მულტიმედია
Wizz Air-ის დაბრუნება და „წართმეული ტურიზმის“ დაბრუნების მოლოდინი
FaceBook
"ვიზეარის" ქართულ გვერდზე თუ შეხვალთ, ავიაკომპანია ოქტომბერში ფრენის ოთხ მიმართულებას შემოგთავაზებთ:

თვის დასაწყისში რიგას, თვის ბოლოს კი ვილნიუსს, დორტმუნდს და ვარშავას. ეტაპობრივად ემატება ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ნოემბერში და ორი დეკემბერში. ყველაზე მეტი წითელი კუბიკი კი მაისში ჩნდება.

კალენდარი პირობითია. "ვიზეარში" ამბობენ, რომ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, 4 ოქტომბერს რეისი რიგის მიმართულებით შესრულდება. ბილეთის ყიდვა ახლაც შესაძლებელია და ერთი გზის ფასი 263 ევროა. კომპანიაში არ აზუსტებენ, რამდენ მგზავრს გაიყვანს და შემოიყვანს ქვეყანაში, 18 მარტის შემდეგ პირველად შესრულებული რეისი.

ფრენების მოკლევადიანი და დაუზუსტებელი გეგმა ბუნდოვანს ხდის მასზე მიბმული ტურისტული სექტორის პერსპექტივასაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაჩერებამ გააჩერა სასტუმროების, კაფე-ბარების, რესტორნებისა თუ ტურისტული ცენტრების მუშაობა მთელ იმერეთში.

ქალაქი, სადაც ტურისტულმა ბიზნესმა აზრი დაკარგა

ქუთაისში, 2019 წელს ყველაზე წარმატებულ ბიზნესად ტურისტული სექტორი მიაჩნდათ. 2020-ში კი, ამავე ქალაქში, ტურიზმი ყველაზე წამგებიან სფეროდ იქცა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ადმინისტრაციის პროგნოზით, უკვე ოთხჯერ გაზრდილ აეროპორტში, 2020 წელს, არსებობის ისტორიაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი უნდა მიეღოთ. პანდემიამ კი ამ ქალაქში უცხოეთიდან ათასობით დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

თავის მხრივ, არაერთ ადგილობრივს ჩაეშალა Wizz Air- ის ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთით დაგეგმილი ნანატრი მოგზაურობა.

ეს ჯერ კიდევ არაფერია იმ ადამიანების მდგომარეობასთან შედარებით, რომლებისთვისაც ბინები, საოჯახო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები – ერთადერთი შემოსავლის წყარო გახლდათ.

დღეს, ვითარება ქუთაისში ასეთია – სასტუმროების, კაფეების, ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა ვერ მუშაობს, ნაწილი კი მეპატრონეების მიერ ბიზნესის საწარმოებლად აღებული ვალების გასასტუმრებლად იყიდება.

,,პანდემიის პერიოდში, ხელოვნურად გაორმაგებულ ფასად ვიყიდე ხელთათმანები, ბახილები, თერმომეტრი, დეზობარიერი, სპეციალური უთო, კარადები, მოვაწყვე საიზოლაციო ოთახი, გადავაწყვე სამზარეულო, მაგრამ ყველა ამ დანახარჯის შემდეგ მივხვდი, აღარ ღირდა სასტუმრო ქალაქში, სადაც არავინ აზრზე არ იყო როდის გამოჩნდებოდა ტურისტი".

სხვა დროს ერთ–ერთი ყველაზე სავსე სასტუმრო "გორას" მეპატრონემ, შალვა ბობოხიძემ, ბიზნესი რამედნიმე ნომრით დაიწყო. ტურისტების მატებასთან ერთად, ნომერს - ნომერი, სართულს - სართული ემატებოდა. დღეს ,,გორა" 60 ნომერს და 100-მდე საწოლს ითვლის, მაგრამ ყველა ცარიელია.

პანდემიის დაწყებიდან რვა თვის განმავლობაში სასტუმრო, მხოლოდ ერთხელ, ერთი დღით გაიხსნა და ლიეტუვადან 15 ტურისტს უმასპინძლა. შალვას თქმით, ამისთვის გაწეული ხარჯი, მიღებულ თანხაზე ორჯერ მეტი იყო.

,,ჩვენსავით ახლა არავის უჭირს, შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს და ყოველ წამს მოდის გადასახადები. დენის, გაზის, კრედიტის. ეროვნული ვალუტა უფასურდება, ყველანაირი გადასახადი იმატებს და ახლა ტურსიტიც რომ იყოს, მე პირადად არ მაქვს იმხელა შემოსავალი ეს ხარჯი გავწიო. ამიტომ სასტუმროს დახურვა გადავწყვიტე, ვიდრე სიტუაცია დალაგდება''.

ამ გადაწყვეტილებამდე, შალვა ბობოხიძემ, ბიზნესის გადასარჩენად, სასტუმროს საკარანტინე ზონად გადაკეთებაზე იფიქრა. მერე აღმოაჩინა, რომ ხარჯმა შემოსავალს ამ შემთხვევაშიც გაასწრო და გეგმაზე უარი თქვა.
პანდემიის პერიოდში სახელმწიფო, შალვას ისევე, როგორც დანარჩენ ბიზნესმენებს, გადასახადის გადავადებით დაეხმარა და ოთხი თვის განმავლობაში დეკლარირებული საშემოსავლო, ქონებრივი საგადასახადო ვალდებულებებისგან გაათავისუფლა.

,,მაგრამ ნოემბერიც მალე მოვა და საიდან რას მოვიტან არ ვიცი. ალბათ, ისევ სესხს ავიღებ, სხვა გზა არ არის".

სხვა გზა არც სასტუმრო ,,ჰეფი ჰოლიდეის" მეპატრონე ნიკა ჟორჟოლიანს აქვს, რომელმაც სწორედ ამ ვითარების გამო გადაწყვიტა ბიზნესი გაეყიდა.

,,გამოაცხადეს, 1 ოქტომბერს შესრულდება ფრენაო, მაგრამ არ მჯერა, მერე ისევ იტყვიან გადაიდოო და ვალი ვალად დამრჩება".

ბიზნესის გაყიდვამდე, შალვას მსგავსად, პანდემიურ რეალობას მორგება ნიკამაც სცადა და მარტში სახელმწიფოს შესთავაზა სასტუმროს უფასოდ გადაცემა და საკარანტინე სივრცედ გადაკეთება. პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

სასტუმროებისგან გასხვავებით, სხვა რეალობის წინაშე დადგნენ კვების ობიექტების მეპატრონეები, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი ბიზნესის ტურისტების გარეშე განახლება გახლდათ.

სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელა ქუთაისში კაფე-ბარ ,,კაიზერის" მეპატრონემ, ბექა თევდორაძემ. გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია და ივნისში ბიზნესი ქართველი მომხმარებლისთვის გახსნა.

,,თანამშრომლებიც არ შეგვიმცირებია. პროდუქტზე გაორმაგებული ფასების მიუხედავად, ფასებსაც ვინარჩუნებთ, მაგრამ რესტორანი ცარიელია. არ ვიცი რამდენ ხანს გავძლებთ ასე, გადარჩენისთვის ბრძოლაში. ამ ფონზე, სახელმწიფომ მხოლოდ გადასახადები გადაგვივადა. ჩვენს თანამშრომლებს კი, ამ დრომდე, არც უმუშევრობის კომპენსაცია მიუღიათ".

მომხმარებლისგან დაცლილი რესტორანი

ტურისტული სექტორი პანდემიის პირველი ტალღიდან მეორემდე

პანდემიის პირველი ტალღისა და შოკის გადავლის შემდეგ, საზოგადოება გამოფხიზლდა და სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომები გააცნობიერა. ფრენების განხორციელებაზე "ვიზეარისთვის" ივნისში ნათქვამი უარს აქციები მოჰყვა.

ტურისტულ სფეროში ჩართული ყველა აქტორის ტრანსპარანტი ერთი შინაარსის იყო – ,,დაგვიბრუნეთ "ვიზეარი", ,,დაგვიბრუნეთ წართმეული ტურიზმი".

პანდემიურ ჩაკეტილობაში ჩაგუბებულმა პროტესტმა, ხელისუფლების ყურამდე ვერ მიაღწია. მაშინ მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს და საზღვრების გახსნა მოითხოვეს.

პეტიციის ერთ–ერთი ხელმომწერი და აქციის მონაწილე დათო კაკაურიძე უკვე შვიდი წელია ქუთაისში გიდად მუშაობს. დათო, ტურისტების გარდა, ქართველ მომხმარებელს (სკოლა/უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობდა. შესაბამისად, კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მას ორმაგი დარტყმა მიაყენა, წაართვა როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი ვიზიტორები.

,,პანდემიამ ცხოვრების წესი შემიცვალა, ადამიანებთან შემეცნებითი ექსკურსიები, ტურისტული მომსახურება, სამსახური, აღარაფერი აღარ მაქვს".

უცხოელი ტურისტების ნაკლებობა ვერც გამოსავლად დაანონსებულმა შიდა ტურიზმმა შეავსო.

,,ტური დიდი ხანია არ დამიგეგმავს, არ მუშაობს შიდა ტურიზმი. შესაბამისად, ჩემი ამჟამინდელი შემოსავალი ფაქტობრივად ნულს გაუტოლდა".

ადგილობრივი გიდების აზრით, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ იაქტიურა.

,,მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტში შესაძლებელი იყო შიდა ფრენების აღედგინა, ხელისუფლებამ არ იაქტიურა, არ აწარმოა ქალაქის პოპულარიზაციისთვის კამპანია და შიდა ტურიზმმაც ქუთაისს გვერდი აუარა".

რას გვეუბნება სტატისტიკა?

საერთაშორისო ტურიზმის ზარალისა თუ შიდა ტურიზმის ეფექტურობის შესახებ არაფერი იციან ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. რეგიონულ დონეზე ზარალის დათვლის მზა ალგორითმი მათ არ აქვთ, ამიტომ არ იციან, რამდენი ვიზიტორი ჰყავდა 2020 წელს იმერეთს.

,,რადგან სტატისტიკას ვიზიტორებიდან გამომდინარე აწარმოებდნენ, კორონავირუსის პირობებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო ცენტრები გაჩერებული იყო", – ამბობს ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პრესსამსაურის ხელმძღვანელი მარი დევიძე.

2019 წელს იმერეთში ტურიზმიდან შესული შემოსავლების შესახებ ცენტრს ინფორმაცია მხოლოდ ამერიკული პორტალიდან, airbnb - დან აქვს. ამ მონაცემებით სარგებელი ტურიზმიდან 2 მილიონ 120 205 ლარი იყო.

სამაგიეროდ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში იციან, რომ შიდა ტურიზმმა გაამართლა.

,,კარგი ალტერნატივა იყო. იმერეთში შიდა ტურიზმს რამდენიმე კომპანია ოპერირებდა, მათ შორის იყო თბილისის კომპანიებიც, რომელიც დიანტერესებული იყო იმერეთით. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კომპანიებს ტურისტული პაკეტების რეკლამირებაში. მათ მიერ შემუშავებული პაკეტების გეოგრაფია არ შემოიფარგლება მხოლოდ იმერეთით. ასევე, ჩვენი დაკვირვებით, მათი ძირითადი მომხმარებლები კორპორაციული ჯგუფებია".

ტურიზმის ცენტრისგან განსხვავებით, იმერეთში დაცულ ტერიტორიებს (პრომეთეს, სათაფლიას მღვიმე, ოკაცეს ჩანჩქერი და კანიონი) მზა სტატისტიკა აქვთ და იციან, რომ პანდემიამ ადგილობრივ ტურიზმზე უარყოფითი გავლენა იქონია.


რა შედეგი მოიტანა ქვეყნის მასშტაბით შიდა ტურიზმმა, ამის შესახებ კვლევა საქართველოს სტატისტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

2020 წლის მეორე კვარტალში 1.8 მლნ ადგილობრივმა ვიზიტორმა, საქართველოს ტერიტორიაზე, 2 მლნ ვიზიტი მიითვალა, რაც გასული, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობით 37.2% - ით, ხოლო ვიზიტების მაჩვენებელით 39.2% - ით ნაკლებია.

რაც შეეხება ხარჯებს, მეორე კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა მოგზაურობისას 268 მლნ ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლეთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.

კვლევა აჩვენებს, რომ შიდა ტურებით ძირითადად დედაქალაქის მცხოვრებლები იყვნენ დაინტერესებულები. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ვიზიტორთა მიზანი ძირითადად, მეგობრების და ნათესავების მონახულება იყო.

ამ სტატისტიკური მონაცემების ფონზე, ტურიზმის გადარჩენის შესაძლებლობას ქუთაისში მხოლოდ აეროპორტის სრულფასოვნად ამუშავებაში ხედავენ.

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა ბერეკაშვილის აზრით, სახელმწიფომ რეაგირება დააგვიანა და არაკეთილგონივრული გადაწყვეტილებები მიიღო.

,,ტურისტული სექტორი დამოკიდებული იყო ქუთაისის აეროპორტზე, დაბალბიუჯეტიან კომპანიებზე და დიდი შეცდომა იყო Wizz Air-ის გაყვანა. მარტო ქუთაისისთვის არა, იმერეთის მომიჯნავე რეგიონებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო აეროპორტის როლი".

ლაშა საკუთარ მაგალითზე ჰყვება, რომ კონკრეტულად მის ტურისტულ კომპანიას საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 95%-ით შეუმცირდა. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებმაც შიდა ტურიზმით ისარგებლეს 70%- ით.

,,ხელისუფლების მიერ დაანონსებული Wizz Air -ის განახლებული ფრენა, პირდაპირ კავშირშია ტურისტული სექტორის აქციებთან. ქუთაისს ერთი მიმართულებით ფრენა ვერ გადაარჩენს. ვიდრე რეგულარული რეისები არ აღდგება, ტურიზმი ადაპტაციას ვერ მოახერხებს. კვირაში ერთხელ, ერთი რეისი დაცინვა უფროა. ამ განრიგით ზამათრის ტურიზმიც ჩავარდება და 2021 წლის ტურიზმსაც დაემუქრება საფრთხე."

პერსპექტივა

რამდენი ბილეთი გაყიდა "ვიზეარმა" პირველ რეისზე, კომპანია, როგორც კომერციული საიდუმლოს, არ ასაჯაროებს. შესაბამისად, რთულია ვივარაუდოთ, რა შედეგი ექნება აეროპორტის მუშაობის აღდგენას უახლოეს მომავალში.

ფრენების რეგულარულობასთან დაკავშირებული გეგმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე აქვს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოქტომბრიდან მგზავრები ფრენას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ, თუმცა Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდზე კალენდარში ამ მიმართულებით ბილეთები მხოლოდ ნოემბერშია ნაჩვენები. პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარის" მიერ ახლახანს დაფუძნებული კომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

Wizz Air-ის აღდგენილი ფრენების პარალელურად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ბაზარზე Wizz Air-თან ერთად  Ryainair-ის დაბრუნებასაც დაგვპირდა.

,,ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები Wizz Air- ის მიერ ქუთაისის აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან, ან ნოემბრის დასაწყისიდან  Ryainair -ის აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება, ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ".

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შევიდა მთავრობის N322 დადგენილებაში "იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ", რომლის შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის, ოქტომბრიდან, შესაძლებელი ხდება პირდაპირი საერთაშორისო რეისების შესრულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაასრულა ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Wizz Air-თან და რიგაში პირველი რეისი 4 ოქტომბერს დაინიშნა.



ტურისტული სფეროს ექსპერტი, მაია სიდამონიძე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველია ტურიზმის მიმართლებით, მიიჩნევს, რომ სფეროს შედარებით გაჯანსაღება საზღვრების გახსნაზეა დამოკიდებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ავიაკომპანიებისთვის ოპერირება ხელსაყრელი არ იყო. თუმცა, სიდამონიძისთვის მთავრობის მოქმედების ლოგიკა ბოლომდე ცხადი არ არის.

"თვითონ საზღვრების ჩაკეტვის ლოგიკას ვერ ვხვდები, როცა დღეს ეპიდემოიოლოგიურად უფრო მძიმე სიტუაციია, ვიდრე მაშინ, როცა ჩაკეტეს. თუ ჩვენ ვისარგებლებდით მწვანე ზონის ქვეყნის სტატუსით და გავხსნიდით მხოლოდ იმ ქვეყნებთან საზღვრებს, რომლებსაც ასევე ექნებოდათ ეს სტატუსი, ვფიქრობ რომ კონტროლირებადი იქნებოდა ეპიდსიტუაცია, იმ რეგულაციების ფონზე რომელიც გაატარეს, ძველებურად ინდუსტრიული ტურისტული მიმოსვლა ნამდვილად არ იქნებოდა და ამის ილუზია არავის აქვს, თუმცა რაღაც დოზით მაინც იქნებოდა, თუნდაც ავიაკომპანიებს შევინარჩუნებდით ჩვენს ბაზაზე, რომ გაეგრძელებინათ ფრენები".

ფაქტი ერთია- ქუთაისმა ჯერ ინდუსტრიის მშენებლის, შემდეგ საპარლამენტო, მოგვიანებით საუნივერსიტეტო ქალაქის და ბოლოს ტურისტული ჰაბის სტატუსი დაკარგა.

სამაგიეროდ, შერჩა იუმორი. ქალაქში ხუმრობენ, ერთხელაც რიონს არ შეუცვალონ კალაპოტიო.

ამ ხუმრობის საფუძვლად ბევრ ამბავს მოგიყვებიან. მათ შორის Wizz Air -ის ქუთაისელი თანამშრომლების ისტორიაა, რომელთა ნაწილიც, პანდემიის დროს კომპანიის შეთავაზებას დათანხმდა და სამუშაო ადგილთან ერთად, საცხოვრებელი ქვეყანაც შეიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.