მულტიმედია
„პანდემიური“ ღია და მოძრავი თეატრები
FaceBook
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, დახურული შენობები ნაკლებსაიმედო ადგილად აქცია.

ვირუსმა ახალი სახელოვნებო სივრცეების მოძიების აუცილებლობა გააჩინა. ჩაკეტილობამ გახსნის და გათავისუფლების იდეისკენ უბიძგა ბევრ თეატრს. თუნდაც იმით, რომ აიძულა გამოსულიყო ჩაკეტილი კედლებიდან და უფრო აქტიურად ზიარებოდა ღია სივრცეს.

საკუთარ ეზოში შეიძლება ჩაატაროს თავისი 160-ე სეზონის ყველა სპექტაკლი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა. ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 60 წლის განმავლობაში, როდესაც თეატრი მთელ სეზონს შენობის გარეთ გაატარებს.

მესხიშვილის თეატრში პანდემიამ ახალი თეატრალური სივრცე უკვე დაბადა. ე.წ. მწვანე თეატრი.

ხელოვნებაში მნიშვნელოვან ორ კითხვას - რა და როგორ? თეატრში ემატება მესამე - სად?

თუკი "სად" აქამდე უმეტესად თეატრის შენობების დიდ, მცირე, ან ექსპერიმენტულ სცენას გულისხმობდა, პანდემიამ მოქმედების ადგილი შეცვალა და ახალი სივრცეების ძიების სხვა მასშტაბი მოიტანა. ახალი სივრცე შეიძლება იყოს თეატრის ეზო, გარე კიბე, ქუჩა, ამფითეატრი, მუზეუმის ეზო, რაიმე ისტორიული შენობის ნანგრევები და აშ.

სპექტაკლის ახალ ადგილზე გადატანა, არ ნიშნავს მხოლოდ ადგილის ცვლას. თეატრში, ადგილი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს, ყოველთვის იდეის ნაწილია. სივრცეს, სადაც გაიმართება სპექტაკლი, შეუძლია შეცვალოს მისი მთელი სათქმელი, მოითხოვოს განსხვავებული ფორმა და გარემოსთან სხვაგვარი ადაპტირება.

პანდემიის პერიოდში მოძიებული ყველა ახალი სივრცე, ავტომატურად მოიტანს ახალ სპექტაკლს და ეს გაახლება შეეხებათ ძველებსაც.

მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე მორგებული სპექტაკლის "ბრემენელი მუსიკოსების" თამაში, მსახიობებს თეატრის კიბეებზე მოუწიათ. თეატრმა სეზონის ბოლო სპექტაკლი პრაქტიკულად ქუჩაში ითამაშა. სპექტაკლი ბუნებრივად მოერგო ახალ სივრცეს და სხვა სულისკვეთებაც დაბადა - თეატრს "ელიტარულობა" მოუხსნა და სახალხო გახადა.


პანდემიამ ჭიათურის თეატრიც ჩამოაშორა ე.წ. აკადემიურ სივრცეს და ღია სივრცეში გამოიყვანა. აქაც ახალი თეატრალური სივრცეების შექმნის და ათვისების პირობა დადგა. თეატრმა სეზონი ღია სივრცეში დახურა და ღია სივრცეშივე აპირებს გახსნას.

"სპექტაკლის ღია სივრცეში თამაშის გამოცდილება თეატრს არ ჰქონდა, მაგრამ მე მქონდა ეს გამოცდილება - კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში გავაკეთე სპექტაკლი. ასეთი გამოცდილება არის ევროპულ თეატრებში, ევროპულ ფესტივალებზე. ამიტომ, ჩვენთვისაც არ იქნება პრობლემა. მთავარია, მოვძებნოთ ტექნიკური აღჭურვილობა, რომ გარეთ გავიტანოთ და გარეთ დავიწყოთ თამაში... სურვილი დიდი ხანია გვქონდა, თუმცა,
მანამდე ვერ "ველოდით" აკადემიურ სივრცეს. ახლა იძულებულები გავხდით და ამ იძულებამ ახალი საინტერესო იდეები გააჩინა", - ამბობს ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე.

ჭიათურის თეატრი შენობის სივრცეს საერთოდ გასცდა და მორიგი პრემიერა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სოფელ სხვიტორში, წერეთლების საგვარეულო სახლის ეზოში განახორციელა.

ავტორებმა გარე სივრცე სხვაგვარად მოარგეს სპექტაკლს. დეკორაციის ნაწილი გახდა სახლი, აივანი, კიბეები, ეზოში მდგომი ასწლოვანი მუხაც. გარემომ თავად უკარნახა ავტორებს სპექტაკლი სხვაგვარად აღექვა
. თეატრის პირობითი გარემო შეიცვალა და ბუნებრივი გახდა. ამან სხვაგვარი გახადა მსახიობების თამაშიც და სპექტაკლის ხასიათიც.

პანდემიამ შეცვალა მაყურებელთან ურთიერთობის ფორმაც და სხვა გადაწყვეტილებების მიღებისკენაც უბიძგა თეატრს.

"გადავწყვიტეთ სოფლებში გავიტანოთ სპექტაკლები, მოვძებნოთ სივრცეები სათამაშოდ. მაყურებელი ვერ მოდის თეატრში, ამიტომ ჯობია ჩვენ მივიდეთ მაყურებელთან", - ამბობს მამუკა ცერცვაძე.


პანდემია ახალ- ახალ გამოწვევებს აყენებს თეატრების წინაშე. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებელია მალე ღია სივრცეებიც დაიხუროს, თუმცა რჩება ონლაინ პლათფორმა, რომელიც დიდი ალბათობით სრულიად განსხვავებულ თეატრს დაუდებს სათავეს.

პანდემიამ კლასიკური თეატრები ღია, მოძრავი და მობილური გახადა. კრიზისმა და იძულებითმა შეჩერებამ, განახლების რეფლექსები აამოქმედა.




"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალმა კორონავირუსმა ტურისტული სექტორი დიდი
გამოწვევების წინაშე დააყეენა.
15:10 / 28.09.2020
ახალმა კორონავირუსმა ტურისტული სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყეენა.
ქუთაისში წინაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში
შედის.
14:53 / 28.09.2020
ქუთაისში წინაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შედის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.