მულტიმედია
პანდემიის დროს გაზრდილი და რომანტიზებული კრიმინალი
FaceBook
ერთი კვირის განმავლობაში, ქუთაისში, ორ, ერთმანეთის მკვეთ ქუჩაზე, ორი სახლი გაქურდეს, კიდევ ორის გაქურდვა სცადეს, მაღაზიიდან სიგარეტი და პროდუქტები მოიპარეს, ავტომანქანის შუშები ჩაამსხვრიეს.

ეს ქალაქის ცენტრში, 200 მეტრიან მონაკვეთში მომხდარი ქურდობისა და ქონების დაზიანების ფაქტებია.

სხვაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომელიც სფეროს მკველვარებისთვის არასანდოა. უნდობლობის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკაა, რომელიც არასტაბილური და ზოგ შემთხვევაში "შელამაზებულია".

ბოლო პერიოდში, ქალაქში კრიმინალის ფაქტები თითქმის ყოველდღიურობად იქცა.

მივყვეთ მხოლოდ მაისის თვის ქრონოლოგიას.

ქურდობის პირველი გახმაურებული ფაქტი ქუთაისში 2 მაისს მოხდა. კომენდანტის საათის დროს, ჯიბლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. წაიღეს თანხა და ძვირფასი ნივთები.

5 მაისი - წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს, თუმცა, უცნობმა პირმა კართან კამერა დაინახა და გაიქცა.

7 მაისი - იმავე კორპუსში სხვა ბინა გაქურდეს.

10 მაისი - წერეთლის ქუჩაზე მეორედ სცადეს იგივე სახლის გაუქრდვა.

12 მაისი - უცნობმა პირმა დააზიანა ერთ-ერთი მოქალაქის ავტომანაქანის შუშა, თუმცა, იქ წასაღები არაფერი დახვდა.

19 მაისი - ჩაამსხვრიეს "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის შუშა და დააზიანეს სწრაფი ჩარიცხვის 15-მდე აპარატი.

20 მაისი - კომენდანტის საათის დროს გაქურდეს მაღაზიათა ქსელი "დეილი". წაიღეს სიგარეტი და სასმელი.

"ღამის ოთხ საათზე გამაღვიძეს. მეზობლის გოგოს გაუგია მაღაზიის სიგნალიზაციის ხმა. პოლიციას მივასწარი მისვლა. კიდევ კარგი, ფული არ მქონდა დატოვებული სალაროში. 1200 ლარამდე ღირებულების სიგარეტის წაღება მოასწრეს და შუშა ჩამიმსხვრიეს. ოთხი თვის წინაც ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მაშინ მხოლოდ ბოქლომი მოსინჯეს", - ამბობს ჯიბლაძის ქუჩაზე გაქურდული მაღაზიის მეპატრონე.
"გამთენიისას სიგნალიზაციის ხმამ გამაღვიძა, მანქანას როცა გავხედე არავინ იყო, ალბათ, გაქცევა მოასწრეს. როცა ჩავედი, ვნახე შუშა ჩაუტეხავთ, თუმცა სავარძელზე ცელოფნის გარდა არაფერი მქონდა და ვერაფერი წაიღეს. მაგრამ ჩემი მანქანის გატეხვამდე, წინა დღით, სამი ქურდობის მცდელობის ფაქტი გავიგე. ჩემი მეგობრის სახლის გატეხვას აპირებდნენ, მეზობლის მანქანას სარკე მოაძრეს. როგორც ჩანს, კრიმინალი თვალსა და ხელს შუა იმატებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა", - ამბობს დაზარალებული ანა ჯანაშია.

"შუადღის 5 საათისთვის ჩემს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გარეთ გამოვედი სასეირნოდ, სახლში არავინ იყო. დაახლოებით 2 საათში ბინასთან უცნობი პირი მივიდა, ახალგაზრდა ბიჭი. როგორც კამერებში ჩანს, ხელში რაღაც ინსტრუმენტები ეჭირა. ჩემმა მეუღლემ დააფიქსირა კამერაში და კამერის მიკროფონში ჰკითხა ვინ იყო. ამის შემდეგ გაიქცა. ამ შემთხვევიდან ორ დღეში, ჩვენივე კორპუსში უკვე მეზობლის ბინა გაქურდეს. წაიღეს ოქროულობა, თანხა. ზუსტად სამ დღეში ისევ სცადეს ჩემი ბინის გაქურდვა. ამჯერად ორი პირი იყო, ხელში პატარა ჩანთა ეჭირათ, შეათვალიერეს კარები, ჭერი, შემდეგ ქვედა სართულზე ჩავიდნენ. ესეც კამერამ დააფიქსირა", - ამბობს თეონა გოდოლაძე.

დანაშაულის მონაცემებით მანიპულაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 14 227 დანაშაული, რაც 11.28%-ით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

უწყებამ იმერეთის სტატისტიკა სამკვირიანი ლოდინის მიუხედავად, არ მოგვაწოდა, შესაბამისად, რეგიონში ამ თვალსაზრისით ვითარება უცნობია. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, გასულ წელთან შედარებით, თუ სამინისტროს დავუჯერებთ, კლების ტენდენცია აქაც შენარჩუნებულია. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს სულ 56 596 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 11.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, თუმცა, საერთო მონაცემის შემცირების მიუხედავად, ცალკეული დანაშაულის მაჩვენებელი მზარდია. მაგალითად, განზრახ მკვლელობის ფაქტები 39,5%-ით გაიზარდა, ასეთივე ტენდენცია იკვეთება თვითმკვლელობამდე მიყვანის (+6,3%), მუქარის (+36,3%), კომპიუტერული დანაშაულის (+18,7%), ოჯახში ძალადობის (+6,9%) მონაცემებში.

სფეროს მკვლევარებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითვლის და რას არა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
იმის მიუხედავად, რომ უწყება ვებ-გვერდზე (police.ge) დანაშაულის ფაქტების შესახებ ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს და სტატისიტკურ მონაცემებს (info.police.ge) ასაჯაროებს, არასამთავრობო სექტორისთვის დღემდე საეჭვოა თანხვედრა ოფიციალურ მონაცემებსა და არსებულ რეალობას შორის.

IDFI-ს მკვლევარი გოგა თუშურაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში მანიპულირებდა ციფრებით, რაც ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ არარეალისტურ სურათს ქმნიდა.

"სამინისტრო ხშირად ცვლიდა მეთოდოლოგიას. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ეჭვი, რომ ხდებოდა ციფრებით მანიპულაცია. 2018 წლიდან ამ კუთხით მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა და როგორც კი გამოქვეყნდა მონაცემები, მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი სტატისტიკა. ეს მაშინ დააბრალეს მეთოდოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, მხოლოდ ეს ვერ განაპირობებდა ასეთ მნიშვნელოვან ზრდას", - ამბობს IDFI - ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი.

გოგა თუშურაშვილის აზრით, უწყებას, ციფრების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პრობლემები დღემდე აქვს. მისი თქმით, ამ დრომდე არ ამუშავებულა სამინისტროს მიერ 2014 წელს დაანონსებული ვებ-პორტალი static.pol.ge, რომელსაც საზოგადოებისთვის დანაშაულის ცხელი წერტილების შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია.

"ინტერაქტიული რუკა უნდა ყოფილიყო, სადაც მოსახლეობა მიიღებდა ინფორმაციას, თუ სად მოხდა დანაშაული და ექნებოდა ცხელი წერტილების შესახებ ცნობები. ეს იყო 2014 წელს აღებული ვალდებულება, თუმცა, ძალიან გაიწელა პროცესი. მოსახლეობა ამ წყაროდან ინტერაქტიულ ინფორმაციას ვერ იღებს",
- ამბობს თუშურაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ შეასრულა უწყებამ შვიდი წლის წინ აღებული ვალდებულება, სამინისტროს პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია info.police.ge - ზე ქვეყნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ ციფრებით მანიპულირებდა, ჯერ კიდევ 2019 წელს აღიარა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან მაშინ თქვა, რომ დანაშაულის სტატისტიკის "შელამაზება" ხდებოდა. ეს დაადასტურა პლატფორმამ "ფაქტჩეკი".

"დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 2019 წელს, მისი წინამორბედი მინისტრების შესახებ საუბრისას აღნიშნა: "ალამაზებდნენ" [სტატისტიკას]. თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2018 წლამდე სამინისტრო დანაშაულის "შელამაზებულ" სტატისტიკას გვთავაზობდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა ხდება სათანადოდ დანაშაულის რეგისტრაცია/სტატისტიკის გამოქვეყნება?" - ნათქვამია "ფაქტჩეკის" 2020 წელს კრიმინოგენური ვითარების შეფასებაში.

"კომენდანტის საათის" დროს ჩადენილი დანაშაული

ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში დანაშაულს რომ ვერ აფერხებს, დაწესებული შეზღუდვების დროს მომხდარი კრიმინალური ფაქტები აჩვენებს.

ქურდობის, ყაჩაღობის, სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევების ნაწილი სწორედ ღამის საათებში ხდება. თუმცა, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, სტატისტიკის მკვეთრ ზრდას ელოდებიან მკვლევარები. მათი თქმით, თუ "კომენდანტის საათი" ნაწილობრივ მაინც უშლიდა ხელს დანაშაულის ჩადენას, რადგან ადამიანები ჯარიმის შიშით გარეთ ვერ გადიოდნენ, რეგულაციების
შემსუბუქებასთან ერთად, კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესება გარდაუვალი იქნება. განსაკუთრებით მოიმატებს ეკონომიკური დანაშაული.

რეგულაციების შესუსტებასთან ერთად, კრიმინალური ფაქტები რომ იზრდება 2020 წელს ნათლად გამოჩნდა. გასული წლის აპრილში ქურდობის ფაქტები, რომლის წილიც საერთო დანაშაულში 32%-ია, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით 40%-ით შემცირდა. თუმცა, ივნისიდან (როცა შეზღუდვები მოიხსნა), დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად იმატებს და აგვისტო-სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს აჭარბებს.

წყარო: IDFI

გაზრდილ დანაშაულში სისტემურ პრობლემას ხედავს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი. მისი აზრით, დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის წამახალისებელი ფაქტორია. ასეთი კი ელიტური კრიმინალია, რომლის დაუსჯელობის შედეგია სოციალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის გახშირება.

"კოლოსალურად არის გაზრდილი თანამდებობის პირების დანაშაულები, რომელთა გამოძიებაც, უმრავლეს შემთხვევაში, არ ხდება და სწორედ ეს არის დანაშაულის წახალისების მიზეზი. ქვეყანას რეალურად პოლიტიკოსები არ მართავენ, არამედ ძალოვნები და აქედან მოდის დაუსჯელობის სინდრომი. ვიღაცა საჭმლის გამო რომ იპარავს, ეს დანაშაულთან ერთად ქვეყნის ტრაგედიაცაა,", - ამბობს ადვოკატი.

სამართლიანობის აღდგენის ალტერნატიული გზა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით კი 49 პირი მისცეს პასუხისგებაში.

როდის ანაცვლებს სასამართლოს ე.წ. "ქურდული სამართალი" და რა შემთხვევაში მიმართავენ ადამიანები სამართლიანობის აღდგენის არასამართლებრივ გზას? - ადვოკატები ბოლო დროს ქურდული მენტალიტეტის გაძლიერების ორ მიზეზზე საუბრობენ.

"როცა მოქალაქე მიმართავს სასამართლოს, მისი საქმე, შესაძლოა, რამდენიმე წელი დარჩეს განუხილველი. ზოგჯერ ხდება, რომ აზრს კარგავს სარჩელის შეტანა. ამასობაში, გადაწყვიტა უკვე სხვა გზით ადამიანმა, ვიღაც ქურდის ჩარევით და აღარ აინტერესებს სასამართლო. დროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა. მე, როგორც ადვოკატს, ხშირად არ მაქვს განცდა, რომ სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე, არის ობიექტური და სამართლიანი", - ამბობს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი გელა სიორდია.

"როცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას ქვეყანაში, ადამიანები ეძებენ ალტერნატიულ გზებს და სწორედ ამ დროს ხდება ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მომძლავრება. რეალურად, ძალაუფლება აქვს შიშს და არა სამართალს. შიშის ძალაუფლებაა ეს", - ამბობს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი.

გახშირებული კრიმინალური შემთხვევების ფონზე, დანაშაულის კლებაზე საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრიც. ვახტანგ გომელაურმა საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ სამინისტროს უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული კრიმინალთან, მათ შორის "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ.

"2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულებები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის ბინების გაქურდვის ფაქტებიც. სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით"
,- განაცხადა მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

"ხან იზრდება, ხან აკლდება, ჩვეულებრივი თემაა, გასაკვირი რა არის"? - ესეც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხია ჟურნალისტების შეკითხვაზე - რატომ გაიზარდა კრიმინალი ქვეყანაში?

არასრულწლოვნებში რომანტიზებული დანაშაული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 211 არასრულწლოვანი მიეცა. აქედან, ყველაზე მეტი, 121 ქურდობისთვის.


წყარო:სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოზარდებში რომ სულ უფრო ხშირად ხდება დანაშაულისა და "ქურდული მენტალიტეტის" რომანტიზება, რამდენიმე დღის წინ თბილისის #51-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ დაფაზე რუსულ ენაზე გაკეთებული წარწერა, "სიცოცხლე ქურდებს" ადასტურებს. ამ ფრაზით მოზარდები სკოლაში მისულ მანდატურის სამსახურის უფროსს დახვდნენ.
მსგავსი შინაარსის წარწერას არაერთგან შეხვდებით ქუთაისში.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალის პოვნის არაფორმალური გზების რომანტიზება განსაკუთრებით მარტივია მოზარდებში, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. პრობლემის მოგვარება კი სახელმწიფომ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.

"აქვს თუ არა ადამიანებს მართლმსაჯულებისადმი ნდობა, თუ აკითხავენ სხვადასხვა არაფორმალურ ხალხს პრობლემის გადასაჭრელად? ბავშვები უბრალოდ ასახავენ იმ რეალობას, რაც ხდება ქვეყანაში. ამიტომ, პრობლემის ძიება მათში არ უნდა დავიწყოთ. პირიქით, ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებას უნდა მივხედოთ. ანალოგი რომ გავაკეთოთ, ბავშვებს ვთხოვთ, ზრდიალობიანად ისაუბრონ, მაგრამ პარლამენტში ძალიან ბევრი არაკორექტული საუბარი გვესმის. ამ დროს ბავშვებში ვხედავთ გინებას და ეს არ მოგვწონს, მაგრამ დიდების გინებაზე არაფერს ვამბობთ. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, რაც თავს იჩენს ბავშვებში, იმიტომ, რომ ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი ფენა. ამიტომ, ბავშვების დადანაშაულება არასწორია. თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება გახდება ხელმისაწვმდომი, ეფექტური და სანდო, ბავშვებშიც მოგვარდება ეს პრობლემა",
- ამბობს ანა არგანაშვილი.

იურისტები, უფლებადამცველები და მკვლევარები გამოსავალს სახელმწიფოს მიერ დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლასა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობის ამაღლებაში ხედავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ადამიანებს შეუქმნას სამართლიანობის განცდა და აღმოფხვრას დაუსჯელობის სინდრომი.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ეკონომიკური. რამდენად განაპირობებს ის კრიმინალის ზრდას ამა თუ იმ ქვეყანაში, ამაზე ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს. ერთი მოსაზრებით, ეკონომიკური კრიზისის გამო შექმნილი მძიმე სოციალური ფონი შეიძლება იყოს, მაგალითად, ქურდობის მიზეზი. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური მოძლიერებისას ჩნდება უფრო მეტი მდიდარი ადამიანი, ვინც შესაძლოა, ძარცვის სამიზნე გახდეს. მაგრამ არის მეორე, არასადავო მხარე. ქვეყანაში, სადაც რთული კრიმინოგენული ვითარებაა, ეკონომიკა ვერ ვითარდება. ის არ არის მიმზიდველი არც ინვესტორებისთვის და არც ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის.

საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ბოლო ათწლეულებია არ ყოფილა, თუმცა პანდემიამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობის დონე იზდება, რაც ბევრ სხვა მიზეზს შორის, კრიმინალის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე თითქმის 4%-ით მაღალია (2020 წელი - 18.5%, 2021 წლის I კვარტალი - 21.9%). თუ ტენდენცია შენარჩუნდა, სახელმწიფომ კი კრიმინალთან ბრძოლის ნება არ გამოიჩინა, მკვლევარების პროგნოზი, რომ რეგულაციების შესუსტებასთან ერთად დანაშაულის ფაქტები გაიზრდება, ციფრებით ვეღარ შეინიღბება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეზი ქაროსანიძის სადებიუტო სპექტაკლზე მუშაობა უცნაურ
15:14 / 22.06.2021
რეზი ქაროსანიძის სადებიუტო სპექტაკლზე მუშაობა უცნაურ "რეალითი შოუს" ჰგავდა:
ქუთაისში საბავშვო ბაღის
აღსაზრდელებისთვის რვა თვის განმავლობაში უხარისხო საკვები პროდუქტები
მიჰქონდათ.
19:11 / 04.06.2021
ქუთაისში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის რვა თვის განმავლობაში უხარისხო საკვები პროდუქტები მიჰქონდათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.