მულტიმედია
,,უძრაობა ქალაქში“
FaceBook
სიჩუმე იქამდეა კარგი, ვიდრე სიმშვიდე მოაქვს, მაგრამ აუტანელი ხდება, როცა  მდუმარებად იქცევა.

ერთი წელია ასეთ დუმილს შეეჩვია საკლასო ოთახები, ბაღები, უნივერსიტეტების  ვრცელი დერეფნები თუ აუდიტორიები. დუმს კინოსა და თეატრების დარბაზები, ცარიელია ხავერდგადაკრული სკამები. სტუმრებს გადაეჩვივნენ მთავარი მასპინძლები - რესტორნები, კაფე-ბარები, საბანკეტო დარბაზები.  გაურკვეველი ვადით გამოიკეტეს კარი სპორტულ-გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა.

ვირუსმა, რომელიც არ ცნობს სქესს, ასაკს თუ სტატუსს,  ჩვენი ყოველდღიურობის ყველაზე საშინელი ვერსია გვაჩვენა  - ცხოვრება ერთმანეთის გარეშე, ურთიერთობა დათვლილი ნაბიჯებით.

უძრაობით თავმობეზრებულ ქალაქში, ნაბიჯებთან ერთად, ადამიანები ითვლიან დღეებს - მოძრაობის დაბრუნების იმედით.

ქუთაისში, ვირუსის შიშით გამოკეტილი სივრცეები 15 თებერვლიდან ნაწილობრივ გაიხსნება. თუმცა, სრულყოფილად მუშაობას ვერც ერთი სფერო  შეძლებს.

სახელმწიფომ საგანმანათლებლო სივრცეებში დაბრუნების უფლება მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს მისცა. ბიზნესს კი მკაცრი შეზღუდვების პირობებში მოუწევს მუშაობის განახლება.

15 თებერვალს ელოდება ქუთაისის #12 სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლე.

ცარიელ დერეფნებში ახლა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის ნაბიჯების ხმა ისმის. თითქმის ყოველდღე  მდუმარე ოთახებს ჩაუვლიან და თვალს შეავლებენ კლასში დარჩენილ სასკოლო ნივთებს.

,,ეს ჩანთა დარჩა ჩვენს ერთ პატარა მოსწავლეს და ხელიც არ გვიხლია. როგორც დაკიდა, ზუსტად იმ მდგომარეობაშია და თითქოს პატრონს ელოდება," - გვეუბნება სკოლის თანამშრომელი.
საკლასო ოთახებში ,,იცდიან"  დისტანციით ჩარიგებული თეთრი მერხები, პატრონების სახელებით.

მოლოდინის მძაფრ განცდას ქმნის ხელუხლებელი "დედა ენის" წიგნები მასწავლებლის მაგიდაზე.

"ყველასთვის რთული პერიოდია. მძიმე  საყურებელია შენობები ადამიანების გარეშე. ძალიან უჭირთ ბავშვებს, ენატრებათ სკოლა, ერთმანეთთან ურთიერთობა. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის რთულია, როცა სკოლაში შემოვდივარ და ბავშვების ჟრიამული არ მესმის, აუტანელია ეს სიჩუმე ".

ნათია სულავას თქმით, პანდემიის გამო ყველაზე მეტად პირველი კლასის მოსწავლეები დაზარალდნენ, რომლებმაც დამრიგებლის გაცნობაც კი ვერ მოასწრეს.

"იყო შემთხვევა, როცა პროტესტი ჰქონდა პირველი კლასის მოსწავლეს და არ ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილს. მერე დედამ მოიყვანა სკოლაში, დამრიგებელიც დავიბარეთ, შევახვედრეთ ერთმანეთს, ისაუბრეს და როცა გაუჩნდა ბავშვს რაღაც დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ, ამის შემდეგ პრობლემა მოგვარდა".

სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, არ გაუმართლა სტუდენტებს.
მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის  აუდიტორიები და სიარულით გაცრეცილი იატაკი   ისევ  ცარიელი დარჩება.
გაურკვეველი ვადით გამოკეტილ კორპუსებს შორის  ჯერ ვერავინ  გადაირბენს ლექციიდან ლექციაზე და ვერც ეზო ახმაურდება.
უკვე ერთი წელია აუდიტორიის ნაცვლად სახლში იწყება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, ბაქარ ლიკლიკაძის ლექციები. დისტანციური სწავლების არაეფექტურობა მან საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა.  მონდომების მიუხედავად, ის  ხედავს, თუ  როგორ აგდებს სწავლის ხარისხს ეკრანთან ჯდომა.

"მეორე კურსის სტუდენტი ვარ და უკვე ორი სემესტრია დისტანციურად ვსწავლობ. ჩვენთან საგნების უმრავლესობა პრაქტიკას საჭიროებს და ამიტომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია კომუნკაცია, რისი საშუალებაც აღარ გვაქვს. მე  ასევე ვსწავლობ ესპანურს, რომლის ათვისებაც დისტანციურად ძალიან გამიჭირდა. ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სწავლის ხარისხი არ დაეცეს, მაგრამ  ეს სრულად მაინც ვერ  ხორციელდება. მარტო სწავლაზეც რომ არ ვისაუბროთ,  სტუდენტებმა დაკარგეს კომუნიკაცია ლექტორებთან, მოვწყდით სტუდენტურ ცხოვრებას, ყველანაირ აქტივობას. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით აუდიტორიებს".

ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს ხედავს ხელისუფლება საბავშვო ბაღებშიც. ამიტომ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად, შეზღუდვების შემსუბუქება არც მათ შეხებია.

მხოლოდ ქუთაისში,  8000-ზე მეტი მცირეწლოვანი ისევ გაურკვეველი ვადით რჩება  სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს მიღმა.
ფერად ოთახებში თითქოს ყველაფერი ძველებურადაა: მოხატული სკამები, მაგიდები, სათამაშოები, მაგრამ მთავარის - ბავშვების გარეშე.
"უსახური გახდა შენობები ბავშვების გარეშე. სიცარიელეა ყველგან, სადაც მათი ხმაური და ჟრიამული არ ისმის. ძალიან განიცდიან თანამშრომლებიც, სხედან ცარიელ შენობებში ბავშვების გარეშე. მშობლებისთვისაც რთულია. ბოლოს რომ დავარიგეთ პროდუქტები, ძალიან გვთხოვეს, იქნებ აღადგინოთ სწავლაო. იმედი გვაქვს, პირველი მარტიდან განახლდება პროცესი", - ამბობს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, დავით წიტაიშვილი.

ფინანსურად ყველაზე მეტად დაზარალებულად მიიჩნევენ თავს  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. არსებული შეზღუდვების გამო, მოგებაზე ვერც ფიქრობენ დღეს  ხარჯის დაფარვის პრობლემის წინაშე დგანან.  ვინც ერთწლიანი არასტაბილური მუშაობის ფონზე თავის გადარჩენა მოახერხა, ახლა გაკოტრებისა და ბიზნესის საბოლოოდ დახურვის  საფრთხეებზე საუბრობს.

"უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ორი ობიექტიდან, ერთს არ გავხსნით და მეორეზეც ვფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი, რომ დავიწყოთ მუშაობა. მოგებაზე აღარ ვლაპარაკობთ. თავის გადარჩენაზეა საუბარი. ვითომ ანკესი გადმოგვიგდო მთავრობამ და 15-დან მხოლოდ გარე სივრცეებში მოგვცა სტუმრების მიღების უფლება. რომ გაწვიმდეს, სად წავიყვანოთ მომხმარებელი? იძულებული გავხდებით შევიყვანოთ შიგნით და დავარღვიოთ კანონი. ამიტომ ასეთ პირობებში მუშაობას აზრი არ აქვს",
-  ამბობს ბარ-რესტორან "პალატის" მენეჯერი და რესტორან "საწნახელის" დამფუძნებელი, თორნიკე ჭელიძე.
კაფე-ბარ "სალვეს" მეპატრონეს, აკაკი ანდღულაძეს მიაჩნია, რომ კომენდანტის საათისა და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვის პირობებში, მუშაობა წამგებიანია.

"მე, როგორც ბიზნესოპერატორი,  ვიხდი საშემოსავლოს, მოგების, დღგ-ს, ქონებისა და  საპენსიო ფონდის გადასახადს, რესტორნისა და ტერასის იჯარას.  რესტორანს აქვს ყოველდღიური ხარჯებიც. ქვეყანაში, სადაც განულებულია ტურიზმი, მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტორანი საღამოს 8 საათზე უკვე უნდა დაიკეტოს, ვერ ვიმუშავებთ შაბათ-კვირას, როგორ წარმოგიდგენიათ ჩამოთვლილი გადასახადების გადახდა ამ პირობებით?  საჭიროა კომენდანტის საათის მოხსნა, შაბათ-კვირას თავისუფლად მუშაობა და ტურიზმის გახსნა. თუ ასე არ მოხდება, შედეგი იქნება დამატებითი კრედიტების აღება და ბიზნესის გაკოტრება".

კორონავირუსმა კანონზომიერება დაარღვია კულტურაშიც. ერთი წელია დუმს უმაყურებლო თეატრების სცენა და თეთრ ზეწრებშია გახვეული სკამები.
გასული წლის გაზაფხულიდან ლადო მესხიშვილის თეატრის კარი მაყურებლისთვის არ გაღებულა. თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი სპექტაკლების შენობაში ჩატარებას  იმ შემთხვევაშიც ვერ ვარაუდობს, თუ შეზღუდვები მოიხსნება.

"მაყურებელი გვირეკავს, ვენატრებით, ენატრებათ თეატრი. გვამხნევებენ, გვეუბნებიან ცოტა მოითმინეთო. ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ამას მთელი კოლექტივი, არამხოლოდ მსახიობები და  შემოქმედებით პროცესში ჩართული ადამიანები.  გარდა იმისა, რომ სპექტაკლები აკრძალულია, ჩვენ გვაქვს დამატებით პრობლემა - 2011 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ,  შენობაში არ მუშაობს სავენტილაციო სისტემა, რის გამოც არ არის გამორიცხული  შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც არ მოგვცენ მუშაობის უფლება. როცა ვალდებულებაში არის ჩადებული, რომ ყოველი სპექტაკლის შემდეგ გაანიავეთ თეატრიო, ვინ მოვატყუოთ? მაყურებელი? ამიტომ, ვიდრე შენობაში მუშაობის უფლება გვექნება, ვაპირებთ ისევ ღია სივრცეში ჩავატაროთ სპექტაკლები".

ქუთაისის თოჯინების თეატრში შენობის რეკონსტრუქციის დასრულება პანდემიის დასაწყისს დაემთხვა, რის გამოც განახლებული თეატრი მაყურებელს ფაქტობრივად არ უნახავს.
"მარტიდან პრაქტიკულად აღარ გვიმუშავია. ორი სპექტაკლი გვქონდა და ისინიც ღია სივრცეში ვითამაშეთ შეზღუდვების გამო. მას შემდეგ გაჩერებული ვართ. რთულია უმოქმედობა, აქტიური ცხოვრების გარეშე ყოფნა. ყველა დაზარალდა ამით, მხოლოდ მსახიობები არა, თეატრის ყველა თანამშრომელი. ერთი სული აქვთ როდის გავიხსნებით", - ამბობს თეატრის დირექტორი, ლევან გაბრიჭიძე.

გაურკვეველია პრიორიტეტების ბოლო რიგში გადატანილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ბედი.
რამდენიმე თვეა, ფორმის შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ მწვრთნელები ვარჯიშობენ "გალილეო ფიტნესში".
დაწესებულების ადმინისტრატორი, თორნიკე გელაშვილი გვეუბნება, რომ ხელისუფლებას მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აქვს, მაშინ, როცა ადამიანის ჯანმრთელობას და იმუნიტეტს ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენი და ჩვენი ცენტრების მსგავსი დაწესებულებები სწორედ ადამიანების ჯანმრთელობას, მათი იმუნიტეტის ამაღლებას ემსახურება. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლოში მოიტოვა სახელმწიფომ ეს სფერო. უსამართლობაა და არასწორია ასეთი შერჩევითი მიდგომა. უფრო მეტიც, დისკრიმინაციულიც კია, როცა რატომღაც ჩვენ არ გვეძლევა მუშაობის უფლებას. თანამშრომლებისთვის ეს სამსახური იყო ერთადერთი შემოსავალი და იმ 200 ლარზე, რასაც სახელმწიფო იმეტებს, არც ვიცი რა გითხრათ,  ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, ვინ იტყუებს ამით თავს, არ ვიცი".

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია კომენდანტის საათი, რადგან მომხმარებელი ძირითადად საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ჰყავთ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება მათ მუშაობის უფლებას მისცემს, კომენდანტის საათის პირობებში მომხმარებელი თითქმის არ ეყოლებათ.

ქალაქის სრული მდუმარება 8 თებერვალს დაარღვია საქალაქო ტრანსპორტმა. პანდემიური პაუზის შემდეგ, ავტობუსებისა, თუ მიკროავტობუსების საშუალებით, ისევ გადაადგილდებიან მოქალაქეები ერთი უბნიდან მეორეში.
8 თებერვლიდან ქუთაისში, ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუშაობა დაიწყო მუნიციპალურმა ავტობუსებმა.

"ყველას ხომ გვყავს უბანში ერთი-ორი ადამიანი მაინც, რომელსაც არც კი ესალმები, მაგრამ თქვენი სამუშაო გრაფიკი ერთმანეთს ემთხვევა და ყოველდღე ერთად მგზავრობთ. იმდენად ინტენსიურია ეს შეხვედრები, რომ ძალაუნებურად იმახსოვრებ და გიმახსოვრებს.  ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად რომ ავედი ტრანსპორტში და ეს ადამიანები დავინახე, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს კარგ ნაცნობს შევხვდი. ისე გამიხარდა, მინდოდა მივსალმებოდი. მძღოლებიც კი ულოცავდნენ ერთმანეთს სამუშაოზე დაბრუნებას. ამან კიდევ უფრო კარგად დამანახა, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია, რომ  ადამიანს ფუნქცია ჰქონდეს. მით უფრო, როცა ყოველი უმუშევარი დღე ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს", -  ამბობს ქუთაისელი მაგდა დანგაძე.
8 თებერვლიდან მუშაობის უფლება მიეცა ბაზრობებსაც, თუმცა, როგორც იქ დასაქმებულები ამბობენ, ამას მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეუცვლია. თვეების განმავლობაში სახლში გამოკეტილ ადამიანებს, პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ამას ისიც ემატება, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვის გამო, სოფლის მცხოვრებლები რაიონებიდან საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციოდ ჩამოტანას ვერ ახერხებენ.
"ორი თვე კი არა, ორი დღე რომ არ იმუშაოს ადამიანმა, ლუკმა პურის გარეშე დარჩება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. საქალაქო ტრანსპორტი რომ ამუშავდა, გვეგონა გვეშველებოდა, მაგრამ ფული არ აქვს ხალხს და რა უნდათ ბაზარში? სამსახურს რომ დააკარგინებ ადამიანს, სახლში გამოკეტავ და 200 ლარს მისცემ, როგორ უნდა იარსებოს?" - ამბობს ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული მავლინა გეჯაძე.

შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების მიუხედავად, კორონავირუსი ჯერ კიდევ ბევრ სფეროს  უძრაობაში ტოვებს. არაერთი საჯარო თუ კერძო დაწესებულება რჩება უფუნქციოდ.

ადამიანები ჩაკეტილი სივრცეებიდან კვლავ იბრძვიან გადარჩენისთვის და  ერთადერთ იმედად ვაქცინაცინაციას ხედავენ, რომელიც საქართველოში არც კი დაწყებულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო
კონფერენციები, სემინარები, სამიტები, წვეულებები, შეხვედრები - ამ
ყველაფრის ონლაინ სივრცეში გადატანას თანდათან ეჩვევა მსოფლიო, მაგრამ
არა ქუთაისი.
12:13 / 26.02.2021

საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, სამიტები, წვეულებები, შეხვედრები - ამ ყველაფრის ონლაინ სივრცეში გადატანას თანდათან ეჩვევა მსოფლიო, მაგრამ არა ქუთაისი.

მრავალდღიანი პანდემიური ჩაკეტილობის
შემდეგ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებამ მშობლები დილემის წინაშე
დააყენა: თუ ბავშვს სკოლაში გაუშვებს ინანებს, თუ არ გაუშვებს, მაინც
ინანებს.
18:39 / 23.02.2021
მრავალდღიანი პანდემიური ჩაკეტილობის შემდეგ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებამ მშობლები დილემის წინაშე დააყენა: თუ ბავშვს სკოლაში გაუშვებს ინანებს, თუ არ გაუშვებს, მაინც ინანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.