მულტიმედია
ინფოდემია - ის, რაც კორონავირუსზე არანაკლებ საშიშია
FaceBook
კორონავირუსი და მასზე შექმნილი მითები ერთად დაიბადნენ, ერთად გაიარეს განვითარების ეტაპები და ერთმანეთს არ ჩამოუვარდნენ გავრცელების მასშტაბით.

მუტაციას განიცდის კორონავირუსის შტამი და ფეხდაფეხ მიჰყვება მითებიც.

კორონას გარშემო გაჩნდა არაერთი კონსპირაციის თეორია - უწყინარი, მავნე, პატარა თუ მეგამითი.

მითების გზამ მედიაზე, სოცმედიაზე, ამბიონიდან მქადაგებლებზე, პოლიტიკოსების განცხადებებზე, ტროლების ანგარიშებზე, ფეისბუქჯგუფებზე გაიარა და უწყვეტ ნაკადად მიეწოდა საზოგადოებას. უწყინარ მითს ნივრიანი წყლის სასწაულებრივ ძალაზე კორონას წინააღმდეგ, ენაცვლება ვირუსზე არანაკლებ საშიში მითები.


კორონა, ვაქცინა და ჩიპიზაცია

ვინაიდან კორონავირუსის პანდემია კორონას საწინააღმდეგო "ვაქცინის ეპოქაში" შევიდა, ბოლო პერიოდის მითოსიც ამ მოვლენას პასუხობს.

ანტივაქსერულ (ვაქცინის მოწინააღმდეგეთა) მოძრაობას საუკუნეების ისტორია აქვს. ყველა ვაქცინას, რომელიც ინფექციების საწინააღმდეგოდ იქმნებოდა, ყოველთვის ხვდებოდა სკეპტიკოსთა დიდი არმია. მათ გაძლიერებაში, ბოლო წლებში განსაკუთრებით, რუსულმა პროპაგანდამ გამოიჩინა თავი.

2014-2017 წლებში სოციალურ ქსელებში ათასობით რუსული ანგარიში ავრცელებდა დეზინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამ გზით კი აღვივებდა ანტივაქსერულ განწყობებს. ამის შესახებ, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიუთითებს სტატიაში, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

ანტივაქსერულ განწყობებს ვერც კორონავირუსის ვაქცინა გადაურჩა.

ამჯერად ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიმართ უნდობლობას უფრო მაღალი სინჯის "მავნებლობა" მოარგეს და ვაქცინას ადამიანების დნმ-ს შეცვლისა და "დაჩიპვის" კონსპირაციაც მიაწერეს.



ვაქცინის მიმართ ნეგატიური განწყობა და "ჩიპიზაციის" თეორია საქართველოში პანდემიის პირველ თვეებში გაჩნდა. უცნობი პირების მხრიდან ფეისბუქის მესენჯერით ვრცელდებოდა მიმართვა, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდნენ არ ჩაეტარებინათ სწრაფი ტესტირება და არ გაეკეთებინათ (მაშინ არ არსებული) ვაქცინა. იმისათვის, რომ არ აღმოჩენილიყო მათ სხეულში ე.წ. ჩიპი და არ გამხდარიყვნენ მასონური შეთქმულების მსხვერპლნი.

"ეს არის მასონების პროგრამა - მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირება", - ეწერა მიმართვაში.

"ჩიპიზაცია" მითოსთა შემქმნელების მთავარი შთაგონების წყაროა. იგი სხვადასხვა ტექნიკურ თუ სამედიცინო სიახლესთან ერთად ჩნდება. კორონასთან დაკავშირებულ მიკროჩიპების კონსპირაციას დაუკონკრეტდა ავტორი.

მიკროჩიპებზე მითი Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ინტერვიუდან გაჩნდა, სადაც ის ამბობს: "საბოლოოდ, ჩვენ გვექნება ციფრული სერთიფიკატები იმის საჩვენებლად, ვინ გამოჯანმრთელდა, ვინ გაიტესტა, როდის გვექნება ვაქცინა და ვინ მიიღებს მას".

"ციფრულმა სერთიფიკატებმა" სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძინა და გლობალურ კონტროლთან, მასების მართვასთან გაიგივდა.

მედიის განვითარების ფონდის მითების დეტექტორის მკვლევარები მიუთითებენ: "გეიტსი ციფრულ სერთიფიკატებში გულისხმობს ღია პლატფორმის ქონას, რომელიც მიზნად ისახავს გაფართოებულ წვდომას ინფორმაციაზე. IBM ციფრულ სერტიფიკატს განმარტავს, როგორც "ელექტრონულ დოკუმენტს" პირის იდენტიფიცირების მიზნით და მას პასპორტსა და მართვის მოწმობას ადარებს".

ეს განმარტება საკმარისი არ აღმოჩნდა ფეისბუქგვერდებისა და გლობალური დაჩიპვის თემაზე შექმნილი ვიდეოების ავტორებისთვის.

მაგალითად, ფეისბუქის საჯარო ჯგუფი "განსხვავებულები", რომელიც 5 000 წევრს მოიცავს, აქვეყნებს ვიდეოს კორონას საწინააღმდეგო ვაქცინით "დაჩიპვასა" და მსოფლიო მართვის შესახებ. ავტორები ვაქცინას და ჩიპებს ერთმანეთთან აკავშირებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, არ გაიკეთონ კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა. ვიდეოს YouTube-ზე 13 ათასი ნახვა აქვს.




"ჩიპიზაციასთან" ერთად ვაქცინას დნმ-ს შეცვლის უნარსაც მიაწერენ. მითი ვაქცინაზე დაუწყვილდა მითს - "ქართველობას გვართმევენ" და უჩვეულო "მუტანტად" იქცა.

მაგალითად, საოპერო მომღერალი, თამარ ივერი თავის ფეისბუქგვერდზე წერს ვაქცინის სავარაუდო "საფრთხეების", მათ შორის დნმ-ში შეტანილი ცვლილებების შესახებ და საბუთად მოჰყავს ვიდეო, სადაც, ივერის განმარტებით, გერმანელი ექიმები მსოფლიოს მოუწოდებენ არ გაიკეთონ ვაქცინა.

სინამდვილეში რას ამბობენ გერმანელი ექიმები გაურკვეველი დარჩა. ივერის მიერ გაზიარებული ვიდეო წაშლილია და აღარ არსებობს. სამაგიეროდ, რჩება საოპერო ვარსკვლავის მიერ წახალისებული ანტივაქსერული განწყობა.


ამ პროცესში აქტიურები არიან ცალკეული ადამიანები. მაგალითად, ფეისბუკმომხმარებელი შორე შანიძე მითების მთელ სერიას ავრცელებს სოციალური გქსელის პირად გვერდზე. კორონას "არარსებობიდან" დაწყებული ვაქცინაციის "მავნებლობით" დასრულებული, ყველა მითს, მთელი პანდემიის განმავლობაში, ჭარბი დოზით აწვდის მკითხვეელს. მას 2 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბოლო პერიოდში მისი თემაც ვაქცინით "დნმ-ის ცვლილება" და ჩიპიზაციაა.


რა მიზნით ავრცელებს მსგავსი ტიპის ინფორმაციას ან რა ოფიციალურ წყაროს ეყრდნობა, ვკითხეთ შორე შანიძეს, რომელმაც შეტყობინებებზე არ გვპასუხა.

კორონამითოსს ზურგს საქართველოში ყველაზე ძლიერი ინსტიტუციის წარმომადგენლებიც უმაგრებენ.

დნმ-ს შეცვლისა, თუ ჩიპიზაციის მითოსის ავტორიტეტულ გამავრცელებლებად სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რიგი წევრები, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები გვევლინებიან.

ისინი კორონაპანდემიის გამოწვევებს თეოლოგიური, ან მეცნიერული ინფორმაციის გავრცელებაზე მეტად მითოსით პასუხობენ.

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი (აბულაძე) ქადაგებებში, პირდაპირ მოუწოდებს მრევლს არ გაიკეთონ ვაქცინა, რომ არ გახდნენ ბილ გეიტსისა და მისი წრის "კაცობრიობის წინააღმდეგ წამოწყებული" შეთქმულების, ასევე "ჰომოსექსუალიზაციისა" და "გენდერიზაციის" თეორიის მსხვერპლნი.

"ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოსო. რას ჰქვია სავალდებულო უნდა იყოს? ეს უკვე ეჭვეს ბადებს... მერე ვინ გაწვდის ამ წამალს? … ამის (ვაქცინის) მთავარი დამფინანსებელი ე.წ. ბილ გეიტსი. ვინ არის ბილ გეიტსი? ეს არის ის ადამიანი და ის წრე, რომელიც მრავალი წელია რუპორით გაჰყვირის რა ამბავია ამდენი მოსახლეობა მთელ მსოფლიოშიო. შვიდ მილიარდზე მეტი ოქროს მილიარდამდე უნდა დავიყვანოთო. ...თავისი პირით ამბობენ ამას. უნდათ მსოფლიოს გენოციდი მოუწყონ"
(სტილი დაცულია), - ამბობს მეუფე სპირიდონი (აბულაძე) 2020 წლის მაისის ქადაგებაში.

მეუფის თქმით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება "ქალმა ქალობა დაკარგოს, კაცმა - კაცობა" და ადამიანებს გამრავლების უნარი შეუწყდეთ.



ვაქცინაციის აუცილებლობასა და "ჩიპებისა" თუ "დნმ-ს ცვლილების" კუთხით უსაფრთხოებაში დარწმუნებული არაა არც ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი. არც იმაზე აქვს პირდაპირი პასუხი, მოუწოდებს თუ არა მრევლს ვაქცინაციისკენ. 24 დეკემბერს, რუსთავი 2-თან პირდაპირ ეთერში მიტროპოლიტიც აპოკალიპტურ ნიშნებზე ლაპარაკობს და ვაქცინაციას ირიბად ამ მოვლენას უკავშირებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეპისკოპოსი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) ვაქცინას პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზად მიიჩნევს. 19 იანვარს, ნათლისღების წირვაზე ქადაგებისას, მან თქვა: "მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება".

,,ვაქცინაცია შველაა ადამიანის და მეცნიერების უდიდესი მონაპოვარია, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა ვაქცინის საშუალებით დამარცხდა სხვადასხვა პანდემია მსოფლიოში, მაგრამ რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და საზოგადოება მეტად ინფორმირებული", - ეს უკვე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) სიტყვებია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამ დროისთვის არ აქვს. "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა: "სხვადასხვა ეპისკოპოსს, სხვადასხვა აზრი აქვს". ჯერჯერობით უცნობია შეიკრიბება თუ არა სინოდი ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით.

რაში სჭირდებათ მითები?

ძალაუფლების შენარჩუნება და განვითარება - ამას მიიჩნევს ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ მითოსის გავრცელების მთავარ იდეად თეოლოგი კახა კურტანიძე.

"ეკლესია ნებისმიერ ხერხს იყენებს, სადაც დაინახავს შანსს, რომ საკუთარი თავი, თავისი განსხვავებულობა, თავისი საჭიროება, თავისი უნიკალურობა გამოავლინოს. უფრო მეტიც, დატკბეს თავისი ძალაუფლებით და გავლენით. მათ (სასულიერო პირებს) ზოგჯერ სჯერათ, ზოგჯერ არა, რომ ამას სასიკეთოდ აკეთებენ იმათთვის, ვისზეც ის თავის ძალაუფლებას ახორციელებს".

თეოლოგის თქმით, მღვდლების ნაწილი აცხადებს, რომ ცივილიზაცია და კულტურა მიემართება სამყაროს დასასრულისაკენ. ამიტომ თავის მისიას მხილებაში ხედავს.

"ის აღიარებს, რომ მისი მოწოდებაა იმ კულტურასა და ცივილიზაციაში ჩაასხას ის მადლი რომლის რეზერვუარიც თავად არის. ის თავს უფლებას აძლევს კულტურასა და ცივილიზაციაში დაინახოს ხინჯი და ბოროტული გამოვლინებები რათა ის შეასწოროს. ბოროტების გამოვლინებებს ასხამს ათასნაირ ყალიბში და სწორედ ეს ყალიბებია ის მითები".

კიდევ უფრო შორს მიდის თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. ის მითების შექმნას ადამიანის აზროვნების წესში ხედავს.

"ევროპული განმანათლებლობის შემდეგ, განსაკუთრებით სჯეროდათ, რომ მორჩა მითები, გავისტუმრეთ და მხოლოდ ისტორიის ნაწილი დარჩა. თუმცა თანამედროვეობის მთელი რიგი ფილოსოფოსები ამტკიცებენ, რომ მითოსული აზროვნება არის ადამიანის, მისი მყოფობის ძალიან ძლიერი შემადგენელი ნაწილი. მხოლოდ ამით აიხსნება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპასა და ამერიკაში, მითოსული ამბების შეთხზვისკენ მიდრეკილება და ადამიანებისთვის ამის დაჯერება".

ადამიანი მიდრეკილია მითოლოგიზებისკენ, თუმცა, აღიარებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ისინი კი, მითოლოგთა ეჭვებისა და კონსპირაციების მიუხედავად, გამართულად მუშაობენ, სხვა რეალობას და ბუნების ურყევ კანონებს გვთავაზობენ.

ამ კანონებს ეყრდნობა ვაქცინის ფორმულაც, რომლის თანახმად, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა კავშირშია არა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავასთან, იგივე დნმ-თან, არამედ რიბონუკლეინის მჟავასთან (რნმ) და მას არც ერთი კანონით ადამიანის გენეტიკის ცვლა არ შეუძლია.

იგივე კანონები ადამიანების "ვაქცინით დაჩიპვასაც" შეუძლებელს ხდის.

"ყველამ ვიცით რომ ნებისმიერი უცხო სხეულის შეყვანა ორგანიზმში იწვევს ანთებით პროცესებს, ორგანიზმი ცდილობს გამოდევნოს ეს უცხო სხეული. ის ადგილი ჩირქდება და ა.შ. ეს მარტივ სიტუაციაში. თუ სისხლის ნაკადში მოხვდა, მაშინ გამოიწვევს ან თრომბს ან ინსულტს. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც გულის ხელოვნური სარქველი აქვთ ჩაყენებული, მთელი ცხოვრება პრეპარატებს იღებენ, რომ ორგანიზმმა ეს უცხო სხეული არ გამოდევნოს. რთული სამედიცინო პრობლემაა",
- ამბობს ფიზიკოსი ირაკლი მაჩიტაძე.

ფიზიკოსი მიუთითებს, რომ ჩიპის ისეთი მინიატურული დონე, რომელიც ადამიანის ორგანიზამში უპრობლემოდ იარსებებს, ჯერ მიუღწეველია მსოფლიოსთვის.

"მიუღწეველი დარჩება კიდევ მრავალი წელი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ჩიპს კვება უნდა, ენერგიის წყარო უნდა და საიდან უნდა მიეწოდოს ის ჩიპს? თუკი ვინმეს ადამიანების კონტროლი უნდა, ეს გაცილებით იოლი იქნეოდა სმარტფონებით, რომელიც თითქმის ყველას აქვს. მაშინ სმარტფონი უნდა გადააგდო, თუმცა ამას არ აკეთებენ "ჩიპიზაციის" მქადაგებლები. ყველაზე უცნაური ისაა, რომ, როცა პოსტავ ბილ გეიტსი "დაჩიპვას" გვიპირებსო, სწორედ მის წარმოებულ ტექნიკას იყენებ დასაპოსტად"
.

5 G - ,,ანტენისმოშიშთა" მითოსი

ახალ ტექნოლოგიებთან აქვთ პრობლემა 5G ანტენაზე მითოსების შემქნელებსაც.

"ანტენისმოშიშთა" რწმენით, ანტენები სხვადასხვა დაავადების გამავრცელებლები არიან. შესაბამისად, მათთვის 5G "დაავადებების გამავრცელებელია", მათ შორის კორონავირუსის. მითის თანახმად, ის იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ადამიანს ვირუსისთვის იოლ სამიზნედ აქცევს.

ანტენები, ანუ მოწყობილობა, რომელსაც რადიოტალღების მიღება გადაცემის ფუნქცია აკისრია, ქართულ რეალობაში მითების წყარო ყოველთვის იყო. მას სხვადასხვა წლებში ესხმოდნენ თავს მითოსის "მოყვარულები" და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს, რადიოს და სხვებს უპირისპირდებოდნენ.

ტექნოლოგიების სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ბოლო წლების მთავარი მოვლენა 5G ტექნოლოგიის, ანუ მეხუთე თაობის უსადენო ქსელის დამკვიდრება იქნება. ამ მოვლენას ტექნლოგიურ რევოლუციასაც უწოდებენ. ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების მსგავსად, 5G ტექნოლოგიაც შეცვლის ჩვენს სამყაროს. კავშირი იქნება 10-ჯერ, 50-ჯერ, შესაძლოა, 100-ჯერ უფრო სწრაფი.

თუმცა, ალბათ, 5G-ს ქსელზე სწრაფად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც ანტენაში საშიშროებას ხედავს, თანაც არა მხოლოდ საქართველოში. ანტენების დადგმა გააპროტესტეს საბერძნეთში, ასევე აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში.

საქართევლოში მათ მიეძღვნა ფეისბუქგვერდები, მაგალითად, ,,შევაჩეროთ 5G საქართველოში", სადაც ინფორმაციები ძირითადად რუსული წყაროებიდანაა ნათარგმნი. გვერდს 7 500 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.



5G-ს მიუძღვნა ,,სამეფო" არხზე გადაცემა ,,დასაბამიდან, სასუფევლამდე" ყოფილმა წამყვანმა დავით გიორგობიანმა.

გიორგობიანის თქმით, კორონა ვაქცინა და ნიღბებიც ადამიანის საზიანოდ და პლანეტის მცხოვრებთა ,,შესამცირებლად" იქმნება. დაავადებები და ტექნოლოგიური სიახლეები, ერთი მავნებლური შეთქმულების ნაწილია და ამ "მავნებლობაში" იგი სხვების დარწმუნებასაც ცდილობს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, არც ევროკავშირის, ბრიტანეთის, ან ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის უწყებებში არ მიაჩნიათ, რომ ან მობილური ტელეფონები, ან 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუცილებელი ანტენები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის დამატებით საფრთხეს შეიცავს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით ადამიანის ჯანმრთელობაზე მობილური ტელეფონების გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები დადასტურებული არ არის.

ფიზიკოსების განმარტებით კი, ანტენები ასხივებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლის ინტენსივობაც იზომება ე.წ. ველის დაძაბულობით და უკუპროპორციულია მანძილის კვადრატის.

უფრო გასაგები რომ იყოს: "თუ ერთ მეტრში ველის დაძაბულობა ორჯერ მცირდება, ორ მეტრში ოთხჯერ, ოთხ მეტრში -16-ჯერ და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, მობილური ტელეფონების სტაციონარული ანტენების სიმძლავრე შეუდარებლად უფრო სუსტია, ვიდრე იმ მობილური ტელეფონის, რომელიც თავთნ გვაქვს მიდებული საუბრის დროს. ელექტრომაგნიტური გამოსხივების შეუდარებლად, მილიონჯერ უფრო დიდ დოზას მზისგან ვიღებთ, ხოლმე. საუბარია ჩვეულებრივ, თუნდაც მოღრუბლულ ამინდში სეირნობაზე", - გვიხსნის ფიზიკოსი ირაკლი მაჩიტაძე.

,,განიარაღებული" მითები

აქტიურად მპოსტავი ანტივაქსერების თუ ჩიპიზაციის თეორიის მომხრეთა მიმართვებს არსად ახლავს მტკიცებულებები. აქ მხოლოდ მითოსის, აბსურდის და ზღაპრის წესები მოქმედებს, რომელთაც სწორედ ეს ზღაპრულობა ხდის ადვილად გავრცელებადს.

"კონსპირაციის თეორიები ადვილი გასაგებია, მიმზიდველია. თავად შეგიძლია ჩაება მის შეთხზვაში, "ფაქტებით" გამდიდრებაში; ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეკამათებით მშრალი, მოსაწყენი ფაქტებით შეიარაღებულ პროფესიონალს, რომელიც მშვიდად გიხსნით აქსიომებად ქცეულ ჭეშმარიტებას. თქვენ არა გაქვთ არც ცოდნა, არც საკმარისი მჭევრმეტყველება, რომ არგუმენტებით გააცამტვეროთ მოწინააღმდეგე. სამაგიეროდ, თქვენს მხარეზეა მაყურებელთა უმრავლესობა, რომელსაც ქვეცნობიერი გაღიზიანება ამოძრავებს თავდაჯერებული ავტორიტეტის მიმართ და სურს მისი გაცამტვერება... ასეთია იმ ლოგიკური ფენომენის არსი, რამაც ანტივაქსერული მოძრაობა ახალ სიმაღლეებზე ატყორცნა. კოვიდ-პანდემიის შემდეგ ამ მოძრაობის რიგები დაახლოებით ათი მილიონი "მებრძოლით" გაიზარდა", -ამბობს ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული.

ეს ზრდა ჩანს გამოკითხვების შედეგებშიც.

საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. 41 % აცრას ჩაიტარებს, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

კვლევა დეკემბერში ჩატარდა და გამოიკითხა 2053 პირი.

იმავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვა განსხვავებულ შედეგს აჩვენებს მხოლოდ "სხვა მითის" მისამართით. "სხვა მითი" ლუგარის ლაბორატორიას ეხება. კორონავირუსთან ერთწლიანმა ურთიერთობამ, ინფორმაციის, გამოცდილების მათ შორის პირადი გამოცდილების დაგროვებამ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაზე მითები შეასუსტა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის გარშემო გახსნის დღიდან მითების მთელი ტალღა აგორდა. მითებს ავრცელებდნენ სხვადასხვა ქართული და რუსული მედიაგამოცემა, აკადემიკოსები თუ უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე. ამ მითების თანახმად, ლუგარის ლაბორატორია ხელს უწყობდა საქართველოში ვირუსების გავრცელებას, იქ მზადდებოდა ბიოლოგიური იარაღი, ტარდებოდა ექსპერიმენტები ადამიანებზე და სხვა.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს გლობალურ დონეზე მიმდინარეობს გენოციდი, რომელიც გულისხმობს ერების როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ განადგურებას, ყველაფერი ნათელი გახდება. ამიტომ არ არის გამორიცხული და დიდი ეჭვიც არსებობს, რომ ეს ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება", - ამბობდა „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.


ათობით მითს შორის, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის გარშემო იქმნებოდა, იყო უსუსურებიც. მაგალითად, თითქოს ლუგარიდან გავრცელდა საქართველოში H1N1 ე.წ. ღორის გრიპი.

ხსენებული მითი შეგვიძლია მარტივი ლოგიკით გავაქარწყლოთ. H1N1 მსოფლიოში 2009 წლიდან გავრცელდა, ხოლო ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა.

ინფორმაციული ვირუსი ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ისევ ძალაშია. მაგალითად, ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდის" "მითების დეტექტორის" მკვლევარები ავრცელებენ ინფორმაციას Sputnik Южная Осетия სტატიების სერიის შესახებ, სადაც ლუგარი კვლავ ბრალდების ქვეშაა.

გამოცემის თანახმად, ლაბორატორია ოს მოსახლეობას უპირებს ვირუსებით, მათ შორის კორონათი დაინფიცირებას და ექსპერიმენტებისთვის მათი ბიოლოგიური მასალის გამოყენებას. ამ ინფორმაციას უშიშროების გენერალური კომიტეტი (КГБ) ავრცელებს და ოსური გამოცემაც ბეჯითად იმეორებს.

"ამ პერიოდმა საზოგადოებაში ბევრი შიში გააბათილა ლუგართან დაკავშირებით და ის ინდივიდუალური სუბიექტები, რომლებიც პანდემიის პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ცდილობენ, ხშირად არა რეალური ფეისბუქ მომხმარებლები, არამედ ყალბი ანგარიშები არიან", - ამბობს მკვლევარი მედეა სულამანიძე.

მკვლევარები იმასაც მიუთითებენ, რომ ლუგარზე შეტევა და მისი საქმიანობის დისკრედიტაცია დასავლეთზე - ევროპასა და ამერიაკზე შეტევაა და იგი სხვას არავის სჭირდება, თუ არა რუსეთს.

"წლებია ლუგარის ლაბორატორია დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეა. ლუგარის ლაბორატორიასაც ცოტათი რომ გავცდეთ, თვითონ ამ თემატიკაზე - ბიოუსაფრთხოებაზე არსებული დეზინფორმაცია არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, როდესაც ამერიკის დემონიზება ხდებოდა ამ გზით. შეერთებულ შტატებს ბრალდებოდა შიდსის, აფრიკული ხოჭოს გავრცელება და ა.შ. ამის მემკვიდრეობაა დღეს რასაც რუსეთი აკეთებს. მისი მიზანი არის აშშ-ს, ჩვენ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორის, დემონიზება", - ამბობს მითების დეტექტორის მკვლევარი სოფო გელავა.

მკვლევარები დემონიზების პოლიტიკის გაგრძელებას ისევ ელოდებიან, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს მითოსის ახალი სეზონი.

"პროპაგანდის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად ახლდება — ისინიც ხომ არ არიან გაჩერებული, ისინიც მიჰყვებიან მოვლენებს და როდესაც ხედავენ, რომ სადღაც ძალიან გაუჭირდათ, იწყებენ ახალი მითების შექმნას, ახალი ჯგუფების აღმოჩენას, რომელიც შეიძლება შემდგომი ინფორმაციული ვირუსის გამავრცელებელი გამოდგეს", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურია საინფორმაციო ომით თუ კიბერშეტევებით, ლუგარის ირგვლივ არსებულ და გამყარებულ მითებს, კორონაგამოცდილების წყალობით, ფუნდამენტი შერყეული აქვს.

ეს "რყევა" აისახა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშიც.

NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებას ლაბორატორია ხელს უწყობს.

ანუ, საქართველოში კორონამ მითი ლუგარზე 66%- ით დაანგრია.

გამოდის, რომ მითოსის თვალსაზრისით, კორონას ხანა თავისებურებებითაც გამოირჩევა - მას ახასიათებს მითების აღზევებაც და დაცემაც. სინამდვილის გაყალბებაც და გამოჩენაც.

გაყალბებულთა შორის რჩება მითი ვაქცინაზე, რომლის შესუსუტება და გაქრობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

"ვაქცინის ქონა არ ქონა პრობლემაა, თუმცა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც არანაკლები გამოწვევაა. სამწუხაროდ, ანტივაქსერული მოძრაობა იმაზე მძლავრია საქართველოში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არც ხელისუფლებისადმი უნდობლობა მოქმედებს სწრაფი და სწორი ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ვაქცინაციის დაწყებას ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მზად დავხვდეთ", - ამბობს ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო კორონავირუსის მართვაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის მხარდამჭერი სოციალური კამპანია ჯერ არ დაუწყია, თუმცა, უახლოეს მომავალში გეგმავს.

"ყოველთვის ხდება ვაქცინაციის წინ ინფორმაციის მიწოდება. კოვიდ-ვაქცინის შემთხვევაშიც სამინისიტრო ყველანაირ ინფორმციას მიაწვდის მოქალაქეებს. წინასწარ ვერაფერს დაგიანონსებთ, თარიღებს კონრეტულად, როდის დაიწყება ეს კამპანია, მაგრამ ეტაპობრივად გავავრცელებთ ინფორმაციას, რაც მოქალაქეებისთვის იქნება საჭირო", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კორონას და მისი გავრცელების ყველა ეტაპს ყოველთვის მითოსი უსწრებს, ამიტომ კორონამდე ვირუსის გარშემო შექმნილი მითოსი თუ არ დაინგრა, კორონას დამარცხების ვადები გადაიწევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო
კონფერენციები, სემინარები, სამიტები, წვეულებები, შეხვედრები - ამ
ყველაფრის ონლაინ სივრცეში გადატანას თანდათან ეჩვევა მსოფლიო, მაგრამ
არა ქუთაისი.
12:13 / 26.02.2021

საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, სამიტები, წვეულებები, შეხვედრები - ამ ყველაფრის ონლაინ სივრცეში გადატანას თანდათან ეჩვევა მსოფლიო, მაგრამ არა ქუთაისი.

მრავალდღიანი პანდემიური ჩაკეტილობის
შემდეგ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებამ მშობლები დილემის წინაშე
დააყენა: თუ ბავშვს სკოლაში გაუშვებს ინანებს, თუ არ გაუშვებს, მაინც
ინანებს.
18:39 / 23.02.2021
მრავალდღიანი პანდემიური ჩაკეტილობის შემდეგ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებამ მშობლები დილემის წინაშე დააყენა: თუ ბავშვს სკოლაში გაუშვებს ინანებს, თუ არ გაუშვებს, მაინც ინანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.