მულტიმედია
გაზრდილი ბიუჯეტი და განახევრებული მენიუ - რას უგზავნიდნენ პანდემიის დროს ბავშვებს
FaceBook
ქუთაისში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის რვა თვის განმავლობაში უხარისხო საკვები პროდუქტები მიჰქონდათ.

საუბარია 2020 წლის მარტიდან – დეკემბრამდე პერიოდზე, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლებში გამოკეტილ ბავშვებს, ქუთაისის ააიპ ბაღების გაერთიანება საკვებს თვეში ერთხელ ურიგებდა.
მშობლები ,,ქუთაისიპოსტთან" ჰყვებიან, რომ უხარისხო საკვებ პროდუქტებთან ერთად, ზოგიერთ ოჯახში განსხვავებული სასურსათო კალათა მიჰქონდათ. სტანდარტულ ჩამონათვალს ხან ზეთი, ხან კარაქი და ხან ბურღულეული აკლდა.

რატომ არიგებდნენ ბავშვებისთვის უხარისხო საკვებს, როცა ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი ყოველწლიურად იმატებს, ხოლო, 2020 წელს ყველაზე მეტი, 2 000 000 ლარი სწორედ საკვებისთვის იყო განკუთვნილი? – გაერთიანება ამაზე პასუხისმგებლობას მის მიერ შერჩეულ კომპანიებს აკისრებს.

რა მიჰქონდა ბავშვებისთვის სახელმწიფოს კალათით

10 ცალი კვერცხი, 1 კგ. შაქარი, 1კგ. ბრინჯი, 2 კგ. კარტოფილი, 1 ლიტრი ზეთი, 1კგ. ფქვილი, ერთი ქილა მაწონი, 200 გრ. კარაქი და 8 ცალი ორცხობილა – ხუთი წლის ანდრიას დედამ, იზა ხუხიამ 2020 წლის დეკემბერში მიიღო.

იზას ანდრია ქუთაისის მეხუთე საბავშვო ფილიალში დაჰყავს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიმართ უკმაყოფილება იქამდე არ გამოუთქვამს, ვიდრე პანდემიის დროს სახლში საკვებად უვარგისი კარტოფილი არ მიუტანეს.

,,მთლიანად მწვანე, წვრილი და ღრმულებით სავსე კარტოფილი მოიტანეს. რა თქმა უნდა, გადავყარე, მაგრამ რომ მახსენდება, ახლაც ბრაზი მომდის ჩემს თავზე. კარტოფილები კი არ უნდა გადამეყარა, გაერთიანებაში უნდა მიმეტანა. ჯერ ერთი, თვეში ორი კილო კარტოფილი რა არის, მაგრამ თუ არიგებენ, ნორმალური მაინც იყოს. ეს არის დაცინვა და აგდება", - ამბობს იზა ხუხია.

იგივეს ჰყვებიან ქუთაისის საბავშვო ბაღის სხვადასხვა ფილიალის  მშობლებიც.


„მეც მწვანე, ძველი და საჭმელად უვარგისი კარტოფილი მომიტანეს. ასევე  ყველაზე დაბალი ხარისხის მაწონი“, - ამბობს #4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი ნინო მეფარიშვილი.


,,
ზუსტად ასეთი უხარისხო კარტოფილი იყო პირველ საბავშვო ბაღშიც. გადავყარეთ და შევცდით. გაერთიანებაში უნდა მიგვეტანა“, - ამბობს თინიკო სანიკიძე.


მშობლები ამბობენ, რომ საკვებად უვარგისი კარტოფილის გარდა, ზოგჯერ სასურსათო კალათას პროდუქტები აკლდა.


,,
ჩვენ კარტოფილის, შაქრის, კარაქის და მაწვნის გარდა არაფერი მიგვიღია. სად წავიდა, ზეთი, კარაქი, ბურღულეული და სხვა? ვინ შეჭამა ჩვენი ბავშვების ულუფა? ვინ არის ამაში დამნაშავე? გაგვეცით პასუხი", - ამბობს ქუთაისის #31-ე ბაღის აღსაზრდელის კიდევ ერთი მშობელი.


მშობლები უკმაყოფილებას იმაზეც გამოთქვამენ, რომ ულუფა, რომელსაც  თვეში ერთხელ იღებდნენ, ბავშვებისთვის ერთი დღის საკმარიც არ იყო.


,,
რაც მომიტანეს 5-6 ლარის იქნება. ეს არის ერთი თვის საკვები? ეს თანხა ჰყოფნით ბავშვებს ერთი თვის განმავლობაში? ანუ ამ ღირებულების საკვებს აჭმევენ ჩვენს შვილებს, როცა ბაღში არიან?“, - აღნიშნავს კიდევ ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი, ნინო მეფარიშვილი.


ქუთაისის მეხუთე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი  ფილიალის რომელიმე აღსაზრდელს უვარგისი საკვები მიუტანეს.,,მაშინაც, როცა სახლებში ურიგებდნენ საკვებს და ახლაც, ყოველთვის ვამოწმებ პროდუქტს. თუ არ მომწონს პროდუქტი, ვუკავშირდები მომწოდებელს და ვცვლით. ყოფილა შემთხვევა, როცა 200 კგ კარტოფილი გამოგვიცვლია“, - ამბობს ფილიალის ხელმძღვანელი თამილა თაბაგარი.


#1 საბავშვო ფილიალის ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის თქმით, ბაღში მიწოდებულ ყველა პროდუქტს თან ახლავს ლაბორატორიული დასკვნა. თუმცა,  იმასაც გვიყვება, რომ უხარისხო პროდუქტზე, მისი ბაღის მისამართით მშობლების საყვედურებიც მოუსმენია.

"მაგრამ ამის შესახებ  ოფიციალურად არავის მოუმართავს“, - აცხადებს ხონელიძე.

გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიის დროს თითოეული ბავშვისთვის სახლში გადასაცემი პროდუქტების სია, სპეციალისტებმა შეადგინეს. სასურსათო კალათაში არამალფუჭებადი პროდუქტები: ხორბლის ფქვილი,  ბრინჯი, შვრიის ფანტელი, შაქარი, ბარდა, კარტოფილი, ხახვი,  ზეთი,  რძე, ხილფაფა,  კვერცხი, და ყველი იყო განსაზღვრული.



„ყველა ქალაქს სხვადასხვა კვება აქვს. შესაბამისად, ყველა გაერთიანებამ სასურსათო კალათა იმის მიხედვით დაარიგა, რაც ზოგადად აქვთ. ჩვენც, ჩვენი მენიუს არამალფუჭევადი პროდუქტი შევარჩიეთ დასარიგებლად“,
- ამბობს  გაერთიანების დირექტორი.



რა ღირს ბავშვების გამოკვება ბაღში ?

ქუთაისში 37  საბავშვო ბაღის ფილიალია, სადაც 9 000 - მდე  აღსაზრდელი ირიცხება. ბაღში კვება დღეში სამჯერადია: საუზმე  - 10:00 საათზე, წახემსება - 12: 00 საათზე და სადილი 13:00 საათზე.


მრავალფეროვანია მენიუც: გუფთა, ბორშჩი, ღომი, წვნიანი, კატლეტი, თევზი.  დღეების მიხედვით ცვალებადია ბავშვების სადილიც. ასევე, ყოველი ულუფის შემდეგ გათვალისწინებულია  დესერტი,  ხილი.


გაერთიანების ინფორმაციით, ერთი ბავშვის გამოკვება დღეში დაახლოებით, 2.14 ლარი, თვეში კი, საშუალოდ 55.64 ლარი ღირს.  პანდემიის პირობებში, როცა ბაღების მუშაობა აკრძალული იყო, მცირე რაოდენობით
დარიგებული ნობათით ერთი ბავშვის სახლში გამასპინძლება გაერთიანებას გაცილებით ნაკლები, თვეში 20 ლარი უჯდებოდა.

ქუთაისის ააიპ ბაგა ბაღების ინფორმაციით, საერთო ჯამში, პანდემიურ წელს  ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი 2 მილიონი ლარიდან 1  415 598 ლარი დახარჯეს, თუმცა


გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიატიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან „მორჩენილი“ თანხის ოდენობა ჯერ არ დაუთვლიათ.


მარტივი გაანგარიშებით,  ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანებას 584  402 ლარი უნდა დაეზოგა. ბიუჯეტის (2 მილიონი ლარი) საერთო რაოდენობას დახარჯულს  (1 415598) თუ გამოვაკლებთ, სწორედ ამდენი რჩება.

მარტივი გაანგარიშებით გამოდის, რომ მარტში ბაგა-ბაღებში დაბრუნებული ბავშვების კვებაზე თანხა 2021 წლის ბიუჯეტიდან იხარჯება. შესაბამისად, ნაშთი დანაზოგია. თუ რას მოხმარდება 2020 წლის ბიუჯეტიდან კვებისთვის განსაზღვრული და აუთვისებელი თანხა, უცნობია.


„ის თანხა, რაც მორჩა 2020  წლის კვების ბიუჯეტიდან არ გამოგვიყენებია. ჩვენ ბიუჯეტიდან ვიღებთ იმ თანხას, რაც გვჭირდება, დანარჩენი  რჩება ქალაქს.
ჩვენი ამჟამინდელი ბიუჯეტი (2021 წელი) არის 12 მილიონამდე  და ამაშია გათვალისწინებული წლევანდელი კვების ხარჯიც“,  - განმარტავს დავით წიატიშვილი.


ბაღებში კვებასა და სახლში მიტანილ სასურსათო კალათაზე დახარჯულ თანხას შორის სხვაობაზე მშობლების პრეტენზიას გაერთიანებაში  პასუხობენ, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებს გასცემდნენ, რისი უფლებაც ჰქონდათ.



„კვების ტექნიკოსმა განსაზღვრა, თუ რა პროდუქტის გაცემის უფლება გვქონდა. შესაბამისად, არ შეგვეძლო მალფუჭებადი პროდუქტების გაცემა. მშობლები ხშირად გვეკითხებოდნენ, ხორცი რატომ არ არისო. ხორცის, თევზის, ქათმის ფილეს გაცემა ჩვენ არ შეგვეძლო“,
- ამბობს დავით წიატიშვილი.


კვების ტენდერები


ქუთაისში, სასკოლო ასაკისთვის ბავშვების  ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ განვითარებზე პასუხისმგებლობას ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღების ფილიალებთან ერთად იღებს. ბავშვების სკოლისთვის  მომზადების პარალელურად, მათი მოვალეობაა მოზარდების ჯანსაღი პროდუქტით კვება.


ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად გაერთიანების ბიუჯეტმა  2020 წელს 11 550 000 ლარი შეადგინა.  აქედან ყველაზე მეტი, 9 250 000 ადმინისტრაციისთვის იყო განკუთვნილი. ხელფასებზე  300 000 ლარი ბაღების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის და 2 მილიონი ბავშვთა კვებისთვის არის განსაზღვრული.


საბავშვო ბაღებში საკვებ პროდუქტებს ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანება  ტენდერის გზით ყიდულობს და ყველა სახეობაზე თითქმის ცალ-ცალკე აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას. ამიტომ, წელიწადში რამდენჯერმე უწევს სახელმწიფო შესყიდვის  გამოცხადება.


2020 წელს, გაერთიანებამ 1 415 598 ლარის  ღირებულების 21 ხელშეკრულება გააფორმა. ამ თანხით, საკვები პროდუქტები სხვადასვა კომპანიამ  შეიძინა. მაგალითად, 37 საბავშვო ბაღსა და  კომპანიას  შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მომწოდებელი პროდუქტებს თავად ურიგებდა აღსაზრდელებს.

ერთ-ერთი უმთავრესი  ვალდებულება, რაც კომპანიებს ხელშეკრულებით აქვთ აღებული  -  საკვები პროდუქტების ხარისხია.


საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16.09 №301/ნ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმები“-ს მოთხოვნებს. ასევე, საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები“, -  წერია სატენდერო დოკუმენტში, რომელსაც  ხელს გამარჯვებული კომპანიები აწერენ.


„საბავშვო ბაღში შეტანილი პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელია მომწოდებელი კომპანია, რაც განსაზღვრულია სატენდერო წინადადებაში. საბავშვო ბაღში საკვების მიღებისას კი პასუხისმგებელია ფილიალის წარმომადგენელი და კვების ბლოკის თანამშრომლები. ანალოგიურად ხდებოდა სახლებში  მისატანი პროდუქტების შემოწმებაც“,
- ამბობს ააიპ ბაგა-გაღების  გაერთიანების დირექტორი დავით წიტაიშვილი.


გაერთიანებაში გვიდასტურებენ, რომ სახლებში დარიგებულ პროდუქტში, მაგალითად კარტოფილის შემთხვევაში, შესაძლოა, უხარისხოც „გაპარულიყო“, მაგრამ  ამას ფორმსაჟორულ ვითარებას და პანდემიის  მიერ „დაწესებულ“ უჩვეულო რეჟიმს მიაწერენ.

„ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო სიახლე. კი, ბატონო იყო ხარვეზი, თუმცა, თუკი ისე ხდებოდა, რომ პროდუქტის ხარისხი არ მოგვეწონებოდა,  ვუკავშირდებოდით მომწოდებელს ამოსაცვლელად. თავის მხივ, კი მშობლებსაც ვურეკავდით და ვუბოდიშებდით. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ბაღებში უკიდურესად არის  კონტროლირებული კვება და არის უკიდურესად მაღალ დონეზე“, - ამბობს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი.


ვინ შეიძინა კარტოფილი


2020 წელს, ბაღების გაერთიანებამ  69 495 კგ. კარტოფილი შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  67 476 ლარი დახარჯა.


კარტოფილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში  შპს „ნიკამ“  და შპს „ალეკომ“ გაიმარჯვა.


შპს „ნიკამ“, სახელმწიფო შესყიდვა 2020 წლის აგვისტოში (NAT200011884), ხოლო  შპს „ალეკომ“ მაისში  (NAT200007225) მოიგო.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ნიკამ“  26 796 ლარის სანაცვლოდ 33 495 კგ კარტოფილი (1 კგ - 0. 80 ლარი), ხოლო  შპს „ალეკომ“ 40 680 ლარად 36 000 კგ კარტოფილი  (1კგ კარტოფილს  ფასი 1. 13 ლარი) შეიძინა. ბაღებისთვის  პროდუქტის მიწოდება ეტაპობრივად დაევალათ.

შპს „ალეკო“ ხულოს რაიონშია რეგისტრირებული. კომპანიის ხელმძღვანელი ჯემალ ბოლქვაძე ამბობს, რომ ქუთაისის ბაღებში დასარიგებელ კარტოფილს  ახალციხეში ყიდულობდა და ქუთაისში ტრაილერით ჩაჰქონდა.



„ნიკეაზე, ბაზარზე შევიყვანდი ტრაილერს, სადაც  გაერთიანების ოთხი წარმომადგენლიც იყო და ამოწმებდა ხარისხს. არასოდეს, არავის არ დაუწუნია ჩემი კარტოფილები. პირიქით, სულ გვეუბნებოდნენ კარგი ხარისხი არისო“,
- ამბობს სატელეფონო საუბარში ჯემალ  ბოლქვაძე.


ახალქალაქში იძენდა კარტოფილს შპს „ნიკა“. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი არ მალავს რომ ზოგჯერ ის ძველი იყო, შესაძლოა ერთი - ორი უვარგისიც გარეოდა. ამასთან, კომპანიის დირექტორი ზვიად  ფასანიძე  გვეუბნება, რომ   ბაღების წარმომადგენლებისთვის პროდუქტის ჩაბარების დროს, მის გაცვლაზე მითითება მიუღია. პარალელურად, ახალქალაქში კარტოფილის  უხვი მოსავალი იყო,პანდემიის გამო ვერ გაყიდეს. შედეგად, ფასიც ძალიან დავარდა და ბევრ ფერმერს მოსავლის ნაწილი გადასაყრელი დაურჩა. ადგილობრივი მედიის, jnews.ge-ს ინფორმაციით, ახალქალაქში კილოგრამი კარტოფილი მაქსიმუმ 20 თეთრად იყიდებოდა.


შესყიდვის პირობებით განსაზღვრული მთავარი ვალდებულების – ხარისხის უზრუვნელყოფის დარღვევის მიუხედავად, შპს “ნიკამ” გაერთიანების მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერშიც გაიმარჯვა.

2020 წელს კომპანიამ მზესუმზირის ზეთის შესასყიდად ბიუჯეტიდან 61 200 ლარი მიიღო (სახელმწიფო შესყიდვაNAT200007222 ).


შპს „ნიკა“  2014 წელს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა. ქუთაისის ბაღების გარდა, ის სხვადასხვა საკვები პროდუქტით  თერჯოლის, ბათუმის, ხელვაჩაურის, სამტერედიისა და ზესტაფონის სოციალური სერვისების სააგენტოს,  სკოლებსა და  საბავშვო ბაღებს ამარაგებდა.

tendermonitor.ge-ზე  განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას (შპს ,,ნიკა“) სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 3 675 056 ლარი აქვს მიღებული.

შპს ,,ნიკას“ მსგავსად,  შპს „ალეკო“, 2020 წლიდან, ქუთაისის გარდა, პროდუქტებით ამარაგებს სხვადასხვა ქალაქს და საერთო ჯამში, შპს-ს, ტენდერების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1  651 783 ლარი აქვს მიღებული.


ვინ იგებს ქუთაისში ბაღების გამოცხადებულ ტენდერებს ?


ბაღების გაერთიანებას  საკვები პროდუქტების შემსყიდველი ფავორიტი კომპანიები ჰყავს.   რადგან მიმდინარე და გასულ წელს გაერთიანების  მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად  ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2020 წელს საკვები პროდუქტების შესყიდავზე 21 ხელშეკრულება გააფორმა.

ტენდერებიდან ყველაზე მეტი, ხუთი ხელშეკრულება  ინდ. მეწარმე ნიკა გურგენიძესთან აქვს დადებული.


კომპანიამ 2020 წლის განმავლობაში, ბაღებში სხვადასხვა პროდუქტის  მიწოდებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 150 560 ლარი მიიღო.


ბევრი ხელშეკრულების გაფორმება არ  დასჭირვებია შპს  „რიოს“, რომელმაც   ბიუჯეტიდან  სოლიდური თანხა საქონლის ხორცის შესყიდვაზე გამოცხადებული ორი ტენდერით ( 2020 წლის თებერვალსა NAT200001636 და ივლისში NAT200010386) ჯამში  362 272 ლარი მიიღო.


თევზით მომარაგებზე ექსკლუზიური უფლებამოსილება  შპს Fish world -ს აქვს აღებული. კომპანიას, როგორც მიმდინარე, ასევე 2020 წელს, თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები უკონკურენტოდ აქვს მოგებული.


ანალოგიურად, გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად გამარჯვებულია ინდ.მეწარმე ვლადიმერ გურგენიძე და ინდ.მეწარმე ნიკა გურგენიძე. ორივე მათგანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევაშია დარეგისტრირებული, სადაც მათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად იცნობენ.


ქუთაისის ბაგა-ბაღების ტენდერის გარდა, მამა-შვილი ზესტაფონის მუნციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს.


რატომ  იგებენ ერთი და იგივე კომპანიები ერთსა და იმავე პროდუქტის შესყიდვაზე ტენდერებს, გაერთიანებაში ასე გვპასუხობენ:

,,ჩვენ ვდებთ მხოლოდ რა გვინდა, თუ ვინ იგებს, ეს ჩვენგან კონტროლირებადი არ არის“.


როგორც ჩანს, ქუთაისის საბავშვო ბაღებში ბევრი რამ არ არის ,,კონტროლირებადი“, რადგან  სახლებში გამოკეტილი ბავშვებისთვის უხარისხო საკვების დარიგების გამო,  კომპანიებს  გაერთიანებამ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აკმარა. მეტიც, ამ კომპანიებმა ტენდერები იმავე მომსახურებაზე, მიმდინარე წელსაც მოიგეს.


თავის მხრივ, ოფიციალური საყვედური მშობლებისგან, არც ბაგა-ბაღების გაერთაინებას   მიუღია. ამიტომაც გრძელდება ყველაფერი ძველი და ნაცადი წესით, მაშინაც კი, როცა საქმე ბავშევბის კვებას ეხება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეზი ქაროსანიძის სადებიუტო სპექტაკლზე მუშაობა უცნაურ
15:14 / 22.06.2021
რეზი ქაროსანიძის სადებიუტო სპექტაკლზე მუშაობა უცნაურ "რეალითი შოუს" ჰგავდა:
ჯენის, ბევრი სხვა უცხოელის მსგავსად, საქართველო ((Georgia) თავიდან
ამერიკის ერთ-ერთი შტატი ეგონა. თუმცა საქართველოში ჩამოსვლიდან
პირველივე დღეს მიხვდა, რომ სახელწოდების მსგავსების მიუხედავად,
ამერიკული ჯორჯიასგან სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში მოხვდა.
11:29 / 03.06.2021
ჯენის, ბევრი სხვა უცხოელის მსგავსად, საქართველო ((Georgia) თავიდან ამერიკის ერთ-ერთი შტატი ეგონა. თუმცა საქართველოში ჩამოსვლიდან პირველივე დღეს მიხვდა, რომ სახელწოდების მსგავსების მიუხედავად, ამერიკული ჯორჯიასგან სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში მოხვდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.