მულტიმედია
თამაში მარტოობაში და კორონა ბავშვების ცხოვრებაში
FaceBook
,,საქართველოში ჩამოვედი. ჩემი ყველას ეშინია.

შევედი სკოლაში. გადავედე ბავშვებს. ისინი სკოლაში ვეღარ დადიოდნენ.

მერე მასწავლებელიც დავაავადე.

სხვადასხვა სახლში დავდივარ. მიყვარს მოგზაურობა.

ძალიან ბოროტი ვარ. ჩემს გამო ადამიანები იხოცებიან..

ვეცდები გამოვსწორდე".


ამგვარად წარმოიდგინა ქუთაისელმა 9 წლის მარიამ ჭარხალაშვილმა კორონას ,,ფიქრები" და ახალი ზღაპარი დაწერა.



ზღაპრებში ბოროტი პერსონაჟების ისტორიები პირველ პირში იშვიათად წაგვიკითხავს. არ ვიცით რას ფიქრობდნენ სინამდვილეში ბოროტი ჯადოქრები, დევები, ვეზირები, დედინაცვლები, მრისხანე მეფეები. მითუმეტეს, არ მოგვისმენია მათი აღსარებები.

მარიამს სწორედ ამის სურვილი გაუჩნდა - დაენახა, რას შეიძლება გრძნობდეს ბოროტი პერსონაჟი, რომლისაც მთელ მსოფლიოს ეშინია.

მარიამის ზღაპარში კორონა, სულის სიღრმეში, არც ისე ბოროტია. მასაც უნდა შეიცვალოს და უკეთესი გახდეს. მარიამს სჯერა, რომ კორონა მოგზაურობას შეწყვეტს და გამოსწორდება.

გამოსწორდებიან 10 წლის ნიკოლოზ ნიკოლაძის პანდემიური ზღაპრის გმირებიც, რომელთაც ვირუსი შეეყარათ.

,,ზღაპარში სამი ძმიდან ერთია მხოლოდ კეთილი. იგი დაეხმარება უცხო ადამიანს, რომლის გაჭირვებასაც მისი ძმები ყურადღებას არ აქცევენ. შემდეგ სამივე ძმა ავად გახდება, კორონა ვირუსი შეეყრებათ და სწორედ ის უცნობი, რომელსაც უმცროსმა ძმამ უშველა, გადაარჩენს მათ. ძმები გამოსწორდებიან," - გვიყვება ნიკო.

კორონა სამ ძმაზე ზღაპრის ნაცნობ და ტიპურ სქემაში ჩაჯდა და გარკვეული როლი ითამაშა, არც თუ გულისხმიერი ადამიანების გამოსწორებაში.

სიკეთე კორონას ეპოქაშიც ძლევამოსილია დაამარცხოს ბოროტება. სიკეთე ძლევამოსილია თავად კორონასაც სხვანაირად დაანახოს საკუთარი თავი, ან მისი წყალობით სასიკეთოდ შეიცვალონ ადამიანები. ამის სჯერა პანდემიის დროის ბავშვებს. ისინი ვირუსს სიკეთისა და ბოროტების ზოგად კანონზომიერებას უმორჩილებენ და ელოდებიან, როდის შეწყვეტს კორონა მოგზაურობას, რომ მერე თავად ბავშვებმა შეძლონ გადაადგილება, შეხება, ჩახუტება, თამაში.

პანდემიური თამაშები

კორონა შეეხო ბავშვებისთვის ყველაზე ძვირფასს - თამაშს.

პატარები პარტნიორების გარეშე დარჩნენ და თამაშების მარტოობაში წარმართვა მოუხდათ.

კარანტინის და იზოლაციის დროს, ონლაინთამაშების პარალელურად, პოპულარული გახდა სამაგიდო თამაშები, თამაშები საკუთარ თავთან, სადაც სწორედ საკუთარ თავს უნდა მოუგო, სხვა კონკურენტი არ გყავს. ნიკოლოზ ნიკოლაძეც, კარანტინის დროს, ქიშ-შამათს უმეტესად საკუთარ თავს უსვამდა.

ნიკოლოზ ნიკოლაძე

"ინტერნეტთამაშები გბეზრდება. გინდა რაღაც რეალურად გააკეთო, შეეხო. ჭადრაკი ჩემთან სახლში მხოლოდ მე ვიცი, ამიტომ არ მყავდა მოწინააღმდეგე ჩემი თავის გარდა. იზოლაციაში ყოფნის დროს ჭადრაკი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში გახდა".


თემო ქავთარაძე

თემო ფაზლების აწყობას ცდილობს. ააწყო 1500 და 2000  ნაწილიანი ფაზლი. Რეკორდი დაამყარა ისევ და ისევ საკუთარ თავთან.


ლიზი გულიკაშვილი

Როცა არ სწავლობს იზოლაციაში ყოფნის პერიოდში ლიზი  Ხატვით იქცევს თავს.


ბაბი დავითულიანი

თვეების განმავლობაში მხოლოდ აივანი იყო ბაბისთვის ღია სივრცე. აქედან უწევდა სამყაროს თვალიერება.


თემო ციბაძე

თემოსთვის წიგნი იქცა პანდემიის პერიოდის გამორჩეულ მეგობრად. კითხვაში გადიოდა იზოლაციის დღეები, რომლებსაც ლიტერატურული პერსონაჟები აფერადებდნენ და ამდიდრებდნენ.

მარტო ყოფნის ვალდებულება ძალაში დარჩა კარანტინის პერიოდის დასრულების შემდეგაც, რადგან კორონას არ შეუწყვიტავს "ოჯახიდან ოჯახში მოგზაურობა", ამიტომ ბავშვებს ისევ მოეთხოვებათ უსაფრთოების ნორმების დაცვა და დისტანცირება, რაც ყველაზე საიმედო მოკავშირეა.

სოსანა და ლელი კანდელაკები

შორიდან, ხელის გულების მიდების გარეშე უწევთ თამაში სოსანას და ლელის.

ბავშვები ისევ თამაშობენ, წიგნებსაც ერთად კითხულობენ, თუმცა დისტანციის დაცვა აუცილებელი პირობაა ქუთაისის ლიტერატურულ კლუბში "წიგნების თაობა".



ტექსტების კითხვა „წიგნების თაობაში“

პანდემიის პერიოდში გაჩნდა ახალი თამაშებიც
, მაგალითად: "კომენდანტის საათობანა", რომელიც ბავშვებს, როგორც აღმოჩნდა, არც ისე უყვართ.

"ცუდ რაღაცეებს მახსენებს. დაბადების დღეეზე რომ ვერ დავდივარ, ან სადმე რომ გავალ, დრო რომ არ უნდა გამომეპაროს და სასწრაფოდ უკან რომ უნდა დავბრუნდე, თორემ კომენდანტის საათი მომისწრებს", - ამბობს 10 წლის ლიზი.

გაცილებით მოსწონთ თამაშები, რომლებიც ძველებს დაემყნო და ახალი სახე მიიღო. მაგალითად, მგელობანა, - კორონა-მგელობანა გახდა, დამალობანა - კორონა-დამალობანა.

"მგელმა" კორონას თვისებები შეიძინა, იგი ვისაც იჭერს და ეხება აინფიცირებს, ვინც ამ დაჭერებს გადაურჩება, გამარჯვებულიც ის გახდება.

თამაშების შინაარსი უსაფრთხოების გზავნილებს შეიცავს. კორონამ ვერ უნდა დაგიჭიროს, ვერ უნდა მოგაგნოს. ეს თამაშები თავის გადარჩენას გასწავლის, რაც პანდემიის ეპოქის აუცილებელი მოთხოვნაა.

პანდემიის ხანა ბავშვებს გამომგონებლებადაც აქცევს. არავინ იცის ვინ გამოიგონა დაჭერობანა, დამალობანა, გაშეშობანა. სამაგიეროდ, მომავალში ზუსტად ეცოდინებათ, რომელმა თაობამ დატოვა, კორონა-დაჭერობანა, კორონა-დამალობანა. პანდემიის პერიოდის ბავშვები ახალი თამაშების ავტორები ხდებიან. ისინი პანდემიურ მარტოობაში უნდა გაერთონ, იპოვონ და აჯობონ ახალ მეტოქეს - საკუთარ თავს.

პანდემია და ნახატები

პანდემიის პერიოდის ბავშვები სხვანაირი ნახატების ავტორებიც ხდებიან. ისინი მეტი ემპათიით ხედავენ და აღიქვამენ სხვების გასაჭირს. მაგალითად, მოხუცების, რომლებიც პანდემიის დროს ყველაზე მარტოები დარჩნენ.

ამ მარტოობით დაამახსოვრდება ეს პერიოდი 15 წლის ნინი კიკვაძეს, რომლისთვისაც პანდემიის მთელი სიმძაფრე ამ სურათხატზე გადის.

ნინიკო კიკვაძის ნახატი „მოხუცები“

"რაღაცნაირად, ყველასგან განწირული შეიქმნენ მოხუცები. ერთი იყო ის, რომ რისკ-ჯგუფს წარმოადგენდნენ და მეორე ის, რომ ისინი თუ დაავადდებოდნენ ეს ნაკლებად მტკივნეული იყო. თავს იმშვიდებდა ხალხი, მოხუცია და იმიტომ გარდაიცვალა კორონათიო. მოხუცები დავხატე. საზოგადოებისგანაც და ვირუსისგანაც განწირული ადამიანები. ეს სევდაა ჩემთვის, პანდემიის პერიოდი".


ნინიკო კიკვაძე

პანდემია სევდას აჩენს, თუმცა ნინის ბოლომდე დამორჩილება ვერ შესძლო. ბუნებით მხიარული გოგონა კარანტინის პერიოდშიც სიახლეების ძიებაშია. იგი ძერწვით დაინტერესდა და მასწავლებლის გარეშე დაოსტატდა. თუმცა, მის თიხის ფიგურებს პანდემიამ კვალი მაინც დააჩინა.


ნინიკო კიკვაძის თიხის ფიგურები

პირბადიანი ადამიანების სიმრავლით დაამახსოვრდება პანდემიის ეპოქა 10 წლის ნიკოლოზ დვალიშვილსაც. მისთვის ნიღბიანი ადამიანი ამ დროის სახეა.

ნიკა დვალიშვილის ნახატი „ადამიანი ნიღბით“

"იყო და არა იყო რა"... ასე იწყება ზღაპრები.

კორონა-ზღაპრების დასაწყისი ,,იყოს" გარეშეა, რადგან მთავარი უარყოფითი პერსონაჟი - ვირუსი, წარსულში არ გადაბარგებულა.

ის ყველგან აღწევს: ზღაპრებში, ნახატებში, თამაშებში, ბავშვების ოთახებში და სამყაროს ხან ფანჯრების, ხანაც ნიღბების მიღმა აუჩინარებს. თუმცა ვერ ერევა მთავარს - მომავლის რწმენას. რწმენას, რომელმაც კორონას "მოგზაურობა უნდა შეაწყვეტინოს", "გამოასწოროს" და პანდემიის შემდეგ, სამყაროც უკეთესი გახადოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.