მულტიმედია
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით
FaceBook
„ძმებო, დებო, ბებიებო, ბაბუებო, ნაცნობებო, უცნობებო, წინ ,,დიდი ზამთარია”.

როგორც იცით, საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე.


რა შეგვიძლია ჩვენ?


ყველას ოჯახში თუ არა, საკმაოდ ბევრის ოჯახში მაინც არის ,,ზამთრის მარაგი”... - ამ სტატუსით, ამ სახელით და მარაგის გაყოფის იდეით, 28 ნოემბერს, სოციალურ ქსელში ახალი გვერდი გაჩნდა. 16 ნოემბრისთვის ჯგუფი უკვე 32 500 წევრს და რამდენიმე ასეულ ოჯახს ითვლის, ვისაც მოხალისეები დაეხმარნენ. ეს ამბავიც მათზეა, ქუთაისელ ახალგაზრდებზე, რომლებმაც „ზამთრის მარაგი“ მთელ ქვეყანას გაუყვეს.

სახელი სხვა აქვს, დაბადების თვე, წარმოშობის ადგილი და რაც მთავარია, იდეა - იგივე. „სიკეთით სავსე ზამთარი" ჯერ ერთი თვისაც არ არის, 1800 წევრს აერთიანებს და სიდუხჭირეში აღმოჩენილ უამრავ ადამიანს.

და კიდევ, ეს ამბავი მათზეა, ვისაც ჯერ ჰიპოკრატეს ფიცი არ დაუდია, მაგრამ უკვე ასრულებს მას, - ანაზღაურების გარეშე, ადამიანების დახმარების და გადარჩენის სურვილით.

ერთ დღეს, ქუთაისელმა ზურა ნიჟარაძემ გააცნობიერა, რომ კორონავირუსმა არა ერთი ადამიანი დააზარალა. ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სოციალური მედიის მენეჯერმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ, ალბათ, ბევრს აქვს ზამთრის მარაგი, რასაც სიამოვნებით გაუყოფდა მათ, ვისაც ახლა უჭირს.

„იდეა ისეთი ტემპით განვითარდა, მეც ძალიან გამიკვირდა. ზუსტად ასე შეიქმნა ჩვენი სოციალური გვერდი ,,ზამთრის მარაგი". სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ყველას მოვუხსნათ საყოფაცხოვრებო პრობლემა, თუმცა ნამდვილად გვაქვს ძალა, რამდენიმე ადამიანით ნაკლებს შიოდეს და რამდენიმეთი მეტი იყოს ბედნიერი. ამ დრომდე ჩვენ 358 ოჯახს დავეხმარეთ საქართველოს მასშტაბით".

,,ზამთრის მარაგის" ამანათები


ზურას დღის უმეტესი ნაწილი სხვებისთვის ,,ზამთრის მარაგის“ შევსებას მიაქვს. საქველმოქმედო კამპანიის მართვის არც ისე მარტივ საქმეს 12 მეგობართან ინაწილებს. მათგან ერთ–ერთი ფოკი ფაჩულიაა. მშვიდობის დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის მკვლევარისთვის ახლა მთავარი სამოქალაქო აქტივიზმია. ქველმოქმედებას ჟამიანობის დროს, ზოგჯერ, ფოკას ძილის დროც მიაქვს.

,,ზამთრის მარაგის” პარალელურად, სამსახურისთვის ღამე მიწევს პროექტის წერა, მაგრამ ეს ამად ღირს. პანდემიამ პრობლემები უფრო მკაფიოდ აღსაქმელი გახადა. რეალურად, არ ვიცით რა ხდება ჩვენს ირგვლივაც კი. ინფორმირებულობა კი ნიშნავს ჩემი წილი რესურსის განსაზღვრას - რისი გაკეთება შემიძლია? მთელი ეს კამპანია არის გაბრაზებული ადამიანის რეაქცია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც აღმოვჩნდით. მიზანი ერთია, როგორმე ზამთარს გადავურჩეთ. ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, პრაქტიკულად, დილის რვა საათიდან იწყება სატელეფონო ზარები და არ წყდება 24 საათის განმავლობაში".

დახმარების მიმღებთა რიგებში პრიორიტეტი ბავშვებს და მოხუცებს ენიჭება. სწორედ ამის მიხედვით ახარისხებენ შეტყობინებებს, ადგენენ ავთენტურობას, აწყობენ ინდივიდზე მორგებულ კალათას.

ამანათი სოფლად მცხოვრები ბენეფიციარისთვის

ბენეფიციართა უმეტესობა ცივი ამინდებისთვის თბილ სამოსს, შეშას და საკვებს ითხოვს.

,,ამანათები სხვადასხვა ქალაქში არსებულ ჩამბარებელ პუნქტებში გროვდება. კურიერის ფუნქციასაც ჩვენი მოხალისეები ინაწილებენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასა და ემოციების კონტროლს მოითხოვს, სხვაგვარად უბრალოდ ვერ გაუძლებ".

ემოციები გაცილებით მეტი და ძლიერია, როცა შეგროვებული პროდუქტი სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში რიგდება.



მოხალისეებმა ამ დრომდე 14 ათას 495 ლარის შეგროვება შეძლეს.

რამდენიმე თვის ევას ოჯახი ერთ–ერთია, რომელსაც ,,ზამთრის მარაგის“ წევრები დაეხმარნენ. ჩვილის მამამ სამსახური პანდემიის გამო დაკარგა, ამიტომ მისი ერთადერთი თხოვნაც შვილის საკვები იყო.

,,ბავშვს იმდენად ფრაგმენტულად მიეწოდებოდა მისთვის საჭირო და ძვირადღირებული საჭმელი, რომ უკვე მომნელებელი სისტემის პრობლემები ჰქონდა. რა თქმა უნდა, შევძელით შეგვეძინა საკვები, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი მარაგი ამოწურვადია, მაგრამ ზოგჯერ ესეც შვებაა ძალიან კრიტიკულ პერიოდში“, გვიყვება ,,ზამთრის მარაგის" აქტივისტი ფოკი ფაჩულია.

გიორგი ,,ზამთრის მარაგის“ ყოფილი ბენეფიციარია. მოხალისეების დახმარებით ყველაზე რთული დღეები გადალახა, უსახლკაროდ დარჩენას დააღწია თავი, მერე კი დახმარების ხელი სხვას გაუწოდა.

,,მაგალითად, ბევრი მარტოხელა დედაა, რომელსაც არსად აქვს წასასვლელი. მართალია, მე და ჩემი ცოლ–შვილიც ქირით ვართ, მაგრამ უსასყიდლოდ შევიფარებთ ასეთ ადამიანს. რაც გვექნება საჭმელად, იმას გავუყოფთ. ბოლო-ბოლო მერე ზამთარიც გადაივლის და პანდემიაც", - გვეუბნება გიორგი.

აქტივისტთა კიდევ ერთი ჯგუფს ქუთაისში ჟურნალისტი ხათუნა მაისურაძე ხელმძღვანელობს. სიუჟეტის მომზადებიდან შემდეგ სიუჟეტამდე ბენეფიციარებისთვის დასარიგებელ კალათებს ფუთავს. ამაში მეგობრებიც ეხმარებიან, ,,სიკეთით სავსე ზამთრის“ სხვა აქტივისტები.

,,სიკეთით სავსე ზამთრის" აქტივისტები



ბენეფიციართა უმეტესობა ცივი ამინდებისთვის თბილ სამოსს, შეშას და საკვებს ითხოვს.

საჩუქრად მიღებული შეშით გამთბარი მოხუცი
„სტანდარტულ კალათაში ძირითადად ზეთი, შაქარი, მარილი, წიწიბურა, კარტოფილი ხახვი, ტომატი და ამ ტიპის სხვა ძირითადი პროდუქტია. ხოლო, თბილ-თბილი ტანსაცმელი, ჭურჭელი, სათამაშოები, მედიკამენტები - საჭიროებისამებრ. ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება. შემომწირველებს მოაქვთ ისეთი პროდუქტები, რომელიც სტანდარტულ კალათაში არ არის. მაგალითად, ასეთი იყო თევზი და პური, ბარბარობის დღესასწაულისათვის".

ლურჯი ამანათები

ხათუნამ, მოხალისეებთან ერთად, სხვადასხვა ოჯახში უკვე 35 სასურსათო კალათა მიიტანა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

,,ჩვენ ვეხმარებით იმათაც, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ბოლო-ბოლო, ვცდილობთ ექიმთან ვიზიტი დავუფინანსოთ. ორი კვირის განმავლობაში ჩვენს საქმქველმოქმედო ანგარიშზე შემომწირველებმა 4000 ლარამდე ჩარიცხეს".

ხათუნასთვის რთულია შეჭირვებული ოჯახების ისტორიების მოსმენა, ცარიელი განჯინისა და მაცივრების ხილვა. თუმცა, დახმარების მიღებით გაბედნიერებული ადამიანები აქტივისტებს მოტივაციას მატებს.

„ჩვენ ამ ადამიანებთან მხოლოდ კალათები არ მიგვაქვს, არამედ იმედი. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, შეგრძნება და ემოცია. ყველაფერი ერთად, რაც კი ოდესმე გამიკეთებია".

საქველმოქმედო ჯგუფის ერთ–ერთი აქტივისტი, ამირა კოპალიანი გვეუბნება, რომ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, მოხალისეებისა და შემომწირველების რაოდენობამ საოცარი ტემპით იმატა. ყოველი მომდევნო დილაც წინაზე უფრო იმედიანია.

,,სასწაული შემომწირველები გვყავს, მაგრამ ბენეფიციარები? აი, მოგიყვებით ახლა რანაირებიც არიან. გურიიდან წამოსვლისას ტომრით მანდარინი, კივი და თხილი გამოგვატანეს, სხვებისთვის ნობათში ჩასადებად გამოიყენებთო. წყალტუბოდან ანამ დახმარება რომ მთხოვა, თან მომწერა, საკვებზე დამეხმარეთ და მე ჩემის მხრივ ბავშვის საწოლს მოგცემთ, იქნებ ვინმეს სჭირდებაო. დღევანდელმა მეორე ბენეფიციარმა პარკი მომაწოდა, თოჯინას ითხოვდა ბავშვისთვის ვიღაც და იმას გაუგზავნეთო. საოცარი ამბები ხდება. მინდა, რომ მთელს ქალაქს მოვედოთ, ყველგან ჩვენ ვიყოთ, ჩამოვარიგოთ სასურსათო კალათები, ვნახოთ მადლიერებით გაბრწყინებული სახეები, სევდიანებიც, დარცხვენილებიც, ვუთვალოთ ერთმანეთს მაჯისცემა. სიკეთით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ერთმანეთი".


პანდემიის ეპოქაში, გადარჩენისთვის საკვებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულ კონსულტაციას. სასწრაფოსა თუ ოჯახის ექიმის მიღმა დარჩენილი მოქალაქეებისთვის, ხშირად, ერთადერთი გამოსავალი მოხალისეა.

სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების პოსტები, სადაც ისინი კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობენ.

ეს ტვირთი ქუთაისელმა 23 წლის საბა ჩხიკვაძემ, საკუთარ თავზე მას შემდეგ აიღო, რაც ჯანდაცვის სისტემის კრიზისი დაინახა. სტუდენტმა დღისით სამეცადინო წიგნები გვერდით გადადო. ის დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე ქუთაისისი ერთ–ერთი კოვიდკლინიკის რეანიმაციაშია.

სპეცფორმით ცხოვრება და უმძმესი პაციენტების ცქერა მომავალი ექიმისთვის ჯერ კიდევ რთულია. თუმცა, პროფესია და პანდემია ემოციების მართვას აიძულებს.

,,მე ნეიროქირურგია მაინტერესებს და ამ მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. მართალია, რეანიმატოლოგად მუშაობა ვერ წარმომედგინა, მაგრამ პანდემიამ ექიმის მნიშვნელობა სულ სხვაგვარად დამანახა. ახლა, როცა რეანიმაციის უმცროს ექიმად ვმუშაობ, ვხვდები რა მნიშვნელიბა აქვს ადამიანისათვის დროული დახმარების აღმოჩენას".

საბა ჩხიკვაძე

პანიკაში ჩავარდნილი ახლობლების ზარებმა, ვისაც პანდემიასთან გამკლავება უჭრიდა, სტუდენტი აიძულა, კორონავირუსის მართვის სპეციალური კურსი გაევლო. ახლა, კლინიკაში მორიგეობის დასრულების შემდეგ, საბა იმ მოქალაქეების ზარებს პასუხობს, რომლებსაც დისტანციურად რეკომენდაციების მიღება სურთ.

,,მსგავს სიტუაციაში იყო ჩემი მეგობარიც. ისიც მოხალისე სტუდენტია და მან გადაწყვიტა ჩვენი ტელეფონები გაესაჯაროებია, იმისთვის, რომ მეტ ადამიანს დავხმარებოდით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სხვას რომ შველი იმდენად კარგი შეგრძნებაა, დაღლა გავიწყდება".

საბას მსგავსად, ლევან დათიაშვილიც მოხალისე სტუდენტია. კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში დაიწყო, უხილავად - უხილავი მტრის წინააღმდეგ.

ლევანმა თავის სამუშაო ოთახში, არც მეტი არც ნაკლები, სუნთქვის აპარატის ახალი მოდელი შექმნა. აპარატის აწყობისთვის რვა დღე, ხოლო მასალისთვის მხოლოდ 6 ლარი დასჭირდა.




,,იქედან გამომდინარე, რომ დიდ ქვეყნებსაც შეექმნა სასუნთქი აპარატების დეფიციტი, გაჩნდა საჭიროება მსგავსი ფუნქციის აპარატის შექმნის, რომლის წარმოება იქნებოდა იაფი და შეასრულებდა მართვითი სუნთქვის აპარატის ფუნქციას. მოდელი მზადაა, თუმცა მას ჯერ არ გაუვლია სამეცნიერო კონტროლი".

ლევანი გვიყვება, რომ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოდელი სამი მოდულისგან შედგება: აირშემკუმშავი გოფრირებული კაბინისგან, ელექტროძრავისა და აირგამტარი ორსარქვლიანი ფილტრიანი სისტემისგან.

,,აპარატის საბოლოო ვერსიას ექნება ფუნქციები: სუნთქვის რითმის რეგულაცია, სასუნთქი მოცულობის პარამეტებისა და სასუნთქი სასიცოცხლო მოცულობის რეგულირება".

ლევანმა არ იცის მისი მოდელი მოიპოვებს თუ არა აღიარებას. სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ შეუძლია სხვა გზითაც დაეხმაროს მოსახლეობას. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იმერეთში პანდემიასთან ცხელი ხაზის (144) ცვლის თანამშრომელია. დღეში ასობით ოფიციალურ შეტყობინებას პასუხობს. ამას ემატება პირად ტელეფონზე შესული არაოფიციალური ზარებიც.

,,თუ მანამდე სტუდენტის თვალით, გვერდიდან ვუყურებდით ექიმებისა და პაციენტების ბრძოლას, ახლა უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ამავე ექიმებისა და პაციენტების გვერდით ვართ და ამ ბრძოლაში ზოგჯერ მარტო ვრჩებით".

კარდიოქირურგიით დაინტერესებულ სტუდენტს, სამთვიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, დღემდე უძნელდება მოქალაქეებისთვის ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამბობს, რომ ეს ორმხრივი სტრესია.

,,ზოგი ტირილს იწყებს. ამ დროს მისი ემოციური ფონის მართვაც მიწევს. ჯერ უნდა დამშვიდდეს, რომ რჩევები მივცე და ვასწავლო, როგორ მოიქცეს. როცა პირველად დავიწყე მუშაობა ეს ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, ამიტომ, კარგად მესმის რატომ ღელავენ პაციენტები".

კორკნავირუსის პანდემიის დასრულებამდე ლევანს კიდევ ბევრი პაციენტის დამშვიდება და დაკვალიანება მოუწევს.

„რა შეგვიძლია ჩვენ?“

ამ რიტორიკულ კითხვაზე მოხალისეებს, რომლებიც აღელვებულ პაციენტებს, კლინიკებში ვირუსთან მებრძოლებს და ულუკმაპუროდ დარჩენილ მოსახლეობას უანგაროდ ეხმარებიან, მარტივი პასუხი აქვთ - „სიკეთის მარაგის გაზიარება", „როგორმე ზამთარს რომ გადავურჩეთ".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.