მულტიმედია
რაში დაიხარჯა პანდემიის დროს ქუთაისისთვის ნასესხები მილიონები
FaceBook

ეკონომიკურად ყველაზე რთულ, პანდემიურ პერიოდში ქუთაისის მერიამ ყველაზე დიდი ვალი აიღო.


წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტს ჰპირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

ლურჯი ავტობუსები მერიამ 2020 წელს შეისყიდა და ამისთვის 23 100 400 ლარი ისესხა.

„ქუთაისიპოსტმა“ გაარკვია, რომ თვითმმართველობას გასული შვიდი წლის განმავლობაში ვალად აღებული 5 000 000 ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია. ახლა კი ათეულობით მილიონი 10 წელიწადში, კიდევ უფრო გაღარიბებული ეკონომიკის ფონზე უნდა გადაიხადოს.


ლურჯი ავტობუსები ავტოპარკის გარეშე


ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. თუმცა, ლურჯი ფერის 60 ავტობუსი, ქალაქში კარანტინის დროს, 2020 წლის ნოემბერში გამოჩნდა.

სოლიდური ვალით შეძენილი ავტობუსები, უკვე ნახევარი წელია, ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე დგება. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ თადარიგი არ დაიჭირა და დაპირებული ავტოპარკის მშენებლობა ავტობუსების შემოყვანის შემდეგ გააქტიურა.

ავტოპარკის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 2 695 875 ლარი უჯდება, 2020 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.


ავტოპარკის მშენებლობა

ავანგარდის დასახლებაში, მაღალი სტანადრის ავტოპარკს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სკაიჰაუსი“ აშენებს.

მერიამ კომპანიას სამუშაოები უკვე ორჯერ გადაუვადა. შედეგად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რვა თვის ნაცვლად, პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში ობიექტური მიზეზი არსებობდა, - კორონავირუსის გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. თუმცა, ბოლო დათქმული ვადის (5 იანვრამდე) ამოწურვის შემდეგ, შპს "სქაიჰაუსმა" დროის გახანგრძლივება ისევ მოითხოვა. როდის დასრულდება ავტოპარკის მშენებლობა, არც კომპანიში იციან და არც მერიაში.


ასეთი უნდა იყოს ავტოპარკი, რომლის  მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს (რენდერი)

ქალაქი მუნიციპალურ ტრანსპორტს სხვა მხრივაც მოუმზადებელი დახვდა.

იმის მიუხედავად, რომ ქუთაისში სატრანსპორტო სისტემის განახლებაზე თვითმმართველობა ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა, ვერ მოახერხა ისეთი ელემენტარული საკითხების მოგვარება, როგორიცაა გაჩერებაზე ელექტრონული ტაბლოების მოწყობა, ახალი სვლა-გეზების შემუშავება და უკონტაქტო გადახდის სისტემის დანერგვა.


ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გადათხრილი გზების გამო, შესაძლოა ავტობუსები დაზიანდეს. ნახევარი წელია, რაც იმ ქუჩების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს.


ახალი ავტობუსები ამორტიზებულ გზებზე

"ნახევარი წელია „იამებზე“ დადის მთელი ქუთაისი, მათ შორის ეს ახალი ავტობუსები. ყველა ცენტრალური ქუჩა აყრილია. ასეთ გზებზე კი არაა გათვლილი ეს ავტობუსები. მერიას სულ ასეთი არათანმიმდევრულობა ახასიათებს. ჯერ გზას მოვაწესრიგებდი და მერე შემოვიყვანდი ავტობუსებს“
, - ამბობს მძღოლი ალექსანდრე ბიბიჩაძე.

სამაგიეროდ, ტრანსპორტის შემოყვანამდე ერთი წლით ადრე (2019 წელს), მერიამ შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ შექმნაზე იზრუნა. თანამშრომლებზე ხელფასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების ვალდებულება მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველობა, მოსამზადებელი სამუშაოების (სვლა-გეზის განსაზღვრა) განხორციელებაა.

"რამდენიმე ათეული ადამიანი დაასაქმეს. ესენი არიან "ოცნების" აქტივისტები, რომლებიც  ფულს ტყუილად იღებენ. ჯერ ავტობუსები არ იყო ქალაქში შემოსული, რომ მუშაობა დააწყებინეს", - ამბობს  ქუთაისის საკრებულოში  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია.

რა მიზნით, რამდენი ადამიანია დასაქმებული სატრანსპორტო კომპანიაში და რატომ გაუსწრო ერთი წლით ავტობუსების შემოყვანას თანამშრომლების დასაქმებამ? –  ამ კითხვებზე ,,ქუთაისიპოსტი“ სატრანსპორტო კომპანიისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება, რადგან ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მხოლოდ წერილობით მოგვაწვდიან.

გაჩერებული ლურჯი ავტობუსები

ახალი ავტობუსები სამი თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, უმოქმედოდ იდგა. ამ პერიოდში ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ექიმებისა და ექთნების დიდი ნაწილი საავადმყოფოში მისვლას ვერ ახერხებდა.

„მახსოვს, როგორი წვალებით დავდიოდით კლინიკაში. ეს ის პერიოდი იყო, როცა ტაქსში ორზე მეტი ადამიანის ჩაჯდომა იკრძალებოდა, რომ გადახდაში შევხიდებოდით ერთმანეთს. კარგ ამინდში ბევრჯერ წავსულვარ ფეხით“, - ამბობს ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი, რომელმაც ვინაობის გამხელა სამსახურში საყვედურის მიღების შიშით არ ისურვა.

ტრანსპორტის გარეშე დარჩენილ ქალაქში, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაბმული ექიმები და ექთნები კლინიკებში, უკეთესს შემთხვევაში, ტაქსით მიდიოდნენ. მათი ხელფასის დიდი ნაწილიც გზაში იხარჯებოდა.

„ბევრჯერ მიფიქრია, ნუთუ არ შეიძლებოდა ავტობუსის გამოყოფა? უმძიმესი მორიგეობის შემდეგ რომ გიწევს დილით იმაზე იფიქრო, როგორ წახვიდე სახლში, მომდევნო დღეს კი დაბრუნდე საავადმყოფოში. არ მინდა იმ პერიოდის გახსნება. რთული დღეები გამოვიარეთ“, - იხსენებს კიდევ ერთი ქუთაისელი ექთანი, რომელიც სახელმწიფო საავადმყოფოში მუშაობს. მისი ხელფასი 350 ლარია.

ექთნებისა და ექიმების საპირისპიროს ამტკიცებენ სამხარეო გუბერნიაში. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ თავდაპირველად ახალი ავტობუსები სწორედ საავადმყოფოების თანამშრომლებს ემსახურებოდა. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ ზუსტად რომელ კლინიკებს და რამდენ სამედიცინო პირს მოემსახურნენ.

გადამოწმების მიზნით, რამდენიმე საავადმყოფოს ხელმძღვანელს დავუკავშირდით. ერთ–ერთი ავტოქარხნის საავადმყოფოა. სხვა სამედიცინო დაწესებულების მსგავსად, კარანტინის პერიოდში, თანამშრომლები იქაც ტაქსით, ან ფეხით მიდიოდნენ.

"თავიანთი ხარჯით დადიოდნენ თანამშრომლები, რომლებიც, მაგალითად, ხონიდან დადიონდნენ. მუნიციპალური ტრანსპორტი კი გვემსახურებოდა, მაგრამ მხოლოდ ქალაქში მცხოვრები პირებს",
- ამბობს საავადმყოფოს მენეჯერი გოგიტა ბაბუნაშვილი.

ირკვევა, რომ დაახლოებით თვენახევარი ავტობუსები უმოქმედოდ იყო გაჩერებული. შემდეგ კი მედპერსონალის ნაწილს ემსახურებოდა.

ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები 2020 წლის ნოემბერში შემოიყვანეს, ხაზზე მუშაობა კი, 2021 წლის 8 თებერვალს დაიწყო.

ლურჯი ავტობუსების შესყიდვის ისტორია

იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტებს არ შეუძლიათ საგარეო ვალის აღება, სასესხო ვალდებულებას ჯერ ცენტრალური ხელისუფლება იღებს და შემდეგ გადასცემს თვითმმართველობას. სწორედ ამიტომ, ქუთაისმა ახალი ავტობუსები „მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიძინა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან სესხზე დასტური  მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს მიიღო.

იმ შემთხვევაში თუ სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის გადახდა არ განხორციელდება სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მუნციპალიტეტი გადაიხდის ჯარიმას გადასახდელი თანხის 0.05 %-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში.


ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსის საფასური 6 814 618 ევროთი განისაზღვრა. აქედან 1 032 518 ევრო ფონდმა მუნიციპალიტეტს გრანტის სახით მისცა, ხოლო დანარჩენი 5 775 100 ევრო (23 100 400 ლარი) მერიამ ვალად აიღო.

სესხის ხანგრძლივობა 10 წელია. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ვალის დაფარვა წელიწადში ორჯერ მოუწევთ. გადახდის გრაფიკი ჯერ არ მიუღიათ.

რაც შეეხება ავტობუსების შესყიდვას, შესაბამისი ტენდერი  მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორ ლოტად გამოაცხადა. მონაწილეობას ხუთი კომპანია, ოთხი ქართული  ( შპს „თეგეტა მოტორსი“;  შპს "ჯითი გრუპი"; შპს "ტრანსპორტიორი") და ერთი თურქული Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.- იღებდა.

პრეტენდენტებს შორის ორ კომპანიას, შპს „თეგეტა მოტორს“ და შპს "ჯითი გრუპს“ დისკვალიფიკაცია მიეცა.  გამარჯვებულად თურქული კომპანია გამოცხადდა.


"
როგორც ვიცი გერმანული ავტობუსები უნდა შემოეყვანათ და ამაზე საუბრობდნენ თეგეტა მოტორსთან. საბოლოოდ, სხვა კომპანია და თურქული ავტობუსები შეგვრჩა“, - ამბობს ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წევრი გიგა შუშანია.


ინფორმაციის გადმოწმებისა და დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით,  "თეგეტა მოტორსს“ დავუკავშირდით. დაპირების მიუხედვად, კომპანიიდან არავინ შეგვეხმიანა. „ქუთაისიპოსტი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.


ქუთაისის
მერი
ის ვალები


ლურჯი ავტობუსებისთვის აღებული სესხის გარდა, ქუთაისის მერიას 1 789 273 ლარის ვალი აქვს გასასტუმრებელი. ეს იმ სესხების ნაშთია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება შვიდი წელია იხდის.

მსესხებელი, ამ შემთხვევაშიც, მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელმაც ქუთაისს, 2015 წელს, ნიკეას ქუჩის რეკონსტრუქციისთვის - 3 834 940 ლარი მისცა. მერიას ამ ვალიდან 1 252 002 ლარი აქვს გადასახდელი.

2016 წელს, სამი ცალი კომპაქტორიანი ნაგავზმიდი მანქანისა და 250 ცალი ნარჩენების კონტეინერის შესაძენად სესხად აღებული 683 546 ლარიდან მერიას ჯერ კიდევ გასასტუმრებელი აქვს 537 071 ლარი.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტების მიერ სესხის აღება საგანგაშო არ არის, თუკი შეძლებს მის გადახდას.

"თუკი, ეკონომიკა ისე გაიხსნება, როგორც აქვთ მთავრობაში დაგეგმილი და წელს 5 %-იანი ზრდა გვექნება ამ მიმართულებით, მაშინ ქალაქს თუ ქვეყანას სესხის გადახდა არ გაუჭირდება. მთავარია, კოვიდჩაკეტილობის გამო ჩაკეტილი ბიზნესი და ეკონომიკა გაიხსნას", - ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან ოყრეშიძე.

ვისი ვალი აქვს ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს


ქუთაისის მსგავსად, სოლიდურია საქართველოს მთავრობის სესხი, რომელიც ჯამში 33 მილიარდი ლარია.

აქედან 26 340 816 000 ლარი საგარეო, ხოლო დანარჩენი საშინაო ვალია.

მთავრობამ ბოლო სესხი, 18 750 000 ლარი, მიმდინარე წლის 20 აპრილს, სამი კვირის წინ კი, 5000 მილიონი აშშ დოლარის სესხის რეფინანსირება გააკეთა, ანუ, არსებული (10 წლის წინ აღებული) ვალი ისევ სესხით გადაიხადა.

საქართველოს მთავრობა სესხს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით იღებს. სადაც წერია, რომ ქვეყნას მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ის ვალის აღება შეუძლია.

ქვეყნის მთლიანი დოვლათის მოცულობა, საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, 49 400 000 000 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ სახელმწიფო ვალის ნორმა 30 240 000 000-ია.  შესაბამისად, არსებული ვალი 6% -ით აღემატება დაშვებულს ზღვარს.

ვალი ყველა სახელმწიფოს აქვს, თუმცა, სახელმწიფომ სესხის აღებამდე ყველანაირი შიდა რესურსი უნდა ამოწუროს, მიაჩნიათ ექსპერტებს ეკონომიკის საკითხებში.

„ვალის აღებამდე სახელმწიფომ ყველა ის რესურსი უნდა ამოწუროს, რომელიც ქვეყანას რეალურად გააჩნია. მაგალითად, უნდა მოახდინოს ქონების პრივატიზება. ბიუჯეტში ხარჯი მიზნობრივად უნდა იყოს გაწერილი“, - ამბობს ექსპერტი ლევან ოყრეშიძე.

„რაც მეტი აქვს ვალი ქვეყანას, მით ნაკლები აქვს შანსი რომ ინვესტორმა იქ ფული დააბანდოს. ეს კი, თავისთავად, არამომგებიანია“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

სოლიდური ვალის პირობებში, ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის ამუშავება და კოვიდშეზღუდვების გამო დაკეტილი ბიზნესის გახსნაა. სხვა შემთხვევაში ექსპერტების პროგნოზით, მილიარდობით ვალს გადასახადების გაძვირება მოჰყვება.

ახალი ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე საუბრობდნენ ქუთაისის თვითმმართველობაშიც, თუმცა, 28 აპრილს გამართული საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით, ღირებულება 40 თეთრი დარჩა. რამდენიმე თვეში თვითთმართველობის არჩევნებია. შეინარჩუნებს თუ არა ამ ტარიფის მერია არჩევნების შემდეგ, როცა დასაბრუნებელი ექნება 23 100 400 ლარი, ეკონომისტებს თუ დავუჯერებთ, საეჭვოა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ორჯერ ამოქმედებული ე.წ.
კომენდანტის საათის 204 დღიდან
11:37 / 29.04.2021
საქართველოში ორჯერ ამოქმედებული ე.წ. კომენდანტის საათის 204 დღიდან "უსაშვო" მოქალაქეებმა თავისუფლების 1685 საათი დაკარგეს.
რას გრძნობს დედა, როდესაც
პირბადით მშობიარობს და არ შეუძლია შვილი დაბადებისთანავე გულზე
მიიკრას?
11:15 / 27.04.2021
რას გრძნობს დედა, როდესაც პირბადით მშობიარობს და არ შეუძლია შვილი დაბადებისთანავე გულზე მიიკრას?
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.