მულტიმედია
პანდემიაში გარეთ გაგდებულები
FaceBook
ყურებზე ყვითელ ნომრებს ქუთაისში “უპატრონო” ძაღლებს უკეთებენ, თუმცა ქუჩებში „პატრონიანები“, ანუ ჯიშიანი ოთხფეხებიც გამოჩდნენ.

ვაქცინაციისა და აღრიცხვის სპეციალური ნიშნით წლებია ქუჩის ძაღლების რაოდენობას ითვლიან. ბოლო ერთი წელია, ქუჩებში დაუნომრავებიც დასეირნობენ. ისეთები, რომელთა ყურებს, თათებსა და ბეწვს ჯერ ისევ ეტყობა მზრუნველობის კვალი.

ასეთები არიან ბუძგურია და კიკი, ბალონკის ჯიშის, პატარა ზომის ოთახის ძაღლები. პანდემიის პერიოდში, მათი ბედი ქუთაისში სხვა ჯიშიანებმაც გაიზიარეს.

ბუძგურია და კიკი

ბუძგურია არც თეთრია, არც კრემისფერი. მუდმივად დასაბანს ჰგავს. ოთხ წვრილ ფეხზე შემდგარი ცელქად ყეფს და უცნაური ფერის ბეწვში ჩამალული თვალებით თბილად იმზირება.



2 წლამდე ასაკის ბუძგურიას ისტორია ორ ნაწილად იყოფა: კორონამდე და კორონას შემდეგ, რადგან, სავარაუდოდ, სახლიდან კორონნავირუსის გამო გააგდეს.
პატრონისაგან მიტოვებულმა, ჭომის სასაფლაოს შეაფარა თავი. რომ არა ცხოველთა მოყვარული ონისე მელქაძე, რთული წარმოსადგენია, როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება.

"დავინახე, რომ მოშორებით მომცრო ჯიშის ძაღლი იდგა და გვიყურებდა. მივხვდი, საჭმელი უნდოდა. დავუძახე, მაგრამ არ მომიახლოვდა. აშკარად შეშინებული იყო. ისე ჰქონდა ბეწვი არეული, იქვე ბუძგურია დავუძახე. კარგა ხნის მცდელობის შემდეგ მოვიპოვე მისი ნდობა. საოცრად ჩქარა ჭამდა. ეტყობოდა რამდენიმე დღის უჭმელი იყო. სასაფლაოზე ყოფნისას აღარ მშორდებოდა. სხეული მთლიანად ეკლებით ჰქონდა დაფარული. გამხდარიც არ ჩანდა და აშკარად ქუჩაში ახალი გამოჩენილი იყო. მოვეფერე, დავაწნაყრე და ასე დავშორდით იმ დღეს ერთმანეთს“.


ბუძგურია

ონისემ ბუძგურიას ფოტო სოციალურ ქსელში დადო, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. ყველა მისი ბედით დაინტერესდა და პატრონის მოძიების პროცესში ჩაერთო. მომდევნო დღეს სასაფლაოზე ასულ ონისეს ძაღლი არ დახვდა.

„მოგვიანებით, როცა სასმახურიდან სახლში შესვენებაზე მოვდიოდი, ქუჩაში დამხვდა. სულ ტალახში იყო ამოსვრილი. როგორც კი დავუძახე, ეგრევე მოვარდა ჩემთან. წამოვიყვანე სახლში იმ იმედით, რომ გავაჩუქებდი. დავბანე, გავასუფთავე, ვეტექიმთან წავიყვანე და ბეწვიც შევკრიჭე. სრულიად ჯანმრთელი და ამავე დროს ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ სავარაუდოდ, მასზე კორონავირუსის გამო  გავრცელებული ჭორების მიზეზით თქვეს უარი. ასეთი არაერთი ისტორია მესმის ბოლო ერთი წელია".


ონისე ჰყვება, რომ მეზობლის ქალისგან შეიტყო, ძაღლი ბოტანიკურ ბაღთან მანქანიდან რომ ჩამოუსვამთ. პატრონის ავტომობილს სდია, მაგრამ ვერ დაეწია. შემდეგ სასაფლაოს შეაფარა თავი.

"დავიწყე მისთვის პატრონის მოძიება. აქვე, ყოფილ ტურბაზაში, ერთი ოჯახიც შევარჩიე და მას მივუყვანე. როგორც მითხრეს, არ ჩერდებოდა, სულ წკმუტუნებდა და აშკარად გარეთ გაშვებას ითხოვდა. ერთხელაც კარი დარჩათ ღიად და გამოექცათ. როგორ ფიქრობ სად წავიდა? ღამის 12 საათზე მომაკითხა სახლში. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მას ვერსად გავუშვებდი და ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა".



ბუძგურიას გარდა, ონისეს სახლში კიდევ სამი ძაღლი ჰყავს. აქედან ერთი თავშესაფრიდან აიყვანა, ერთიც ქუჩიდან. ბიმიმ, პინგომ და სალმამ, თავდაპირველად ეჭვის თვალით შეხედეს ბუძგურიას, მაგრამ მერე დამეგობრდნენ.

კიკიც ბალონკაა და ისიც მიატოვეს, თან ორჯერ. პირველად ოთხი წლის წინ. პატრონმა სენაკში ხეზე მიბმული დატოვა. ქუთაისელმა ნანა ხახანაშვილმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა, ძაღლს ჩააკითხა და წამოიყვანა. მერე აცრები გაუკეთა, მოაწესრიგა, კიკი დაარქვა და გააჩუქა.


კიკი

,,მეგონა ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ ამაზე რამდენიმე თვის წინ აზრი შევიცვალე, რადგან სახლში მომაკითხა მისმა პატრონმა და მითხრა რომ კიკი უნდა დაებრუნებინა. როცა მიზეზი ვკითხე, აღმოჩნდა კორონავირუსის ეშინოდა, გავიგე, ცხოველები ვირუსის გადამტანები არიანო. ძალიან ვეცადე ამეხსნა მისთვის, რომ ეს ეჭვები უსაფუძვლოა, მაგრამ ფეხებთან დამისვა კიკი და წავიდა. მართალია მე თვითონ ბევრი ძაღლი მყავს სახლში, მაგრამ კიკის ვეღარავისთან გავუშვებ, უკვე მეორედ მიატოვეს და ვერ გავწირავ კიდევ დამატებითი სტრესისთვის“,
– გვიამბობს ნანა.

რატომ მომრავლდა ქუთაისში უპატრონო ცხოველები


ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები რომ მომრავლდნენ, ააიპ ,,სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელიც ადასტურებს. 2015 წლის მონაცემებით, ქუთაისში 1500 – მდე ქუჩის ძაღლი იყო აღრიცხული. მას შემდეგ ინფორმაცია არ განახლებულა.

,,დღეს მათი რაოდენობა მეტია, თუმცა ზუსტი მონაცემი არ არის დათვლილი. ცხოველები ქუჩაში განსაკუთრებით, ბოლო ერთი წელია მომრავლდნენ, თუმცა რა მიზეზით, ამაზე რთულია ისაუბრო“, - ამბობს ,,სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯავახაძე.

ააიპ "სპეციალურ სერვისებს" ქუჩის ძაღლების მოვლა-პატრონობის ვალდებულება 2015 წლიდან აქვს აღებული. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უპატრონო ძაღლები თავშესაფარში გადაჰყვთ, ცრიან, ათი დღის განმავლობაში აყოვნებენ და ისევ ქუჩაში აბრუნებენ. რა მიზეზით მომრავლდნენ ჯიშიანი ძაღლები ქუჩაში, არ იციან. სამაგიეროდ, ამაზე ცხოველთა უფელბადამცველები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი გახდა, და საკუთარ ოთხფეხა მეგობრებზე კორონავირუსის შიშით თქვა უარი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი ვეტერინარები გვარწმუნებენ, პანიკა უსაფუძლოა, კოვიდპანდემიამ საქართველოში ძაღლების ბედზეც იქონია უარყოფითი გავლენა. საზოგადოებაში მაინც მოიკიდა ფეხი დეზინფორმაციამ, თითქოს, შინაური ცხოველები კორონავირუსის გადამტანები არიან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა ეს ამბავი. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების აღრიცხვა არ მომხდარა და დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რა რაოდენობით მოიმატა ქუჩაში აღმოჩენილი ძაღლების რიცხვმა, თუმცა, სიტუაცია რომ საგანგაშოა, ამაზე მიუსაფარი ძაღლების აშკარა მატება და სოციალურ ქსელში მომრავლებული პოსტები მეტყველებს“, - ამბობს ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თვმჯდომარის მოადგილე სოფიო მენთეშაშვილი.

უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებზე ზრუნავს სოფო არველაძეც. ის საკუთარი დანაზოგით ქუთაისში ოთხფეხებს კვებავს. წერეთლის ქუჩაზე, მონპლაზირის თაღთან, გრიშაშვილის ქუჩასა და სხვა უბნებში მიკედლებული ძაღლები სოფოს ცნობენ და ყოველ დილას კუდის ქიცინით ეგებებიან. იციან, დღის მცირე ულუფას ყველას უწილადებს. სოფოს ხშირად უწევს კამათი გამვლელებთან, რომლებიც ძაღლებისადმი თბილი დამოკიდებულების გამო უბრაზდებიან.


კოვიდინფექციის უსაფუძვლო შიშით ძაღლების ქუჩებში გაშვებას სისასტიკედ მიიჩნევს ვეტერინარი ნიკა სვანაძე. მისი თქმით, რომ არა ცხოველთა გულშემატკივრები, ამ ძაღლების უმეტესობა ვერ გადარჩებოდა. ქუჩას შეუჩვეველი, შეშინებული არსებები ხშირად ავტომანქნებს უვარდებიან, რის გამოც სხვადასხვა სახის მოტეხილობებს და დაზიანებებს იღებენ.

„საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების“ წევრთა აზრით, პრობლემა სახელმწიფოს მიერ უმეთვალყურეო ცხოველებზე აღებული მინიმალური პასუხისმგებლობაა. ამას ერთვის შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა და მოსახლეობის დაბალი ცნობიერება.

„ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძაღლებს ქუჩებში ტოვებენ, როგორც წესი, მალავენ ვინაობას. ანუ იციან, რომ ასეთი საქციელი სირცხვილიცაა, გრძნობებზე რომ არაფერი ვთქვათ. ნებისმიერ ცხოველს, ისევე როგორც ადამიანს, გააჩნია გრძნობები. მათ შეუძლიათ როგორც სიხარულის, ისე სევდის გამოხატვაც. არაერთი ისტორიაა, როდესაც მიტოვებული ცხოველი მომკვდარა, რადგან ადგილიდან არ იძვროდა და პატრონს ელოდებოდა. რთულია იმ ადამიანის საქციელის შეფასება, რომელმაც შინაური ცხოველი ქუჩაში გამოაგდო კოვიდის, ან სხვა მიზეზის გამო. ამ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ თავიანთი ოჯახის წევრი გაწირეს მარტოობისთვის," - ამბობს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მენთეშაშვილი.

როგორ იცავს კანონი ცხოველთა უფლებებს საქართველოში

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე,

ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლები).

,,პრობლემა ის არის, რომ კანონი გვაქვს, აღსრულება არა. ასევე, საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებს. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები. ფაქტობრივად, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს. ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში თუ ფიქსირდება. აუცილებელია ქვეყნის ხელისუფლებამ საკითხი გადაწყვიტოს ცივილიზებული და ჰუმანური ფორმით. ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდები, მხედველობაში მიიღოს ამ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და მსოფლიოში ცნობილი სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები", – აცხადებენ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" უფლებადამცველები.

როგორ იცავს კანონი ცხოველებს უცხოეთში


სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთა დაცვის სტანდარტებს ცხოველთა დავცის საერთაშორისო რეიტინგით აფასებს. ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. რეიტინგი ეფუძნება ისეთ ინდიკატორებს, როგორიც არის კანონმდებლობა და მისი ეფექტურობა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, ცხოველთა დაცვის ვალდებულების აღიარება საერთაშორისო დონეზე და სხვა.

დიდ ბრიტანეთში, წლის განმავლობაში, ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის სახელმწიფო სამსახურის მიერ 150 ათასი განცხადება განიხილება. საქმეს იძიებს პროკურატურა და განიხილავს სასამართლო. ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზე გამართული პროცესების 92% ბრალდების მხარის გამარჯვებით სრულდება.

ნიდერლანდებსა და ინგლისში შინაურ ბინადარს აქვს იგივე უფლებები, რაც ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახი ცხოველს აიყვანს, ის სრულუფლებიანი წევრი ხდება, რომელსაც ისე ექცევიან, როგორც ბავშვს. ამ წესიდან ნათლად ჩანს, რომ ცხოველთა უფლებები ადამიანების უფლებებთან არის გათანაბრებული.

ნიდერლანდებმა მთელი რიგი კანონები მიიღო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონი, რომელიც ცხოველისადმი ცუდად მოპყრობის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 17 000 ევროს ოდენობით, ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, ყოველგვარი გირაოს გადახდის გარეშე.

ცხოველების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში მკაცრი კანონები არა მხოლოდ ნიდერლანდებსა თუ ინგლისში, არამედ თითქმის მთელ ევროპაში მუშაობს. საქართველოში კი ძაღლებს პანდემიის პერიოდში გარეთ აგდებენ და ამისთვის ჯერ არავინ დასჯილა.

ავტორი: ხვიჩა ვაშაყმაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.