მულტიმედია
სიმპტომებით - კოვიდდადებითი, სტატუსით - კოვიდუარყოფითი და მე - ჟანგბადის გარეშე დარჩენის შიშით
FaceBook
,,არავინ ვფიქრობდით, რომ კოვიდინფიცირებული იყო, რადგან ტესტმა ორჯერ აჩვენა უარყოფითი. მესამე და დადებითი პასუხი დაგვიანებული აღმოჩნდა. სიმპტომების გარეშე, ვირუსს უკვე ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული. ორგანიზმმა ვეღარ დაძლია ვირუსი და დაიღუპა".

მცდარი პასუხით და დაგვიანებული რეაგირებით გარდაცვლილი მოქალაქის ახლობელი სხვა დეტალებს არ ჰყვება. არც სახელისა და გვარის გამხელა სურს, რადგან ესოჯახის ტრაგედიას ვეღარ შეცვლის. თუმცა, ანონიმურად გვთხოვს, მივმართოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით – რატომ ცდება ტესტები? 

კორონავირუსის დასადგენად ყველაზე უტყუარ ტესტად მიჩნეული -PCR ის მცდარმა პასუხმა ქუთაისში არაერთი ადამიანი დააზარალა. მათ შორის მე.

ჩემი ამბავი

საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში "ქუთაისიპოსტის" რედაქცია თითქმის დაცარიელდა. ზოგს სიცხე აქვს, ზოგს სუნთქვის უკმარისობა. უსიმპტპომოდ მხოლოდ ორნი ვრჩებით.

ვიდრე რომელიმე ჩვენი კოლეგის ტესტის პასუხს გავიგებდით ვფიქრობდით, რომ ყველა ერთად ,,გავცივდით", მაგრამ ერთ-ერთი თანამშრომლის "დადებითობა" ყველას კოვიდტესტირების რიგებში გვაყენებს.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრის კართან ოცამდე ადამიანი მხვდება. თითოეული ტესტებზე მიმართვის ასაღებად ეწერება.

დაახლოებით ათ წუთში ერთხელ სხვადასხვა ექიმი გამოდის და იღბლიან პაციენტებს მიმართვას აძლევს. დანარჩენები ვიცდით. ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელიც თითქმის ორი საათია მოაჯირს ეყრდნობა, ცუდად ხდება, ამიტომ მისთვის უსიტყვოდ ვთმობთ რიგს.

ფეხზე დგომა მიჭირს, სამაგიეროდ ხელსაყრელ ადგილზე ვარ. აქედან კარგად ვხედავ, მინის მიღმა რა ხდება. თეთრ ხალათში გამოწყობილი ორი შუა ხნის ქალი სხვადასხვა ადგილას ზის. ერთი პაციენტების მონაცემებს იწერს, მეორე ნიმუშებს იღებს. ორივეს პირბადე უკეთია და თხელი ქუდი ახურავთ.

ტესტის აღება სულაც არ აღმოჩნდა რთული, ყოველ შემთხვევაში, წვიმიან ამინდში რიგში დგომაზე უარესი.



მე და ჩემი ოჯახის ექიმს აქამდე ერთმანეთი თვალით არასდროს გვინახავს.

,,გამარჯობა თიკო. შენი პასუხი უარყოფითია, მაგრამ მოიქეცი ისე, თითქოს დადებითია. სიმპტომების მიხედვით, შენ კოვიდინფიცირებული ხარ, ტესტს რა სჭირს არ ვიცი. დალიე წყალი და დარჩი სახლში ", – ოჯახის უცნობ ექიმთან დისტანციური დიალოგის შემდეგ წყალს მართლა ვსვამ და ვფქრობ: რა იქნება ჯანმრთელობა რომ გამიუარესდეს?, უსტატუსოდ რომელი ჰოსპიტალი მიმიღებს?, ზუსტი პასუხი მჭირდება, მაგრამ განმეორებით ტესტზე როგორ წავიდე? ავტობუსით? ტაქსით? და თუ მართლა კოვიდი მაქვს? - ყველა ფიქრს ჩიხამდე მივყავარ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყველა ერთად მიხურავს იზოლაციის ოთახის კარს.

ვრეკავ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება: ნაცნობებთან, მეგობრებთან, კოვიდგადატანილებთან. კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს მპასუხობს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, თავი ხელში უნდა ავიყვანო, ვისუნთქო.

დღე თვითგადარჩენის გზების ძიებაში ილევა. ღამე ვგრძნობ, როგორ მანგრევს ძვლების ტკივილი. იწყებს ტერფიდან და ადის სახის ძვლამდე. ვცდილობ გონება კომპიუტერივით გავთიშო და ძილს მივეცე. შუა ღამით კანკალი მაღვიძებს. ვეღარ ვუძლებ.

დილით უფრო უარესად ვარ, მაგრამ უძლურების მიუხედავად, გადავწყვეიტილი მაქვს ვიბრძოლო სტატუსის მოსაპოვებლად. ისევ ვურეკავ ოჯახის ექიმს, ვახსენებ სიმპტომებს და განმეორებით ტესტს ვითხოვ.

,,შენ ახლა ტესტი რომ გაიკეთო, მაგ ტესტს ლაბორატორიაში მოისვრიან. შენ იცი ხალხი ათენებს ღამეებს მანდ, დანახვა უნდა ამას", - და "მამშვიდებს" ექიმი და თან აყოლებს, რომ ტესტების ხარისხზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება, ხოლო ჩემს მიერ მოთხოვნილ განმეორებით ტესტს ორი კვირა ვერ გავიკეთებ.



ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ვრეკავ. რვა წუთიანი ლოდინის შემდეგ ახალგზარდა ქალბატონი მპასუხობს და მიხსნის, რომ ოჯახის ექიმი წყვეტს როდის ჩავიტარო ტესტირება და თუ ექიმის შეცვლა მსურს, ამ პროცედურას ერთი თვე დააგვიანდება. ბოლოს მირჩია, სწრაფი რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე მივწერო. ასეც ვიქცევი. გაბრაზებული წერილი გამომდის. თუმცა ამას რეაგირება მოჰყვება.

როგორც აღმოჩნდა, თუ პასუხი საეჭვოა, განმეორებითი ტესტის გაკეთება მეორე დღესვეა შესაძლებელი და სულაც არ სჭირდება ორი კვირა, წვიმიანი რიგები და პირბადის გარეშე ერთმანეთს ჩახუტებული პაციენტების არმია.

მეორედ, ცაგერში გავიტესტები, მამა იქ არის რეგისტრირებული და ინფიცირების მეათე დღეს, სიცხიანსაც კი მიხარია დადებითი პასუხი.

მშვიდად ვარ. სტატუსი მაქვს და თუ ჟანგბადი დამჭრდება, ჰოსპიტალშიც მომიძებნიან ადგილს. სხვა ჩემნაირებზე ნერვიულობას ვიწყებ და მათ ძებნას.

ხათუნას ამბავი

მუდმივი რეკომენდაციების მიუხედავად, არ დაინიშნოს კორონასთვის დამახასიათებელ ვირუსულ პნევმონიაზე ანტიბიოტიკები – არ გაითვალისწინეს ტყიბულის ერთ–ერთ კოვიდკლინიკაში.

,,საავადმყოფოში უკვე სიცხიანი მივედი, ტესტი ამიღეს, რენტგენი გადამიღეს. ფილტვების ორმხრივი ანთება მქონდა. არავის დაუწყია იმის გარკვევა, ეს ვირუსული ანთება იყო, თუ ბაქტერიული. დამინიშნეს ცეფამედის მაღალი დოზა და გამომიშვეს. ორ დღეში ანალიზის პასუხზე ოჯახის ექიმმა დამირეკა, მომილოცა უარყოფითიაო. ამიტომ, ჩემი მდგომარეობაც სეზონურ ვირუსს მიაწერეს".



ხათუნას იმუნიტეტი თანდათან დაქვეითდა, ჯანმრთელობა კი გაუარესდა.

სიმპტომების გამოვლენიდან თერთმეტი დღე იყო გასული, როცა ხათუნამ კლინიკას მეორედ მოსთხოვა "პისიარ" კვლევა.

,,მაღალი ტემპერატურას, სუნთქვის საშინელი გაძნელებაც ერთვოდა. უკვე ჰაერზე გასვლასაც ვეღარ ვიტანდი. შემეშინდა, არაფერი დამმართოდა. რადგან პასუხი უარყოფითი იყო, ყურადღებას არავინ მაქცევდა. მხოლოდ ექიმის კონსულტაციას და საჭირო მედიკამენტების დანიშვნას ვითხოვდი".

ხათუნას მეთერთმეტე დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ კვლავ უარყოფითი პასუხი აჩვენა.

,,ნერვოზი გამიჩნდა. დავიწყე ნაცნობი ექიმების ძებნა. ყველა სხვადასხვა მედიკამენტს მირჩევდა. ბოლოს სოფლის ექიმმა მიშველა. სიმპტომებიდან გამომდინარე იმსჯელა და დიაგნოზიც კოვიდინფიცირებულის დამისვა. მასწავლა, როგორ მოვქცეულიყავი. მეც დავუჯერე. ანტიბიოტიკები გვერდით გადავდე და თანდათან გამოვჯამრთელდი."


თამუნას ამბავი

არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც კოვიდინფექცია ტესტირების გარეშე გადაიტანეს.

პირველ რიგში მათი გადაწყვეტილება იმ ისტორიებს ეყრდნობა, რომელსაც ტელევიზიით, რადიოთი, მეზობლებისგან და მეგობრებისგან ისმენენ.

,,არც მიცდია ოჯახის ექიმის ძებნა. ჯერ ის უნდა გამეგო ვინ იყო, რამდენად სანდო, მერე როდის შემიყვანდა ტესტირების უთავბოლო რიგში, რამდენად სწორი იქნებოდა პასუხი. აგერ, ჩემი მეზობლების ნახევარს უარყოფითი პასუხი მოუვიდა, არადა ვისი კლასტერიც იყვნენ იმას დადებითი. ამიტომ გადავწყვიტე თავისთვის თვითონ მიმეხედა."



თამუნა სიმპტომების გამოვლენის დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ბევრი სითხის მიღების, სწორად კვებისა და სიმშვიდის წყალობით, 17 დღეში თანდათან დაამარცხა ტემპერტურა და მშრალი ხველა.

ხათუნას და თამუნას გარდა კიდევ ბევრი უსტატუსო კოვიდსიმპტომიანი ვიპოვე, მაგრამ მათი მსგავსი ისტორიებით თავს აღარ შეგაწყენთ.

ვინ ცდება: ტესტი თუ ექიმი?

რატომ ცდება ტესტი და თუ ასეთი ცდომილება დასაშვებია, რატომ არ გაითვალისწინა ჯანდაცვის სისტემამ ავადმყოფები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, მაგრამ ტესტით "უარყოფითები" არიან? – , ამაზე პასუხის მისაღებად ერთი კვირის განმავლობაში ვუკავშირდებოდი დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელძღვანელობას, სადაც ჩემს ზარებს არავინ უპასუხა.

ჯანდაცვის სამინისტროში კი განმიმარტეს, რომ "პისიარ" ტესტირებაზე ცდომილებისა და პრობლემების თაობაზე პირველად ესმით.

,,აქამდე მსგავსი რამ არ გამიგია,100%-იანი სანდოობა აქვს ტესტებს", - ასე დავასრულეთ საუბარი.

ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, ინფორმაცია მცდარი ტესტების პასუხებზე არ ეუცხოებათ ინფექციონისტებს. მათი თქმით, როცა პაციენტი კოვიდინფიცირებულია, ხოლო ტესტი უარყოფითს აჩვენებს,მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყო, მათ შორის მასალის არასწორი აღება.

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მიხსნის, საუბარში ამბობს, რომ (ცხვირ-ხახის ნაცხის) აღების დროს წესების დარღვევამ შესაძლებელოა მოხდეს ცდომილება.

,,ჩხირი აუცილებლად უნდა შეეხოს ცხვირ-ხახის ნაცხის უკანა კედელს, ეს შეგრძნება საშინელ დისკომფორტს იწვევს, მინახავს კადრები, იქვე ახლოს ნესტოებზე მოუსმევენ, ასეთ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ტესტმა დადებითი აჩვენოს ძალიან დაბალია. ასევე, შეიძლება ვირუსი ვერც სწრაფმა ტესტმა და ვერც "პისიარ" კვლევამ ვერ დააფიქსიროს, რადგან ადამიანი ვირუსს არ გამოჰყოფდეს. ასეთი შემთხვევები დაახლოებით 20%-ზე მეტია, ამიტომ ესეც განიხილება, როგორც კოვიდინფექცია."

ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე ფასდება იმით, თუ როგორ ხვდება მასპინძელი ორგანიზმი ვირუსს. ამ მდროს კი მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმს არ გამორჩეს პაციენტთან დაკავშირებული დეტალები, სადაც წამყვანია ჭარბი წონა, მავნე ჩვევები, თანმხლები დაავადებები.

ბუწაშვილის თქმით, მთავარია,კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც კვლევის დროს არ დაუდასტურდათ ვირუსი, საჭიროების შემთხვევაში, უპრობლემოდ მოხვდნენ ჰოსპიტალში.

"თუ სწრაფი, ან "პისიარ" ტესტით ვირუსი დადასტურებული არაა, ასეთ დროს კოვიდკლინიკებში პაციენტების მიღება გართულებულია და ეს წესი გადახედვას მოითხოვს".

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით, ოფიციალურად 220508 ადამიანია დაავადებული.

კორონავირუსის დიაგნოსტიკა რამდენიმე სახის ტესტით არის შესაძლებელი, თუმცა ყველაზე აქტიურად საქართველოში სამი მათგანი გამოიყენება: მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული ,,პისიარ'' ტესტი, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი.

მე, ხათუნას და თამუნას გაგვიმართლა. დაავადებამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ვისაც ახლა კოვიდის სიმპტომები და უარყოფითი სტატუსი აქვს, დამერწმუნეთ, იძინებს შიშით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაურთულდეს და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდეს. აკი გითხარით, კორონავირუსთან ერთად სწორედ ამ უსტატუსობის შიშს ვებრძოდი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თქვენი შვილები, დისშვილები, მეგობრის, თუ
მეზობლის შვილები თოვლის ბაბუს წერილებს ძველებურად
წერენ?
14:19 / 31.12.2020
თქვენი შვილები, დისშვილები, მეგობრის, თუ მეზობლის შვილები თოვლის ბაბუს წერილებს ძველებურად წერენ?
ჩემი ოთახიდან შემოსასვლელამდე ცხრა ნაბიჯია,
შემოსასვლელიდან სასტუმრომდე ათი. სასტუმროდან სამზარეულომდე შვიდი.
ეს  კოვიდინფიცირების 14 დღეში ,,აღმოვაჩინე
18:39 / 22.12.2020

ჩემი ოთახიდან შემოსასვლელამდე ცხრა ნაბიჯია, შემოსასვლელიდან სასტუმრომდე ათი. სასტუმროდან სამზარეულომდე შვიდი. ეს  კოვიდინფიცირების 14 დღეში ,,აღმოვაჩინე".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.