ორგანიზმი მოწყვლადია და ვირუსს ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს. ამის თქმის საფუძველს იძლევა კვლევა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის კვლევით ცენტრ NIH-ში ჩაატარეს.

კვლევის შედეგების თანახმად, მაღალია ალბათობა, კორონავირუსით დაავადდნენ ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი რამ ნაკლებად აწუხებს.

სტრესის შემსუბუქება, გაცრეცა და გალევა იუმორს შეუძლია.

იუმორი წამალია, რომელსაც დოზები არ გააჩნია.

ამიტომ, ვიდრე კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეუქმნიათ, აიცერით და მიიღეთ იუმორის "აბები"საათში ერთხელ, თუნდაც ზედოზირებით.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სათვალთვალო კამერა, წყალქვეშა ნავი, ესკალატორი, ცეცხლმაქრები,
რობოტები და მსოფლიო პანდემია - ეს მოწყობილობები და მოვლენები, სანამ
ყოფით ცხოვრებაში შემოვიდოდა, მხატვრულ ლიტერატურასა და ფილმებში
არსებობდა.
16:22 / 27.07.2021
სათვალთვალო კამერა, წყალქვეშა ნავი, ესკალატორი, ცეცხლმაქრები, რობოტები და მსოფლიო პანდემია - ეს მოწყობილობები და მოვლენები, სანამ ყოფით ცხოვრებაში შემოვიდოდა, მხატვრულ ლიტერატურასა და ფილმებში არსებობდა.
ადრე ხეებზე, საახალწლო სათამაშოებივით, პოლიეთილენის პარკები
ეკიდა. ახლაც კიდია, მაგრამ უკვე სამედიცინო ნიღბებთან ერთად. ნიღბები
ყრია ქუჩაში ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ. არადა, კორონავირუსის
გავრცელების პირველი თვეებში ეკოლოგები ბუნებაზე პანდემიის დადებით
გავლენაზე ალაპარაკდნენ.
14:21 / 26.07.2021
ადრე ხეებზე, საახალწლო სათამაშოებივით, პოლიეთილენის პარკები ეკიდა. ახლაც კიდია, მაგრამ უკვე სამედიცინო ნიღბებთან ერთად. ნიღბები ყრია ქუჩაში ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ. არადა, კორონავირუსის გავრცელების პირველი თვეებში ეკოლოგები ბუნებაზე პანდემიის დადებით გავლენაზე ალაპარაკდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.