მულტიმედია
ექიმების სკეპტიციზმი და ასაკოვნების ოპტიმიზმი - ვაქცინაცია ჩავარდნილი საინფორმაციო კამპანიის ფონზე
FaceBook
3 785 - ამ რიცხვის უკან ცნობილი და უცნობი ადამიანების სახელები და გვარებია, ცხოვრებისეული ისტორიებით, ოჯახებით და ახლობლებით.

3 785 - პანდემიის ერთი წლის ტრაგედიის მაჩვენებელია საქართველოში. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მუსიკოსი და ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.  ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

ამ ადამიანებს სიცოცხლისთვის ბრძოლაში ექიმები და ექთნები ეხმარებიან. სამედიცინო პერსონალმა ყველაზე კარგად იცის, როგორი უძლურები არიან  კორონავირუსის პირისპირ. ისიც იციან, რომ პანდემიასთან გამკლავების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა. ამის მიუხედავად, ექიმებისთვის და ექთნებისთვის განკუთვნილი იმუნიზაციის პირველი ეტაპი საქართველოში ვარდება.


იმუნიზაციის პირველი ეტაპი იმერეთში

ქუთაისში კოვიდსაწინააღმდეგო აცრის პროცესი ორ სამედიცინო დაწესებულებაში: ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში  900 თანამშრომელი მუშაობს.

სამედიცინო დაწესებულებაში იმუნიზაციის დაწყების დღიდან  (31 მარტის ჩათვლით) კოვიდვაქცინით სულ 300-მდე  ადამიანი აიცრა, როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე  65 წელს გადაცილებული მოქალქეები.


ვაქცინაცია "მედიქალსითიში"

ინტერვენციული მედიცინის ცენტრისგან განსხვავებით, ინფექციურ საავადმყოფოში აცრილთა რაოდენობას არ ამბობენ. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ  აცრის პროცესი ნელი ტემპით მიდის.

,,აღრიცხვას ვაკეთებთ, თუმცა ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაავადებათა კონტროლს აქვს და ჩვენ მონაცემებს მათ ვაწვდით“.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის რიგი "მედიქალსითიში"

რამდენი ექიმი და ექთანი აიცრა და რამდენია დარეგისტრირებული ვაქცინაციაზე  ქუთაისში, არც  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იციან. სტატისტიკას ქალაქების მიხედვით არ აწარმოებენ. რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, NCDC-ს მიერ 30 მარტს მოწოდებული ინფორმაციით, იმერეთში სულ 350-მდე  მედიცინის მუშაკია აცრილი. რიგს ელოდება 1344 ადამიანი.


რატომ ამბობენ უარს ექიმები აცრაზე?

კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დაწყების დღიდან სამედიცინო პერსონალის დაბალმა აქტივობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ირკვევა, რომ ექიმები და ექთნები ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილები არა მხოლოდ საქართველოში არიან.

გერმანული მედიაკომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი კვლევის თანახმად, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, ექიმების მხოლოდ 73%-ს და ექთნების 50%-ზე ნაკლებს სურს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. ამასთანავე, რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს ვაქცინაციის როლს პანდემიის დასრულებაში.

ვაქცინის მიმართ ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელთა ნაწილის სკეპტიკურ განწყობაზე წერს „ნიუ იორკერიც“. აშშ-ში მედპერსონალის მესამედი აცრას თავს არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის რისკის ფასად დაუპირისპირდნენ, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, ისინი არასაკმარისად მიიჩნევენ ვაქცინის გამოცდის პერიოდს. 

გამომცემლობა ასკვნის, რომ ვაქცინის შემუშავების საოცარი სიჩქარის გამო, მეცნიერები საკუთარი წარმატების მსხვერპლნი არიან: მედიცინის მუშაკებმა ისწავლეს, რომ ვაქცინის შემუშავებას  წლები სჭირდება და 11 თვეზე ნაკლებ დროში მის შექმნას სკეპტიციზმით უყურებენ.

საქართველოში არ არსებობს კვლევა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის მიმართ სამედიცინო პერსონალის განწყობას ასახავს. თუმცა, ვაქცინაციის პროცესი ცხადყოფს, რომ პროცენტულად აცრის მსურველი ექიმისა და ექთნის რაოდენობა კრიტიკულად ნაკლებია მათზე, ვინც არ იცრება. „ქუთაისიპოსტი“ დაინტერესდა, რა არგუმენტები აქვთ სკეპტიკოს ექიმებს. ჩვენთან საუბარს ისინი მხოლოდ ვინაობის იდენტიფიცირების გარეშე დათანხმდნენ.

ნიკა ქუთაისის ერთ–ერთი კლინიკის ახალგაზრდა ექიმია. ის პირველივე დღიდან ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში. პანდემიის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად, ბევრი რამ გადაიტანა, - გადაბმული მორიგეობები, 24 საათიანი ცვლები მძიმე სპეცეკიპირებით და კორონავირუსიც კი. არაერთი კოვიდპაციენტის დამძიმების, ხელიდან გამოცლის, თუ გამოჯანმრთელების მომსწრეა. ამ გამოცდილების მიუხედავად, ნიკა  აცრას ჯერ არ აპირებს.

"რაც კოვიდი გადავიტანე არ გასულა 120 დღე და აცრის გაკეთება ისედაც არ მიწევს, მაგრამ, კიდევაც რომ მიწევდეს, არ ავიცრები ,,ასტრაზენეკათი“. ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და ჩემს კოლეგებზეც იმან, რომ ველოდით ,,ფაიზერს“ და უცებ გამოგვიცხადეს სასწრაფოდ დარეგისტრირდით, ,,ასტრაზენეკა“ ჩამოვიდაო. იქამდე არავის მოუწოდებია ჩვენთვის ინფორმაცია ამ ვაქცინაზე, მისი მოხმარების პროტოკოლზე, გართულებებზე და ამ დროს დაემთხვა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე ქვეყანამ ეს აცრები შეაჩერა. ზუსტად, ანალოგიურად ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც“.

მხოლოდ ,,Pfizer-ით“ აცრას თანხმდება  ქუთაისის კიდევ ერთი კლინიკის სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი. მათი არგუმენტი ისაა, რომ ამ ვაქცინას ეფექტურობის მეტი მაჩვენებელი აქვს.

"ჩვენ ყველას გვიწევს ვიყოთ ერთგვარი ექსპერიმენტის მონაწილენი, რადგან არც ერთ კოვიდვაქცინას არ აქვს არსებობის ხანგრძლივი ისტორია და გამოცდილება. შესაბამისად, უკვე არსებული მონაცემებით უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვირჩევ იმ ვაქცინას, რომელსაც ნაკლები გართულების შემთხვევა აქვს მსოფლიოში და შედარებით უფრო მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი. ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ყველა „ფაიზერს“ ელოდება. „ფაიზერის“ რაოდენობა კი უკვე ამოწურულია“, - ამბობს ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექთანი.

მედპერსონალის ნაწილი იმუნიზაციაზე უარს იმით ხსნის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი კომუნიკაცია კლინიკებთან არ ჰქონია და არ მიუწოდებია მათთვის საჭირო ინფორმაცია.

,,თუ ვერ შემოჰქონდათ დაპირებული ვაქცინა, მინიმუმ მედიკოსებისთვის უნდა აეხსნათ რატომ. განემარტათ, როგორ გვემოქმედა, იყო თუ არა განსხვავებული პროტოკოლი ამ ვაქცინის (AstraZeneca, რედ.) მოხმარებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი დღით ადრე მოგვწერეს, რომ დავრეგისტრირებულიყავით ასაცრელად, სხვა ინფორმაცია არ მიგვიღია. ამას ყველა აპროტესტებდა, სვამდნენ ათას კითხვას, ღიად არავინ. ფაქტი სახეზეა და, ალბათ, ხვდებიან რატომ პასიურობს მედპერსონალი“, - ამბობს ქუთაისში, ერთ-ერთი ამბულატორიული ცენტრისა ექთანი.


ექიმების ნაწილი კოვიდვაქცინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი კოლეგების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. ერთ-ერთი ექიმის აზრით, ისინი ამით კოვიდთან ბრძოლის ისტორიას აქარწყლებენ.

"ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდში იჩენენ უპასუხისმგებლობას. არც მიფიქრია, რომ იმუნიზაციის პირველივე შესაძლებლობისთანავე რომელიმე ექიმი მაინც იტყოდა უარს აცრაზე. ვერც იმას დავიჯერებ, რომელიმე მედიკოსს არ შეუძლია თავად მოიძიოს ინფორმაცია ვაქცინების შესახებ. ექიმი იმის ექიმია, ემყარებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს ძალიან ბევრ ექიმს რაღაც უცნაური დაემართა. განსაკუთრებით მაღიზიანებს, როცა მთავრობისკენ იშვერენ ხელს. ავიცრათ, თუ არ ავიცრათ, ეს  გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. დღეს ყველა ფორსმაჟორშია. ვერავინ ვერაფერს გვეტყვის დაზუსტებით და ისიც ყველას მოეხსენება, ერთადერთი ხსნა რომ იმუნიზაციაშია“, - ამბობს ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა ინტერვენციული მედიცინის ცენტრის თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე სტურუა. ექიმი,  ამჟამად  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტს ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით აიცრები, ორგანიზმის დაცვის ფუნქციას ყველა ეფექტურად ასრულებს.

„"ასტრაზენეკას" აცრა გავიკეთე. რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია. მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ მე თვითონ 6 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, ვისწავლე და ვიმუშავე. მაქვს ის განათლება მიღებული, რომ არ დამჭირდეს სხვისი ახსნა ვაქცინის აუცილებლობაზე. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის არ ჰქონდა, რომელი ვაქცინა იქნებოდა. "ასტრაზენეკა" არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული. პირველი, რაც მივიღეთ, ეს ვაქცინა იყო და ჩემი განწყობა იყო ასეთი, რომ აუცილებლად უნდა დავძლიოთ პანდემია აცრით".

კოლეგების სკეპტიციზმს არც ალერგოლოგი და იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იზიარებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ის ამბობს:

„"ფაიზერს“ მძიმე დაავადებებისგან დაცვა 90%-ით შეუძლია, ,,ასტრაზენეკას'' 100%-ით. ბრიტანულ შტამზე და ტრანსმისიურ გადატანაზე ძალიან ეფექტურია ,,ასტრაზენეკა''. კოლეგებს რომ არ აქვთ ეს ინფორმაცია მე ეს მაშფოთებს ყველაზე უფრო. ისინი უნდა იყვნენ გენერატორი, ადამიანის განათლებაში კონტრიბუციას უნდა ახორციელებდნენ. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ეს ინფორმაცია და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მოსახლეობის ინფორმირებას. ექიმი თვითონ უნდა იყოს ამ ინფორმაციის მიმწოდებელი“.

ექიმებისგან განსხვავებით, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები ქუთაისში უფრო აქტიურად ჩაებნენ აცრის პროცესში. მარტის ბოლო დღეებში  ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში (მედიქალსითი) არაერთი ასაკოვანი ადამიანი ელოდა თავის რიგს. ელოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. სამედიცინო პერსონალის ნაწილისგან განსხვავებით, მათთვის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას მნიშვნელობა არ აქვს. ფიქრობენ, რომ ყველა ავტორიზებული ვაქცინა იცავს და ეს პანდემიის დასრულების ერთადერთი შანსია.

"ვაქცინაცია არის პანდემიის დასასრული, ისევე როგორც ადრე იყო "ყვავილი". აცრამ უშველა იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ეს საშინელი დაავადება. მედიცინას და ექიმებს უნდა დავუჯეროთ დღეს, რადგან ამ „ყვავილის“ შემდეგ, ამ განსაცდელის წინაშეა ჩვენი მოსახლეობა. დღევანდელი მოცემულობა დადებითად უნდა შევაფასოთ. ვინაიდან მიყვარს მოგზაურობა, გავბედე და ნაადრევად გავიკეთე", - ამბობს მარინა ძაგნიძე, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინით 29 მარტს აიცრა.


ასაკოვანი ადამიანები იმუნიზაციის კაბინეტში ინფორმაციის სიმწირეზე საუბრობდნენ, რაც გარკვეულწილად, მათშიც იწვევდა შიშს. ისინი ფიქრობენ, რომ აცრის პროცესს სწორედ ადამიანების არაინფორმირებულობა აბრკოლებს.


,,მე და ჩემს ქმარს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ავიცრათ და დავრეგისტრირდით, მაგრამ მაინც გვაქვს შიში, რომ გაგვირთულდეს, ხომ დაგვემხარებიან ადგილზე“, - ამბობს ქუთაისში მცხოვრები 67 წლის ნელი ასათიანი.

აცრის პროცესის მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში მას შემდეგ გაღრმავდა, რაც 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში, ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ გაკეთებიდან მალევე, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთნის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 28 წლის ქალი ვაქცინის გაკეთებიდან თითქმის 24 საათში, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ტრაგიკულმა შემთხვევამ ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად სათანადოდ არის აღჭურვილი იმუნიზაციის კაბინეტი და არის თუ არა გადამზადებული სამედიცინო პერსონალი კრიტიკული ვითარების სამართავად.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია დილის ათი საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მიმდინარეობს. აცრის მსურველებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რიგის ნომერი, რომელიც რეგისტრაციის დროს ენიჭებათ.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი

მოქალაქეს ინექციის შეყვანამდე  „ფაიზერის“  შემთხვევაში 12 პუნქტიანი კითხვარის შევსება უწევს, ხოლო „ასტარაზენეკას“ არჩევისას 11 კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ექიმების თქმით, ეს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტის ხელმძღვანელი ქრისტინე სტურუა გვიხსნის,  რომ  ამ პროცედურას და ინექციის შეყვანას დაახლოებით ათი წუთი სჭირდება.

„ამის შემდეგ 45 წუთი უნდა დარჩეს ისევ მოსაცდელ ოთახში, სადაც დავაკვირდებით რამე უკუჩვენება ხომ არ აქვს. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გვაქვს შოკის მაგიდა და გვყავს შესაბამისი სპეციალისტები. თუმცა, ამ დრომდე ამის საჭიროება არ გვქონია“.

კლინიკაში იმუნიზაციის პროცესში სულ 10 სამედიცინო პირია ჩართული და როგორც დაწესებულების კლინიკური დირექტორი თამუნა ჯანელიძე ამბობს, თითოეული  გადამზადებულია. მისივე ინფორმაციით, ექიმებმა და ექთნებმა  ტრენინგი „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის გაიარეს. თუმცა, იმის გამო რომ ,,ფაიზერის“ ნაცვლად „ასტრაზენეკა“ ჩამოვიდა, მოკლე დროში მოუხდათ ამ აცრისთვის საჭირო ინსტრუქციის გაცნობა. იმუნიზაციის დაწყებისთვის ამას ხელი მაინც არ შეუშლია.

„ძირითადად, პროტოკოლი ერთნაირია, სხვაობა ისაა, რომ დოზებია სხვადასხვა. „ასტრაზენკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში, ასევე განსხვავებულია შპრიცები. ამის გარდა, ერთით მეტი კითხვაა  „ფაიზერის“ შემთხვევაში და ეს ფილერს უკავშირდება“.

ამჟამად იმერეთში იმუნიზაციის სამი პუნქტი მუშაობს, აქედან ორი ქუთაისში და ერთი საჩხერეშია განთავსებული. “Pfaizer-ის“ ვაქცინით კი მხოლოდ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ცრიან.

როგორ მუშაობს ჯაჭვი: იმუნიზაცია - ინფორმაცია - ხელისუფლება - საზოგადოება?

მთავრობის დაპირებით, საქართველო ერთ–ერთი პირველი მიიღებდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას. ეს ასე არ მოხდა.

მთავრობის დაპირებით, იმუნიზაციის პირველ ეტაპზე მედ–პერსონალი  “Pfaizer-ის“  ვაქცინით აიცრებოდა. არც ეს ყოფილა ასე.

მთავრობის დაპირებით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება.  ამას უკვე  საეჭვოს ხდის აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველოში მოსახლეობის 54 % კოვიდვაქცინაზე უარს ამბობს.

მთავრობის მიერ დაპირებული “Pfaizer-ის“  ნაცვლად, საქართველომ თავდაპირველად (13.03.21) ბრიტანულ-შვედური AstraZeneca / Oxford-ის 43 200 დოზა მიიღო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული გეგმის პირველი ეტაპის თანახმად, აპრილის ბოლომდე, ქვეყანაში რეგისტრირებული 71 000 მედპერსონალიდან 45 440 უნდა აცრილიყო. ამისათვის, მარტივი გაანგარიშებით, ვაქცინა  ყოველდღე 3 500 სამედიცინო მუშაკისთვის უნდა გაეკეთებინათ. პირველი ეტაპი ჩავარდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 6 757 ადამიანია აცრილი.

ამ შედეგების ფონზე,  ხელისუფლებამ ვადაზე ადრე დაიწყო  65+ ასაკის ადამიანების აცრა.

ასაკოვანი მოქალაქეების რეგისტრაცია 25 მარტს დაიწყო. ამის მიუხედვად, კოვიდსწინააღმდეგო აცრის მსურველთა რაოდენობა მაინც დაბალია. ბოლო მონაცემებით, ასაცრელთა რიგში საქართველოში სულ  11 273 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

კოვიდვაქცინაციის პროგრამის ეფექტურად ჩასატრებელად, იმუნიზაციის ეროვნული გეგმა საზოგადოებასთან მკაფიო და ეფექტურ კომუნიკაციას ითვალისწინებს. დოკუმენტში ვკითხულობთ:

• საზოგადოებისათვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება COVID-19 ვაქცინების შემუშავების, ავტორიზაციის, დანერგვის, განაწილებისა და გამოყენების შესახებ;

• საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და დანერგვის პროცესის მიმართ;

• საზოგადოების კონსოლიდაციის, მოლოდინების მართვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების საკითხებზე აქტიური, დროული, ხელმისაწვდომი და ეფექტური ინფორმაციის გავრცელება;

•  COVID-19 ვაქცინის სამიზნე პოპულაციის მობილიზაცია, როგორც პირველად ასევე მეორე დოზით ვაქცინაციაზე მოწვევის ეფექტური კომუნიკაცია;

•  ინფოდემიის მართვა და დეზინფორმაციის გაქარწყლება.
იმუნიზაციის ეროვნული გეგმის თანახმად, საზოგადოებაში ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის მთავრობის  სხვადასხვა რგოლებს ერთობლივად და აქტიურად უნდა ემუშავა. პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობა.

ქუთაისის მერიას ვკითხეთ, რატომ არ გააკეთა არაფერი პანდემიის ვაქცინაციით დაძლევისთვის და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებისთვის.

„ეს პასუხისმგებლობა საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად, სამხარეო ადმინსიტრაციას ჰქონდა“, - გვიპასუხა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ.

სამხარეო ადმინისტრაციაში  კი დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოსთან გადაგვამისამართეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა:

„ნახეთ რამდენი ბუკლეტები გვაქვს დაბეჭდილი. ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით კამპანია არ ჩატარებულა. დაბეჭდილი და დამზადებულია ბროშურები და ვიდეორგოლები. აქამდე იმიტომ არ ვიყავით მეტად აქტიურები, რომ  ვაქცინა არ გვქონდა“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნამდვილად ხელმისაწვდომია ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში შემოტანილი ვაქცინებისა თუ ზოგადად აცრების მნიშვნელობაზე. თუმცა, ბუკლეტები არ უნახავთ ჩვენ მიერ გამოკითხულ ექიმებს ქუთაისის არც ერთ კლინიკაში.

მართალია, საინფორმაციო კამპანიაზე არაკოორდინირებულ მუშაობას არ  აღიარებენ ხელისუფლების ქვედა და ზედა რგოლებში, მაგრამ სწორედ ამ პრობლემაზე მიუთითებენ ექსპერტები.

იმუნიზაციის გეგმის შესრულება სწორედ იმიტომ ჩავარდა, რომ მთავრობამ მოსახლეობის ინფორმირება არ მიიჩნია პრიორიტეტად.

საზოგადოებისთვის ინფორმაციის დეტალურად მიწოდების დაგვიანებაზე საუბრობს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძეც. ის პრობლემას ანტისვაქსერული ჯგუფების გააქტიურებაშიც ხედავს.

"ეს არის გლობალური დისკრედიტაციის მცდელობა ზოგადად ვაქცინის მიმართ და არა მხოლოდ კოვისაწინაღმდეგო აცრის. ამაზე ჯგუფები მუშაობენ. ამიტომ, სასურველი იყო, უფრო ადრე დაწყებულიყო აცრების აუცილებლობასთან დავაკშირებით კამპანია. თუმცა, ვხედავთ, რომ უკვე აქტიურად მიდის ამ მიმართულებით მუშაობა. მეტი ინფორმაცია უნდა  მივცეთ მოქალაქეებს და ექიმებს ამომწურავად ვუპასუხოთ“.

სპეციალისტების, ასევე პოლიტიკოსების შეფასებით,  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ არსებული სკეპტიციზმი იმუნიზაციის გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების  შეუსრულებლობის შედეგია.  Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის ეროვნული გეგმა  სოციალურ კამპანიას ითვალისწინებს.

„პანდემიის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები. აქტიურად უნდა იყოს ჩართული პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის  და მთავრობის ადმინისტრაცია. მარტო ჯანდაცვის სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე ვალდებულება დაკისრებული. ვაქცინაცია არ ნიშნავს, მხოლოდ აცრების ჩამოტანას, ეს არის პროცესი, რომელიც გამჭვირვალედ უნდა  განხორციელდეს. მისი ადმინისტრირება უნდა მოხდეს ეფექტურად. შესაბამისს უწყებებს ამ დრომდე უნდა მიეწოდებინათ ადამიანებისთვის ინფორმაცია“, - ამბობს, ,,ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

საზოგადოებაში  არსებული კითხვები სკეპტიციზმი  ნორმალურად მიაჩნია ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს. ის ამბობს, რომ ყველა კითხვა უნდა დაისვას და ადამიანმა  გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ცოტა მეტად თუ ვაცლით ერთმანეთს აზროვნებას, საკითხში გარკვევის მცდელობას და თუნდაც მიუღებელი კითხვების დასმას თუ აზრის გამოთქმას, საბოლოო შედეგი, მათ შორის ვაქცინაციით მოცვაც, ბევრად უკეთესი გვექნება. ყველას არჩევანი პატივსაცემია. გამონაკლისს წარმოადგენენ ჯანდაცვის პირველი პირები, რომლებმაც მართლაც საჯაროდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა და პასუხი გასცენ ყველა არსებულ კითხვებს”.

როცა ხელისუფლებამ დაინახა, რომ აცრის პირველი ეტაპი ჩავარდა, პროცესის გააქტიურებაში დახმარება საპატრიარქოს სთხოვა.

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - ასეთი იყო ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის პასუხი.

ხელისუფლება საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში: ერთი მხრივ არ აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დააგვიანა, მეორე მხრივ აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ყველაფერი იმუნიზაციის ეროვნული გეგმის მიხედვით მიდის და საზოგადოებას პროცესში „ცნობილი სახეების“ ჩართვის შესახებ შეატყობინა.

„საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო კამპანიის დაწყება, ვაქცინაციის გეგმით, ასეც იყო დაგეგმილი, ანუ ფართო საინფორმაციო კამპანიაზე მაქვს საუბარი, რადგან ზოგადად, გეგმის თანახმად, მოსახლეობის მოცვა არის მეორე კვარტლის ბოლოდან მესამე და მეოთხე კვარტალი. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ანტივაქსერები, ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, გარკვეულწილად დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

რა სცენარით მიმდინარეობს და როგორ შეიძლება გაგრძელდეს იმუნიზაცია ?

საქართველოს მთავრობამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე საუბარი 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. Covid 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც მთავრობამ 2021 წლის 14 იანვარს დაამტკიცა, Covax პლატფორმას ხელისუფლებამ წინასწარ გადაურიცხა 17 მილიონი ლარი, 700 000 ადამიანისთვის საკმარისი დოზისთვის. ამ თანხაში შედის უკვე მიღებული ვაქცინის საფასური.
2021 წლის ბოლომდე, ვაქცინაციაში მოსახლეობის 60%, ანუ 1. 7 მილიონი ადამიანი უნდა ჩაერთოს. გაწერილი გეგმის შესრულების მინიმალური ღირებულება 64 მილიონი, მაქსიმალური კი 158 მილიონი ლარი ჯდება.

პროტოკოლით, ვირუსმოხდილი ადამიანები, ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უნდა აიცრან. ვაქცინაცია არ ეხება მოზარდებს და ორსულებს. ფრთხილად უნდა იყვნენ ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები.

ეროვნულ გეგმაში ვაქცინის შემოტანის ოთხი სცენარია გაწერილი. ამჟამად პირველი მუშაობს, ქვეყანამ AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინა მიიღო. მეორე სცენარი AstraZeneca-სთან ერთად Moderna-ს, მესამე, AstraZeneka-ს და ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინას, მეოთხე კი მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოცვას გულისხმობს.

სცენარი N1: AstraZeneka, Pfizer

შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneka-ს მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვლას დაამტკიცა. მისი ეფექტურობის ბოლო მონაცემები 79%-დან 76%-მდე მერყეობს.
Oxford/Astra Zeneca „ვექტორული“ ტიპის ვაქცინაა. „ვექტორს“, ანუ უვნებელ ვირუსს მიაქვს „სპაიკ ცილის“ ინფორმაცია და ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ დროს გამომუშავებული ანტისხეულები იცავს მას მომავალში ინფიცირებისგან. აცრის ორი დოზა 4-12 კვირის შუალედით კეთდება.

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 17 მილიონზე მეტი ადამიანი. თრომბოემბოლიის შემთხვევების გამო, რომელიც შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო აცრასთან, მსოფლიოს 13-მა ქვეყანამ, მარტის დასაწყისში, დროებით შეაჩერა მისი გამოყენება. ევროპის წამლის სააგენტომ კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ თრომბის 15 და ფილტვის ემბოლიის 22 შემთხვევა “ასტრაზენეკას“ ვაქცინას არ გამოუწვევია. მას შემდეგ, რაც ის უსაფრთხოდ ცნეს, ევროპის ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება განაახლეს.
Pfizer-BioNTech-ის ახალი ტიპის ვაქცინას მსოფლიო პირველად იყენებს. mRNA ვაქცინა შეიცავს არა ვირუსს, არამედ ინსტრუქციას უჯრედისთვის, თუ როგორ შექმნას ახალი „სპაიკ ცილები“, რაც შემდეგ ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს, გამოიმუშავებს ანტისხეულებს. საბოლოოდ, ადამიანის ორგანიზმი ინფექციასთან გამკლავებას სწავლობს.

CDC-ის  მონაცემებით, „ფაიზერით“ მხოლოდ ამერიკაში უკვე აცრილია თითქმის 77 მილიონი ადამიანი. მისი ეფექტურობა, ბოლო ინფორმაციით, მეორე აცრის შემდეგ, 90%-ია. ორი დოზა 21 დღის შუალედით კეთდება. Pfizer-BioNTech იყო პირველი კომპანია, ვინც ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო და კვლევის სამივე ფაზა გაიარა.

დღეს საზოგადოების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ “ფაიზერით“ არის აცრილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ვაქცინა ყველას სჯობია და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდად "ასტრაზენეკას" სჯობს. სულ ცოტა, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ისინი დაახლოებით ერთნაირია. მათ გართულებების ერთნაირი სიხშირე აქვთ და ეს სიხშირე მიზერული და მინიმალურია. “ფაიზერი“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნუ შევქმნით იმ განწყობას, რომ ის განსაკუთრებულია რაიმე კუთხით“, - ამბობს ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე.


***

31 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 141 ქვეყანაში უკვე აიცრა 577 მილიონი ადამიანი. იმათმა, ვინც ვაქცინის ორი დოზა გაიკეთა, საჯარო სივრცეში მაინც უნდა ატარონ ნიღაბი და დაიცვან სოციალური დისტანცია. ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ მეცნიერთა დასკვნებით, აცრილი ადამიანები იქნებიან დაცულები Covid-19-ისგან, თუმცა შეიძლება იყვნენ ვირუსის გამავრცელებლები. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ამ ეტაპზე ვერ იხსნის ადამიანებს პანდემიის რეგულაციებისგან, მეცნიერები ამტკიცებენ, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით დაღმავალი იქნება კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. რაც მეტი აიცრება, მით ნაკლები იქნება დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევები.

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ფაიზერის“ მილიონ დოზას მიიღებს. მონაცემები ვაქცინის რაოდენობასთან და წარმომავლობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად იცვლება. მარტის ბოლოს დაბეჯითებით დაანონსებული ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის შემოტანის საკითხი ახლა სათუოა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედებს.

ვიდრე ქვეყანა ვაქცინის შემდეგ დოზებს მიიღებს, ხელისუფლებამ თავისივე დაწერილ კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის გეგმაში უნდა ჩაიხედოს და მის განხორციელებას პასუხისმგებლობით მოეკიდოს. აცრის მომდევნო ეტაპის ჩავარდნა კორონავირუსს შეწირულ ათასობით სიცოცხლეს და ღარიბი ქვეყნის მიერ  გადაყრილ მილიონობით ლარს ნიშნავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

,,Dream Now, Go Later  - იოცნებე
ახლა, წადი მოგვიანებით
20:00 / 30.03.2021

,,Dream Now, Go Later  - იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით", –ამ სლოგანით გამოაქვეყნა ერთ–ერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ National Geographic - მა 2021 წლის 25 არაორდინალური ტურისტული მიმართულება. ქვეყნებს შორის, რომლებსაც სტუმრები პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიონ, საქართველოცაა.

22 წლის ბალა ტივანი, ოთხი წლის წინ, ინდოეთის
ქალაქ აჯმირიდან, საქართველოში ერთადერთი იმედით გამოემგზავრა - რომ
უსაფრთხო გარემოში მიიღებდა განათლებას.
11:20 / 30.03.2021
22 წლის ბალა ტივანი, ოთხი წლის წინ, ინდოეთის ქალაქ აჯმირიდან, საქართველოში ერთადერთი იმედით გამოემგზავრა - რომ უსაფრთხო გარემოში მიიღებდა განათლებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.